შათდაუნები და ტარიფები - ანუ მშვიდობის პრემიის ლაურეატი დონალდ ტრამპი
თამარ ჭიალაშვილი
როცა ერთ მშვენიერ დილას ჯეიმსმა ნიუ ორკის აეროპორტიდან აფრენა და ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენა გადაწყვიტა, გაიგო, რომ მისი რეისი გაუქმებულიყო, ამ მომენტში პირველად დაინტერესდა ქვეყანაში მიმდინარე ამბებით და მალევე გაარკვია, რომ მისი ფრენის გაუქმების მიზეზი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ვერ მიღწეული შეთანხმება იყო და თან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ქვეყნის ბიუჯეტია.
ჯეიმსს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ შტატების ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ ქვეყნის ძირითად აეროპორტებს ფრენების 10%-ით შემცირება უბრძანა და არც ის იცოდა, რომ აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ გამოიწვია იმან, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები სენატში რაღაც საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
რა არის და რა იწვევს „შათდაუნს“?
განმარტების დონეზე სისტემის დროებით გამორთვასა და გათიშვას ნიშნავს. თუ მთავრობასთან მიმართებით განვიხილავთ, მთავრობა მაშინ ითიშება, როცა საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტს ვერ იღებს, შესაბამისად, მმართველობის ზოგიერთი შტო ფუნქციონირებას წყვეტს. მარტივად რომ ითქვას- შათდაუნი არის იქ, სადაც ვერ დაამტკიცეს ბიუჯეტი, სადაც არაა ფული, იქ ბევრი ორგანო უბრალოდ უფუნქციოდ რჩება.
მთავრობის შათდაუნის პიონერი ამერიკაა, მათი ბიუროკრატია გადასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდება, ანუ ბიუჯეტით, რომელსაც ყოველწლიურად იღებენ. იმისთვის, რომ გათიშვა არ მოხდეს, ბიუჯეტი ჯერ კონგრესმა უნდა მიიღოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი ანუ გამოდის, რომ შათდაუნის ბედი კონგრესსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებაზე ჰკიდია, და როცა ეს კონსესუსი არ დგება შათდაუნიც იწყება.
შორს რომ არ წავიდეთ, წელს შათდაუნი იმიტომ დაიწყო, რომ დემოკრატების მთავარი მოთხოვნა - კანონპროექტში შესულიყო ვადის ამოწურვის პირას მყოფი საგადასახადო კრედიტების გაგრძელება, რომლებიც მილიონობით ამერიკელისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას აიაფებს, რესპუბლიკელების მხრიდან მხარდაჭერის გარეშე დარჩა.
შათდაუნები აშშ-ს ისტორიაში
შტატებში შათდაუნები ცნობილი პრაქტიკაა, პირველი ჯერ კიდევ 45 წლის წინ 1980 წელს მოხდა, ჯიმ კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში, დაახლოებით 12 დღე გაგრძელდა და მიზეზი არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ კონგრესსა და თეთრ სახლს შორის უთანხმოება იყო, შედეგად კი 1, 600 ადამიანი გაუშვეს უხელფასო შვებულებაში.
ვინაიდან 1980 წლამდე შათდაუნის ცნება, როგორც ასეთი დამკვიდრებული არ იყო, 1976-1979 წლებში მომხდარი შემთხვევები, როცა ბიუჯეტის თაობაზე ვერ თანხმდებოდნენ და რის გამოც, ფინანსები დროებით ჩერდებოდა იწოდება ბიუჯეტურ შეფერხებებად და შათდაუნის წინამორბედად შეგვიძლია ჩავთვალოთ. თვითონ „მთავრობის შათდაუნი“, როგორც ტერმინი უშუალოდ 1980 წელს ჩნდება.
შათდაუნზე საუბარი რონალდ რეიგანის გარეშე არ გამოვა იმიტომ, რომ რეიგანი 8 შათდაუნით ტოლს არავის არ დაუდებს. მისი პირველი მთავრობის ფუნქციის შეჩერება 1981 წელს მოხდა და ორი დღე გაგრძელდა. წინაპირობა კონგრესსა და თეთრ სახლს შორის უთანხმოება იყო თავდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, ჯამში კი დაახლოებით 241 000 ადამიანი დატოვა სამსახურის გარეშე.
.jpg)
მეორე და მესამე შათდაუნი 1982 წელს დაფიქსირდება, ჯამში 4 დღით იყო პარალიზებული და 850 000 ადამიანი დააზარალა. მეოთხე შათდაუნი 1983 წელს დაიწყო და 3 დღით სახელმწიფოს ფუნქციონირება შეზღუდა. წინაპირობა კი განათლების დაფინანსებასა და მარშალის კუნძულების სამხედრო ბაზის ხარჯებზე უთანხმოება იყო.
მეხუთე და მეექვსე 1984 წელს დაემთხვა და სამი დღით შტატების პარალიზება გამოიწვია. გამომწვევი ფაქტორი ფედერალური განათლების პროგრამებისა და წყალმომარაგების პროგრამაზე უთანხმოება იყო.
მეშვიდე 1986 წელს ეკოლოგიური სააგენტოს დაფინანსებასა და contra-ს სკანდალთან დაკავშირებულ ბიუჯეტურ ცვლილებებს მოჰყვა და ერთი დღე გასტანა.
ბოლო, მერვე შათდაუნს შტატები 1987 წლის დეკემბერში შეეჯახა და ერთი დღე გაგრძელდა, მიზეზად კინიკარაგუას ამბოხებულთა დაფინანსება და სამედიცინო პროგრამების ბიუჯეტს ასახალებენ, საერთო ჯამში კი ნახევარი მილიონი ადამიანი გაუშვეს უხელფასო შვებულებაში.
არც ბარაკ ობამას პრეზიდენტობას ჩაუვლია შათდაუნის გარეშე. 2013 წელს 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანას. კონგრესში უთანხმოების მიზეზი ე.წ Affordable Care Act გახდა, დემოკრატებით დაკომპლექტებული სენატი მოითხოვდა ამ პროგრამის დაფინანსებას, რაზეც რესპუბლიკელები უარს აცხადებდნენ. შედეგად, აშშ-ს საბიუჯეტო ოფისის ანგარიშით, ქვეყნის ეკონომიკამ დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა, საიდანაც 3 მილიარდი აღარც აღდგა.
და მივადექით დონალდ ტრამპს, პრეზიდენტს, რომლის დროსაც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნები მოხდა. პირველად 2018-19 წლებში დაფიქსირებულმა შათდაუნმა აშშ-ს პარალიზება გამოიწვია. მიზეზი ის იყო, რომ დემოკრატები უარს აცხადებდნენ ბიუჯეტში იმ თანხის ჩასმაზე, რომელსაც ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მოითხოვდა. შედეგად, დაიკეტა 9 ფედერალური დეპარტამენტი, რომელთა შორის იყო სატრანსპორტო, აგროკულტურული, შიდაუსაფრთხოების დეპარტამენტი და ასე შემდეგ.
800 000 ადამიანი დროებით გაათავისუფლეს, ხოლო თითქმის ნახევარი მილიონი მუშაობდა ანაზღაურების გარეშე.
ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნების ისტორიაში
ტრამპმა თავისივე 35 დღიანი რეკორდი, 43 დღიანი შათდაუნით მოხსნა და შეთანხმებას ხელი, მხოლოდ და მხოლოდ, 13 ნოემბერს მოაწერა, რომლის საფუძველზე სამთავრობო პროგრამების დაფინანსება იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. ხოლო დემოკრატებმა მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს პირობა, რომ ჯანდაცვის დაზღვევაში სუბსიდიების გახანგრძლივების შესახებ კენჭისყრა გაიმართებოდა.

“ჩვენ ეს აღარასოდეს უნდა დავუშვათ“ - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში საუბრისას, ვინაიდან ზიანი, რომელიც უკანასკნელმა შათდაუნმა გამოიწვია რიცხვებში შემდეგნაირად გამოისახება - ანალიტიკოსების დაანგარიშებით, ყოველკვირეულად ზარალი 15 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ეს მაშინ, როცა საქართველოს წლევანდელი ბიუჯეტი 35 მილიარდია და თანაც ლარი, 67 000 ფედერალური თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ხოლო 730 000 ადამიანი უხელფასოდ მუშაობდა. ტრამპმა ეს ალბათ იმიტომაც თქვა, რომ წინა შათდაუნის შემდეგ გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ მისი რეიტინგი 39%-მდე დაეცა, ახალი კვლევები კი არავინ იცის რა რიცხვს აჩვენებს.
რა სფეროებს მოიცავს?
შათდაუნი გავლენას მხოლოდ ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულ პირებზე როდი ახდენს, ყველას ეხება, ვისი რეისიც გაუქმდა, ვისაც პარკებში გასეირნება უნდა და მათაც, ვინც დამოკიდებული არიან სახელმწიფო პროგრამებზე.
შათდაუნს გავლენა ჰქონდა SNAP-ის ფედერალური დახმარების პროგრამაზე, რომლის საშუალებითაც დაბალ შემოსავლიანი ოჯახები ფულს იღებენ საკვების შესაძენად, ამ პროგრამით 42 მილიონი ამერიკელი სარგებლობს, შათდაუნის დროს ეს პროგრამა შეფერხდა და მოსარგებლე ადამიანები თანხის მხოლოდ ნახევარს იღებდნენ, მას შემდეგ, რაც მხარეები ბიუჯეტზე შეთანხმდნენ პროგრამა ჩვეულ ფუნქციონირებას აგრძელებს.
თუმცა მაგალითად, სითბოთი უზრუნველყოფის სუბსიდირების პროგრამა, რომლითაც დაბალი შემოსავლის მქონე 6 მილიონი ადამიანი სარგებლობს, BBC-ის ცნობით, რამდენიმე კვირა კვლავ ვერ შეძლებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას.
არც ის უნდა გვეგონოს, რომ შათდაუნი მხოლოდ ცალკეულ პროგრამებს შეეხო, დიდი გავლენა იქონია სესხების გაცემის ნებართვაზეც და ბოლო შათდაუნის პირობებში მილიონობით დოლარის ფედერალური კონტრაქტებია შეჩერებული.
ასევე ყურადსაღებია ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - შათდაუნის გავლენა ოკეანის მიღმა. გამოცემა აქსიოსის ცნობით, აშშ-მ ნატო-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღების მიწოდება იმიტომ შეაჩერა, რომ ბიუჯეტზე ვერ შეთანხმების გამო მთავრობის საქმიანობა დაპაუზებული იყო.

აი, აეროპორტში მისულ ჯეიმსს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თავის დროზე ვერ მიღწეული შეთანხმების გამო, გაუქმდა დაახლოებით 2,282 რეისი, ხოლო 16,700 გადაიდო (Flightaware-ისმონაცემებით), არც ის იცოდა, რომ 43 დღიანი შათდაუნის პირობებში მილიონ-ნახევარ ადამიანს, დასაქმებულს სხვადასხვა ფედერალურ სამსახურებში ხელფასს არ უხდიდნენ და რომ უამრავი პარკი დაიკეტა და ეროვნული პარკების სერვისების მონაცემებით, მილიონობით დოლარის ზარალს იწვევდა ყოველდღიურად, მაგრამ მაინც ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა, რომ ვერდამტკიცებულ ბიუჯეტს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ექნებოდა გავლენა.
ვინ იგებს ტარიფების ომს?
შეუძლებელია ამერიკის ამ არაპროგნოზირებად პრეზიდენტზე ისე ვისაუბროთ, რომ მისი სავაჭრო ომები არ ვახსენოთ. ის ფაქტი, რომ ტრამპი ჩინეთს მთავარ მტრად მიიჩნევს ცნობილი ამბავია და ტარიფებიც მილიარდობით ღირებულების იმპორტზე, არავის უკვირს, თუმცა სავაჭრო ომები ტრამპს ჩინეთის გარდა, კანადასთანაც აქვს და თითოეულის განხილვა აშშ-ს პრეზიდენტის უპირატესობის, ანდაც უმცირესობის დასადგენად აუცილებელია.
მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ, 2025 წლის თებერვალში, ტრამპმა იმპორტულ საქონელზე ტარიფები დაუწესა ჩინეთს, რამაც ამ ორ გიგანტურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაართულა, თუმცა მას შემდეგ, რაც მხარეები ამა წლის ოქტომბერში შეხვდნენ და მოილაპარაკეს, შტატების პრეზიდენტმა ტარიფების 10%-ით შემცირებაზე თანხმობა განაცხადა. ეს მოცემულობა შეიძლება გაფიქრებინებდეს, რომ ერთი შეხედვით სასწორი აშშ-ს მხარესაა, მაგრამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის მიხედვით, და იმ მარტივი რიცხვებით, რომელშიც ეკონომიკა კონვერტირდება ხოლმე, რთული მისახვედრი არაა, რომ ამბავი ასე სწორხაზოვნად არ არის.
2024 წლის სექტემბერში აშშ-ჩინეთის ექსპორტის 15%-ს შეადგენდა მაშინ, როცა ახლა ეს რიცხვი ერთნახევარჯერ არის შემცირებული. იმ ფონზე, როცა შტატების ექსპორტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით 27%-ითაა შემცირებული, ჩინეთის ექსპორტი 8.3%-ითაა გაზრდილი. უკეთ გააზრებისთვის აუცილებელია ეს რიცხვები რეალურ პროდუქტებად წარმოვიდგინოთ, რომ მივხვდეთ რა საქონელზე გაზრდილმა ტარიფებმა აიძულა ჩინეთი სხვა შემომტანი ქვეყნების ძიება დაეწყო. აი, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია სოიო, რომელიც აშშ-დან წლების მანძილზე შედიოდა ჩინეთში და პირველად ამ ხნის მანძილზე, სექტემბერში, არც ერთი მარცვალი არ იმპორტირებულა, სამაგიეროდ ჩინეთში სოიოს შემომტანი ამერიკა ბრაზილიამ ჩაანაცვლა.

მეორე ასეთი პროდუქტია ხორცი, ჩინეთი აშშ-დან ხორცის მყიდველების სამეულში შედიოდა, თუმცა ეს რიცხვი წინა წლის სექტემბერთან შედარებით 90%-ითაა შემცირებული და ახლა უფრო მეტი ძროხის ხორცი შედის ავსტრალიიდან და არგენტინიდან, ვიდრე შტატებიდან.
შედარებით განსხვავებულია ვითარება კანადასთან მიმართებით, პრემიერ მინისტრი მარკ ქერნი საკითხს მწვავედ არ აღიქვამს და შესაბამისად, აშშ-თან ვაჭრობაზე საუბარს არ ჩქარობს, რაც მას მომგებიან პოზიციაში ამყოფებს.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის კანადური კვლევების ცენტრის დირექტორის, კრის სენდის აზრით, ტრამპს არ უნდა ისე ჩანდეს, თითქოს კანადასთან შეთანხმება ძალიან სჭირდება, ხოლო, მეორე მხრივ, მარკ ქერნის არ სურს, რომ ზედმეტად სასოწარკვეთილი გამოჩნდეს. შესაბამისად, ორივე ცდილობს უყურადღებო პოზიციაში იყოს, თუმცა მაგიდაზე ფული დევს.
რონალდ რეიგანი თავისი პრეზიდენტობის დროს სარეკლამო კამპანიაში ამბობდა, რომ ტარიფები ზიანს თითოეულ ამერიკელს აყენებს, რასაც ტრამპი აშკარად არ ეთანხმება, თუმცა მთავარია რას ფიქრობს თვითონ ხალხი და როგორ მოქმედებს მათზე. Fox news ნოემბრის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 76% -ზე ტრამპის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ნეგატიური გავლენა იქონია და იმასაც აღნიშნავდნენ თუ როგორ გაუარესდა მათი აზრით, ზოგადად ეკონომიკა შტატებში. ამის ფონზე კანადა არ ჩქარობს, ალუმინის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „დრო კანადის მხარესაა, ზიანი კი შტატების“.
იმისთვის, რომ სრული სურათი დავინახოთ და უკეთ გავიგოთ, რატომ თვლის ამერიკელი ხალხი, რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა მათ ვნებს უნდა მიმოვიხილოთ სხვა ფაქტორებიც. აი, მაგალითად, ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მონაცემებით, ამერიკამ სექტემბრის თვეში დაამატა 119,000 ახალი სამუშაო ადგილი და ამის მიუხედავად, 2021 წლის შემდეგ უმუშევრობის დონემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწიადა 4.4% შეადგინა. ეკონომიკისა და კვლევის ცენტრზე დაყრდნობით, ვიგებთ, რომ ელექტრო ენერგიის ღირებულება გაორმაგდა, დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის დაზღვევის ყიდვა განსაკუთრებით რთული გახდა, ხოლო ბინების ფასები კვლავ მაღალია.

ეკონომისტი მარიანა მაზუკატო „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას შემდეგი სიტყვებით აღწერს - „ის არ კითხულობს თუ რა პრობლემებს სჭირდებათ გადაჭრა, ის ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე ყრის ფულს, აწესებს ტარიფებს და შლის უკვე არსებულ სტრუქტურებს“.
ნობელის პრემია ეკონომიკის (მშვიდობის) დარგში?
იმ ყველაფრის შემდეგ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე ლოგიკურია, რომ ტრამპი თავისთვის ესოდენ სასურველ ნობელის პრემიას „ეკონომიკის“ დარგში ვერ მიიღებს, თუმცა მთავარი ისაა, რომ თვითონ პრეზიდენტს ეს პრიზი „მშვიდობის დამყარების“ გამო უნდა - „მე უნდა მივიღო ნობელის პრემია ყველა იმ ომისთვის, რაც დავასრულე, მაგრამ არ მინდა, ხარბი ვიყო“. წლევანდელმა კომიტეტმა აშშ-ს პრეზიდენტი ჯილდოს გარეშე დატოვა, მაგრამ ამბავი აქ არ დასრულებულა, 6 დეკემბერს, ტრამპი „ფიფას მშვიდობის პრემიის“ პირველი მფლობელი გახდა. ამ ჯილდოს შექმნის მთავარი მიზანი იყო ის, რომ შეექმნათ პრიზი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებმაც მშვიდობისთვის გამორჩეული და არაორდინალური ნაბიჯები გადადგეს და ალბათ ამაზე უკეთესს სიტყვებს ტრამპის დასახასიათებლად ვერც გამოვძებნიდით.
საუბრისას გია ჯაფარიძემ ტრამპის პოლიტიკისა და მიდგომების გარდა, მისი ხასიათის შტრიხებიც აღწერა. ის თვლის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი „საინტერესო და კონტროვერსული“ ადამიანია, ასევე დასძინა, რომ ზედმეტად გადაჭარბებულად ვაფასებთ იმას თუ როგორ კომუნიცირებს ტრამპი და უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ მის ქმედებებს და პრეზიდენტის გარემოცვის, მრჩეველების პოზიციას.
ამერიკული ეკონომიკა 2026 წელს
მაინც ერთია, როგორია ტრამპის პერსონაჟი და მეორეა, რეალურად როგორი გავლენა აქვს მისი ხასიათის შტრიხებს ეკონომიკაზე. განვიხილოთ რას გვიქადის მომავალი წლის ეკონომიკური მოლოდინები შტატებთან მიმართებაში, რაზეც ქართულ მედიასივრცეში ბევრს არ საუბრობენ. ზედაპირული ანალიზიც რომ ჩავატაროთ, მივხვდებით, რომ მედიებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ტრამპის ხმაურიანი განცხადებები, ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს ჩაძინებული ფოტოები, ომების დასრულების მშვიდობიანი გეგმები და სხვა, ვიდრე ის, თუ რეალურად საით მიჰყავს ტრამპის პოლიტიკას ამერიკული ეკონომიკა.
„თიბისი კაპიტალი“ 2026 წლის გლობალური ფინანსური ბაზრის მოლოდინებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, შემდეგ წელს „გლობალური ეკონომიკა ფრთხილი და შენელებული ზრდის ფაზაშია“. ნავარაუდევია, რომ შტატები რეცესიას თავიდან აირიდებს, თუმცა გამკაცრებული იმიგრაციისა და ტარიფების ფონზე, ეკონომიკური ზრდა შენელდება, რაც ფედერალური სარეზერვო საბჭოსთვის პოლიტიკის შენელებისკენ ბიძგი იქნება. ამავე ანგარიშის თანახმად, დოლარის მიმართ განწყობა არსებულმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ გაზარდა. Bank of America-ს მაისის კვლევით დგინდება, რომ დოლარის მიმართ ისეთი ნეგატიური პოზიცია, როგორიც ახლაა, 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა, შესაბამისად ნაგულისხმევია, რომ მომავალ წელს კაპიტალი დოლარიდან გადაადგილდება ოქროსკენ, შვეიცარიული ფრანკისა და განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებისკენ.
„პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ტარიფების ხშირი გადახედვა და შედარებით უფრო სუსტი ვალუტისადმი მკაფიო ტოლერანტობა“- ეს სიტყვები კიდევ უფრო ამყარებს დოლარის დასუსტებისკენ მიმართულ მოლოდინებს და მშვენივრად აღწერს ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის შტრიხებს.
როდესაც ტრამპი თითებზე ითვლის დასრულებულ ომებს და იგებს კიდეც „ფიფას მშვიდობის პრემიას“, გულგრილნი ვერ ვიქნებით იმ რიცხვების მიმართ, რომელშიც ტარიფებით, ხანგრძლივი შათდაუნით და ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი კონვერტირდება. მეორე ვადით არჩეულ კონტროვერსულ და გნებავთ, უცნაურ პრეზიდენტს მთავარი „ომი“ საკუთარი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად ჯერ კიდევ მოსაგები აქვს.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025
შემდეგი სადგური?!
25 December 2025
ციფრული უსაფრთხოება - გაფრთხილებული მომხმარებელი, დაცული ცხოვრება
9 February 2026
რა ფასი აქვს ქალის შრომას?
19 February 2026
სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება
19 February 2026
რატომ იცვლება ქორწინებისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში?
24 February 2026
ვარკეთილის ქუჩის ხელოვნება
24 February 2026
„იტალიური ეზო“ - სახელწოდება და დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაქრეს
12 March 2026
კოვიდგაკვეთილი კლინიკებს
18 March 2026
საქართველოში რუსული იმპორტი გაორმაგდა
19 May 2026