
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
ანა ცოცხალაშვილი
თბილისის გარეუბანში, გლდანში, ბოლო წლებია მიუსაფარ ძაღლთა რაოდენობა უწყვეტად იმატებს, რაც ადგილობრივებს დიდ საფრთხეს უქმნის. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის მონაცემებით, თბილისში უსახლკარო ძაღლების საერთო რაოდენობა 43 182-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მეტი - 2963 გლდანში აღირიცხა, საბურთალოზე - 2329, ვარკეთილში - 1848, ლილოში - 830, დიდ დიღომში - 737. ამ მონაცემების მიხედვით, თბილისის 1 კვ.კმ-ზე საშუალოდ 242,6 ძაღლი მოდიოდა. 2015 წლის შემდეგ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა შეწყდა.
სავარაუდოდ, ამ დროისთვის, გლდანში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რადგან რაიონში გამოკითხული მოსახლეობის პასუხი კითხვაზე - შეგიმჩნევიათ თუ არა თქვენს საცხოვრებელ არეალში მიუსაფარი ძაღლი? 100%-ით დადებითია. უფრო მეტიც, ძაღლების უმრავლესობა საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში ბინადრობს.
„ჩემი სადარბაზოს ლიფტი ავარიულია, წესით მას არ უნდა ვიყენებდე, მაგრამ ძაღლების შიში ბავშვობიდან მაქვს, მეორე სართულზე კი ორი ძაღლი წევს. თავიდან ერთი იყო, მერე იმ ძაღლს ლეკვი გაუჩნდა და ახლა ყველა გამვლელს უღრენს. ამის გამო მირჩევნია, ისევ ავარიული ლიფტი გამოვიყენო“ - ჰყვება გლდანის 18 წლის მაცხოვრებელი, მარიამ ცოცხალაშვილი.
გლდანის VII მ/რ-ში მცხოვრები 55 წლის ნანა დოლიძე ამბობს: „არაერთხელ მინახავს, რომ უცხო ადამიანები გლდანის ტერიტორიაზე მანქანებს აჩერებენ და საბარგულიდან გადმოშვებულ უამრავ ძაღლს ქუჩაში ტოვებენ. ალბათ თბილისის ცენტრალური უბნებიდან აქ მოჰყავთ. აღარ შეგვიძლია. ისინიც ცოდოები არიან და ჩვენც“.
გლდანელები ჰყვებიან იმ დისკომფორტსა და უბედურ შემთხვევებზე, რომლებსაც მიუსაფარი ძაღლები მოსახლეობას უქმნიან.
„ერთი-ორი წლის წინ ჩემი მეზობელი ქალი დაგლიჯეს ქუჩაში ძაღლებმა“, - ჰყვება გლდანის V მ/რ-ის მოსახლე 64 წლის გოგი მახარაძე - „დილით ბაზრიდან დატვირთული მოდიოდა, ეტყობა სუნი აიღეს და თავს დაესხნენ. მისმა შვილებმა განაცხადეს პოლიციაში, თუმცა, როგორც ვიცი, ამას არანაირი რეაგირება მოჰყოლია“.
მოჭარბებული მიუსაფარი ძაღლები საფრთხეს წარმოადგენენ შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვისაც.
„რამდენჯერაც ჩემი ძაღლი გასასეირნებლად გამყავს, ქუჩის ცხოველები მოდიან და ღრენას, კბენას იწყებენ“, - ამბობს გლდანის VII მ/რ-ის მაცხოვრებელი როლანდ არღვლიანი - „მერე, რა თქმა უნდა, ჩემი ძაღლი ხელში აყვანა და ტერიტორიის ფრთხილად დატოვება მიწევს“.
ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ მოსახლეობას ვკითხეთ, თუ რეკავდნენ ისინი სპეციალურ სამსახურებში პრობლემის აღსაკვეთად, მიღებული პასუხები ასე გადანაწილდა:
1. არა, გვეცოდებიან. არ არსებობს მოწესრიგებული ძაღლთა თავშესაფრები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების სანაცვლოდ, უპატრონო ცხოველების უსაფრთხოებას არ ხელყოფენ;
2. დიახ, მაგრამ გამოძახებულმა სამსახურმა სულ სხვა ძაღლი დაიჭირა; 3. დიახ და წაიყვანეს ის ძაღლი;
4. არ ვიცით, ვის მივმართოთ.
მოსახლეობის ნაწილი ღია სადარბაზოების ძაღლებისგან დასაცლელად კოდირებული კარების დაყენების გზას მიმართავს, თუმცა გამოკითხული ადგილობრივების 72% ამ მეთოდს არაეფექტურად მიიჩნევს, რადგან, როგორც ჩანს, უპატრონო ძაღლები მაინც პოულობენ გზას შენობაში შესაღწევად.
გაიზარდა ძაღლებში ცოფის შემთხვევებიც. სურსათის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით საქართველოში ცოფი 45 ცხოველს დაუდგინდა მაშინ, როცა 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ცოფის 31 შემთხვევა იყო აღრიცხული, 2021 წელს კი — 40. რაც შეეხება ადამიანებზე ცოფის გადადებას, 2023 წელს ამგვარი შემთხვევა ოფიციალურად არ ფიქსირდება, 2022 წლის მონაცემები „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“ ამ დრომდე გამოქვეყნებული არ აქვს, 2021 და 2019 წლებში ქვეყანაში ცოფით თითო ადამიანი დაავადდა, 2018 წელს კი — 2.
მიუსაფარი ძაღლების სიჭარბე სახიფათოა არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ თავად ცხოველებისთვისაც. ისინი ხშირად ხდებიან მოქალაქეების მხრიდან გამიზნული თუ შემთხვევითი ძალადობის მსხვერპლი, იტანჯებიან შიმშილით, სცივათ, სტკივათ, ავადდებიან, შავდებიან სხვა ცხოველებთან ჩხუბში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის იანვარ-სექტემბრის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულით რეგისტრირებულია 29 შემთხვევა. სრული 2022 წლის მონაცემებით - 39, ხოლო სრული 2021 წლის მონაცემებით - 78 შემთხვევა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ ძალადობამ ცხოველის სიკვდილი გამოიწვია პირი ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე.
ცხოველთა უფლებების დამცველი ალექსანდრე კოპალიანი მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის მასშტაბური ზრდის პრობლემის მოგვარების ორ მთავარ ვექტორს ასახელებს - სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას: „მიუსაფარი ძაღლების პრობლემას, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა აგვარებდეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ხელშეწყობა და აქტიურობა. ერთ-ერთი გამოწვევა არის ისიც, რომ იქმნება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, ისინი იღებენ გრანტებს, თუმცა ეს გრანტები რეალურად არ ხმარდება მიუსაფარ ცხოველებს. სანამ ეს ყველაფერი არ გაკონტროლდება და პასუხისმგებლობიანი პირები არ იკისრებენ ცხოველთა დაცვას, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება “.
თბილისში არსებული ცხოველთა თავშესაფრების ფუნქცია-მოვალეობებისა და პირობების გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ მათი ძირითადი მიზანია მიუსაფარი დაშავებული ცხოველების რეაბილიტაცია, კასტრაცია, სტერილიზაცია, დაკარგული ცხოველების პატრონის გამოძებნა ან გაჩუქება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი უმრავლესობა არც ისე დიდია იმისთვის, რომ ერთდროულად რამდენიმე ასეული მიუსაფარი ცხოველი დაიტიოს, ამიტომ ძაღლების თავშესაფარში დიდი ხნით დატოვება ვერ ხერხდება. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მომხმარებელთა შეფასებები ასეთია:
ქეთი ბიწაძე: „ქუჩის ძაღლი, რომელმაც ჩემს 9 წლის შვილს უკბინა, ისევ იმ ადგილას დააბრუნეს... იჩუქა ვიღაცამ და იმიტომ დაბრუნდაო. ფაქტია, ძაღლი ისევ დაწანწალებს ქუჩებში და ისევ იწევს ხალხზე“;
ქეთი ფირცხალავა: „მადლობა ჩემი მიკედლებული ცხოველების კასტრაციისთვის“;
აკა კი: „სტერილიზაციაზე ჩამწერეს, ჩიპი არ ჰქონდათ და უკან გამომიშვეს. მომსახურების დონე ნულთან ახლოს“.
უსახლკარო ცხოველების პრობლემა გლდანელებს ყველაზე მეტად აწუხებთ, რადგან თბილისის ცენტრალური უბნებიდან სწორედ აქ მოჰყავთ და ტოვებენ მიუსაფარ ძაღლებს. მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა, ამ საკითხზე გლდანის რაიონის გამგეობასთან დაკავშირების ყველანაირი მცდელობა კრახით დასრულდა. კონტაქტზე არავინ გამოდის.
უსახლკარო ძაღლების პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აქტუალურია. ძაღლებთან ერთად არსებობენ სხვა მიუსაფარი ცხოველებიც, რომელთა საკითხი არანაკლებ მძიმეა. შესაბამისად, მიუსაფარი ცხოველების შესახებ ტრაგიკული ისტორიებიც ყოველდღე იმატებს.

19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში

19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი

19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში

19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ

19 March 2020
პროფესია სომელიე

24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი

24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი

24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან

24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II

24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან

24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?

18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი

13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი

13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის

13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია

18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება

18 November 2020
თვითცენზურა

18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ

18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე

1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში

1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში

1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე

9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი

9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები

9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს

15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე

15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა

2 March 2022
დემოკრატია

2 March 2022
განათლება

2 March 2022
ცხოვრება მარსზე

2 March 2022
დისტანციური სწავლება

19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”

19 March 2025