DATA149.1.19

Logo

მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ფუფუნება თუ გადაუდებელი საჭიროება

მარიამ სვანიშვილი

 

საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების საკითხი  მძიმე მდგომარეობაშია. ეს სფერო დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ არსებული მდგომარეობა როგორც სისტემური, ისე სოციალური და ფინანსური თვალსაზრისით, არ შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებს. სახელმწიფომ არ შექმნა ისეთი პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მენტალური ჯანმრთელობის საკითხების სათანადო მოგვარებას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა როგორც მოქალაქეების, ისე მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები უფრო აქტიურად განხილვადი ხდება, სახელმწიფოსგან ამ სფეროსთვის ძალიან მცირე რესურსი განისაზღვრება. ფსიქოლოგთან ვიზიტი საქართველოში ითვლება ფუფუნების საგნად და მისი ღირებულება ხშირად საშუალო სტატისტიკური შემოსავლის მქონე ადამიანებიდან მხოლოდ 10%-ისთვის თუ არის ხელმისაწვდომი, რაც აჩენს მნიშვნელოვან სოციალურ უთანასწორობას. ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან მისასვლელად ბევრმა მოქალაქემ უცხოეთში მიმართა დახმარებას, რაც პირდაპირი შედეგია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის.

სტატისტიკა, რომელიც საქართველოში ფსიქოლოგიური სერვისების მიმართვასა და მკურნალობას ეხება, საკმაოდ ნეგატიურ სურათს წარმოშობს. კვლევების მიხედვით,რომელიც ორგანიზაცია ‘გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში- თბილისი“ გამაცნო, აღწერს რომ მოსახლეობის 10-15%  ყოველდღიურად განიცდის დეპრესიულ სინდრომს ან შფოთვით აშლილობას, მაგრამ მათგან მხოლოდ 30% იღებს ოფიციალურ ფსიქოლოგიურ დახმარებას. მსგავსი არაპროპორციული სტატისტიკა განსაკუთრებით აშკარად ჩანს ახალგაზრდებში, სადაც ფსიქოლოგთან ვიზიტი უფრო ნაკლებად პოპულარულია.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხდება საქართველოში, როდესაც საქმე მიდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობასთან.  მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობებში თუ მიმართავს პაციენტი სპეციალისტებს, რაც ნიშნავს, რომ დახმარების მიღება დაგვიანებული და არასაკმარისი ხდება. შესაბამისად, ფსიქოლოგებთან კონსულტაციის გადადება მძიმე შედეგებს იწვევს. კლინიკური შემთხვევების მიხედვით, საქართველოში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დეპრესიული მდგომარეობებით, შფოთვით ან ფსიქოზით იტანჯებიან. მაგალითად, ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ მიერ ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფსიქოზის მქონე პაციენტთა 70%-ს არ ჰქონია ადრე ფსიქიატრიული მკურნალობის ისტორია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი პრობლემა ხანგრძლივი  და პროგრესირებადი იყო, სანამ საჭირო დახმარებას მიიღებდნენ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელების პროცესს, საკმაოდ გართულებულია, რადგან ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს  სისტემის უმაღლეს სტანდარტებს, ასევე ვერ ასტაბილურებს მომსახურების ხელმისაწვდომობას, რის გამოც ბევრს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს  ძვირადღირებული პირადი თერაპია.

საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის სურათი  განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს სირთულეები მოიცავს როგორც ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული და მენტალური დახმარების სისტემის მასშტაბურ პრობლემებს, ისე საზოგადოებრივ გაუცნობიერებლობას ამ სფეროს მიმართ.

საქართველოს მოქალაქეები ხშირად იძულებულნი არიან, ჯანდაცვის რეალური დახმარების მისაღებად ქვეყნიდან გავიდნენ, რაც კიდევ უფრო ამწვავებს გლობალურ პრობლემას. სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მომსახურების ხარისხის ამაღლება აუცილებელია, რადგან ეს პრობლემა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე.

ბოლო წლების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების სტატისტიკა აშკარად მიუთითებს ამ პრობლემის გაფართოებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. დეფორმირებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული რეალობები, ასევე სამუშაო პირობები, ხშირად მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებს იწვევს. თუმცა მთავარი პრობლემა, რომელიც სერიოზულად უძნელებს მოქალაქეებს საჭირო დახმარების მიღებას, არის სერვისების დაბალი ხელმისაწვდომობა და ფინანსური შეზღუდვები. დღესდღეობით, ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი ფუფუნების საგანს წარმოადგენს, რაც დახმარების მიღებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არასაკმარისი შემოსავალი აქვს.

პროფესიონალი ფსიქოლოგის მომსახურების ფასები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მაგალითად, ფსიქოლოგის გამოცდილებაზე და ადგილმდებარეობაზე. საქართველოში ერთჯერადი ვიზიტი შესაძლოა 50-150 ლარის ფარგლებში იყოს, ხოლო თერაპიის კურსი (5-10 შეხვედრა) დაახლოებით 300-1500 ლარამდე მერყეობს.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში აღინიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმართ მზარდი მოთხოვნა. ფსიქოლოგთან ვიზიტის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, მათ შორის პიროვნების ფინანსური მდგომარეობა, ლოკაცია, ფსიქოლოგის გამოცდილება და მომსახურების ტიპი. თუმცა, საშუალო შემოსავლის მქონე პირისთვის ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად ძვირი.

რეგიონებში, როგორიცაა ბათუმი, ზუგდიდი, ან თუნდაც ქუთაისი, ფსიქოლოგთან ვიზიტის ფასები უფრო დაბალია (დაახლოებით 50-100 ლარი ერთი შეხვედრისთვის), ხოლო  დედაქალაქში ფასები  მაღალია და 100-150 ლარს აღწევდეს ერთჯერადად, ხოლო ისეთ მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ან სპეციალიზებულ კლინიკებში, რომლებიც ფსიქოთერაპიის დამატებით სერვისებს სთავაზობენ, ფასი შეიძლება 200 ლარიც კი იყოს. თერაპიის კურსი, რომელიც რამდენიმე შეხვედრას მოიცავს (5-10 სესია),  500-2000 ლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია თერაპიის ტიპსა და თერაპევტის გამოცდილებაზე. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როცა ოჯახური ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ფსიქოლოგთან მუდმივ ვიზიტებს, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე დანახარჯი. ამის გამო, საქართველოში ხშირად მიმართავენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებს (მაგალითად, ფსიქოლოგიური დახმარება სკოლებში, უნივერსიტეტებში). არსებობს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უფასო ან დაბალ ფასიან სერვისებს სთავაზობენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ცალკე განხილვის საკითხია ის ხარისხი, რომელსაც უფასო დახმარება გვთავაზობს.

საქართველოში არსებული სახელმწიფო პროგრამები მოიცავს გარკვეულ სერვისს, მაგრამ  რაოდენობა და ხარისხი უმეტესად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. კერძო სექტორში არსებული სერვისები კი ძვირია, უმრავლესობისთვის შეუძლებელი გახდა ფსიქოლოგის დახმარების მიღება. ეს კი იწვევს იმას, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს უბრალოდ არ აქვს ფუფუნება მიიღოს საჭირო თერაპია ან კონსულტაცია. თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში მენტალური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა უფრო ადვილია, მაგრამ სოფლებში სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება. სოფლებში და პატარა ქალაქებში ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების შოვნა რთულია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პრობლემას.

ამასთან, რეგიონებში ხშირია სტიგმასთან დაკავშირებული პრობლემები: ადამიანებს ხშირად ეშინია ფსიქოლოგთან მისვლის, რადგან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარი ხშირად არაპროფესიონალურად და შიშით აღიქმება, ამასთან საკითხთან დაკავშირებით მსოფლმხედველობის დაბალი დონის გამო ხშირად მენტალურ ჯანმრთლეობაზე საუბარი ერთ სტიგმამდე მიდის, ადამიანს ეკვრება იარლიყი “ გიჟი”.

სტიგმატიზირების პრობლემას განსაკუთრებით მწვავედ წავაწყდი მაშინ, როცა დავიწყე პაციენტების მოკვლევა, ვეცადე მათში ხმამაღლა საუბრის სურვილი გამეღვივებინა, თუმცა იმდენად დიდია სტერეოტიპიზირებული უფსკრული, რომ ყოფილ პაციენტებსაც კი არ სურთ ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე.

ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც ეჭვს იწვევს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფსიქიატრიული დაწესებულებები ხშირად არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. პაციენტების უფლებების დარღვევების შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ასევე ხშირია სასამართლო დავები, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქიატრიულ კლინიკებში პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობასთან, ხშირად დასმულია კითხვები ასეთი დაწესებულებების კონტროლის შესახებ თუმცა პასუხი არასამართლიანი სასამართლოსგან ხშირად გაუგებარია. სამართლიანი მკურნალობა საქართველოში ჯერ კიდევ არაა გარანტირებული, რასაც ადასტურებს როგორც პაციენტების  კლინიკების მიმართ გამოთქმული კრიტიკა, ისე სასამართლო დავები, რომლებიც ეხება ფსიქიატრიული დაწესებულებების მუშაობას, რაც ბოლო წლებში კიდევ უფრო ხშირი გახდა.

პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც განთავსებული არიან მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები, კიდევ უფრო დიდია. უსამართლო მოპყრობის შემთხვევები, პაციენტების პირადი სივრცის დარღვევა, ფინანსური რესურსების დეფიციტი და სტიგმა – ეს ყველაფერი ხელს უშლის იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას ამ დაწესებულებებში ითხოვენ. სახელმწიფოს, როგორც ჯანდაცვის სექტორის მთავარი განმარტება და მიმდევარი, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მენტალური ჯანმრთელობის სერვისების უზრუნველყოფაში. პირველი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას, არის ხარისხიანი სერვისების შექმნა, შესაბამისი  სპეციალისტების მომზადებას და იმ სტანდარტების უზრუნველყოფას, რომლებიც მოქალაქეთა უფლებებს იცავს. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა შემცირდეს სტიგმა და ტაბუები, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან არის დაკავშირებული. თუ ეს საკითხები არ ჰპოვებს სათანადო ყურადღებას, შესაძლოა  ადამიანები, რომლებიც დროულ დახმარებას ვერ იღებენ, მძიმე, ფატალურ შედეგებამდეც კი მივიდნენ.

ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ მიერ ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის არაერთი ხარვეზი. კვლევის ფარგლებში, მკვლევრები ქვეყნის მასშტაბით 11 სტაციონარულ დაწესებულებას ესტუმრნენ და 251 გამოკითხვა ჩაატარეს. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნანა ზავრადაშვილი აღნიშნავს, კვლევის მიზანი იყო არა მხოლოდ არსებული სერვისების შეფასება, არამედ ადამიანის უფლებებისა და პაციენტებისთვის შესაბამისი საცხოვრებელი გარემოს შექმნის საჭიროების გამოვლენა.

ნანა ზავრადაშვილი: ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის სიმწირე და სარეაბილიტაციო აქტივობების არარსებობა. სტაციონარებში პაციენტები დიდ დროს უქმად ატარებენ და მხოლოდ ტელევიზორის ყურებით კავდებიან, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.“

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ხანგრძლივად სტაციონარში დარჩენილი პაციენტები სოციალურად მოწყვლადი ფენიდან არიან და ხშირად არავინ აკითხავს. ნანა ზავრადაშვილის თქმით, „ბევრ მათგანს აქვს ძველი, გაცვეთილი ტანსაცმელი, რაც ძალიან მძიმე სანახავია. მათი ოჯახის წევრები ხშირად ფინანსურად უუნარონი არიან, ხოლო სახელმწიფო პროგრამა ტანსაცმლის შეძენას არ ითვალისწინებს. დაწესებულებები ასრულებენ არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ საცხოვრებელი ფუნქციას, და წლობით იქ მყოფ პაციენტებს ახალი ტანსაცმელი სჭირდებათ.“

ნანა ზავრადაშვილი: სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფს მედიკამენტებითა და კვებით დახმარებას, მაგრამ ტანსაცმლით ან ჰიგიენური საშუალებებით დახმარება გამორიცხულია. ვფიქრობთ, რომ სტაციონარული დაწესებულებებისთვის აუცილებელია დამატებითი რესურსების გამოყოფა, რათა პაციენტების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს.“

 

სტაციონარების გადატვირთულობა და არასაჭირო მომსახურება 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის საწოლფონდის გადატვირთვა იმ პაციენტებით, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას. ზავრადაშვილი აღნიშნავს: „სტაციონარულ დაწესებულებებში პაციენტების 40% იქ მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ საცხოვრებელი სახლი არ აქვთ ან ოჯახისგან არიან მიტოვებულნი. ასეთ შემთხვევებში სტაციონარი ასრულებს თავშესაფრის ფუნქციას, რაც პაციენტთა საჭიროებებზე დაფუძნებული მკურნალობისთვის ძალიან პრობლემატურია.“

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი დაწესებულება გარემონტებულია, მობილობაშეზღუდული პაციენტებისთვის გადაადგილება მაინც სირთულეს წარმოადგენს:

 ტუალეტებით სარგებლობა პაციენტებისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი მათგანი საჭიროებს სპეციალურად ადაპტირებულ სივრცეს, რაც დღეს ნაკლებად ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ზოგ დაწესებულებაში ჭურჭელი კვლავ მეტალისაა და ჩანგლები არ გამოიყენება, რაც პაციენტების უფლებებსა და ღირსებას ვერ პასუხობს.“ — აღნიშნავს ზავრადაშვილი.

ზოგადი პროფილის კლინიკებთან არსებული ფსიქიატრიული განყოფილებები უკეთ ახერხებენ სომატური დაავადებების მართვას, რადგან მათ სამედიცინო პერსონალი ახლოს ჰყავთ. თუმცა, მონოპროფილურ დაწესებულებებში ვითარება სრულიად განსხვავებულია.

 „მონოპროფილურ დაწესებულებებში პაციენტებს ხშირად უჭირთ გეგმური სამედიცინო დახმარების მიღება. სომატური ჩივილების შემთხვევაში, პაციენტს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის.“

კვლევამ ასევე გაუსვა ხაზი ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ სერვისებს შორის კოორდინაციის ნაკლებობას. ნანა ზავრადაშვილის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ხშირად არ იციან, სად გადაიყვანონ პაციენტი:

 ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზის შემთხვევაში, პაციენტს ხშირად ვერ იღებს ნარკოლოგიური დაწესებულება, რადგან არანებაყოფლობითი მკურნალობა აქ არ ხორციელდება. ეს კი პაციენტისთვის ძალიან სარისკო მდგომარეობაა, რადგან შესაბამისი მკურნალობის გარეშე რჩება.“

კვლევამ ცხადყო, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარულ დაწესებულებებში მდგომარეობა კვლავ საჭიროებს არსებით ცვლილებებს. გადატვირთული სტაციონარები, სარეაბილიტაციო აქტივობების ნაკლებობა და სამედიცინო მომსახურების არასრულყოფილი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად ზღუდავს პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესს. როგორც ნანა ზავრადაშვილი აღნიშნავს, „პრობლემის მოგვარება მხოლოდ სტაციონარული სერვისების განვითარებით არ არის შესაძლებელი. აუცილებელია სოციალური სერვისების განვითარება, რაც პაციენტებს საკუთარი სახლის ან მხარდაჭერილი საცხოვრებლის პირობებში ცხოვრების საშუალებას მისცემს.“

ამ პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია პოლიტიკის გაუმჯობესება, სტაციონარული დაწესებულებების ახალი სტანდარტებით აღჭურვა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება, რათა მენტალური ჯანმრთელობის სერვისები პაციენტთა საჭიროებებზე მორგებული გახდეს.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის გამოწვევები საქართველოში

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ 2023 წელს მომზადებულმა დასკვნამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემები გამოავლინა. მოკვლევა, რომელიც 2023 წლის ივნისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა, მოიცავდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პროვაიდერებისა და ექსპერტების ჩართულობას. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით სტაციონარული სერვისების დეფიციტი აშკარა გამოწვევაა.

კვლევის შედეგების მიხედვით, საწოლფონდის რესურსზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

ალტერნატიული საცხოვრებლის არარსებობა: პაციენტები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა აღარ სჭირდებათ, ხშირად რჩებიან დაწესებულებებში, რადგან საცხოვრებელი პირობების და ოჯახური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან.

პენიტენციური სისტემიდან გადმოყვანილი პაციენტები: ასეთი პაციენტები იკავებენ საწოლების მნიშვნელოვან ნაწილს, რაც სტაციონარების გადატვირთვას იწვევს.

სასამართლო ფსიქიატრიული პაციენტები: 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, 1,328 საწოლიდან 485 დაკავებული იყო იმ პაციენტებით, რომლებიც იძულებითი მკურნალობის ფარგლებში გადიოდნენ თერაპიას.

საქართველოს მასშტაბით სტაციონარული დაწესებულებები ასიმეტრიულად არის განთავსებული:

არ არსებობს სტაციონარული სერვისი გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე სამცხე-ჯავახეთში.

რეგიონებში, სადაც სერვისები ხელმისაწვდომია, საწოლფონდის რაოდენობა მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

დოკუმენტის მიხედვით, ფსიქიატრიული დაწესებულებების გადატვირთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის დაფინანსების მეთოდოლოგია. კლინიკები ცდილობენ სრულად დატვირთონ საწოლფონდი, რათა მიიღონ სრული დაფინანსება. ეს მიდგომა სტაციონარების მუდმივ გადავსებას იწვევს, რაც ხელს უშლის რეალურად საჭირო მკურნალობის მიღებას.

საქართველოში ფსიქიატრიული დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის და პაციენტების უფლებების დარღვევის შემთხვევები ნამდვილად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გასულ წლებში კარგად გამოჩნდა მედიის საშუალებით და სამართლებრივი დავებით. მე წარმოგიდგენთ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს და შემთხვევას, რომლებიც საქართველოს ფსიქიატრიულ კლინიკებში არასათანადო მოპყრობის პრობლემის არსებობაზე მიუთითებს.

კლინიკებში არასათანადო მოპყრობაზე ვისაუბრე სისხლის სამართლის ადვოკატ მარიამ ბარსონიძესთან.

როგორც მარიამი აღნიშნავს, სტრუქტურული ხარვეზი იკვეთება არამხოლოდ ფსიქიატრიულ, არამედ ზოგად სახაზინო სექტორში, იქნება ეს  სამედიცინო მომსახურება თუ იურიდიული.

  • მარიამ რამდენად ხშირია საჩივრები ფსიქიატრიულ კლინიკებში არასათანადო მოპყრობის შესახებ?
  • ჩემს პირად პრაქტიკაში არ მქონია მსგავსი შემთხვევა, თუმცა კოლეგებისგან პროფესიული დისკუსიისას მსმენია მსგავს საქმეებზე.
  • როგორია ამ შემთხვევებში პაციენტის უფლებები, რამდენად იცავს სტრუქტურა პაციენტს?
  • პროფესიის შესწავლისას პრაქტიკის დასაგროვებლად, ბევრ მსგავს ლიტერატურას გავეცანი, განვიხილე ბევრი მსგავსი ქეისი, ვიტყოდი რომ ამ კუთხით კი სტრუქტურაში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არ ყოფილა ცდომილება განაჩენის დადგომისას. თუმცა, მე სხვა სტრუქტურულ ცდომილებაზე უფრო ვისაუბრებდი.
  • რომ დაგვიკონკრეტოთ რას გულისხმობთ?
  • მაგალითისთვის ვისაუბრებ პირობით ქეისებზე კონფიდენციალურობის დაცვისათვის. პრაქტიკაში ხშირია დამნაშავის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდისგან თავის ასაცილებლად ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მოთხოვნა, მოთხოვნების 95% უპირობოდ დასტურდება. თუმცა მე ვიძლევი პირად დასტურს, რომ მათგან არცერთია ფსიქიატრიული პაციენტი.
  • როგორ ფიქრობთ, აქ პროფესიონალიზმის ნაკლებობის საკითხი უფრო მწვავე თუ მოსყიდვადობის?
  • ცალსახად ორივე საკითხი მწვავეა, როგორ შეიძლება იყოს პროფესიონალი ექიმი, რომელიც ვერ ან არ ანსხვავებს სიმულირებას? ან როგორ შეიძლება პროფესიონალი ეწოდოს ადამიანს, რომელიც მედიცინის მუშკია და ამასთან მოსყიდვადი.
  • რამდენად თანასწორია ამ შემთხვევაში სტრუქტურა იმ პირების მიმართ, რომელთაც ლიმიტირებულ უფასო დახმარებაზე წვდომა ეზღუდებათ?
  • რა თქმა უნდა უთანასწორო, აქვე ვისაუბრებდი იმ პატიმრებზეც, რომელებსაც ნამდვილად ესჭარიეოება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სასჯელის მოხდის ან სასამართლო პროცესების პერიოდში, მათ გარდა იმისა რომ არ აქვთ მარტივი წვდომა ამ სერვისზე, ამასთან ისინი აწყდებიან უკიდეგანო ცინიზმს, აბუჩად აგდებას და რაც მთავარია გულგრილობას მედპერსონალისგან.

მარიამთან საუბრისას ფინანსური პრობლემის პარალელურად სტრუქტურული პრობლემა წამოიჭრა, ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სისტემა იმდენად გაუმართავია, რომ პენიტენციური სისტემა ეკვეთება სრულიად ჩარჩოებს გასული ფორმატით აღმაშფოთებელია. გამოდის რომ ნებისმიერ დამნაშავეს აქვს შესაძლებლობა სასჯელს თავი ააცილოს და ეს პერიოდი კლინიკაში გაატაროს ნაცვლად საკნისა.

ასევე მინდა მოგიყვეთ პაციენტებისადმი გულგრილი მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევებზე რომელიც მედიის საშუალებით გახმაურდა.

 

„ნამახვანის ფსიქიატრიული კლინიკა“ – პაციენტების მიმართ სასტიკი მოპყრობა”

 2016 წელს გავრცელებული „ნამახვანის ფსიქიატრიული კლინიკის“ კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ პერსონალი სასტიკად ექცევა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს, გახდა სკანდალური მედია-რეპორტაჟის საგანი. პრობლემები, რომლებიც კლინიკაში გამოვლინდა, მოიცავდა პაციენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, მათთვის მედიკამენტების ზეწოლით მიღებას, როგორც მისაღებ, ისე ინექციურ ფორმაში. ზოგიერთ შემთხვევებში, ექიმების მხრიდან იყო პირადი კონფლიქტებიც პაციენტებთან, რასაც მოყვა მათი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუარესება.  მსგავსი შემთხვევები ხაზს უსვამს, რომ „ნამახვანის ფსიქიატრიულ კლინიკაში“ პაციენტებს ხშირად არ ჰქონდათ უფლება საკუთარი უფლებების დაცვის.

2019 წელს თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესახებ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება გვიჩვენებს, რომ პაციენტები სისტემატურად აწყდებოდნენ არა მხოლოდ არაეთიკურ, არამედ სისხლის სამართლის დარღვევას. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ფსიქიატრიული დახმარების მიღების დროს ექიმები ხშირად სარგებლობდნენ ძალადობითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით. სხვა სერიოზული დარღვევები ხდებოდა, როდესაც ექიმები ან სხვა პერსონალი აგრესიით ექცეოდნენ პაციენტებს, რასაც ხშირად შედეგად მოჰყვებოდა ანომალიური ფსიქოლოგიური რეაქციები, რომლებიც მხოლოდ ართულებდა სიტუაციას. ასევე, პაციენტთა დიდი ნაწილი ამტკიცებდა, რომ მათ არ შეეძლოთ პირადი სივრცის დაცვა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო ხდება, რადგან ეს პირადი ცხოვრების დარღვევა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების მდგომარეობას ამძიმებს. მსგავსი სიტუაციების არსებობა კითხვის ქვეშ აყენებს ფსიქიატრიული დაწესებულების სტანდარტებს, ხოლო პატიმრებისა და პაციენტების უფლებების დაცვის შესახებ მკაცრი კონტროლის აუცილებლობას.

2017 წელს ახალციხის ფსიქიატრიული კლინიკაში განხორციელებულმა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებმა კიდევ ერთხელ გააჩინა დიდი ეჭვი, რომ კლინიკებში ვითარება რთულია. ჟურნალისტებმა, რომლებმაც შეამოწმეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა, აღნიშნეს, რომ პაციენტებს მოტყუებით აწამებდნენ მედიკამენტების მიღებისას. ზოგიერთ პაციენტს, რომელიც არ თანხმდებოდა წამლის მიღებას, ძალადობით გაუკეთეს ინექციები.  მედიკამენტებს/სისტემებს ექიმები აყენებდნენ პაციენტების წინააღმდეგობის მიუხედავად.

 

სტატისტიკა საქართველოში ფსიქოლოგთან მიმართვიანობის შესახებ

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ლაშა კილაძის თქმით, 2024 წელს ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის მაჩვენებელმა 14-15%-ს მიაღწია. მისი განცხადებით, ეს ზრდა მეტყველებს მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და სერვისებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებაზე . 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში

ლაშა კილაძე აღნიშნავს, რომ პირველადი მიმართვების 25-30% მოდის ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, რაც აშკარად მიუთითებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მზარდ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. მისი თქმით, ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით განგაშის საფუძველია.

 2024 წლის მონაცემების მიხედვით, „საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური“ იტყობინება, რომ დაფიქსირდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 შემთხვევა და გონებრივი ჩამორჩენის 1,404 შემთხვევა. აღნიშნული სტატისტიკა ხაზს უსვამს ფსიქიკური პრობლემების მატებას ქვეყნის მასშტაბით.

 2024 წელს შიზოფრენიის 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 130 პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ავრცელებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დიაგნოზირებული მძიმე შემთხვევების ზრდაზე. 

ჯანდაცვის მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოში ნევროზული, სტრესული და სომატოფორმული დარღვევების 11,761 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი ადასტურებს, რომ სტრესთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობები ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა ქვეყანაში.

2024 წლის სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მიმართვიანობა იზრდება, რაც ერთგვარად შეიძლება პოზიტიური სიგნალიც იყოს, მოსახლეობაში ცნობიერება ამაღლდა. თუმცა, ეს მონაცემები ასევე ხაზს უსვამს მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებს, რაც საჭიროებს მეტ ინვესტიციას, მეტი სპეციალისტის გადამზადებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

- ფსიქოლოგთან ვიზიტი ფუფუნებად იქცა, განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი აღიარებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მათ დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, სად შეიძლება მიიღოს დახმარება ან არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა რომ გადაიხადოს ამ  სერვისებისთვის.

საქართველოში არსებობს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა და უფასო ფსიქოლოგიური სერვისები, თუმცა მათი ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა დაბალი რჩება. სახელმწიფო ფსიქოლოგიური მომსახურების პროგრამები ძირითადად თბილისის დიდ კლინიკებში არიან კონცენტრირებულნი, რეგიონებში კი ამ სერვისების მიმართვიანობა თითქმის არ არსებობს.

 

 ***

ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და გამოჯანმრთელების დონე საქართველოში სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. აქ აუცილებელია დავუბრუნდეთ შესაბამისი სამედიცინო დახმარების ხარისხსა და პაციენტებთან ურთიერთობის სერიოზულობას.

- 2024 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მხოლოდ 40%-მდე პაციენტმა განიცადა გარკვეული პოზიტიური შედეგები ფსიქოლოგიური მკურნალობის შემდეგ, ხოლო დანარჩენი 60%-მა ვერ შეძლო საკმარისი პროგრესის მიღწევა. ეს ძირითადად დაკავშირებულია ფსიქოლოგიური სერვისების დაბალ ხარისხთან, არასაკმარისი რესურსებისა და სპეციალისტების ნაკლებობასთან.

- ფსიქიატრიული მკურნალობის შედეგები სერიოზულად განსხვავდება, რადგან ზოგიერთი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზეა ეფექტური.  ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელების მაჩვენებელი დაბალი დარჩა, დაახლოებით 20%-30%, ვინაიდან საზოგადოებაში ფსიქიატრიული დაავადებების მიმართ არ არსებობს საკმარისი ცნობიერება და სტიგმატიზაცია კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

საქართველოს მენტალური ჯანმრთელობის სფერო, მიუხედავად გარკვეული ძალისხმევისა, დღემდე უძლიერესი პრობლემების წინაშე დგას. სახელმწიფო, საზოგადოება და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ, რათა შეიქმნას ისეთი პირობები, რომლებიც საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომს გახდის ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარებას, განსაკუთრებით ისეთ პირთათვის, რომლებსაც უმუშევრობა ან სოციალური მოწყვლადობა აქვთ.ამ დილემაზე ყურადღების გამახვილება  აუცილებელია, რადგან მენტალური ჯანმრთელობის საკითხები არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ  საზოგადოების კეთილდღეობას და გრძელვადიან განვითარებაზე აისახება.

ამ პრობლემის სიმწვავე მაიძულებს,  საკითხი არ დავტოვო უყურადღებოდ. მენტალური ჯანმრთელობის დახმარების ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ადამიანების პირადი საჭიროებაა, არამედ მთელი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობაა. მჯერა, რომ სათანადო სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში, შესაძლებელი იქნება არსებული გამოწვევების დაძლევა. ეს მოითხოვს როგორც სისტემურ ცვლილებებს ჯანდაცვის სფეროში, ისე მენტალური ჯანმრთელობის სფეროსთვის ახალი მიდგომებისა და რესურსების დამატებას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გრძნობდეს თავს დაცულად და ექნება შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ დახმარებაზე. მხოლოდ ასე შევძლებთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე საუბარი იქნება ნორმალური და ხელმისაწვდომი რეალობა ყველასთვის, მიუხედავად სოციალური სტატუსისა ან ფინანსური მდგომარეობისა.