DATA149.1.19

Logo

არჩევანი, რომელიც არჩევანი არ არის - როგორ აქცევს ფინანსური აუცილებლობა სტუდენტობას მუდმივ ბრძოლად

გვანცა ტუკვაძე

 

დილით უნივერსიტეტის აუდიტორია, საღამოს კი სამსახური. ღამით კი რამდენიმე საათი, რომელიც სტუდენტს ლექციების გადასამეორებლად და მომდევნო დღის მოსამზადებლად რჩება და შემდეგ ისევ იგივე. ასეთი ყოველდღიურობა საქართველოს არაერთი სტუდენტისთვის ჩვეულებრივი რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში ხშირად ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ და საინტერესო ეტაპად მიიჩნევა, ბევრი ახალგაზრდისთვის ის ფინანსური სირთულეების, გადაღლისა და მუდმივი არჩევნის პერიოდად იქცა. არჩევნის, რომელიც სინამდვილეში არჩევანი არც არის.

საქართველოში სწავლის პარალელურად დასაქმება სულ უფრო გავრცელებული ხდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდები სამუშაოს საკუთარი სურვილით ან კარიერული გამოცდილების მიღების მიზნით არ იწყებენ. მათთვის სამსახური აუცილებლობაა. ის არის გზა, რომელიც სწავლის საფასურის, საცხოვრებლის, ტრანსპორტის, კვებისა თუ სხვა ყოველდღიური ხარჯების დაფარვაში ეხმარებათ.

ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც საქართველოში სტუდენტების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას სწავლობს, EUROSTUDENT VIII-ია. 2023 წლის კვლევის მიხედვით, ქართველი სტუდენტების 45% სასწავლო სემესტრის განმავლობაში ან მუდმივად, ან პერიოდულად მუშაობს. აქედან 32.5% მთელი სემესტრის განმავლობაშია დასაქმებული, ხოლო 12.5%  - პერიოდულად.  

თუმცა, ამ მონაცემების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სურათი იკვეთება. დასაქმებული სტუდენტების 48.3% აცხადებს, რომ მუშაობს ყოველდღიური ცხოვრების ხარჯების დასაფარად, ხოლო 42.2% ამბობს, რომ სამსახურის გარეშე საერთოდ ვერ შეძლებდა სტუდენტობას. თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული სტუდენტი აღნიშნავს, რომ საკუთარი შემოსავალი მისი განათლების გაგრძელების აუცილებელი პირობაა.  

კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ სტუდენტების 44.3% ფინანსურად საკუთარ ოჯახსაც ეხმარება. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტისთვის სამსახური მხოლოდ პირადი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება აღარ არის; ხშირ შემთხვევაში, იგი ოჯახის ბიუჯეტის ნაწილიც ხდება. ამავე დროს, 62.6% აღნიშნავს, რომ მუშაობა პროფესიული გამოცდილების მიღებაშიც ეხმარება, თუმცა ფინანსური ფაქტორი მაინც მთავარ მოტივად რჩება.  

ერთი შეხედვით, სწავლასა და მუშაობას შორის ბალანსის დაცვა შესაძლებელია. თუმცა რეალობაში ეს ბალანსი ხშირად სტუდენტის თავისუფალი დროის, დასვენების, ჯანმრთელობისა და აკადემიური მოსწრების ხარჯზე მიიღწევა. ლექციების გაცდენა, გამოცდებისთვის არახარისხიანად მომზადება, მუდმივი დაღლილობა და სტრესი, ეს ის პრობლემებია, რომლებზეც სტუდენტები ყველაზე ხშირად საუბრობენ.

22 წლის ნინა ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტია, ჟურნალისტიკის მაინორით, და სრულ განაკვეთზე ღვინის კომპანიაში წარმომადგენლად მუშაობს. მისი თქმით, სამსახური თავდაპირველად გამოცდილების მისაღებად დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში მთავარი მიზეზი ფინანსური დამოუკიდებლობა გახდა. დღეს მისი შემოსავალი უნივერსიტეტის გადასახადს, ტრანსპორტის, კვების, პირადი საჭიროებებისა და ოჯახის დახმარების ხარჯებს ფარავს.„თავიდან მუშაობა გამოცდილების მისაღებად დავიწყე, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მთავარი მიზეზი ფინანსური დამოუკიდებლობა გახდა.“

ნინა ამბობს, რომ ფინანსურმა მდგომარეობამ მის განათლებაზეც იმოქმედა.

„პირველი ორი წელი სამართალზე ვსწავლობდი, მაგრამ ორ სამსახურში ვმუშაობდი. კვირაში შვიდივე დღე სრულ განაკვეთზე მიწევდა მუშაობა და უნივერსიტეტს ვეღარ ვუთავსებდი. საბოლოოდ აკადემიური შვებულების აღება მომიწია, შემდეგ კი ფაკულტეტიც შევიცვალე. ეს ყველაფერი პირდაპირ ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა.“

ნინას თქმით, ფინანსურ სირთულეებთან ერთად ყველაზე დიდი პრობლემა დროის დეფიციტია. მისი თქმით, სწავლის სურვილის მიუხედავად, სამსახურზე უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია.

“რთლია უარი თქვა სამსახურზე და მთლიანად გადაერთო სწავლაზე, რადგან  სამსახური და ფინანსური სტაბილურობა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ერთი გაცდენილი დღე  ხვალინდელი შეჩერებული სტატუსის ტოლფასი შეიძლება იყოს.”

მისი თქმით, “სამსახურიდან დაღლილს ფიზიკურად აღარ გრჩება ენერგია, რომ სახლში მისულმა ისწავლო. ხშირად ღამეების თენება მიწევს, შემდეგ კი ეს უკვე ჯანმრთელობაზეც აისახება. ყოფილა შემთხვევა, გამოცდისთვის ან ქვიზისთვის მომზადება უბრალოდ ვერ მოვასწარი.“

საბოლოოდ კი მუდმივი გადაღლა აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. სტუდენტები სასწავლო პროგრამას ჩამორჩებიან, ხშირად უგროვდებათ საგნები, მათი გავლა კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„აქტიური სტუდენტური ცხოვრება საერთოდ არ მაქვს. უნივერსიტეტიდან სამსახურში მივდივარ, შემდეგ სახლში და მეორე დღეს ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ხშირად უნივერსიტეტში საინტერესო ღონისძიებები ტარდება, მაგრამ სამსახურის გამო ვერ ვესწრები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემს პროფესიასთან დიდ კავშირში იყოს .”

უნივერსიტეტი და სტუდენტობა მხოლოდ პრეფესიული განათლების მიღებას არ გულისხმობს, ეს არის “ახალი ადამიანების გაცნობისა და თვითდამკვიდრების პერიოდი, მაგრამ იმის გამო, რომ მუდმივად სადღაც გვეჩქარება აღარ რჩება მეგობრეთან ერთად დროის გატარების ან ახალი ადამიანების გაცნობის დრო, ღონიძიებებზე დასწრებაზე ლაპარაკი ზედმეტია.”

საქართველოში ცხოვრების ღირებულების ზრდამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. საცხოვრებლის ქირა, ტრანსპორტი, საკვები და სასწავლო რესურსები სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად იქცა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც სხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ და თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრობენ. ასეთ შემთხვევაში სტუდენტს ხშირად მხოლოდ სწავლის საფასურის გადახდის გარდა, ყოველდღიური ცხოვრების ყველა ხარჯის დაფარვაც თავად უწევს.

ასევე გასათვალისწინებელია ანაზღაურების ფაქტორიც. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2026 წლის პირველ კვარტალში 2 363.8 ლარს შეადგენდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორსა და რეგიონში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ასევე რეალობა გვიჩვენებს, რომ მომსახურეობის სფეროში მომუშავე სტუდენტების ანაზღაურება 850 დან 1200 ლაროს ფარგლებში მერყეობს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სახელმწიფო მაჩვენებელი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს „თვეში საჭირო თანხას“, თბილისში დამოუკიდებლად მცხოვრები სტუდენტის ძირითადი თვიური ხარჯები ხშირად  1000-2000 ლარის ფარგლებში მერყეობს. შედეგად, ბევრი სტუდენტი სწავლის პარალელურად მუშაობს, რათა დაფაროს საცხოვრებლის, კვებისა და ტრანსპორტის მინიმალური ხარჯები. 

საინტერესოა ისიც, რომ დასაქმება ყველა სტუდენტისთვის ერთნაირ გამოცდილებას არ ნიშნავს. ზოგიერთისთვის სამსახური პროფესიული განვითარების შესაძლებლობაა, თუმცა ბევრისთვის ის სრულიად განსხვავებულ სფეროში, დაბალანაზღაურებად პოზიციაზე მუშაობას გულისხმობს. ასეთ პირობებში მიღებული გამოცდილება ყოველთვის ვერ უკავშირდება მომავალ პროფესიას, მაგრამ შემოსავალი აუცილებელია იმისთვის, რომ სწავლა არ შეწყდეს ან ძირითადი ხარჯების დაფარვა შეძლონ.

21 წლის ლიზა, რომელიც ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტია, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოლარე-კონსულტანტად სრულ განაკვეთზე მუშაობს. მისი თქმით, სტუდენტური ცხოვრება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმ წარმოდგენისგან, რომელიც უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჰქონდა. “ყველა იმას ამბობს თუ როგორი განსაკუთრებულია სტუდენტობის წლები, მაგრამ როდესაც ყოველი დღე გადარჩენისთვის გიწევს ბრძოლა, მთელი დღე მუშაობა და იმაზე ნერვიულობა გექნება თუ არა იმის ძალა, რომ სახლში დაღლილი მისულმა ისწავლო ხვალინდელი ქვიზისთვის ნაკლებად ფიქრობ იმ კარგზე.”

„ჩაბარებამდე მეგონა, რომ აქტიური სტუდენტური ცხოვრება მექნებოდა, ღონისძიებებში მივიღებდი მონაწილეობას და ბევრ ადამიანს გავიცნობდი. რეალურად კი ჩემი ყოველდღიურობა მხოლოდ გზაა უნივერსიტეტიდან სამსახურში ან პირიქით.“

როგორც ლიზამ თქვა, გადატვირთული გრაფიკი არა მხოლოდ სწავლაზე, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისახება, რადგან „ყოფილა შემთხვევა, ლექცია გამიცდენია, რადგან დაღლილობისგან საწოლიდან ადგომის ძალაც აღარ მქონდა. ღამით შფოთვა მაღვიძებს, რადგან დაძინების წინ უკვე იმაზე ვფიქრობ, მეორე დღეს როგორ უნდა მოვასწრო ყველაფერი. ასეთ პირობებში რთულია სტუდენტობის საუკეთესო წლებზე ფიქრი.”

ლიზა ამბობს, რომ კიდევ ერთი გამოწვევა საკუთარი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობის ნაკლებობაა.

„ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყება მინდა, მაგრამ თუნდაც სტაჟირებების ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ჩემი ყოველდღიური ხარჯების დაფარვასაც ვერ ეყოფა. ამიტომ ისევ მოლარე-კონსულტანტად ვმუშაობ. სწავლის გადასახადის ნაწილს მე ვიხდი და ოჯახის დახმარებაც მიწევს, ამიტომ უბრალოდ იმედი მაქვს, მალე შევძლებ ისეთ სამსახურში გადასვლას, რომელიც ჩემს პროფესიულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს და ჩემი ფინანსური ვალდებულებების შესრულებასაც შევძლებ.“

სწორედ ამიტომ, კითხვაც ბუნებრივად ჩნდება: თუ სტუდენტის დროის დიდი ნაწილი სამსახურს ეთმობა, რამდენად სრულფასოვნად ახერხებს იგი განათლების მიღებას? უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ ლექციებზე დასწრებას არ გულისხმობს. ის მოიცავს დამოუკიდებელ მუშაობას, კვლევას, ჯგუფურ პროექტებს, პროფესიულ განვითარებასა და სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას. როდესაც ახალგაზრდას ყოველდღიურად რამდენიმე საათის მუშაობა უწევს, ამ შესაძლებლობების დიდი ნაწილი მისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი ხდება.

პრობლემა მხოლოდ ინდივიდუალური არ არის. როდესაც სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფინანსური საჭიროების გამო მუშაობს, ეს უკვე განათლების სისტემის სოციალური გამოწვევაც ხდება. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტს განათლების მიღება ფინანსური გადარჩენის მუდმივ ბრძოლად არ ექცევა.

სტატისტიკა ციფრებს გვაჩვენებს, თუმცა თითოეული პროცენტის უკან კონკრეტული ადამიანის ისტორია დგას. სტუდენტის, რომელიც დილით ლექციაზე ზის, საღამოს კაფეში, მაღაზიაში ან ოფისში მუშაობს, ღამით კი ცდილობს გამოცდისთვის მოემზადოს. მათი გამოცდილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე რთული გადაწყვეტილებები თავისუფალი არჩევანი კი არა, გარემოებების შედეგია.

ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ სტუდენტების ინდივიდუალურ ძალისხმევაზე ვერ იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებს განათლების მიღება ფინანსური გადარჩენის მუდმივ ბრძოლად არ ექცევათ და მუშაობა მხოლოდ აუცილებლობის გამო მიღებული გადაწყვეტილება აღარ იქნება.

სწორედ ამიტომ, ბევრისთვის მუშაობა არ არის კარიერული გადაწყვეტილება. ეს არის გზა, რომ განათლებაზე უარი არ თქვან.

 

18 June 2026

ფესვები