DATA149.1.19

Logo

„JOZE TAKES OVER AMERICA”

ჟუკა ნეკერაშვილი

 

საბავშვო-საგანმანათლებლო ანიმაციური სერიალი ,,ჟირაფი ჟოზე“, რომელიც არაერთი წელია ქართველი სკოლამდელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ფერად, შემეცნებით სამყაროს ქმნის, საქართველოს საზღვრებს  გასცდა და პოპულარობა ამერიკელ ბავშვებშიც მოიპოვა.

    ,,სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე რომ ერთდროულად  ნიუ-იორკიდან და ლოს-ანჯელესიდან გწერენ, დამაჯერებელი არ არის“,- წერდა სოციალურ ქსელში ანიმაციის შემქმნელი გიორგი მარშანია.

   ,,ჟირაფი ჟოზეს“ ქართული აუდიტორიის წინაშე წარდგენიდან ხუთ წელზე მეტი გავიდა.  გიორგი მარშანია გვიყვება, თუ როგორ გაუჩნდა ანიმაციის შექმნის იდეა: ,,ჩემი მიზანი ისეთი საბავშვო ანიმაციის შექმნა იყო, რომელსაც საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნებოდა“.

რეჟისორს იმედი ჰქონდა, რომ ახალი პერსონაჟი დაიპყრობდა ქართულ აუდიტორიას, თუმცა ის ფაქტი, რომ ჟოზეს ამერიკელი ბავშვებიც გაიცნობდნენ, მისთვის გასაკვირი და ძალიან ემოციური აღმოჩნდა. 

,,მეგონა ხუმრობა იყო სანამ წყაროები არ გადავამოწმე და შეტყობინების ,,JOSE TAKES OVER AMERICA“  სიცხადეში არ დავრწმუნდი“, - ამბობს გიორგი მარშანია და  მაყურებელს კიდევ არაერთ სიახლეს ჰპირდება.

    ბავშვებსა და მოზარდებს სოციალურ ქსელების საშუალებით უამრავ მასალაზე აქვთ წვდომა, ზოგიერთი კი მათი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელია, ამიტომ დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდნენ ბავშვები და მშობლები ჟირაფ ჟოზესთან დაკავშირებით.

,,ჟოზემ მასწავლა ცეკვა, ხატვა, სიმღერა, ფერები, წელიწადის დროები, ჟოზე ჩემი საყვარელი მულტფილმია“, - ამბობენ ბავშვები.

ჟოზეს პერსონაჟი მშობლების წრეებშიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს - ბავშვებს ტელევიზორთან დროის გატარების უფლებას  სიამოვნებით აძლევენ, თუკი ისინი ჟოზეს საგანმანათლებლო ანიმაციურ სერიალს უყურებენ. ამასთან ერთად, მოხარულები არიან, რომ  ანიმაცია  საქართველოს საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო წარმატებებს აღწევს.

  ,,Jose The Giraffe“ ამერიკულ არხზე 6,45 ათასი გამომწერი ჰყავს და კომენტარებზე დაკვირვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჟოზემ საქართველოდან ამერიკის საზოგადოებაში უკვე დიდი წარმატება მოიპოვა .