DATA149.1.19

Logo

თამაშებში დაკარგული რეალობა

მარიამ ციცქიშვილი

ამ სამყაროში არავინ იცის როგორი ხარ, რა ფერის თვალები გაქვს ან როგორი ჩაცმის სტილი მოგწონს. ამ სამყაროში არავის აინტერესებს შენი ფიზიკური ან სულიერი მდგომარეობა, ხასიათის ცვლილება და სხვა უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა. მას ვირტუალური სამყარო ჰქვია და დღეს უამრავი ჩვენგანი მისი ნაწილია.

მყუდრო ოთახი, პერსონალური კომპიუტერი, თითების სწრაფი რეაგირება და შენ უკვე მომდევნო ტურში ხარ.. XXI საუკუნის „სენი“, ონლაინ ვიდეო თამაშები -  სიახლე, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

 „ვხვდებოდი რომ აქ არავინ მიყურებდა სიბრალულის თვალებით, პრინციპში არც აინტერესებდათ როგორი ვიყავი, რეალობას გავექეცი და იქ აღმოვჩნდი სადაც მჭირდებოდა. ხანდახან ეს ერთადერთი გამოსავალია - ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა“

მათე 14 წლის იყო როდესაც ავტოკატასტროფაში მოყვა და მას შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. როგორც თავად ამბობს, ონლაინ თამაშები მისი ერთადერთი ხსნა აღმოჩნდა. დეპრესიიდან გამოსვლაში მას თამაში „Counter-Strike“ დაეხმარა და საშუალება მისცა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ეგრძნო.

დღეს, იშვიათად თუ შეხვდებით ქუჩაში მორბენალ პატარებს, ფეხბურთის მოთამაშე ბიჭებს ან დახუჭობანას თამაშით დაღლილ-დაქანცულ ბავშვებს. ამ ყველაფერმა  ერთ სივრცეში გადაინაცვლა და ყველა გასართობი ჩაანაცვლა.    

არსებობს შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში ინტერნეტ თამაშების არსებობას ფატალური შედეგები მოჰყვა.

 „მე ვიდექი იმ ფანჯარასთან, რომლიდანაც ჩემი შვილი გადმოხტა, მაგრამ  ამის გაკეთება ვერ შევძელი, მან კი თამაშის "წყალობით" შეძლო . საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა  დიდ გამბედაობას მოითხოვს"

 აგვოსტოს ცხელ დღეებში, როდესაც მოზარდები სხვადასხვა კურორტზე ისვენებენ, 12 წლის ელენემ, თბილისში დარჩენა ამჯობინა. ერთ დღეს კი  ელენეს დედას სახლში ერთადერთი შვილისგან თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილი წერილი დახვდა : „I need help. You are not fucking psychology, sorry” .

როგორც გოგონას დედა ამბობს,  მისი შვილი  „მკვლელ თამაშს“ ფეისბუქზე წააწყდა და მისი მსხვერპლი გახდა.  ამ თამაშს „ლურჯი ვეშაპი“ ჰქვია და მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში.

დავალებები, რომლებსაც მენტორები თამაშის განმავლობაში მონაწილეებს აძლევენ, ერთი შეხედვით უწყინარია, თუმცა ბოლო გამოწვევა - თვითმკვლელობაა.

მოზარდის დედა ფიქრობს, რომ ამ თამაშმა მისი შვილის ცხოვრება იმსხვერპლა. თუმცა, ელენე ერთადერთი დაზარალებული არ არის, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც უამრავი ადამიანია, რომლებიც საკუთარი შვილის სუიციდს სწორედ გაურკვეველ თამაშებს უკავშირებენ.

გაურკვეველი და ბურუსითმოცული იმიტომ, რომ მისი არსებობა რუსეთის გარდა, არც ერთი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა და ბავშვების გახშირებული სუიციდი თვითმკვლელობის მსგავსი ნიშნებით საზოგადოებაში მისტიკურ საკითხად დატოვა.

საქართველოში მოზარდთა სუიციდი ვირუსივით მოედო მთელ ქვეყანას. თვითმკვლელობის ათამდე ფაქტი რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა  არც ერთი შემთხვევის რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ მათი შვილების სიცოცხლე საშიშმა ინტერნეტ თამაშმა შეიწირა, თუმცა ამის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში .. ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა.

ელენეს დედა არ ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძების მიმდინარეობას. იგი შვილის გარდაცვლების დღიდან იბრძვის გაარკვიოს სიმართლე და ხალხს გააგებინოს ამ თამაშის შესახებ, რათა აღარ იყოს მსგავსი შემთხვევები.

„ბავშვებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, რომ მათ ვერავინ შეეხება. ხშირად მათ აშინებენ საყვარელი ადამიანების მოკვლით, ისინი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ კურატორებს ეს ყველაფერი არ შეუძლიათ და უბრალოდ ფსიქოლოგიურად ძალადობენ მათზე“

 საქმეზე გამოძება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს თვითმკვლელობას ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მუქარით ან დამამცირებელი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით.

ელენეს გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ საქმე ისევ გამოძიების პროცესშია, გარდაცვლილის დედა აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა ამ თანამშრომლობამ შედეგი ვერ გამოიღო.  მოზარდის ოთახიდან ამოღებული ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი რამდენიმე თვეში ოჯახს დაუბრუნეს, იმ მიზეზით, რომ მობილურ ტელეფონს კოდი ვერ მოხსნეს.

ელენეს დედამ, გამოძების პარალელურად საკუთარი გამოძება დაიწყო და ამ გზით ეცადა სიმართლის ძიებას.  შვილის მეგობრებისგან გაიგო, რომ ბავშვს მათთან აღარ ჰქონდა  ურთიერთობა და ყველას ჩამოშორდა. თავადაც აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ჩაიკეტა  და დღის განმავლობაში ძირითადად ეძინა.

დაზარალებულის ოჯახის უამრავი მცდელობის მიუხედავად, საქმე დღემდე გამოუძიებელია. მათ მიმართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იდეით, რომ ბავშვებში ამაღლდეს ცნობიერება კიბერბულინგის კუთხით და მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა ინტერნეტ აგრესიისაგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თამაშის ოფიციალურად უარყოფის გარდა ჯერჯერობით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელიწადზე მეტი გავიდა  იმ პირველი შემთხვევიდან,  როდესაც გარდაცვლილის ოჯახმა  შვილის სუიციდი „ლურჯ ვეშაპს“ დაუკავშირა.

მიუხედავად იმისა, რომ შსს უარყოფს მკვლელი თამაშის არსებობას, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე სამომავლოდ აპირებს გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას.