ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
ნინო პატურაშვილი
თანამედროვე ქართულ მედია სივრცეში ჩამოყალიბებული მდგომარეობა უკიდურესად სახიფათო ტრენდებს ავლენს, რაც არამარტო მედიის თავისუფლებას, არამედ დემოკრატიის არსებობას უქმნის საფრთხეს. იმ ფონზე, როცა მედია უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს, ქმნის საზოგადოებრივ დისკურსს, გამჭვირვალობას და საჯარო ინტერესის დაცვას, საქართველოში მედია ქვეშევრდომებად ქცეულა ან მარგინალიზაციის საფრთხის ქვეშ აღმოჩენილა. დღევანდელი მედია სივრცე მკვეთრად პოლარიზებულია. ქართული მედია მკაცრად იყოფა მმართველი პოლიტიკური ძალისადმი ლოიალურ და კრიტიკულად განწყობილ არხებად. ამ პოლარიზაციის პირობებში სუსტი ხდება მედიის ინსტიტუციური ავტონომია და პლურალისტური ფუნქცია.
კრიტიკული მედიების შევიწროება ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ, ოპოზიციური და დამოუკიდებელი არხები, როგორიცაა „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. ეს არხები მუდმივი სამართლებრივი და ფინანსური წნეხის პირობებში ფუნქციონირებენ — მათ მიმართ გამოიყენება აუდიტორული შემოწმებები, საგადასახადო დევნა, საეჭვო კანონმდებლობა, სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა და უშუალო ცენზურის მცდელობები.
ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მოსახლეობის გადასახადებიდან საზრდოობს ას მილიონზე მეტი ლარით ყოველწლიურად, ხელისუფლების წისქვილზე აგრძელებს წყლის დასხმას. საზმაუს ის თანამშრომლები, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან, სამსახურიდან დაითხოვეს. კერძოდ, 2025 წლის აპრილში, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლდა ორი ჟურნალისტი — ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. მათი გათავისუფლება უკავშირდება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის საჯარო კრიტიკას და ხელისუფლების გავლენების გაპროტესტებას. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო საინფორმაციო გამოშვების „მოამბეს“ წამყვანი, 2025 წლის 4 თებერვალს ჩამოაშორეს ეთერს. მაუწყებლის მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებთან დაძაბულობის პრევენციით ახსნა. თუმცა, ივანოვ-ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ მისი ეთერიდან მოხსნა უკავშირდებოდა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას და მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას. მან პირდაპირ ეთერში არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა ამაღლობელის მიმართ, რაც, მისი თქმით, გახდა მენეჯმენტის უკმაყოფილების მიზეზი . ივანოვ-ჩიქოვანი ასევე აკრიტიკებდა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც, მისი თქმით, ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებს და არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ. მან საჯაროდ დაადანაშაულა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე, სარედაქციო პოლიტიკაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაში . ნინო ზაუტაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში უძღვებოდა სოციალურ საკითხებზე გადაცემას „რეალური სივრცე“, 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მაუწყებლის მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება ახსნა თანამშრომლებთან კონსტრუქციული ურთიერთობის ამოწურვით. თუმცა, ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება უკავშირდებოდა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას და პროევროპულ აქციებზე არასაკმარისი გაშუქების გაპროტესტებას . ჟურნალისტების გათავისუფლებამ გამოიწვია ფართო საზოგადოებრივი რეაქცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ფაქტი შეაფასეს, როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვის და ჟურნალისტების დევნის მაგალითი. მათ აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და უზრუნველჰყოს მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქება, რაც აღნიშნულ შემთხვევაში დარღვეულია . ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა, მათ შორის ლიკა ბასილაიამ, ჟურნალისტების გათავისუფლება შეაფასეს როგორც უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება მაუწყებლის მისიას და საზოგადოებრივ ინტერესებს .

ბოლო პერიოდში მაუწყებლის შესახებ კანონში ბევრი ცვლილება შევიდა, რომლითაც „ქართული ოცნება,, ცდილობს მედიის შეზღუდვას. 2 ივნისს კი ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარ“ არხს მოუვიდა საჩივარი, რომელიც ირაკლი კობახიძის წარმომადგენლის მიერაა შეტანილი და საჩივარი ეხება ცენზურას. მათი განმარტებით, მედიამ აღარ უნდა გამოიყენოს „ე.წ მინისტრი“, „რეჟიმი“, "რეჟიმის პატიმარი“, „ე.წ მთავრობა“, „ოლიგარქი“, „გარუსება“ და ა.შ. მარტივად, რომ ვთქვათ ის სიტყვები, რომელიც „ოცნების“ წევრებს არ მოსწონთ ან თავმოყვარეობაზე ურტყამთ, ოფიციალურ დოკუმენტში ჩაწერილია, როგორც ცენზურის დარღვევა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ფორმულას ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება. საჩივარში, რომელიც ტელევიზია ფორმულამ მიიღო, მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც ქართული ოცნების რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა ფორმულამ კანონი. "საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები", - წერია დოკუმენტში. კერძოდ, მოცემულია ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტს, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის სასამართლო". განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქართული ოცნების მთავრობის "რეჟიმად მოხსენიებას". საჩივარი მრავალჯერ მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "რეჟიმის პატიმარი," რეჟიმის წარმომადგენელი" და ა.შ. ქართული ოცნება „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის. რა შეიძლება დაემართოს ფორმულას – "ოცნების" კანონით გათვალისწინებული რეალური სანქციები: გაფრთხილება. კომისიამ შეიძლება მისცეს „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ოფიციალური გაფრთხილება, საჯარო ან წერილობითი. ფინანსური ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა კანონით შეიძლება იყოს საკმაოდ სოლიდურიც, მაგალითად, წინა პრაქტიკით, ზოგჯერ ირჩევა მაუწყებლის ბიუჯეტის შესაბამისი წილი. დროებითი რეგულაცია ან შეზღუდვა. სანამ საბოლოო გამოძიება დასრულდება, კომისიას შეუძლია მოითხოვოს დროებითი შეზღუდვები, მაგალითად, მსგავსი ტერმინების გამოყენების შეჩერება. ლიცენზიის ჩამორთმევა. ფორმულას მიერ განმეორებითი მძიმე "დარღვევების" შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ფორმულას ლიცენზია შეუჩეროს ან გაუუქმოს.
შედეგად, საქართველოს მედია სივრცეში მიმდინარე პროცესები სულ უფრო მეტად ახდენს საბჭოთა კავშირის პერიოდის მედია პოლიტიკის რეპლიკაციას – სახელმწიფოს სურვილს, სრულად აკონტროლოს სარედაქციო ხაზი, შეზღუდოს განსხვავებული აზრი და შექმნას ერთი ცენტრალიზებული საინფორმაციო მატრიცა. მართალია, ოფიციალურად საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, მაგრამ ხელისუფლების მოქმედებები სულ უფრო აშკარად იმეორებს იმ მეთოდებს, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლება იყენებდა მედიის სრული მორჩილების უზრუნველსაყოფად.
საბჭოთა კავშირში არსებობდა მხოლოდ ერთი საინფორმაციო რეალობა – „პრავდა“, „იზვესტია“, საბჭოთა რადიო, რომელიც ყოველგვარი დამოუკიდებელი აზრისგან დაცლილი იყო და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის იდეოლოგიის გავრცელებას. კრიტიკული ხმა, განსხვავებული ხედვა, სარედაქციო დამოუკიდებლობა – ყველაფერი დახშული იყო. რეჟიმი ინფორმაციულ სივრცეს განიხილავდა როგორც სახელმწიფო იარაღს და არა როგორც საზოგადოებრივ ინსტიტუტს.
სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში სწორედ ასეთივე მიდგომას ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანიც არის უცხოური დაფინანსების აკრძალვა, კრიტიკული ტერმინოლოგიის აღკვეთა, ოპოზიციური ტელევიზიების ლიცენზირების საფრთხე, მედიის წარმომადგენლების დაპატიმრება და სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩახშობა – ყოველივე ეს მიუთითებს ერთ საერთო ტენდენციაზე: ხელისუფლება ცდილობს ფორმალურად დემოკრატიულ სივრცეში დაამკვიდროს სინამდვილეში არადემოკრატიული, მობილიზებული და ერთხმოვანი საინფორმაციო გარემო.
განსაკუთრებით საგანგაშოა ისიც, რომ ხელისუფლება ცდილობს გადამწყვეტი ზემოქმედება მოახდინოს არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ მედიასაშუალებების ეკონომიკურ არსებობაზე. ბიუჯეტიდან წამოსული რეკლამების და სუბსიდიების მიზანმიმართული განაწილება მხოლოდ მმართველობისადმი ლოიალურ მედიაზე, რეალურად ითარგმნება კრიტიკული პლატფორმების გაკოტრების მცდელობად. ეს ზუსტად ის მეთოდია, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი იყენებდა, როცა არაოფიციალურად, მაგრამ მიზანმიმართულად იზღუდებოდა ფინანსური რესურსები არასასურველი არტისტებისა, მწერლებისა და ჟურნალისტებისთვის.
საბჭოთა სივრცეში ინფორმაციის ცენტრალიზაცია იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა ეკონომიკური სტაგნაცია, საჯარო ინიციატივის გაქრობა და სისტემური კრახი. და სწორედ ამ საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო, თუ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ეს კურსი გაგრძელდება. დემოკრატიის დასუსტებას პირდაპირ მოჰყვება ეკონომიკური და სოციალური რეგრესი, რაც ყველაზე მძიმედ და სწრაფად სწორედ თავისუფალი ინფორმაციის გაქრობით ვლინდება.
ამიტომ, მედიაზე ზეწოლა არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი ან საარჩევნო ტექნოლოგია, ეს არის ქვეყნის მომავლის ჩამოშლის რეალური საფრთხე. ამ კუთხით, მედიის თავისუფლების დაცვა მხოლოდ ჟურნალისტური საზოგადოების ამოცანა კი არა, მთელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
მედია დემოკრატიის პირობებში საინტერესოა გია ნოდიას ხედვა პოლიტიკურ კონტექსტსა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე.
საქართველოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, პროფესორი გია ნოდია მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებაში მედია საქართველოში არა მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელია, არამედ დემოკრატიული ბრძოლის აქტიური მონაწილე. როგორც ის აღნიშნავს, მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ფინანსური ბერკეტების საშუალებით მედიაზე ზეწოლა, წარმოადგენს სისტემურ მცდელობას კრიტიკული სივრცის შემცირების.
ნოდიას შეფასებით, ქართული მედია დგას ორმაგი გამოწვევის წინაშე – ერთი მხრივ, გარე ზეწოლა და პოლიტიკური ინტერვენცია, ხოლო მეორე მხრივ, თავად მედიასივრცეში გაღრმავებული პოლარიზაცია, რაც აფერხებს ობიექტურ და მრავალმხრივ ჟურნალისტიკას. „როდესაც მედიას უწევს არჩევანის გაკეთება – ერთ რეჟიმსა და მეორე პოლარობაში, ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. ეს არის სიმპტომი ავტორიტარიზმისაკენ სვლისა,“ – ამბობს ის.
გია ნოდია ასევე ხაზს უსვამს იმ სტრუქტურულ ფაქტორს, რომელიც დაკავშირებულია კრიტიკული მედიის რესურსების „შიმშილთან“. მისი თქმით, სწორედ ფინანსური სირთულეები აიძულებს კრიტიკულ მედიის ოპერირებას რთულ პირობებში, რაც მათ უფრო მოწყვლადს ხდის. ის განსაკუთრებით გამოყოფს საერთაშორისო დონორების როლის მნიშვნელობას, რომელთა მიმართაც ახალი კანონმდებლობა პირდაპირ შეზღუდვებს აწესებს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება სულ უფრო მეტად ცდილობს მაუწყებლებსა და ონლაინ მედიას შეუზღუდოს სარედაქციო თავისუფლება. აქ არ არის საუბარი მარტო ცენზურაზე, საუბარია მედიასივრცის გადანაწილებაზე. ასეთ პირობებში საზოგადოება კარგავს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ დემოკრატიული პროცესების განადგურების ტოლფასია“.
ასევე, მნიშვნელოვანია ყოფილი პოლიტიკოსის, თამარ კორძაიას აზრი, რომელიც თვლის, რომ: მედიის შევიწროება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და დემოკრატიის დემონტაჟი.
დამოუკიდებელი იურისტი და ყოფილი პარლამენტარი თამარ კორძაია მკაცრად აფასებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ნაბიჯებს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების განზრახვაზე, რომ სახელმწიფო სივრცეში კონტროლი მიანიჭოს მხოლოდ ერთგვაროვან, მორჩილ ინფორმაციას.
„ფორმულაზე, „მთავარზე“ და „ტვ პირველზე“ შეტანილი საჩივრები – ეს არ არის სარეგულაციო სამართლის მექანიზმი, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი კრიტიკული მედიის დასასჯელად. როდესაც გეუბნებიან, რომ ‘ე.წ. მინისტრი’ არ უნდა თქვა, ეს უკვე ზეპირად ნაკარნახები ენაა, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკურად არასასურველი რიტორიკა უნდა გაუჩინარდეს საჯარო სივრციდან“, – აღნიშნავს კორძაია.
კორძაია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ კომუნიკაციების კომისია იქცა არა დამოუკიდებელ ორგანოდ, არამედ მმართველი პარტიის იურიდიულ დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოდ, რომელიც აღარ იცავს საზოგადოებრივ ინტერესებს, არამედ ახორციელებს ძალაუფლების პოლიტიკურ ტექნოლოგიებს.
მისი შეფასებით, ცალკეულ შემთხვევებზე დაყრდნობით, იქნება ეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავება, თუ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო მედიის არა მხოლოდ დისკრედიტაცია, არამედ მისი არსებობის საფუძვლების დემონტაჟიც.
კორძაია ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა. “სიტყვის თავისუფლება არ შეიძლება იყოს მექანიკურად წართმეული ისეთი ტერმინების აკრძალვით, როგორიცაა ‘რეჟიმი’, ‘ოლიგარქი’ ან ‘არალეგიტიმური’. ეს ტერმინები პოლიტიკური შეფასებებია და მათი აკრძალვა ნიშნავს არა სიძულვილის ენის შეზღუდვას, არამედ სიძულვილის ხელისუფლების ხელშეწყობას,“ – ამბობს ის.
კორძაიას აზრით, დღეს საქართველოში მედია კვლავ რჩება დემოკრატიის უკანასკნელ ხაზად. თუმცა მისი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საერთაშორისო და შიდა სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს სისტემური ზეწოლის წინააღმდეგ მობილიზებას და სახელმწიფოს მოსთხოვს სტანდარტების დაცვას, რასაც თავადვე აცხადებს როგორც მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
კონკრეტულ ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებს რაც შეეხება, გავიხსენოთ მაკა ჩიხლაძე – ჟურნალისტი, დაზარალებული. კონტექსტი: მაკა ჩიხლაძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ფიზიკურ თავდასხმა. ეს იყო დღე, როცა მის გარდა რამდენიმე ჟურნალისტი ფიზიკურად დაშავდა. მაკას შემთხვევა განსაკუთრებით რეზონანსული გახდა. მასზე პირდაპირ ეთერში იძალადეს, კამერა გათიშეს მხოლოდ მაშინ, როცა მასზე უკვე შეტევა მიმდინარეობდა. გურამი იმავე მოვლენების დროს პირდაპირ ეთერში მუშაობდა, როცა მას სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს იყო მორიგი შოკისმომგვრელი მაგალითი იმისა, როგორ გაუქმდა საჯარო სივრცეში ჟურნალისტის უფლება, როგორც ნეიტრალურ დამკვირვებლის. მათი შემთხვევა აჩვენებს, რომ მედიაზე თავდასხმა საქართველოში სიმბოლურ ნიშნად იქცა. მას აღარ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ ან ვინ ხარ, მთავარია „ჟურნალისტი ხარ“ და ეს უკვე საკმარისია აგრესიის გამოსახატად სახელისუფლებო ძალების მხრიდან.
„რომ მივედი სამუშაოდ. ჩვეულებრივად. ვიცოდი, რომ დაძაბული დღე იყო, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი პროფესია მიზეზად იქცეოდა იმისთვის, რომ ჩემზე ფიზიკურად ეძალადათ. ყველაზე კარგად მახსოვს წამი, როცა მიკროფონს ხელი დაავლეს. მაშინ მივხვდი, რომ ეს უკვე არ იყო მხოლოდ ზიზღი, ეს იყო შიში თავისუფალი სიტყვის. არც ვიფიქრებდი, რომ ჩემი პროფესიის გამო ასეთ საფასურს გადავიხდიდი“, – გვიყვება მაკა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდით სამიზნე?
– იმიტომ რომ ვიცავდი უფლებას ვკითხო და იმიტომ რომ ჟურნალისტი ვარ იმ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტობა სისტემისთვის საფრთხედ მიიჩნევა. ყოველდღიურად, ნერვიულობის ფონზე შემიძლია, წავიყვანო პირდაპირ ეთერი და პარალელურად ფიზიკური საფრთხის ანალიზი გავაკეთო გონებაში, სად დგას ადამიანი, ვის ხელშია ქვა, რომელი მხრიდან იქნება თავდასხმა. ეს ჩემი ყოველდღიურობაა.
– მედიის მომავალი როგორ გესახებათ საქართველოში?
– თუ ასე გაგრძელდა, პროფესიონალი ჟურნალისტები ან ქვეყნიდან წავლენ, ან პროფესიას შეეშვებიან. ვინც დარჩება, ან დაავიწყდებათ ობიექტურობა, ან სამიზნედ გადაიქცევიან. ჩვენ დემოკრატიისთვის ვმუშაობთ და არა რეჟიმისთვის
ჩვენ კიდევ ერთ დაზარალებულ ჟურნალისტს გურამ როგავას ვესაუბრეთ.
– გურამ, როგორ აღმოჩნდით იმ დღეს ადგილზე და რა იყო თქვენი ამოცანა?
– იმ დღეს ჩვეულებრივად მივედი გადაღებაზე. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება ობიექტურად დაგვეფიქსირებინა, რა ხდებოდა ქალაქის ცენტრში, დავდიოდი ცარიელ სივრცეში, ხელისუფლებისგან ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ადამიანის ასეთი გამეტება იმის გამო, რომ რეალობა არ დააფიქსიროს ყველანაირ ზღვარს სცდება. როდის მიხვდით, რომ საფრთხეში იყავით? იმ წამს, როცა ვიგრძენი რომ ხმა წამერთვა. პირდაპირი ეთერი გამითიშეს. მეორე წამში ვიღაცამ მიკროფონი გამომართვა, მესამემ ხელი დამარტყა. კამერა ძირს დაეცა. მაშინ მივხვდი, რომ ამ ხალხისთვის საკმარისია ის, რომ შენ ხედავ. არ აქვს მნიშვნელობა, იტყვი თუ არა. შენი თვალისაც ეშინიათ უკვე.
– თქვენთვის ეს პროფესიული ტრავმა იყო?
– კი და არამარტო პროფესიული. ეს არის განცდა, რომ შენს ქვეყანაში თავისუფალი ხედვა დანაშაულია. ყოველი ახალი გადასაღები დღე, არის, როგორც ომი. რუტინა და საფრთხე ერთდროულად.
– დღეს რას ნიშნავს ჟურნალისტობა საქართველოში?
– დღეს ნიშნავს იყო სამიზნე. შენი კამერა და მიკროფონი არა უბრალოდ ტექნიკაა, ის სიმბოლოა, რომელიც ბევრს აღიზიანებს. ისინი არ ფიქრობენ, რომ შენ მოვლენას ასახავ. ფიქრობენ, რომ მათი კონტროლი გინდა და სწორედ ეს აშინებთ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია დღეს ?
– ეს უკვე მხოლოდ პროფესია აღარ არის. ეს ან ბოიკოტია, ან ბრძოლა. შუალედი აღარ არსებობს. ან უყურებ ნეიტრალურად და ხდები საფრთხე, ან ირჩევ სიჩუმეს და შენს თავსაც ღალატობ. მე ვრჩები კამერასთან, მაგრამ უკვე იმაზე ძლიერი ფარით, ვიდრე აქამდე მქონდა
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025