DATA149.1.19

Logo

როგორ დაამარცხა სამეგრელოს პატარა სოფელმა მოსწავლეთა შიმშილი?

მარიამ ალბუთაშვილი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანში, მასწავლებლებისა და კეთილი ადამიანების ძალისხმევით, მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა ამოქმედდა. ინიციატივა, რომელიც სოციალური ქსელით დაიწყო, სკოლაში შიმშილის პრობლემის მოგვარებასა და მოსწავლეებისათვის ღირსეული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

ნაკიანი ჩხოროწყუდან 10 კილომეტრში მდებარეობს. აღნიშნული სოფელი, რომელიც ექვსი გვარის ფუძეა, დაცლის პირასაა. სოფელში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გზები ამორტიზებულია, რაც კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს სრულფასოვანი განათლების მიღების შანსს. ოჯახების უმრავლესობა სოციალურ შემწეობაზეა. როგორც სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელ და პროექტის ინიციატორ ბატონ ბიძინა ყალიჩავასთან საუბარში გაირკვა, ნაკიანის თემის საჯარო სკოლაში ამჟამად სულ 34 ბავშვი ირიცხება, რომელთა განათლებაზეც 18 პედაგოგი ზრუნავს. ეს ციფრები კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის რეგიონში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს და იმ მძიმე რეალობას, რომლის წინაშეც ადგილობრივი ახალგაზრდები დგანან.

ბიძინა ყალიჩავა, სკოლის მასწავლებელი, ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა მერიასა და საკრებულოს დახმარებას. საბოლოოდ, მან გამოსავალი სოციალური ქსელის მეშვეობით იპოვა და საზოგადოებას გააცნო აღნიშნული პრობლემა. როგორც პროექტის ინიციატორი, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საჯარო ანგარიშებში აღნიშნავს, რომ პროგრამის დასაწყისისთვის შემოწირულობების სახით 3540 ლარი შეგროვდა. საზოგადოების ჩართულობით სკოლაში მოეწყო სამზარეულო და იანვრიდან ბავშვებმა უფასო საკვები მიიღეს. ამასთანავე, სკოლის მასწავლებლებმა დაამკვიდრეს უნიკალური ტრადიცია: ,,მასწავლებლის დღე“, რომლის ფარგლებშიც ყოველ სამშაბათ დღეს ერთი მასწავლებელი საკუთარი სახსრებით აფინანსებს მთელი სკოლის კვებას. დაწესებულია თანხის ზედა ზღვარი, რათა აღნიშნული სიკეთე პედაგოგებისთვის მძიმე ტვირთად არ იქცეს. სასკოლო მენიუ მოიცავს: ფუნთუშებს, ლობიანებს, კარტოფილის ღვეზელებსა და ხილის ჩაის.

ჩემ მიერ განხორციებული მოკვლევის ფარგლებში, ბატონ ბიძინა ყალიჩავასთან საუბრისას, ვეცადე გამერკვია ის გარდამტეხი დეტალები, რომლებიც მისი სოციალური ქსელის საჯარო პოსტებში არ ჩანდა.

 

- რამ გადაგაწყვეტინათ, რომ თვითორგანიზებით უნდა დაგეწყოთ ბავშვების კვება?

– ბოლო წვეთი გახდა იმის გაცნობიერება, რომ შიმშილისა და ელემენტარული პირობების არქონის გამო სკოლა და შესაბამისად, მთელი სოფელი, ჩვენს თვალწინ იცლებოდა. როდესაც კლასში შედიხარ და ხედავ, რომ ბავშვს მშიერი მუცლით უწევს გაკვეთილზე ჯდომა, იქ აკადემიურ მოსწრებაზე და განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია. როდესაც დავინახეთ, რომ ოფიციალური სტრუქტურებიდან დახმარება იგვიანებდა, ხოლო ოჯახების უმრავლესობა სოციალურ შემწეობაზეა და დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ აგვარებდა, მივხვდით: თუ ჩვენ, მასწავლებლები, სასწრაფოდ რამეს არ მოვიმოქმედებდით, ხვალ სკოლაში მოსწავლე აღარ გვეყოლებოდა. ეს იყო გადარჩენის ინსტინქტი და მორალური ვალდებულება ჩვენი ბავშვების წინაშე.

–რა სახის წინააღმდეგობები შეგხვდათ და ხომ არ ყოფილა რაიმე მცდელობა ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან ინიციატივის შეფერხების მიზნით?

– პირდაპირი ბოიკოტი ან ინიციატივის განზრახ შეფერხება ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან არ ყოფილა, თუმცა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თავიდანვე იყო ბიუროკრატიული გულგრილობა და სისტემური სიმძიმე.

- ,,მასწავლებლების სამშაბათის” იდეა თავად პედაგოგებისგან წამოვიდა თუ ერთობლივი იდეა იყო?

– ეს იყო სრულიად ერთობლივი, ბუნებრივი და კოლეგიური გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელით შეგროვებული პირველადი თანხით (3540 ლარით) სასკოლო სამზარეულო მოვაწყვეთ, დავდექით რეალობის წინაშე - ეს რესურსი მუდმივი ვერ იქნებოდა. ერთ-ერთ თათბირზე, როდესაც სამომავლო გეგმებს განვიხილავდით, თავად პედაგოგებმა წამოაყენეს წინადადება: „მოდით, კვირაში ერთი დღე ჩვენს თავზე ავიღოთ“. ვინაიდან სულ 18 მასწავლებელია და სკოლაში 34 ბავშვია, გამოთვლა მარტივი აღმოჩნდა. დავაწესეთ თანხის ზედა ზღვარი, რომ რომელიმე მასწავლებლისთვის ეს მძიმე ფინანსურ ტვირთად არ ქცეულიყო და ასე დაიბადა ეს ტრადიცია. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და სიამაყე.

ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორსაც, რომ სოფელ ნაკიანში ყოველი სასწავლო დღე მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ მერხთან ჯდომით, არამედ რთულ და დამღლელ გზასთან გამკლავებით იწყება, ამიტომაც აღნიშნულ თემაზე მუშაობისას აუცილებელი გახდა გარკვევა იმისა, თუ როგორ გადაადგილდებიან მოსწავლეები სკოლამდე მიმავალ გზაზე, რომელიც, როგორც უკვე ვახსენე, ამორტიზებულია. როგორც სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ჩემ მიერ მოძიებულ დოკუმენტში ირკვევა, თავდაპირველად, ნაკიანის სკოლა შედიოდა ერთიან, დიდ სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში (№CON250000707), რომელშიც გაიმარჯვა შპს „ინთ კომპანიმ“, თუმცა საწვავის გლობალური გაძვირების ფონზე, რაც გამოწვეული იქნა ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებებითა და სტრატეგიული დერეფნის - ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით, კომპანიამ მძღოლების დაქირავება ძველი ტარიფებით ვეღარ მოახერხა. მათმა მოთხოვნებმა, გაზრდილი ხარჯების გამო, მკვეთრად გადააჭარბა სატენდერო ფასს. შედეგად, კომპანიამ ოფიციალური წერილით თქვა უარი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რამაც ბავშვების სკოლის მიღმა დარჩენის საფრთხე წარმოშვა.

საქმის რეალური ვითარების გასარკვევად 2026 წლის 25 მაისს ოფიციალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მივმართე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას. მერიიდან მიღებულმა ოფიციალურმა პასუხმა (წერილი №01-1102615432, დათარიღებული 2026 წლის 3 ივნისით) და მასზე თანდართულმა სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციამ სრული სურათი აღადგინა. კრიზისიდან გამოსასვლელად, ჩხოროწყუს მერიამ სასწრაფო წესით გამოაცხადა ახალი, ალტერნატიული ელექტრონული ტენდერი (№NAT260007259). გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2026 წლის 21 მაისს გაფორმდა ახალი ხელშეკრულება №12 გამარჯვებულ შპს „ნიშთან“. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 648 524 ლარს შეადგენს (ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასი 3.73 ლარია) და ის პირდაპირ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მერიის ოფიციალური დასტურით, ამ ეტაპზე ნაკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება ახალი ხელშეკრულების ფარგლებში აღდგენილია და შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შორეულ წერტილში მიმდინარე ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას საქართველოს ერთი პატარა სოფლის ბავშვების ყოველდღიურ განათლებას.

აუცილებელია ვახსენოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევების თანახმად, საქართველოში სასკოლო კვების სისტემური პრობლემა 90-იან წლებში, ძველი ინფრასტრუქტურის მოშლის შემდეგ გამწვავდა. მიუხედავად სამოქალაქო სექტორის, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF, აქტიური ადვოკატირებისა საყოველთაო უფასო კვების სახელმწიფო პროგრამა კვლავ არ ამოქმედებულა, თუმცა 2026 წლის მაისში ,,მოძრაობა ხმამ” დაიწყო 25000 ხმის შეგროვება პეტიციისათვის საჯარო სკოლებში უფასო საკვების მოთხოვნის მიზნით. 11 ივნისისათვის მათ 18 ათასი ხმა შეაგროვეს. ჩვენთვის უცნობია, როგორ განვითარდება ზემოაღნიშნული წამოწყების გზა… საერთოდ არის თუ არა ეს პროექტი აუცილებელი ან განხორციელებადი იმ მხრივ, რომ თანხა გამოიყოფა მოსწავლეთა საერთო მასაზე, ხოლო იმ ოჯახების ბედი, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ დახმარება, კვლავ განუსაზღვრელი დარჩება. ასე რომ,ნაკიანის სკოლის შემთხვევა არის იშვიათი პრეცედენტი, როდესაც თემმა და პედაგოგებმა საკუთარი რესურსით ჩაანაცვლეს სახელმწიფოს ფუნქცია და ბავშვებს როგორც განათლებისათვის, ისე სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები შეუქმნეს.

 

18 June 2026

ფესვები