DATA149.1.19

Logo

ფესვები

თათია როდინაძე

 

  „ფეხის დადგმისთანავე ვიგრძენი სხვანაირი სურნელი“, პირველი ეს სიტყვები გაგვიზიარა ჩვენმა დღევანდელმა გმირმა, კონსტანტინემ. მიუხედავად ასაკისა, მაინც წელში გამართული გადასცქეროდა მთაწმინდიდან თბილისის ხედს, ამაყად და მხნედ იდგა, მაგრამ სწორედ ჩაშავებული, ნაოჭიანი თვალები ყიდდა მას. „...როცა აქედან წავედი ერთი მაღალი შენობაც კი არ იყო, ჯერ კიდევ მიჭირს შევეგუო ასეთ თბილისს, თუმცა თავისი სილამაზე მაინც არსად გამქრალა, სადღაც ჯერ კიდევ აქ იმალება“ - ქართულად საუბარი არ უჭირდა, მაგრამ აქა-იქ იგრძნობოდა რუსული აქცენტი. აბა ისე, როგორ?! როცა 50 წელზე მეტს მოსკოვსა და პეტერბურგში გაატარებ ბუნებრივიც კია, რომ მაგარი Ы” სადღაც მაინც გაგეპარება. ერთ დროს თავადი ამილახვარის შავგრემანი მიმზიდველი თმები შეთხელებოდა, სულ გაჭაღარავებულიყო, მაგრამ იმ ეშხს მაინც არ ჰკარგავდა, რის გამოც თბილისის ქუჩებში ყველა გოგონა მწვანე თვალებში შესციცინებდა. „ეს მონატრება ყოველთვის თან დამსდევდა, არც ფულს, არც კარგ ჭამასა თუ თბილ სკამს შეეძლო ამის ჩაქრობა. საბჭოთა კავშირში ყოფნის ჟამს, როცა მამაჩემმა ჩანთის ჩალაგება მიბრძანა“...  გაჩუმდა, სიტყვა ჩანთაზე სიცილი ვერ შეიკავა, რადგან იმ დროს ქონებით არავინ გამოირჩეოდა, ორიოდე პერანგის, ერთი შარვლისა და ფეხსაცმლის გვერდით ჩანთის მოხსენება ზედმეტად არარელევანტურად ჟღერდა. „ავფორიაქდი,“ ისტორიის მოყოლა განაგრძო, „1967 წელი იყო, ჯერ კიდეც 17 წლის ვიყავი, თავში ავარდნილი ჭაბუკი, რომლისთვისაც პრიორიტეტული მხოლოდ ქუჩაში მეგობრებთან სიარული, საქმის გარჩევა და გოგოებისთვის თავის მოწონება გახლდათ.“

 75 წლის მამაკაცში, რომელსაც ერთ დროს მწვანე თვალებით ხალხის მოჯადოვება შეეძლო, ახლა მხოლოდ ჩაწითლებულ, სევდიან ნოსტალგიურ გამოხედვას დაინახავთ. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. ისტორიის მოყოლის დროს ხშირად ჩერდებოდა, ღრმად ჩაისუნთქავდა, თითქოს ჩვენთვის უბრალოდ მანქანების გამონაბოლქვითა და მტვრით სავსე ჰაერი მისთვის ასრულებული ოცნება და დიდი ხნის ნანატრი ჟანგბადი იყო. „მამაჩემი პირველად ვნახე ასეთი შეშინებული. ყველაზე მშვიდი ადამიანი იყო, წარბიც კი არ უტოკდებოდა, მაგრამ მაშინ, წამოსვლის დღეს, ძალიან ღელავდა, როდესაც ჩანთას ვალაგებდი უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში - რატომ? რისთვის? სად მივდივარ? მაგრამ ხმის ამოღების მეშინოდა. „წარსულის გახსენებისას ხანშიშესული კონსტანტინე ფიქრებით ახალგაზრდობაში გადაეშვა და იქვე, მთაწმინდაზე ლამპიონებთან სკამზე ჩამოჯდა. ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და შუბლზე მოისვა. თითქოს ყოველი გახსენებული მოგონება ჭრილობას ხელახლა უჩენდა. ისტორიის გაგრძელებამდე საფულე ამოიღო, სადაც ფოტოს ინახავდა, შავ-თეთრ ფოტოს. ფოტოზე ქალი და კაცი იყო ახალგაზრდა ბიჭთან ერთად - „ჩემი მშობლებიდან მხოლოდ ეს დამრჩა, ეს ფოტოც აქვეა გადაღებული, ხელი სკამის უკან, ლამპიონებისკენ გაიშვირა, „ვიცოდი, თუ ოდესმე ჩამოვიდოდი პირველი აქ ამოვიდოდი. წასვლაზე მტკივნეული ცოტა რამ თუ გადამიტანია ამ 75 წლის განმავლობაში. დედის ცრემლები ახლაც თან დამსდევს. ჩემში არსებული თამამი და მისაბაძი ბიჭი იმ ღამით ჩამოიმსხვრა, როცა ჩანთაში ბოლო პერანგი ჩავდე. აკანკალებულმა მხოლოდ იმის კითხვა გავბედე დედაჩემი თუ მოდიოდა.“

 მოხუცისთვის ისტორიის გახსენება იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.ზაფხულის ცხელი დღის მიუხედავად თეთრი პერანგი ბოლო ღილამდე ჰქონდა შეკრული, მაინც იჩენდა მისი თავადური სისხლი თავს ნებისმიერ ნაბიჯში, თუნდაც იმაში, რომ მამის ხსენებისთანავე ხმა უსერიოზულდებოდა. ჩვენ გარდა არავინ იყო, მაგრამ მაინც მოკრძალებით საუბრობდა მასზე. როცა დედა ახსენა, ხმა აუკანკალდა, თვალს ვეღარ გვისწორდება. მწვანე თვალებში წყალი ჩაუდგა. ცისკენ იყურებოდა და ჩვენს კითხვებს ისე პასუხობდა. „დედა მოგვიანებით ჩამოვა, ჯერ ჩვენ უნდა წავიდეთ.მოკლედ მიპასუხა მამამ და ჩემი ჩანთა აიღო. ჩახუტებაც ვერ მოვასწარი, მხოლოდ ეს ფოტო ჩამიდო დედამ ხელებში და მთხოვა ფრთხილად ვყოფილიყავი. „თქვა კონსტანტინემ და ხელში ფოტოს დახედა, თან თითებით ეფერებოდა დედის სახეს. მეც მიჭირდა, მაგრამ მაინტერესებდა კიდევ თუ ნახა დედა ოდესმე. „ვნახე, ექვსი წლის მერე ვნახე, თურმე მალევე ჩამოსულა რუსეთში, მაგრამ სხვა ქალაქში იყო.მამამ ეს არ გამიმხილა.იცით რა იყო ყველაზე მძიმე? ფეხი დავდგი თუ არა ცივ მოსკოვში, როგორც კი შევიგრძენი ყველაზე ცივი ჰაერი მაშინვე დაიწყო მამაჩემმა ბრძოლა რომ ჩემში არსებული ყველა გრძნობა გამქრალიყო. ვსწავლობდი, ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ ბევრს - არა. მამაჩემის მეგობრებს ვეხმარებოდი საბუთების გადატანაში. რუტინული ცხოვრება მქონდა, სიტყვა მიყვარხარ ჩემთვის გონებიდან ამოიშალა.

 თუკი თბილისში 60-იანებში დაბადებულ ადამიანს იცნობთ და მასთან ერთხელ მაინც ახსენებთ კონსტანტინე ამილახვარს, აუცილებლად გაგიღიმებთ ის პიროვნება, რადგან მას ყველა იცნობდა. ახალგაზრდობის მიუხედავად ყველას გული ჰქონდა მოგებული, ახალგაზრდა გოგოების თავისი ვიზუალის წყალობით, მოხუცების - ზრდილობის. მიუხედავად თბილსიში მხოლოდ 17 წლის გატარებისა ყველას დაამახსოვრდა ცელქი, მომღიმარი მწვანეთვალება ბიჭი, რომელსაც გამარჯობის თქმა და ჩახუტება არ ავიწყდებოდა. წლების მერე ის ჩვენთან ზის, ასეთი ემოციური და გვეუბნება რომ მასში გრძნობები ფერფლად იქცა. ნუთუ, ასე შეიძლება ქვეყანამ შეგცვალოს? მართლა ასეთი ძალა აქვს ფესვებს? „ტირილის უნარიც წამერთვა, მაგრამ იცით კიბის ქვეშ ვჯდებოდი და მონატრებისგან ვიტანჯებოდი. მენატრებოდა ჩემი სიცოცხლით სავსე ქალაქი. ადგილი, სადაც ფრთები მქონდა გაშლილი. რა ტრავმაი, რა ავტობუსი, ყველგან ფეხით დავდიოდი. ქართული საჭმლის სურნელიც კი თან დამტრიალებდა. ქვევრიდან ბაბუსთან ერთად ამოღებულ წითელ ღვინოს ვხედავდი, მაგრამ რეალობაში თან ჩამესმოდა „Костя, пиво или водка და ჩემი ფიქრებიც იქვე ქრებოდა.“

  ...უკვე საღამო იყო, არადა საუბარი ჯერ კიდევ შუადღეს დავიწყეთ, მაგრამ გონებაში აზრები ათასი გზით იფანტებოდა. ერთ კითხვაზე პასუხს უკან ათასობით კითხვა მოჰყვებოდა. ჩვენ მისი ისტორია გვაინტერესებდა, მას კი ახალი თბილისი. ყველა დეტალს ეხებოდა, უღიმოდა. უღიმოდა მის ბავშვობის ადგილებს, რომელიც სრულიად ახალ თაობას ჰქონდა ათვისებული. „წაღებულ ჩანთაში ქართული წიგნები მედო“, გაიხსენა კონსტანტინემ, როცა იქვე მჯდომი წყვილი დაინახა, რომლებსაც ხელში ერთი წიგნი ჰქონდათ და ღიმილიანი სახით კითხულობდნენ, „თავისუფალი, თუნდაც 5 წუთიც კი, ამ წიგნების კითხვას მიჰქონდა. არ მინდოდა ერთი სიტყვა მაინც დამვიწყებოდა. ჩემს თავსაც კი ველაპარაკებოდი, რომ ასეთი ძვირფასი ენა მუდამ ყურში მქონოდა. არც დედა, არც მამა აღარავინ მელაპარაკებოდა მაგ ენაზე. ყველა ქვას დაემსგავსა, აი, ეს ქნა რუსულმა ჰავამ, მაგრამ მე მძულდა. მე მერჩივნა ტალახიანი თბილისის ქუჩა, მუხლებამდე სიბინძურეში ყოფნა და სიცილით ბურთის მეზობლის ფანჯრისთვის სროლა, ვიდრე თბილ სკამში და თან მოსკოვში ყოფნა. თუმცა, ჩემი არავის ესმოდა, ამიტომ გავჩუმდი, ხმას აღარავის ვცემდი, ის დედაც და მამაც, რომელიც მე მიყვარდა მაშინ დავკარგე, როცა ჩანთის ჩალაგებას მაიძულებდნენ. საზღვრის იქით მე აღარავინ მყავდა.“

 წლების გასვლის მიუხედავად მისი სიყვარული ოდნავადაც არ იყო გამქრალი ქვეყნისადმი. ერთად მივდიოდით ფუნიკულიორისკენ, არც მიკითხავს ისე ავიღე ბილეთები და ვუთხარი თან წამოსულიყო. იცით რა იყო საოცარი? ყველას აკვირდებოდა. ბავშვებს უღიმოდა. წლების მერე საკუთარ სახლში რომ შეადგამ ფეხს, მაგას ჰგავდა მისი თითოეული ემოცია.         „იცით რაზე არ ვიტყვი არასდროს უარს? - რიგში ყოფნის დროს მოულოდნელად დაიწყო და თვალებში ცრემლი ჩაუდგა, „ამ ქვეყნის სიყვარულზე, აი, ამაზე -  პერანგის მარცხენა ჯიბიდან, გულის მხრიდან საქართველოს დროშის გულსამაგრი ამოიღო - „რაღაც მინდოდა მქონოდა ჩემი ქვეყნის, მახსოვს, მთელი სამი თვის ხელფასი გადავიხადე 2005 წელს რომ ჩემს თანამშრომელს ჩუმად ჩამოეტანა ეს, როცა დროშას შევყურებდი მახსენდებოდა ეზოც, ჩემი მეზობლებიც, ჩუმად გაწითლებული ხელები სააღდგომო კვერცხის გამო. ჩემი ქალაქი მახსენდებოდა, სადაც ბედნიერი და ლაღი ვიყავი, მიუხედავად წართმეული თავისუფლებისა, იმაზე თავისუფალი ვიყავი, ვიდრე მთელი მსოფლიო.“  ამ ისტორიას ყვებოდა როცა დაგვიძახეს და გვითხრეს, რომ ფუნიკულიორში ჩაჯდომის დრო მოვიდა. უკვე მზეც ჩადიოდა, წინა ადგილები დავიკავეთ და ორიოდე წუთში ფუნიკულიორიც დაიძრა. კონსტანტინე ამილახვარმა, თავისუფლება წართმეულმა თავადმა ემოცია ვერ შეიკავა, 75 წლისაა - 17 წლის მერე აქ არ ყოფილა, მაგრამ ისეა, როგორც სახლში. მაინც ატირდა. აღარ დამალა ემოცია, წელში გასწორდა და ამაყად თქვა - „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი.“