DATA149.1.19

Logo

გმირობა, რომელიც ხმაურიანი არაა, მაგრამ მნიშვნელობით დიდებულია - ლალი ჩიტიშვილის ისტორია

თამარ შიუკაშვილი

„90-იანი წლების ადამიანი ვარ, არ მომწონდა ჩემი დროის მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ...“ - იხსენებს ლალი ჩიტიშვილი. ამბობს, რომ აქედან გაუჩნდა მოტივაცია - გამხდარიყო უკეთესი მასწავლებელი.  თუმცა, პროფესიის არჩევის ერთადერთი მიზეზი ეს არ ყოფილა.

ლალი ბავშვობას იხსენებს: ხედავდა, რომ დედამისი სამ ობოლს ზრდიდა და ფიქრობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად უნდა ჰქონოდა თავისი პროფესია, შემოსავალი. სურდა დედისთვის ტვირთი შეემსუბუქებინა. თანაც, მის ოჯახში განათლება ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. გულწრფელად გვითხრა, რომ ამ პროფესიის გარდა, საკუთარ თავს სხვაგან ვერ ხედავდა.

დედა მედიცინის სფეროში მუშაობს. სხვა ბევრი მისი ნათესავიც ამ დარგშია. ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ ლალიც ამ პროფესიას გაყვებოდა (საქართველოში ეს უჩვეულო სულაც არაა). თუმცა, მან აირჩია ის, რაც მოსწონდა - ახსნა, დარიგება, ქართული ენა და ლიტერატურა.

„თავიდან რომ ვირჩევდე პროფესიას, ისევ მასწავლებელი გავხდებოდი“ - გვეუბნება ლალი.

ბავშვობიდანვე ლაღი და თავისუფალი იყო. „ბავშვის გარდა ყველაფერიაო“ - ეს საყვედური მასწავლებლისგან დედამისმა მხოლოდ იმიტომ დაიმსახურა, რომ რამდენჯერმე იძულებით ფიზიკურ სამუშაოს ოთახში ჯდომა და წიგნის კითხვა არჩია. იმ პერიოდში შრომითი საგნების გავლაც სავალდებულო იყო, არავინ ეკითხებოდა მოსწავლეს აინტერესებდა თუ არა, ან ჭირდებოდა თუ არა ის, რასაც სწავლობდნენ. თუ ვინმე პროტესტს გამოხატავდა, მასწავლებლის თვალში ცუდ ბავშვად ყალიბდებოდა.

დღეს, რომელიმე მის მოსწავლეს რომ 90-იანი წლების მასწავლებელი დაუხატოთ, გეტყვით, რომ ლალი მასწავლებელი მათი ანტიპოდია. მისთვის არასდროს ყოფილა მასწავლებლობა მხოლოდ პროფესიული ვალდებულება. დაწესებულებაში 14-15 წელი იმუშავა, განათლების ის სისტემა, რომელიც არსებობდა, არ მოსწონდა. შემდეგ სკოლიდან წამოვიდა და პედაგოგიური საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძო. „ადამიანი, რომელიც ორ ტრანსპორტს იცვლის, გენდობა, გისმენს და ორ საათს მოგიძღვნის... აი, როგორ უნდა იყოს ეს მხოლოდ პროფესიული ვალდებულება და არა - საყვარელი საქმიანობა“, - ამბობს ის.

ლალი მიიჩნევს, რომ ყველაფერი გულიდან უნდა მოდიოდეს, ამის გარეშე პედაგოგის პროფესია ნაყოფიერი ვერ იქნება.

„ილიაზე ვარ გაზრდილი“ - მეუბნება და საერთოს მაშინვე ვპოულობთ (ილია ჭავჭავაძე ჩემი საყვარელი მწერალია). ჭავჭავაძის სიტყვებსაც იხსენებს: "ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“. ლალისთვის განათლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და ცდილობს, სწორედ ეს ღირებულება გაუზიაროს თავის მოსწავლეებს.

პედაგოგის საქმიანობაში ყველაზე რთულად მოსწავლეებთან ურთიერთობას მიიჩნევს. მისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს აგრძნობინოს, რომ მათი ესმის. „შენ რომ მენდობი, მე შენ გენდობი“ - ასეთ ფსიქოლოგიურ გარემოს უქმნის ლალი თავის მოსწავლეებს. გამოცდილებით გვეუბნება, რომ მის მოსწავლეებზე არა მხოლოდ როგორც მასწავლებელს, არამედ როგორც ადამიანსაც მოუხდენია გავლენა. ზოგს, მისი გაცნობის შემდეგ, მასწავლებლის პროფესიაც კი აურჩევია.

რთულად აღსაზრდელი ბავშვი მისთვის არ არსებობს, თვლის, რომ ეს უბრალოდ კომუნისტური გადმონაშთია, სინამდვილეში კი ბავშვებს მოსმენა და გაგება სჭირდებათ. „გულშემატკივარი უნდა დაინახოს შენში ბავშვმა“ - ამბობს ხაზგასმით.

მის სასწავლო პატარა ოთახში ერთ კედელს თუ შეხედავთ, პატარა დაფას დავინახავთ, დაფაზე მოსწავლეებთან ერთად გადაღებული ფოტოებია... ეს ლალის თავის მოსწავლეებისადმი სიყვარულს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის. ხანდახან ჰქონია პერიოდი, როდესაც უფიქრია, რომ მისი შრომა არ ფასდება ხან მოსწავლეების, ხან მშობლების და ხანაც სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, „ის, რომ ჩემს მოსწავლეებს ვუყვარვარ და მაქვს საშუალება ბოლომდე დავიხარჯო, მაინც დაფასებულად ვთვლი ჩემს შრომას. მე ამ ოთახში ბედნიერი ვარ“, - ღიმილით აღნიშნავს ამას.

მისი ყოველდღიური რუტინა სხვებისგან განსხვავებული, არა - ჩვეულებრივი და ზედმეტად დატვირთულიც კია. „ადამიანები რომ იძინებენ, მე მაშინ ვსვამ ყავას, რომ გამოვფხიზლდე“ - გვეუბნება ლალი. დილის ოთხ ან ხუთ საათამდე მუშაობს და აბიტურიენტების თემებს ასწორებს. რამდენიმესაათიანი ძილის შემდეგ ისევ სამუშაოს უბრუნდება, როცა პირველი მოსწავლე მივა, ზუსტად მაშინ ხურავს ბოლო რვეულს. მთელ დღეს მოსწავლეებთან ერთად ატარებს, შეიძლება შესვენებაც ვერ მოასწროს. „ყველა გაკვეთილის ბოლოს ვგრძნობ-ხოლმე - ვარ ჩემი თავით კმაყოფილი თუ - არა“, - გვეუბნება ლალი. ჩემი რუტინა მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც ხანდახან დედას მონახულებას გადავწყვეტ“, - მეუბნება და თან ეცინება.

ცხოვრებაში რთულ პერიოდებს არ უშინდება, თავს ყოველთვის ამხნევებს. ეს ცხოვრებისეული სიძლიერე ბავშვობიდან მოჰყვება. 15 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, რაღაც პერიოდის მერე იგრძნო, რომ ბევრი გადაუტანია და სწორედ ამან გააძლიერა. მისი სახლის გამოსასვლელში სარკე კიდია. ლალი აღნიშნავს, რომ ეს სარკე სპეციალურად დაკიდა, ყურადღებას არასდროს აქცევს იმას, თუ როგორ გამოიყურება, უბრალოდ მოსწავლეებთან ასვლამდე ხშირად იხედება და საკუთარ თავს ეუბნება: „ლალი, დღეს რა ძალიან კარგად ხარ“...

... როცა მას სიმსივნე, ერთ-ერთი უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა, არ უნერვიულია. „როცა გავიგე, რომ სიმსივნე მქონდა, იმაზე ფიქრის დროც არ მქონდა - დავნებებულიყავი თუ არა, ეს კითხვა ჩემი თავისთვის არ დამისვამს.“ ერთადერთი, რაც განიცადა ის იყო, თუ როგორ ეთქვა მეუღლისთვის. იმ დროს, როდესაც დიაგნოზის შესახებ გაიგო, ასე იხსენებს: „ კლინიკის შესასვლელში დავიმალე, ვიჯექი და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო ის, თუ რა ფორმით მეთქვა ეს მისთვის. ძალიან თბილად კი შევაპარე. პირველივე დღეს არ მითქვამს, უფრო ბევრი ვიცინე გზაში, უფრო ბევრი ვიმაიმუნე... მერე , რამდენიმე დღის შემდეგ შევაპარე, რომ ეჭვი აქვთ და კიდე დამიბარეს-მეთქი“.

ამ პერიოდში ყველაზე მეტად სამუშაოსა და მკურნალობის შეთავსება ერთულა. „ოპერაცია ახალ წელს გავიკეთე, გაკვეთილები რომ არ გამეცდინა“ - ამ სიტყვებიდან კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, თუ როგორ უყვარს თავისი საქმიანობა. ახსოვს, როგორ ჩაატარა გაკვეთილები ოპერაციის შემდგომ კლინიკის დერეფნიდან - ფანჯარაზე ედო ტელეფონი და ონლაინ ხსნიდა გაკვეთილს. ეს ის პერიოდია, რომელიც არასდროს დაავიწყდება არც მას და არც მის ექიმს, რომელიც გაოცებული უყურებდა. „ხშირად დილის ცხრა საათისთვის ვეწერებოდი ექიმთან, რომ დილით ექვსზე გავსულიყავი გორიდან და მერე გაკვეთილზე ჩამომესწრო. ექიმი მეუბნებოდა, რომ უნდა დამეძინა და ცოტა დამესვენა, მაგრამ ვინ ფიქრობდა ამაზე, დანაშაულის გრძნობა უფრო მაწუხებდა, მინდოდა სწრაფად ჩავსულიყავი გორში და გაკვეთილი დროულად დამეწყო“, - გვიყვება ის.

ლალის მეუღლეს, გოგას, მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. გოგა სულ ეხმარება საოჯახო საქმეებში, კარგად უგებს მეუღლეს, რადგან იცის, რომ ლალისთვის პირველ ადგილზე მისი საქმიანობაა. „ჩემი მეუღლე ზედმეტადაც კი მიწყობს ხელს“ - გვეუბნება ის. გოგა პროფესიით ისტორიის მასწავლებელია, თუმცა მთელი ცხოვრება თავდაცვაში გაატარა. ის 2008 წლის ომის ვეტერანია. ომის დროს თავში მძიმედ დაიჭრა და პროფესიული საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რის გამოც სულ სახლშია. „მარტო ცოლ-ქმარი არ ვართ, უპირველესად, მეგობრები ვართ“, - ამბობს ლალი. მის მეუღლეს ფინანსური დახმარება აქვს, არაა მოქმედი, მაგრამ როგორც მოქმედ ჯარისკაცს, ისე აფასებენ. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ადამიანური კუთხით უფრო ნაკლებად გრძნობენ გვერდში დგომას. ადრე, ახალ წელს, 26 მაისს მოსალოცი ბარათები მოსდიოდა, ახლა კი აღარაა ასე. „მას ამაზე ხშირად სტკივა გული“ - აღნიშნავს ლალი. დაჭრილთა დეპარტამენტის მიმართ ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავენ, ხშირად ლალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებშიც დახმარებიან.

„გოგას თავის თავზე არ უყვარს ლაპარაკი. ის არ დაჭრილა შემთხვევით, სადღაც აქ სახლში დამალული ან ქუჩაში. დაიჭრა მაშინ, როცა ცხინვალში შევიდნენ , მან იცოდა, რაზეც მიდიოდა... უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ და დაეთმოთ. თავის დროზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და ის, რომ ტვინზე 10 ნამსხვრევი აქვს, უნდა ემკურნალათ. ეს ნამსხვრევები შიგნით შეუხორცდა, მერე, გვიან ნახეს. მინდოდა, წაეყვანათ საზღვარგარეთ და ემკურნალათ, მაგრამ ამისთვისაც ვერ ვიბრძოლე. ახლა ხელი ჩაიქნია და ამბობს, უარესი არ დამემართოს, რადგან შეხორცებულიაო. თავის დროზე ვიგრძენით დიდი უყურადღებობა“, - იხსენებს ლალი.

შვილებთან ერთადაც ვერ ატარებს დიდ დროს. ხშირად დანაშაულის გრძნობა აწუხებს. მას, როგორც ყველა მშობელს, სურს შვილებს უფრო დიდხანს ესაუბროს და მათი სათქმელი გაიზიაროს, მაგრამ გადატვირთული დღეების გამო ვერ ახერხებს. ზაფხულში კი, როცა ერთად მიდიან დასასვენებლად, ლალი გრძნობს, რომ მისი შვილები მასთან საუბარს გადაეჩვივნენ, „თუმცა, თუ ერთხელ დაიწყეს, ცდილობენ ყველაფერი ერთდროულად მითხრან“ - გულდაწყვეტით გვეუბნება ის.

ყველა ბავშვს ჰგონია, რომ დედა დაუმარცხებელია, ამიტომ ლალიც ცდილობს, შვილებს არ დაანახოს თავისი განცდები, ის, რომ რაღაცის წინაშე უძლურია. სურს მათ იცოდნენ, რომ მათი დედა ლაღია და ყველაფერს მოერევა.

ბოლოს რომ ვკითხე, ყველაზე მეტად ძალას როდის გრძნობთ-მეთქი, ჯერ მითხრა - არ დამცინოო, რადგან ყველაზე დიდ ძალას მაშინ გრძნობს, როცა მასალის ახსნას იწყებს და ხანდახან არც კი უნდა გაკვეთილი დასრულდეს: „ამ დროს ლაღი ვარ, მთებს მოვგლეჯ და გადავდგამ“.