DATA149.1.19

Logo

„იტალიური ეზო“ - სახელწოდება და დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაქრეს

მარიამ ჯანიაშვილი

 

70 წლის თამარას დილა წლებია ერთნაირად იწყება: აუცილებლად ყავა უნდა მოიდუღოს და შემდგომ ეზოს გადახედოს...ათწლეულების მანძილზე, თამარას ფანჯარა ეზოს ცოცხალი არქივი იყო – არ გამოპარვია არც ერთი ჭორი, არც სიხარული და არც რაიმე უმნიშვნელო წვრილმანი. მის მოგონებებში მუდამ იქნება მეზობლების ქორწილები, ბავშვების ჟივილ-ხივილი, ერთმანეთზე გადაძახილები და საიდუმლოებები, რომლებიც ხშირად მთელი ეზოს საკუთრება ხდებოდა.

დღეს კი სინანულით შეჰყურებს დაცარიელებულ სივრცეს. მისი თაობის წევრებიმისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის მეგობრები  ან აღარ არიან, ან სხვაგან წავიდნენ. ეზო, რომელიც ადრე სითბოთი და ხმაურით სავსე იყო, ახლა თითქმის ცარიელია.

თამარა: "ადრე? ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. ჩემი მეზობლები... ჩემი და-ძმებივით იყვნენ. საერთო ონკანი იყო მთავარი ადგილი. იქ იმდენ ამბავს გავიგებდი, არც ტელევიზორი მჭირდებოდა და არც არაფერი. დღეს მეზობლის კატა თუ დალევს იქიდან წყალს ან იშვიათად მანქანის გარეცხვისთის თუ გამოიყენებს ვინმე… შეკრების ადგილი ნამდვილად აღარ არის…ზოგჯერ კვირა ისე გავა, ახალ მეზობელს გამარჯობასაც ვერ ვეუბნები. აღარავის სცალია, ყველა თავისთვისაა."

თუმცა, მისი დარდი მხოლოდ ადამიანების წასვლა არ არის. თამარა წუხს იმ ხალისის დაკარგვაზე, რაც ბავშვების თამაშისგან, მათი ემოციების, კივილის, წივილისა და შეძახილებისგან მოდიოდა. ეზომ სული დაკარგა. ეს სიჩუმე კიდევ უფრო მძაფრად გვაგრძნობინებს, როგორ იცვლება ჩვენს ირგვლივ სამყარო.

თამარა: "მახსოვს როგორ ვეჩხუბებოდი ხოლმე ჩემი სახლის კედელზე გაუთავებლად რომ არტყამდნენ ბავშები ბურთს, მართლა თავი მტკივდება ხოლმე, მაგრამ ახლა სიჩუმისგან ვარ გაბრუებული. გულწრფელად მირჩევნია ისევ ის ხალისი და ბავშების ყვირილი დაბრუნდეს, არაუშავს ჩემი თავის ტკივილი კაცო... დღეს ბავშებს საერთოდ ვეღარ შეხვდებით ეზოებში, სულ ჩაიკეტნენ სახლებში და გადაეშვნენ იმ ტექნიკაში.“

თბილისური ეზოები დღესაც ძველი თბილისის ყველაზე გამორჩეულ ნაწილად ითლება. ჩვენ მათ ხშირად "იტალიური ეზოების" სახელით ვიცნობთ.

საინტერესო ის არის, რომ ამ არქიტექტურას იტალიასთან რეალურად არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს. ეს უფრო თბილისური სტილიაქალაქის ისტორიის, ცხოვრების წესის და ადამიანური ურთიერთობების უნიკალური ნაზავი. ტერმინი სავარაუდოდ საბჭოთა წლებში დამკვიდრდა, როცა თბილისის ძველი, მრავალსართულიანი, ხის აივნებიან სახლებს ახალი ფუნქცია მიეცა: დიდებულ ბინებში ერთდროულად რამდენიმე ოჯახი შეასახლეს და საერთო ეზო ყველასთვის ერთიან საცხოვრებელ სივრცედ იქცა.

ამ ცვლილებამ ყველაფერი შეცვალააქ ცხოვრებას თან სდევდა ხმაური, სიცილი, მუსიკა, ტაფაზე შეწვის სურნელი, ბავშვების ტირილი და ქალების ხმამაღალი დიალოგები აივნიდან აივნამდე. თითოეულ ეზოში დღის რიტმს თავისი ტემპი ჰქონდა. სწორედ ეს ხმაურიანი, ემოციური და სიცოცხლით სავსე ატმოსფერო მიაწერეს იტალიასიმ იტალიას, რომელიც ფილმებიდან გვახსოვს: ფერადი სახლები, ღია ფანჯრები, ხმამაღალი საუბრები და საერთო ცხოვრება ერთი ეზოს ქვეშ. ამიტომაციტალიურიგახდა მეტაფორა არა არქიტექტურის, არამედ ცხოვრების სტილისკოლექტიურობის, ხალისისა და ემოციური სითბოს სიმბოლო.

 

პირველი თბილისური ეზო მე-19 საუკუნის ბოლოდან ჩნდება. ზოგ ეზოში აქლემებს შეხვდებოდით, ზოგში კი მოქეიფე მოცეკვავე და ხალისიან ადამიანებს, რომლებიც მუდამ რაღაცას აღნიშნავდნენ და თითქმის ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.

არქივები და ძველი ფოტოები გვაჩვენებენ, როგორი იყო ეს ეზო სინამდვილეშიბავშვების დაბადების დღეები, საერთო სუფრები, ფილმის ჩვენებები... ეზო იყო ადგილი, სადაც უცხო აღარავინ იყო. ყველა ერთმანეთის ცხოვრებას იზიარებდასიხარულსაც და ტკივილსაც. ის იყო ერთდროულად სახლი, თეატრი, კაფე და სოციალური ქსელი იმ დროის რეალობაში.
ეს იყო ქალაქის გულისცემასივრცე, სადაც თბილისი ცხოვრობდა, სუნთქავდა და ერთმანეთთან ადამიანური კავშირები იქმნებოდა ყოველდღიურობის ყველაზე უბრალო სცენებში.