DATA149.1.19

Logo

დიპლომი კედელზე: კურსდამთავრებულთა არაპროფილური სამსახურები

ლიზი ხუნდაძე

 

ოთხწლიანი სწავლის მიუხედავად, ახალგაზრდების დიდი ნაწილი საქართველოში პროფესიით ვერ საქმდება. დიპლომი თაროზე რჩება, სხვა სფეროში გადასვლა კი კადრების დეფიციტს აჩენს. მაინც რატომ ხდება ასე და სად ვიკარგებით უნივერსიტეტის შემდეგ?

კურსდამთავრებულები პროფესიით ვერ საქმდებიან – სწავლაში ჩადებული ამდენი წელი, ენერგია და ფული უბრალოდ იკარგება. ქვეყანაში ძალიან უცნაური სიტუაცია გვაქვს: ერთი მხრივ, კომპანიები წუწუნებენ, რომ კარგი თანამშრომლები არ ჰყავთ, მეორე მხრივ, უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდები სამსახურს ვერ შოულობენ. ამის მიზეზი ხშირად ისაა, რომ ბაზარზე სულ სხვა მოთხოვნებია, დამწყებებისთვის ხელფასები ძალიან დაბალია ან უბრალოდ 18 წლის ასაკში ახალგაზრდები ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც მერე აღარ მოსწონთ და ინტერესს კარგავენ. ეს ყველაფერი მათ იმედს უცრუებს და ბევრს ქვეყნიდან წასვლის სურვილს უჩენს. თუმცა, ამ რთულ სიტუაციაშიც არსებობენ გამონაკლისები. დღეს ჩვენ გვყავს რესპონდენტი, რომელმაც შეძლო და ზუსტად თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა. ახლა ის პირადად გაგვიმხელს საიდუმლოს და მოგვიყვება, თუ როგორ მოახერხა დასაქმება ასეთ რთულ დროს.

 

საბა გვანცელაძე ინჟინერია და თავისი პროფესიით მუშაობს.

 – როგორ შეძელით საკუთარი პროფესიით დასაქმება იმ ფონზე, როცა ბევრი თანაკურსელი სხვა სფეროში მუშაობს?

 –მიზანი, რომელიც პატარა ასაკიდან მაქვს, რომ შევქმნა რაღაც საკუთარ გონებაში და შემდეგ შევძლო ამ ფიქრის რეალობაში გადმოტანა. შესაბამისად, არასდროს მიმიქცევია ყურადღება თუ რა საქმით იყვნენ ჩემს გარშემომყოფები დაკავებული, მე მაინტერესებდა ჩემი.

 – რა ისწავლე უნივერსიტეტში, რაც რეალურად გამოიყენე პროფესიით საქმიანობისას?

 –უნივერსიტეტში ვისწავლე სხვადასხვა საინჟინრო და სპეციფიკური ტექნიკური საგნები, რომლებიც ნამდვილად გამომადგა მუშაობის პროცესში, თუმცა ყველაზე ღირებული, რაც უნივერსიტეტიდან წამომყვა იქ გაცნობილი ხალხია - კონტაქტები, კავშირები, მათგან ყოველთვის ვსწავლობ რაღაც ახალს.

 – რას ურჩევდი ახალ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც უჭირთ თავიანთი პროფესიით დასაქმება?

 –ვფიქრობ, ისინი, უპირველესად, უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორი პროფესია აქვთ არჩეული, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია იყვნენ პროდუქტიულები, ხოლო თუ საკუთარ არჩეულ პროფესიაში დარწმუნებულები არიან, მაშინ შრომა არის მთავარი იარაღი საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.

 

კობა ხუნდაძემ რადიკალურად შეცვალა თავისი პროფესიული კარიერა. განათლებით ეკონომისტია, იყო ტაქსისტი, ახლა საკუთარ კომპანიას ფლობს.

– რა მომენტში გადაწყვიტეთ, რომ ეკონომიკის სფეროში ვერ იმუშავებდით და ტაქსით დაიწყეთ მუშაობა?

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავინახე, რომ დამსაქმებლები ერთდროულად სამუშაო გამოცდილებას ითხოვდნენ და არაადეკვატურად დაბალ ხელფასს მთავაზობდნენ, ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გავხდი, ტაქსის მძღოლად მემუშავა.

– როგორ გრძნობდი თავს, როცა დიპლომი სახლში გქონდათ და ტაქსით მუშაობდით?

ფსიქოლოგიურად რთული იყო ამ რეალობის მიღება, თუმცა მალევე გავიაზრე, რომ ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და მხოლოდ დიპლომი დასაქმების ავტომატური გარანტია არ არის.

– რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში, რომ საკუთარი კომპანია შექმენით და რა გასწავლათ მიღებულმა გამოცდილებამ?

როცა დავრწმუნდი, რომ სხვისი იმედი არ უნდა მქონოდა გადავწყვიტე, სამსახური ჩემით შემექმნა. უბრალოდ დავაკვირდი, რა აკლდა ბაზარს, მოვიძიე პატარა თანხა და ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმენით კომპანია. ამ პროცესში დავინახე, თუ რამხელა ძალა აქვს სამეგობრო წრეს და ხალხთან კომუნიკაციას. რეალურად, სწორ ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი იდეების გაზიარება და საჭირო ნაცნობობა ხშირად ბევრად მეტ კარს გიღებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ არ დანებდე, არ შეგეშინდეს ნულიდან დაწყების და იცოდე სწორი კავშირების აშენება.

 

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი ანასტასია ცხვირავაშვილი დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, რომელსაც მუშაობა უწევს ისეთ სამსახურში, რომელიც მისი პროფილის არ არის.

– როგორ წარმოგედგინათ თქვენი პროფესიული მომავალი და რამდენად განსხვავდება ის დღევანდელი რეალობისგან?

ყოველთვის წარმომედგინა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყებდი ჩემს სფეროში მუშაობას, სადაც პრაქტიკაში უფრო მეტს ვისწავლიდი, უნივერსიტეტში უნდა გამევლო სტაჟირება დამამთავრებელ კურსებზე, შემდეგ რეკომენდაციას გამიწევდნენ და ვიმუშავებდი სტაბილურად. რეალობაში კონკურენცია ძალიან დიდია და ანაზღაურება დაბალი, ამიტომ მიწევს ვიმუშაო ისეთ სამსახურში, რომელიც ჩემს ინტერესების სფეროს არ ერგება.

– თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს უნივერსიტეტში ან ქვეყანაში, რომ ახალგაზრდებს უფრო ადვილად შეეძლოთ თავიანთი პროფესიით მუშაობა?

უნდა შეიქმნას სტაჟირება, რომელიც იქნება სტუდენტურ გრაფიკზე მორგებული, რათა არ მოგიწიოს რომელიმეზე უარის თქმა. ძირითადი და ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ფინანსური მხარეა. ადამიანის მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უამრავი ხარჯია. ამის გამო, როგორც უკვე ავღნიშნე, მიწევს ვიმუშაო ისეთ ადგილას, რომელიც არანაირად არ არის ახლოს ჩემს პროფესიასთან. ზოგიერთ სტუდენტს იმის გამო სჭირდება სამსახური, რომ უნივერსიტეტის გადასახადი გადაიხადოს. ამ დროს რა ხდება - მუშაობ სრულ განაკვეთზე, რის გამოც პრობლემა გექმნება უნივერსიტეტში ან დრო სამეცადინოდ არ გრჩება.

– ეძებთ სამსახურს ან სტაჟირებას?

დაახლოებით მესამე კურსიდან ვეძებ სტაჟირებას, რომელიც შემდგომში სტაბილური სამსახურის პოვნაში. საერთოდ წარმოუდგენელი რეალობა გვხვდება საქართველოში. ეძებენ სტაჟირებისთვის სტუდენტებს, სადაც აღნიშნულია, რომ ექნებათ ანაზღაურება და გრაფიკზე ხელშეწყობა. მომიწია ერთხელ გასაუბრებაზე მისვლა და საერთოდ სხვა სურათი დამხვდა. ანაზღაურება, რომელიც შემომთავააზეს იყო 250 ლარი, გრაფიკი კი სრული - 10-დან 7 საათამდე, კვირაში 5 დღე. სტაჟირების დრო მინიმუმ 6 თვე, რაც ამ პირობებისთვის საკმაოდ დიდია და ამავე დროს დატვირთვაც მაღალია, ამიტომ უარის თქმა მიწევს სტაჟირებაზე და მსგავსი ტიპის სამსახურზე უნივერსიტეტის დამთავრებამდე ანუ მანამდე, სანამ დრო არ გამომითავისუფლდება ან სხვა შემოსავალი არ მექნება.

 

საქართველოში 4-5-წლიანი სწავლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა პროფესიით ვერ საქმდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით, თითქმის ყოველი მესამე უმუშევარია, სხვები კი ხშირად ტაქსის მძღოლებად, მიმტანებად ან კონსულტანტებად მუშაობენ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პროფესიის „პრესტიჟის“ გამო ან მშობლების კარნახით არჩევა, უნივერსიტეტებში არსებული მშრალი თეორია პრაქტიკის გარეშე და დამწყებთა დაბალი ხელფასები, რაც ახალგაზრდებს სხვა სფეროებისკენ უბიძგებს.

ამ ფონზე, უნივერსიტეტების დაპირება „ჩვენი სტუდენტების 97% საქმდება“ უბრალო ხაფანგია. ტექნიკურად არ ტყუიან, მაგრამ არ აკონკრეტებენ, სად მუშაობენ ეს ახალგაზრდები. ამ 97%-ში თვლიან იმ სტუდენტებსაც, რომლებიც ქოლ-ცენტრებში, ტანსაცმლის მაღაზიებში, მოლარეებად ან მიმტანებად მუშაობენ. ასეთ ადგილებში სტუდენტების საშუალო ხელფასი, როგორც წესი 600-დან 900 ლარამდეა, რაც ხშირად მხოლოდ ყოველდღიური ხარჯებისთვის და გზის ფულად თუ კმარა.

სრულიად სხვა რეალობაა კურიერებისა და ტაქსის მძღოლების შემთხვევაში, რადგან ანაზღაურება პირდაპირ გამომუშავებაზეა დამოკიდებული, ბევრი მუშაობის შემთხვევაში, ახალგაზრდას თვეში 1500-დან 2500 ლარამდე და ზოგჯერ მეტის გამომუშავებაც შეუძლია. სწორედ ეს ქმნის მთავარ პრობლემას: სტუდენტს ურჩევნია დიპლომი თაროზე შემოდოს და კურიერად იმუშაოს რეალური ფულის საშოვნელად, ვიდრე თავისი პროფესიით ნულიდან დაიწყოს და სტაჟიორის 400-500 ლარიან ხელფასს დასჯერდეს.

კიდევ ერთი პრობლემა ბაზრის მოთხოვნებია. რეალურად სულ სხვა კადრებია საჭირო, სტუდენტები კი მაინც გადატვირთულ ფაკულტეტებზე აბარებენ. შედეგად, ერთ ადგილზე უამრავი კანდიდატია, საკუთარი პროფესიით სამსახურის პოვნა შეუძლებელი ხდება და ახალგაზრდებს რჩებათ განცდა, რომ უნივერსიტეტში დრო და ფული ტყუილად დახარჯეს.

 

18 June 2026

ფესვები