DATA149.1.19

Logo

მონოპოლიზირებული კონსტიტუცია

ლიკა ვეკუა

 

საქართველოს კონსტიტუცია აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას ერთ-ერთ მთავარ, ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს. იგი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს თავისი შეხედულებების გამო; ყველას აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო მედია უნდა სარგებლობდეს სრული თავისუფლებით. კონსტიტუცია მკაფიოდ კრძალავს ცენზურას და სახელმწიფოს ან კერძო ჯგუფების ნებისმიერ მცდელობას, დაამყარონ მონოპოლია ინფორმაციის გავრცელების არხებზე. თეორიულად, ეს ნორმები ქმნიდა ისეთ სამართლებრივ გარემოს, სადაც თავისუფალი ჟურნალისტიკა, მედიის პლურალიზმი და საჯარო დისკუსია ბუნებრივად უნდა განვითარებულიყო და განმტკიცებულიყო.

თუმცა, კონსტიტუციური გარანტიები რეალურ პოლიტიკურ პრაქტიკაში მხოლოდ მაშინ იძენს მნიშვნელობას, როდესაც ისინი კონკრეტული კანონებითა და ინსტიტუციური ქცევით მყარდება. სწორედ აქ იწყება მთავარი წინააღმდეგობა: ფორმალურად დაცული თავისუფლებები თანდათან ცარიელდება შინაარსისგან, როცა საკანონმდებლო ცვლილებები მათ შემზღუდავ ჩარჩოებად გარდაქმნის. ეს პროცესი არ არის უნიკალური საქართველოსთვის — მსგავსი დინამიკა წარსულში არაერთხელ დაფიქსირდა რეგიონში, მათ შორის რუსეთში, ბელარუსში და აზერბაიჯანში, სადაც კონსტიტუციები ასევე დეკლარირებენ გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა რეალური კანონმდებლობა მას სისტემურად ასუსტებს.

ამ კონტექსტში გარდამტეხი აღმოჩნდა 2024 წლის შემდეგ განვითარებული პროცესები, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო რამდენიმე ახალი კანონი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება დასავლური დემოკრატიული სტანდარტებისგან და ბევრად უფრო ახლოს დგას რუსულ ავტორიტარულ მოდელთან. ამ კანონებმა საგრძნობლად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და ფაქტობრივად დაასუსტა კონსტიტუციური გარანტიები

საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის შედეგებიც ამ ტენდენციას ადასტურებს. მედიის ადვოკატირების კოალიციის (MAC) ანგარიშების, Media Freedom Rapid Response-ის (MFRR) მონაცემებისა და სხვა ორგანიზაციების დაკვირვებების მიხედვით, მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 72 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ გარემოდ წარმოაჩენს. ამ დარღვევების დიდი ნაწილი სამართლებრივ ინციდენტებს უკავშირდება და ხშირად მათში ჩართულია სასამართლო სისტემა, ხელისუფლება, პოლიცია და სხვა უსაფრთხოების სტრუქტურები.

ამავე პერიოდში ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე, მედიის საქმიანობაზე და ზოგადად საზოგადოებრივი დებატების სივრცეზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევა „კანონები სიტყვის წინააღმდეგ“ ასახავს, თუ რამდენად მკვეთრად არის დაქვეითებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტები. ეს ცვლილებები შეფასებულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ჭრილში, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებითაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიღებული ნორმების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს.

უკვე 2024 წელს მიღებულმაუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონმა ქართული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად გამოაცხადა, რადგან ისინი უცხოური წყაროებიდან 20%-ზე მეტ არაკომერციულ დაფინანსებას იღებდნენ. ეს კანონი მკაცრად გააკრიტიკა როგორც ვენეციის კომისიამ, ისე ODIHR-მამათ შეფასებაში აღნიშნულია, რომ კანონი ეწინააღმდეგება სამართლებრივი გარკვეულობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, ქმნის საფრთხეს თავისუფალი საზოგადოების საფუძვლებისთვის და არ აკმაყოფილებს დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებს. ახალი.. FARA კიდევ უფრო ამკაცრებს სახელმწიფო ბერკეტებს, იმატებს რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საინფორმაციო მასალებზე სპეციალური აღნიშვნის დატანის ვალდებულებებს. კანონს ემატება სისხლისსამართლებრივი სანქციებიც, მათ შორის თავისუფლების აღკვეთა ხუთ წლამდე იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ან პირი არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნებს.

თუმცა, კანონის მომხრეები სრულიად სხვაგვარ არგუმენტს წარმოადგენენმათი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი მედიის გამჭვირვალობის გაზრდაა და არა - მისი შეზღუდვა. მათი აზრით, მედიასაშუალებები წლების განმავლობაში ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ფუნქციონირებდნენ, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა საკუთრების რეალური სტრუქტურის დადგენას და შესაძლო პოლიტიკურ გავლენებზე კონტროლს. მათი შეფასებით, ახალი რეგულაციები სწორედ ამ გაუმჭვირვალობას ამცირებს: საზოგადოებასა და ექსპერტებს ეძლევათ საშუალება დაინახონ, ვინ აკონტროლებს იმ ტელევიზიებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ განწყობებზე. შედეგად, მფლობელობის დეტალების საჯაროობა, მათი აზრით, ამცირებს მანიპულაციის რისკს და ქმნის უფრო მყარ საფუძველს მედიის დამოუკიდებლობისთვის. საბოლოო ჯამში, 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობა, მათი შინაარსობრივი მიმართულებით, აჩვენებს ძალზე მკაფიო ტენდენციასსახელმწიფოს მიერ მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე და გამოხატვის თავისუფლებაზე კონტროლის გაძლიერებას. ეს ცვლილებები არამხოლოდ ართულებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ფუნქციონირებას, არამედ ქმნის სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოს, სადაც კრიტიკული ხმა თანდათან იზღუდება, ხოლო საჯარო სივრცევიწროვდება.

ახალი რეგულაციების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ელემენტიაუცხოური პრინციპალის აგენტისცნების შემოღება. ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელი ხდება არამხოლოდ ორგანიზაციებზე, არამედ ფიზიკურ პირებზეც, რაც სცილდება საერთაშორისო პრაქტიკას და ქმნის ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას. პირი შეიძლება ჩაითვალოს აგენტად მაშინაც კი, თუ თეორიულად მონაწილეობსპოლიტიკურ საქმიანობაშიუცხოური პრინციპალის ინტერესების გათვალისწინებითთანაც კანონში ჩამოთვლილი კრიტერიუმები იმდენად ფართოა, რომ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ჩვეულებრივი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე საქმიანობაც კი პოლიტიკურად მიიჩნიოს. ზუსტად ეს პრობლემური პრაქტიკაა ასახული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში Ecodefence and Others v. Russia, სადაც რუსეთის ხელისუფლებამპოლიტიკურისაქმიანობისგადაჭარბებულად ფართო განმარტება გამოიყენა ორგანიზაციების დასასჯელად.

ამასთან, „გრანტების შესახებკანონში შეტანილი ცვლილებები სახარბიელო გარემოს ართმევს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით და ხშირად დაფინანსებას საერთაშორისო პროექტებიდან იღებენ. ახლა ნებისმიერი საგრანტო დაფინანსება საჭიროებს მთავრობის წინასწარ თანხმობას და მისი მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პროექტი სრულად შეესაბამება სამთავრობო პროგრამებსა და სტრატეგიულ დოკუმენტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები დაჯარიმდება მიღებული თანამონაწილეობის ორმაგი ოდენობით, რაც ფინანსურ რისკებს ზრდის და ორგანიზაციებს აიძულებს, თავი აარიდონ დამოუკიდებელ საქმიანობას.

„ჩვენთან ფაქტობრივად აკრძალულია ყველანაირი უცხოური დაფინანსებისა და დონაციის მიღება, ასევე სესხები. საერთაშორისო სესხებზე გაგვაფრთხილეს, შიდა ბაზარზე ბიზნესმენებს უკრძალავენ რეკლამის მოტანას, დონაციებიც აიკრძალა. რეალურად მივიღეთ ფინანსური მოგუდვის ასეთი ასპექტი.” ამბობს Formula TV-ის ჟურნალისტი სალომე უგულავა.

ეს არამხოლოდ დამოუკიდებელი კვლევისა და კრიტიკული ჟურნალისტიკის შეზღუდვას იწვევს, არამედ ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ პრინციპს, რომლის მიხედვითაც დაფინანსების მიღება და გამოყენება კონვენციის მე-11 მუხლით დაცული გაერთიანების თავისუფლების ნაწილია.

ქართულ კანონმდებლობასა და რუსულ ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონს შორის პარალელის გავლება შემთხვევითი არ არის — ეს ორი სისტემა თითქმის იდენტური ლოგიკით მუშაობს. რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონი თავდაპირველად საზოგადოებასაც სწორედ „გამჭვირვალობის“ იდეით წარუდგინეს. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მოქალაქეებს უნდა სცოდნოდათ, ვინ ფინანსდებოდა უცხოეთიდან და ვინ ახდენდა გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა პრაქტიკაში კანონი მალევე გადაიქცა იარლიყების დაწებების მექანიზმად, რომელმაც დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები სახელმწიფოს თვალში ეჭვმიტანილებად აქცია. საქართველოში მოქმედი კანონი იმავე პრინციპს ეყრდნობა: ის არ კრძალავს საქმიანობას პირდაპირ, მაგრამ ქმნის ისეთ სამართლებრივ გარემოს, სადაც უცხოურ დაფინანსებას ავტომატურად თან სდევს ეჭვი, კონტროლი და საჯარო სტიგმა.

რუსული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი კანონები იშვიათად ჩერდება საწყის ეტაპზე. თავდაპირველად რეგისტრაციისა და ანგარიშგების მოთხოვნები შედარებით „ტექნიკური“ ჩანს, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი ფართოვდება და მკაცრდება. რუსეთში რეგისტრაციის ვალდებულებას დაემატა სპეციალური აღნიშვნების გამოყენება ყველა პუბლიკაციაზე, შემდეგ კი — ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები. საბოლოოდ, ბევრი ორგანიზაცია იძულებული გახდა საქმიანობა შეეწყვიტა, რადგან მუდმივ ანგარიშგებას, ჯარიმებსა და საზოგადოებრივ წნეხს ვერ უძლებდა. საქართველოს შემთხვევაში სწორედ ეს პროგრესიული გამკაცრებაა ყველაზე შემაშფოთებელი — უკვე პირველივე ეტაპზე კანონში გაჩნდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმები, რაც ავტორიტარული პრაქტიკის კლასიკური ნიშანია.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, „ბალანსისა“ და „მიუკერძოებლობის“ სავალდებულო მოთხოვნით, ასევე იმეორებს უნგრეთისა და რუსეთის პრაქტიკას, სადაც ბუნდოვანი სტანდარტები მარეგულირებელი ორგანოების ხელში ცენზურის ინსტრუმენტად იქცა. რეგულაციებიავალდებულებსმაუწყებლებს, თითოეულგადაცემაშიანგადაცემათაციკლშიუზრუნველყონბალანსი.

„ტერმინოლოგიის კონტროლიც შეგვახსენეს — „რეჟიმი“, „არალეგიტიმური ხელისუფლებადა მსგავსი სიტყვები პოტენციურად დაჯარიმებად ჩაითვალა, ხოლო განმეორების შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერების რისკიც არსებობს.” - ამბობს სალომე უგულავა.

ამასთანავე, კანონის ტექსტში გამოიყენება ბუნდოვანი და სამართლებრივად გაურკვეველი ფორმულირებები, როგორიცააგანსხვავებული მოსაზრების არასწორი ინტერპრეტაციაანპროგრამაში არმონაწილე ჯგუფებზე თავდასხმა“. ასეთი დაუზუსტებელი ტერმინები კომუნიკაციების კომისიას აძლევს ფართო დისკრეციას, რაც განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, როცა კომისია არაერთხელ შემჩნეულა შერჩევითი სანქცირების და კრიტიკული მედიასაშუალებებისათვის არაპროპორციული ჯარიმების დაკისრებაში.

მედიის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა სასამართლო სისტემაშიც. 2025 წლის 26 ივნისს მიღებული ცვლილებით აიკრძალა ვიდეო, ფოტო და აუდიო ჩაწერა არამხოლოდ სასამართლო დარბაზში, არამედ სასამართლოს შენობასა და ეზოშიც. მედიისთვის ინტერვიუს ჩაწერა ან პროცესის ფიქსირება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, რადგან ამის უფლება მხოლოდ სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ეკუთვნის. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება მოკლებულია სასამართლო პროცესების პირდაპირ, ობიექტურ და კრიტიკულ გაშუქებას.

ბოლო წლებში საქართველოში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ის გარემო, რომელშიც მედია და კრიტიკული ჟურნალისტიკა მუშაობს. ამ ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შედეგი არისSLAPP-სარჩელების ზრდა. ეს არის სასამართლო დავები, რომლებიც რეალურად არა სამართლიანობის აღდგენას, არამედ კრიტიკული ხმების დაშინებასა და გაჩუმებას ემსახურება.

SLAPP — ანუ სტრატეგიული სარჩელები საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ — ხშირად მიმართულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გააშუქეს საჯარო ინტერესის მქონე საკითხები. სასამართლო პროცესი ამ შემთხვევაში ხდება ზეწოლის ინსტრუმენტი: იგი მოითხოვს დიდ დროსა და ფინანსურ რესურსებს. ამგვარი სარჩელების მთავარი ეფექტი სწორედ შიშის შექმნაა. ჟურნალისტი ან რედაქცია შეიძლება იძულებული გახდეს, თავი აარიდოს გარკვეული თემების გაშუქებას, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები არ შეექმნას. შედეგად, ჩნდება თვითცენზურა — მედია აღარ ამბობს ყველაფერს, რასაც უნდა ამბობდეს, და საზოგადოება ნაკლებ ინფორმაციას იღებს იმ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ ეხება ხელისუფლების, ბიზნესის ან გავლენიანი ჯგუფების პასუხისმგებლობას.

როგორც იურისტი და საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი თამარ კორძაია განმარტავს, საქართველოში SLAPP-სარჩელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი არ ითვალისწინებენ საჯარო პირის სტატუსს.
„SLAPP სარჩელები საქართველოში პრობლემაა, რადგან ისინი უგულვებელყოფენ საჯარო პირთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და ჟურნალისტს აკისრებს ისეთ პასუხისმგებლობას, როგორიც კერძო პირის შემთხვევაში იქნებოდა. ბალანსი ირღვევა — საჯარო პირის მიმართ კრიტიკის ზღვარი უფრო მაღალი უნდა იყოს,“ — ამბობს კორძაია.

ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა ამ საკითხზე მკაფიოა: დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელება და საჯარო საკითხებზე კრიტიკული დისკუსია განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ მეტი თავისუფლება მაშინ, როცა ისინი საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია პოლიტიკოსებზე, მაღალჩინოსნებსა და გავლენიან ფიგურებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება თვითცენზურის რისკი, მცირდება საჯარო დებატების ხარისხი და ვიწროვდება სივრცე, სადაც ხელისუფლებისა და ძალაუფლების მქონე პირების კრიტიკა შესაძლებელია. SLAPP-სარჩელები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩუმად და შეუმჩნევლად მოქმედებს, საბოლოოდ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს — თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას.

მედიის თავისუფლება მხოლოდ სიტყვებით არ იზომება — ის იმით განისაზღვრება, რამდენად დაცულია ჟურნალისტი მაშინ, როცა შეცდომას უშვებს, ძალაუფლებას აკრიტიკებს ან სენსიტიურ თემებზე მუშაობს. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, არის თუ არა სახელმწიფო რეალურად დემოკრატიული.კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა შეასუსტა ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ჟურნალისტებს იცავდა და მათ მუშაობის საშუალებას აძლევდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო„კვალიფიციური პრივილეგიის“ გაუქმება — მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტს იცავდა მაშინ, როცა ის კეთილსინდისიერად მუშაობდა, ინფორმაციას ამოწმებდა და საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურებოდა, თუნდაც შეცდომა დაეშვა.

ძველი წესრიგით, ჟურნალისტს შეეძლო პასუხისმგებლობისგან ნაწილობრივ გათავისუფლება, თუ დაამტკიცებდა, რომ ინფორმაცია გონივრულად გადაამოწმა, არ ჰქონდა ვინმეს დაზიანების განზრახვა და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ცდილობდა მის გამოსწორებას. ახალი რეგულაციებით ეს დაცვა გაუქმდა. ახლა ჟურნალისტმა უნდა დაამტკიცოს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სრულად და უტყუარად მართალია.

„ადრე ასეთი სტანდარტი იყო — ჟურნალისტს უნდა დაემტკიცებინა, რომ ყველაფერი გააკეთა ყალბი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად. ახლა ჟურნალისტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ინფორმაცია მართალია. ეს ბალანსს არღვევს,“ — ამბობს თამარ კორძაია.

ევროპის ბევრ ქვეყანაში — მაგალითად, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში — სასამართლოები ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ იმუშავა ჟურნალისტმა და რა იყო მისი მიზანი. განსხვავებული სურათია ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და აზერბაიჯანი, სადაც პასუხისმგებლობა თითქმის მთლიანად ჟურნალისტზე გადადის და კრიტიკული მედია მუდმივი ზეწოლის ქვეშ ექცევა. საქართველოში მიღებული ცვლილებები უფრო ამ მეორე მოდელს უახლოვდება.

მედიისთვის კიდევ უფრო შემზღუდავი გახდა ცილისწამების განმარტების შეცვლაც. კანონიდან ამოღებულია სიტყვები „პირისთვის ზიანის მიმყენებელი“, რაც ნიშნავს, რომ ახლა ნებისმიერი არსებითად მცდარი ინფორმაცია შეიძლება ცილისწამებად ჩაითვალოს — მაშინაც კი, თუ რეალური ზიანი არ დადასტურდა. ეს ზრდის სარჩელების რაოდენობას და მედიისთვის მუდმივ სამართლებრივ რისკს ქმნის.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტური წყაროს დაცვის გაუქმება — პრინციპი, რომელიც თავისუფალი მედიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენს წარმოადგენდა. იქ, სადაც ადრე წყაროს გაუმჟღავნებლობა ჟურნალისტის პროფესიული უფლება და მოვალეობა იყო, დღეს სასამართლოს შეუძლია ეს ფაქტი თავად ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენოს. ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, წყაროს დაცვა მედიის თავისუფლების ქვაკუთხედად მიიჩნევა. საპირისპიროდ, რუსეთისა და ბელარუსის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ დაცვის მოშლა ეტაპობრივად ანგრევს ინფორმაციის მიღების არხებს, აქრობს ნდობას ჟურნალისტსა და წყაროს შორის და საბოლოოდ საზოგადოებასინფორმაციის გარეშე ტოვებს.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹-ე მუხლის შინაარსი და მისი პრაქტიკული გამოყენება. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს საჯარო თანამდებობის პირების, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეების შეურაცხყოფისთვის და დეტალურად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც ეს დაცვა ეხება. მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, არამედ ადმინისტრაციული სისტემის თითქმის ყველა რგოლზე — საჯარო მოსამსახურეებზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებზეც.

კანონი კრძალავს „სიტყვიერ შეურაცხყოფას“, „ლანძღვა-გინებას“, „შეურაცხმყოფელ გადაკიდებას“ და „სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას“, თუმცა ამ ცნებებს მკაფიო სამართლებრივი საზღვრები არ აქვს. შედეგად, რეგულაცია ტოვებს ფართო სივრცეს ინტერპრეტაციისთვის და აძლევს სახელმწიფოს შესაძლებლობას, კრიტიკული ან ემოციური პოლიტიკური გამოხატვა სამართალდარღვევად შეაფასოს.

მუხლით გათვალისწინებული სანქციები განსაკუთრებით მკაცრია. პირველად შემთხვევაში ჯარიმა მერყეობს 1500–4000 ლარამდე ან ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე, ხოლო განმეორებითი დარღვევისას — 2500–6000 ლარამდე ჯარიმას ან 5–60 დღემდე პატიმრობას. დამატებით, შესაძლებელია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით. ასეთი სანქციების სიმკაცრე მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. შემკავებელ ეფექტს და მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს აფრთხილებს, რომ საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკამ შეიძლება მძიმე სამართლებრივი შედეგები გამოიწვიოს.

ეს მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ სტანდარტებს. სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ნეიტრალურ ან თავშეკავებულ გამონათქვამებს, არამედ ისეთ სიტყვებსაც, რომლებიც შეიძლება იყოს მკვეთრი, ემოციური, შოკისმომგვრელი ან შეურაცხმყოფელიც კი. განსაკუთრებით მკაფიოა სასამართლოს პოზიცია საჯარო პირების მიმართ: პოლიტიკოსებსა და საჯარო თანამდებობის პირებს ეკისრებათ უფრო მაღალი თმენის ვალდებულება, რადგან ისინი საზოგადოებრივი დებატების ცენტრში მოქმედი ფიგურები არიან. მკაცრი სანქციების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში — მაშინ, როდესაც გამოხატვა აშკარად სცდება კრიტიკის ფარგლებს და მიზნად ისახავს მძიმე და გაუმართლებელ დამცირებას.

აღსანიშნავია, რომ ეს ნორმა პრაქტიკაში უკვე გამოიყენება პოლიტიკური გამოხატვის წინააღმდეგ. მაგალითად, მასზე დაყრდნობით, 4000-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ პირებს იმის გამო, რომ მათქართული ოცნებისპარლამენტის დეპუტატებს სოციალურ ქსელებშიმონაუწოდეს. ამასთანავე, სასამართლომ აქტივისტს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა იმის გამო, რომ მან ზუგდიდის მერიის თანამშრომელს ფეისბუქკომენტარებშიფოჩო“ (მეგრულადბრიყვი“, „შტერი“) დატვინგე“ (მეგრულადუჭკუო“, „ჩერჩეტი“) უწოდა. მედიის ადვოკატირების კოალიციის ანგარიშის მიხედვით, ამ სიტყვებს არ ჰქონიათ ძალადობრივი მოწოდების ან უხამსი შინაარსის ნიშნები, ისინი გამოხატავდნენ პოლიტიკური შეფასების ან ემოციური პასუხის ფორმას და შედიოდნენ დასაშვები კრიტიკის ფარგლებში. ამის ფონზე, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Chkhartishvili v. Georgia ხაზს უსვამს, რომ არაძალადობრივი პროტესტის ფორმაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება არაპროპორციულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქცევა უკავშირდება საჯარო საკითხზე პოზიციის გამოხატვას.

მსგავსიშეურაცხყოფისნორმები კარგად არის ცნობილი ავტორიტარული ქვეყნების პრაქტიკიდან. მაგალითად, რუსეთში საჯარო ხელისუფლებისდაუფასებლობისანსახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფისმუხლები აქტიურად გამოიყენება კრიტიკული მოქალაქეების, ბლოგერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ანალოგიური რეგულაციები მოქმედებს აზერბაიჯანსა და ბელარუსშიც, სადაც ბუნდოვანი ფორმულირებები და მკაცრი სანქციები საჯარო დისკუსიის ჩახშობის ინსტრუმენტად იქცა.

აღნიშნული მუხლის ასეთი ფართო და მკაცრი გამოყენება რეალურ საფრთხეს ქმნის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებისთვის. რეგულაცია, მკაცრი სანქციების და დაუზუსტებელი კრიტერიუმების გამო, ქმნის მსუსხავ ეფექტს და ხელს უწყობს კრიტიკული სიტყვით გამოსვლის შეზღუდვას.

ამ ცვლილებათა ერთობლიობა ქმნის მძიმე, სქელ საკანონმდებლო ქსელს, რომელიც ერთდროულად ზღუდავს მედიის ფინანსურ რესურსებს, საინფორმაციო საქმიანობის ფარგლებს, პროფესიულ უსაფრთხოებასა და სასამართლო პროცესებზე ხელმისაწვდომობას. შედეგად, საქართველოში დამოუკიდებელი მედიისთვის არსებითი აღმოჩნდა არამხოლოდ პოლიტიკური წნეხი, არამედ ისეთი სამართლებრივი რეალობა, რომელიც ზოგჯერ თავად ხდება კრიტიკული აზრის გაჩენისა და საზოგადოებრივი დებატების შეფერხების ინსტრუმენტი.

ყველა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღებას ხელისუფლება უმთავრესად მისი აუცილებლობით ან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების ამაღლებით ამართლებდა. თუმცა აუცილებელია მათი სრულ კონტექსტში შესწავლა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, თუ რა დროსა და პირობებში იქნა ეს ცვლილებები მიღებული. შესაძლებელია დავასკვნათ, რომ თითოეული მათგანი უარყოფითად აისახება მედიის თავისუფალ და დამოუკიდებელ მუშაობასა და გაშუქებაზე

მედიაზე ზეწოლა საქართველოში ახალი მოვლენა არ არის და სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა ფორმით არსებობდა. როგორც თამარ კორძაია ამბობს, სარეკლამო ბაზარი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანწილად კონტროლდებოდა ხელისუფლების მხრიდან, რაც პირდაპირ აისახებოდა მედიაკონტენტზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია კითხვა, რამდენად თავისუფალია ბიზნესი საკუთარი რეკლამის განთავსების გადაწყვეტილებაში და რამდენად დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები შედის მედიაში, როგორც ეკონომიკურ სექტორში. როდესაც სარეკლამო შემოსავლები პოლიტიკურ გავლენას ექვემდებარება, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაც საფრთხის ქვეშ დგება.

ზეწოლის ფორმები მხოლოდ ეკონომიკურ ჩარჩოში არ შემოიფარგლება. სალომეს თქმით ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება მრავალმხრივი საფრთხის წინაშეა — მათ შორისაა თვალთვალი, მიყურადება და ფიზიკური ძალადობა. პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ მსგავს შემთხვევებს ხშირად არ იძიებენ, ხოლო დაუსჯელობა პრაქტიკულად ახალ ძალადობას ახალისებს. ამას ემატება ვერბალური აგრესია, საჯარო შეურაცხყოფა და მიზანმიმართული თავდასხმები, განსაკუთრებით მათ მიმართ, რომლებიც ფართო აუდიტორიაზე გავლენას ახდენენ და ხელისუფლებისთვის არასასურველ ნარატივებს ავითარებენ.

საკანონმდებლო ცვლილებების ტემპი ხშირად იმდენად სწრაფია, რომ თვალ-ყურს დევნა ზოგჯერ ჟურნალისტებსაც კი უჭირთ ყველაფერი კი მიუთითებს იმისკნ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მკვეთრ ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს. ,,თითოეულ ასპექტში ცალ-ცალკე ჩასვლა ძალიან რთულია, რადგან ისეთი ეგზისტენციალური საკითხები დგას, რომ თითოეული მათგანი ცალკე იქნებოდა სკანდალური. უბრალოდ დრო და რესურსი არ გვყოფნის, რომ რომელიმე ერთზე კონცენტრირდეთ“ - ამბობს სალომე უგულავა.

თითოეული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მოსახლეობაში ინფორმაციის ფრაგმენტაციას, ინსტიტუტების დისკრედიტაციას, ნდობის შემცირებას, ნიჰილიზმის გაღვივებასა და პოლარიზაციის გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში სოციალური კაპიტალის შემცირებას გამოიწვევს. შედეგად შესაძლოა მივიღოთ საინფორმაციო სივრცის მონოპოლია, სადაც საზოგადოება, რომელიც უკვე ისედაც მოწყვლადია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ, კარგავს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ფუნდამენტურ უფლებას — მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ინფორმაცია

2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობა მკაფიოდ აჩვენებს ტენდენციას — სახელმწიფოს მიერ მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე და გამოხატვის თავისუფლებაზე კონტროლის გაძლიერებას. ეს ცვლილებები ქმნის გარემოს, სადაც კრიტიკული ხმა თანდათან იზღუდება, ხოლო საჯარო სივრცე ვიწროვდება — ზუსტად იმ გზით, რაც რეგიონში ავტორიტარული რეჟიმების კონსოლიდაციისას არაერთხელ გვინახავს.