DATA149.1.19

Logo

ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში

აიდან იუსუბოვა

თბილისიდან მხოლოდ 293 კილომეტრი გვაშორებს. სამგზავრო ავტობუსს გეზი ახალქალაქისკენ აქვს აღებული. ქალაქში შესვლისას, თბილისში მონატრებული თოვლი გვხდება. ერთი შეხედვით, აქ ყველაფერი ისეთია, როგორც დანარჩენ საქართველოში. თუმცა, ახალქალაქის მაცხოვრებლებთან გასაუბრების შემდეგ,  განსხვაბეული სურათი იკვეთება. ახალქალაქის ავტოსადგურზე ჩასვლისთანავე ვიწყებ მოსახლეობასთან საუბარს (რუსულ ენაზე). აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა, არცერთ თანამდებობის პირს არ იცნობენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის 56 წლის მკვიდრი ჟირო მარაბიანი კითხვაზე -- “ვინ არის საქართველოს პრემიერ მინისტრი?” მპასუხობს: “ადრე ივანიშვილი იყო და ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პრეზიდენტი არის ქალი, ზურაბიშვილია მგონი, გვარით.”

 

ქალაქში, გამოკითხვისას, ქალბატონები ერიდებიან საუბარს, მაგრამ 47 წლის ნაირა ზურაბიანი მეუბნება, რომ მიუხედავად ქართული ენის არცოდნისა, "რუსთავი 2"-სა და "პირველ არხს" სულ უყურებს. “ქართული არ ვიცი, მაგრამ როცა ბავშვები და ჩემი მეუღლე არ არიან ხოლმე, ვუყურებ "რუსთავი 2"-ს. ასოები ვიცი და ვკითხულობ სახელებს და გვარებს, რომ ვიცოდე ვინ არიან თანამდებობის პირები. ვიზუალით ვცდილობ გავიგო რა ხდება, მაინტერესებს ყველაფერი, მაგრამ ვატყობ, ვერაფერს ვიგებ. ჩემი შვილები სწავლობენ ქართულს და მიხარია, მაგრამ ჯერ პატარები არიან და არ აინტერესებთ ახალი ამბები.” ნაირა ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები დღეს უფრო არიან მოტივირებულები, რომ ისწავლონ სახელმწიფო ენა:“ახალგაზრდა თაობა სახელმწიფო ენის შესწავლით დაინტერესებულია. მათ იციან, რომ თუ საჯარო დაწესებულებაში კარიერის შექმნა უნდათ, სახელმწიფო ენა უნდა იცოდნენ. ქართულ ენას აქტიურად სწავლობენ კიდეც”.

 

როგორც ახალქალაქის მაცხოვრებელი, ორგანიზაცია “ღია საზღვრების” თავმჯდომარე რიმა ღარიბიანი ამბობს, ახალქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 95 პროცენტს წარმოადგენენ ეთნიკურად სომხები, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას. აქედან გამომდინარე,  დიდად არ არიან დაინტერესებუნი ქართული არხების ყურებით. “არ შეუძლიათ ინფორმაციის მიღება პირველი წყაროდან. საქართველოზე ახალ ამბებს იგებენ სომხური და რუსული არხებისგან. ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში სწავლობენ და ასე თუ ისე ფლობენ ქართულს, ადგილობრივ საინფორმაციო საიტებს კითხულობენ, მაგრამ ინტერნეტი დიდად პოპულარული მაინცდამაინც არ არის”-ამბობს რიმა.

 

სომხები და აზერბაიჯანლები საქართველოში ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული 2014 წლის აღწერით, ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 13,2%-ია და აქედან ნახევარზე მეტი (54%) თავისუფლად არ ფლობს ქართულ ენას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ქართული მედიასაშუალებების მეშვეობით ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. 

 

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის 2012 წლის კვლევის თანახმად, ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარული წყარო ტელევიზიაა. ეთნიკური აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ინფორმაციის მიღების მიზნით გამოყენებულ ტელევიზიებს შორის ყველაზე ხშირად ასახელებენ AzTV[2]-ს, რომელიც  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიაა. ტელეარხი გამოირჩევა აზერბაიჯანის ხელისუფლების პროპაგანდით, ასევე სომხეთის მიმართ მტრული განწყობით. ამგვარი პროპაგანდის შედეგია ის, რომ საქართველოს აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა ხშირად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი. დღეს ასევე ამ რეგიონში განსაკუთრებით პოპულარულია თურქული და რუსული არხები. პრობლემა, ასევე, მწვავედ დგას სამცხე-ჯავახეთშიც. სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საუბრობს სომხურ და რუსულ ენაზე, შესაბამისად, პოპულარულია სომხური და რუსული მედიასაშუალებები.  

 

რიმა ღარიბიანი აღნიშნავს, რომ რეგიონში ვერ ხერხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაციის მიღება ტელევიზით, რაც იწვევს გარიყულობას და შესაბამისად, მოქალაქეები არც არიან ჩართულნი ამ პროცესებში. ორგანიზაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს რიმა ღარიბიანი ხუთი წლის წინ შექმნა სომხურენოვანი და რუსულენოვანი საინფორმაციო ვებგვერდი - JNEWS-ი. ამ მედიასაშუალების შესახებ ახალქალაქში მგზავრობისას გზაში, ეთნიკურად სომეხი სტუდენტებისგან გავიგე. ისინი აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს ინტერნეტში jnews.ge -ზე კითხულობენ.

 

საინფორმაციო ვებგვერდის ჟურნალისტები ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით,   სიტუაცია საგრძნობლად არის შეცვლილი. ახლა ახლგაზრდები და უფროსი თაობის გარკვეული ნაწილი, დაინტერესებულია და ეცნობიან მათ მიერ შექმნილ მედია პროდუქტს. “ახალგაზდებს, განსაკუთრებით სტუდენტებს, აინტერესებთ ინტერნეტის გამოყენება და უფრო სოციალური ქსელებიდან გადმოდიან ჩვენს გვერდზე და კითხულობენ მასალებს, მაგრამ, მოსახლეობის 60 პროცენტს არ აინტერესებს ინტერნეტით ინფორმაციის მიღება. ისინი ამას ცალკე დროს არ უთმობენ. ტელევიზორი ურჩევნიათ. 40 წლის ზემოთ არავის აინტერესებს “ჯენიუსი” და სხვა ციფრული მედიასაშუალებები”, - ამბობს JNEWS-ის ჟურნალისტი ქრისტინა მარაბიანი.

 

NDI/CRRC-ის კვლევის (2018 წელი, მარტი) მიხედვით, ინტერნეტი ინფორმაციის მისაღებად უმცირესობათა დასახლებებში პირველწყაროა მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტისთვის. ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ (NDI),  2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 72% პირველად წყაროდ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ტელევიზიას ასახელებს, 19% ინტერნეტს, დანარჩენი კი მეზობლებს, ჟურნალ-გაზეთებსა და მეგობრებს, ხოლო არაქართულენოვან არხებში რუსული ტელევიზიები ლიდერობენ.  

 

ახალქალაქის მაცხოვრებელი გრიგორ პაპოიანი ამბობს, რომ საქართველოში მომხდარი რომელიღაც მნიშვნელოვანი ამბავი მათ ქალაქამდე გვიან აღწევს. მისი თქმით, რუსული და სომხური არხებიც დიდად არ აშუქებენ საქართველოში მომხდარ მოვლენებს. «რუსული და სომხური არხები ნაკლებად აშუქებენ საქართველოში მომხდარ ამბებს. მხოლოდ სახელმწიფო დონზე მომხდარ ოფიციალურ და ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის,» - ამბობს გრიგორ პაპოიანი.

 

მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-16-ე მუხლის მიხედვით, ქვეყანაში არსებული მრავალფეროვნების ასახვა და ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. დღესდღეობით, ის ამ ვალდებულებას სრულყოფილად ვერ ასრულებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ სომხურად და აზერბაიჯანულად თითქმის ორი წელია აღარ გადის. 2017 წელს დაიხურა ოსური და აფხაზურენოვანი „მოამბე». დღეის მონაცემებით, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (გარდა ამისა ოსურ, აფხაზურ და რუსულ, ინგლისურ ენებზე ითარგმნება) „მოამბე“ მეორე არხზე გადის, ასევე განთავსებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ პლატფორმაზე და სოციალური ქსელების მეშვეობით (Facebook და YouTube) შესაძლებელია მისი ყურება. 

 

ტელევიზიის პროექტი - „მრავალფეროვანი საქართველოს“ ბიუჯეტი არის 224 000 ლარი და ის დაახლოებით ერთი წელია მუშაობს. აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ონლაინ რადიო-ტელევიზია ამ პროექტის ფარგლებში ვებ პორტალზე - 1tv.ge 12-საათიანი უწყვეტი პირდაპირი ეთერით მაუწყებლობს. აქ, ასევე, შვიდ ენაზე ნათარგმნი ახალი ამბები თავსდება. თუმცა, ნაკლებად ხელმისაწვდომია ვებგვერდის საშუალებით ინფორმაციის მიღება რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით სოფლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინტერნეტ რესურსების მიუწვდომლობის გამო.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნუბარ ბაირამოვა გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს სკოლაში ქართულ ენის პედაგოგია. ნუბარი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, ის ამბობს, რომ ახალი ამბების მიღება ტელევიზიით ურჩევნია. მიუხედავათ იმისა, რომ ქართულ ენას კარგად ფლობს და შეუძლია თავისუფლად გაეცნოს ახალ ამბებს ინტერნეტის მეშვეობით თუნდაც ქართულ ენაზე, როგორც თვითონ ამბობს, ამისთვის დროს ვერ ნახულობს. “სოციალურ ქსელებისთვის დრო არ მრჩება. ყოველთვის ვერ ვახერხებ რომელიმე საიტზე შევიდე და გავეცნო ახალ ამბებს. 14:00 საათამდე სკოლაში ვარ, სახლში დაბრუნებისას დროის უდიდეს ნაწილს ბავშვებს ვუთმობ. საღამოს ვეცნობი ხოლმე ახალ ამბებს, ტელევიზორით. ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლად დასახლებულ მოსახლეობას, არ აქვს იმის დრო და მოტივიც, რომ ინტერნეტში შევიდეს ინფორმაციის მისაღებად,”-ამბობს 29 წლის ნუბარ ბაირამოვა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალური პროექტი - “მრავალფეროვანი საქართველო” ასევე ეთერში გადის მეორე არხის მეშვეობით. მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი ანა ჩიტალაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია რამდენად ყურებადი და ხელმისაწვდომია ეს ნათარგმნი საინფორმაციო გამოშვება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, რადგან, პირველი არხისგან განსხვავებით, დაფარვის პრობლემა აქვს მეორე არხს.

 

ანა ჩიტალაძეს თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელს სტრატეგია აქვს, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა მიიღონ ინფორმაცია თავიანთ ენაზე, ვინაიდან ზოგადად ქართული ენის ცოდნა პრობლემური საკითხია და ამ  პრობლემის აღმოსაფხვრელად რეალურად სხვადასხვა პროექტი არსებობს.  მათ შორის, 2016 წლიდან, ამერიკის საელჩოს და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB)  მხარდაჭერით,   საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ სინქრონულად ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. „ეს სინქრონული თარგმანიც განთავსებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმაზე, რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თუ რამდენად ადეკვატურად მიეწოდება იმ სამიზნე ჯგუფს, ვისთვისაც მზადდება კონკრეტული მედიაპროდუქტი. ჩვენ ფოკუს- ჯგუფებს ვატარებთ და მათი დაკვირვებით, უმცირესობების წარმომადგენლებს ნაკლებად შეუძლიათ მიიღონ მათთვის განკუთვნილი ინფორმაცია და ეფექტურობა არის ნაკლები“.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ბელა ოსიპოვა აღნიშნავს  აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი კვალიფიციური კადრების სიმწირეს. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება არის მათი პრიორიტეტი და ცდილობენ შეცვალონ არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა,  ამას სჭირდება დრო, ფინანსური და ადამიანური რესურსები, კადრების მომზადება. კადრების მხრივაც გვაქვს პრობოლემები. წინა წლებშიც, როდესაც „მოამბე“ სინქრონულად ითარგმნებოდა, რეგიონებში ხშირად გვესმოდა უკმაყოფილება თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. რეალურად, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ჟურნალისტების დეფიციტია. აქაც დიდი სამუშაოა შესასრულებელი,  ანუ პრობლემა მარტო ფინანსურ რესურსზე არ არის, უფრო ადამიანურ რესურსზეა.“  

 

ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ინტერნეტით და "პირველი არხის" ვებგვერდის მომხმარებლები არიან, დღესაც უკმაყოფილებას აცხადებენ თარგმანის ხარისთან, სიზუსტესთან და თემების სიმწირესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ისინი ინტერნეტტელევიზიის ფეისბუქის გვერდზე კომენტარებს ტოვებენ.

 

დღეს, სომხურად და აზერბაიჯანულად, გარდა საინფორმაციო გამოშვების თარგმნისა, მხოლოდ ერთი გადაცემა არსებობს, რომლის პირველი ჩანაწერი 21 ნოემბერს განთავსდა 1tv.ge-ზე, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სექციებში. მაგრამ, პირველი არხის ფეისბუქგვერდის (ფეისბუქ ლაივი) და რადიოს მეშვეობით დღის განმავლობაში გასართობი გადაცემა და სომხურ აზერბაიჯანული მუსიკები გადის.

 

ბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს „მრავალფეროვან საქართველოს“ ზოგადად დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქვს გარკვეული შენიშვნები. „სასურველია, უფრო აქტიურად და უფრო სრულფასოვნად მოხდეს ამ ვებსაიტზე ინფორმაციის თარგმნა და განთავსება. თარგმანი უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს შესრულებული. აზერბაიჯანულ და სომხურენოვან სექციაში განთავსებული ინფორმაცია იდენტური უნდა იყოს ქართულ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის.“

 

აღნიშნულ პროექტზე უფრო სტუდენტები და ახალბედა ჟურნალისტები მუშაობენ. შესაბამისად, ბელა ოსიპოვა ფიქრობს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯები და პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად დროა საჭირო. „მრავალფეროვანი საქართველო“ ლაბორატორიასავით აქვთ და ხდება კადრების მომზადება,“ - ამბობს ოსიპოვა.

 

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულენოვანი მედიასაშუალებები მათთვის იმდენად საინტერესო არ არის. 31 წლის სამირ გუსეინოვი დაიბადა გარდაბანში და ათი წელია ცხოვრობს თბილისში და ამბობს, რომ მისთვის არ არის საინტერესო ქართული არხები. « 22 წლიდან სამუშაოდ რუსეთში დავდივარ. სულ რუსულ არხებს ვუყურებ. რუსული მედია უფრო მრავალფეროვანია. ჩემთან ოჯახში  მხოლოდ თურქულ არხებს უყურებენ. ჩემთვის ქართული არხები არ არის საინტერესო, მიუხედავად იმისა ნორმალურად ვფლობ ქართულ ენას».

 

"მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარი თინა გოგოლაძე განმარტავს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს დამკვიდრებულ ჩვევად  აქვთ ინფორმაციის რუსული წყაროებიდან მიღება და ამის ჩანაცვლება უფრო მეტ ძალისხმევას ითხოვს. «ამისთვის საჭიროა მათთვის საინტერესო კონტენტის შექმნა, რომ მოხდეს მათი გადართვა ქართულ მედიაზე».

 

საზოგადოებრივი მაუწყებლობის  სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ირინა ფუტკარაძე აღიარებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად ვერ ახერხებს დეკლარირებული ვალდებულების შესრულებას. მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, მაინც არის საკითხები, რაც გამოსასწორებელია. მართალია დღეს ინტერნეტი აქტუალურია, როგორც ინფორმაციის წყარო, მაგრამ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი უფროსი თაობისთვის, პოპულარული ტელევიზია. „როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე ქვემო-ქართლში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები ენის ბარიერის გამო უყურებენ რუსულ არხებს და ეს არის სიგნალი ჩვენთვის, რომ სასწრაფოდ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. მათ ენაზე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა შესაძლო გზით - ტელევიზიით, ინტერნეტით, რადიოს საშუალებით და ა. შ. მაქსიმალურად უნდა მოვაცილოთ რუსული არხები და უმცირესობების წარმომადგენლები გადმოვიყვანოთ ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქციაზე. ვფიქრობ, ეს არის ის საკითხი, რომელიც უპირობოდ და დროულად უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ინფორმაცია უნდა იყოს ნათარგმნი და ეთერით გაშვებული, აქ ორი აზრი არ არსებობს. მართალია, ტექნიკური და  ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები არის, მაგრამ არ უნდა გავექცეთ ჩვენ იმას, რომ ამის ვალდებულება გვაქვს.“

 

თინა გოგოლაძე სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის უფრო მოსახერხებელია რუსულ წყაროებზე დაყრდნობა და ამ წყაროებიდან შემოსული ინფორმაცია არ არის ქართული ინტერესების მატარებელი, ან ყოველთვის ობიექტური, ან არაპროპაგანდისტული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საინფორმაციო საშუალებებზე ჰქონდეთ წვდომა.

 

წლებს განმავლობაში (მათ შორის 201-2017 წლებში), დიდ გამოწვევად რჩება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ ქართულენოვანი მოსახლეობის სწორი და ობიექტური ინფორმირების საკითხი. ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე და საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. ინფორმაცია ეროვნულ უმცირესობებს შეზღუდული ქრონომეტრაჟით და ფორმით მიეწოდებათ. საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას თარგმნის უმცირესობების ენებზე და ათავსებს საიტზე, მაგრამ მხოლოდ ეს აქტივობა ვერ უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ადგილობრივი ტელევიზიები ამზადებენ გადაცემებს უმცირესობების ენებზე ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში, თუმცა ეს აქტივობებიც ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა სრულფასოვან ინფორმირებას. აღსანიშნავია, რომ "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია" თარგმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" საინფორმაციო გადაცემებს უმცირესობების ენებზე და გადასცემს ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებით, მაგრამ თარგმნის ხარისხით უკმაყოფილო არიან ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის წარმომადგენლები. ამდენად, ეს აქტივობაც ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საქართველოში მიმდინარე და საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, ეროვნული უმცირესობები უფრო ხშირად ინფორმაციას იღებენ რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა, თურქეთის და ირანის არხებიდან, რაც დადებითად არ აისახება ინტეგრაციის პროცესზე.