DATA149.1.19

Logo

„ჩემთვის დები იშხნელები უფო როკენროლია ვიდრე…“ - ქართული როკ მუსიკა

ანანო ომაძე

 

თუ წელს Tbilisi Open Air-ზე იყავით, ალბათ გახსოვთ ის მომენტი, როცა სცენის წინ უამრავი ადამიანი ერთდროულად მღეროდა. იმ რამდენიმე წუთში თითქოს მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა,  ყველას მუსიკა აერთიანებდა. 

ახლა ეს ყველაფერი დაივიწყეთ.

წარმოიდგინეთ თბილისი, 1970-იან წლებში. სუსტი ნათურა, ვიწრო სარდაფი, თვითნაკეთი აპარატურა და რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც უკრავენ მუსიკას.  იმ დროს, როცა ელექტროგიტარა თავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა,  ხოლო ამ მუსიკის საჯაროდ გაჟღერება ყოველთვის სასურველი არ იყო. 

პირველად, ბევრი საინტერესო რამ ქართულ როკზე დახლოებით 7 თვის წინ გავიგე, როდესაც ერთ-ერთ იუთუბპოდკასტს ვუმენდი.  მახსოვს, მაშინვე ჩემს პატარა წიგნაკში როგორ  მოვინიშნე ეს თემა (ზოგადად, როგორც ჟურნალისტი როდესაც საინტერსო თემას აღმოვაჩენ ან სტატიის იდეა მომივა გონებაში, ყოველთვის ამ  წიგნაკში  ვინიშნავ ხოლმე, რომ არ დამავიწყდეს) და შევინახე საჭირო მომენტისთვის.  ჩემი იდეების ბანკს ვეძახი ხოლმე ამ წიგნაკს, ხოდა დიდხანს ელოდა ეს იდეაც თავის რიგს, რომ ამაზე დამეწერა. ეს დროც დადგა. 

მინდა თავიდანვე გაგაფრთხილოთ, ეს სტატია არ იქნება ზედაპირული მიმოხილვა, რესპოდენტთან საუბარი უფრო სიღრმისეული აღმოჩნდა, ვიდრე მე ველოდი. პირველ რესპონდენტს, რომელსაც დავუკავშირდი არის ლექსო მაჭავარიანი. როდესაც  ინტერვიუზე დამთანხმდა, პირველი შეკითხვა, რაც მან დამისვა იყო: „რას გვულისხმობთ ქართულ როკში?“

თითქოს უბრალო და მარტივი შეკითვაა, მაგრამ კომპლექსური. მისმა კითხვამ ღრმად  დამაფიქრა და მომცა ინსპირაცია დამეწერა - რა არის ქართული როკი?  მისი ისტორიის შესახებ მომეყოლა.  

როგორც დასაწისში აღვნიშნე,  მაშინ  როკი საქართველოში მხოლოდ მუსიკალური ჟანრად არ ითვლებოდა, ის წინააღმდეგობის ფორმაც იყო. იმის თქმის საშუალება, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობდნენ.

თუმცა, ლექსო  მიიჩნევს, რომ ამ წარმოდგენას დღეს ხშირად ცოტათი ვარომანტიზებთ-ხოლმე: „სტერეოტიპია, რომ როკი აუცილებლად პროტესტთან და თავისუფლებასთან ასოცირდება. ადვილია, „დისტორშენიანი“ საუნდი პროტესტად მოგვეჩვენოს. როგორც ახლა, ისე საბჭოთა დროს როკი ზოგისთვის პროტესტი იყო და ზოგისთვის  უბრალოდ საუნდი.“

საბჭოთა სივრცეში დასავლური კულტურა ყოველთვის ეჭვის თვალით აღიქმებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე როკს ეხებოდა. გრძელი თმა, ჯინსი, ელექტროგიტარა და თავისუფლების შესახებ დაწერილი ტექსტები ხშირად საკმარისი მიზეზი ხდებოდა, რომ მუსიკოსები ხელისუფლების ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყვნენ.

თუმცა, რაც უფრო მკაცრი იყო აკრძალვები, მით უფრო ძლიერდებოდა ამ მუსიკის არსებობის  სურვილი.  

სწორედ ამიტომ, ქართულ როკს თავიდანვე განსხვავებული ბიოგრაფია აქვს.

ქართულმა როკმა არსებობა სარდაფებში, სტუდიებში, სტუდენტურ კლუბებსა და მცირე სცენებზე დაიწყო, სადაც მუსიკოსები ხშირად იმაზე მეტს ამბობდნენ, ვიდრე სიმღერის ტექსტში ეწერა.

დღეს, ათწლეულების შემდეგ, ქართული როკი ისევ არსებობს, თუმცა უკვე სხვა რეალობაში.

შეიცვალა მსმენელი.

შეიცვალა მუსიკის მოსმენის ფორმაც.

თუმცა ერთი კითხვა ისევ აქტუალურია:

რა დარჩა იმ მოძრაობიდან, რომელიც ოდესღაც თავისუფლების ენად იქცა?

ამ კითხვაზე პასუხის ძიება ქართული როკის ისტორიაში დაბრუნების გარეშე შეუძლებელია.

როდესაც ქართულ როკზე საუბრობენ, ხშირად მხოლოდ ცნობილ ჯგუფებს იხსენებენ, მაგრამ ამ ჟანრის ისტორია ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სიმღერები შეიქმნებოდა.

1960-70-იან წლებში დასავლური მუსიკა საქართველოში ფირფიტებით, რადიოს ტალღებითა და ერთმანეთისგან გადაწერილი კასეტებით აღწევდა. მაშინ ახალი ალბომის მოსმენა ზოგჯერ ნამდვილ თავგადასავალს ჰგავდა,  ვიღაც უცხოეთიდან ჩამოიტანდა ჩანაწერს, შემდეგ ის ხელიდან ხელში გადადიოდა, იწერებოდა, ხარისხს კარგავდა, მაგრამ მნიშვნელობას - არასდროს.

 იმ მუსიკასთან ერთად საქართველოში ახალი იდეებიც შემოდიოდა - თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, პროტესტი.

საკმარისი იყო, ერთხელ მოგესმინა The Beatles, Led Zeppelin, Deep Purple ან Pink Floyd, რომ გაგეგო, ეს მხოლოდ მუსიკა აღარ იყო, ეს იყო იმ სამყაროს ხმა, სადაც თავისუფლებას ხმამაღლა მღეროდნენ. საქართველოშიც გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ამ მუსიკის მხოლოდ მოსმენა აღარ იკმარეს. მათ უნდოდათ, თვითონაც დაეკრათ.

თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

საბჭოთა კავშირში როკი ხშირად „იდეოლოგიურად მავნე” მუსიკად მიიჩნეოდა. ოფიციალურ სცენაზე მოხვედრა თითქმის შეუძლებელი იყო, ხოლო ბევრ მუსიკოსს კონცერტების ჩატარებაც კი სხვადასხვა შეზღუდვის პირობებში უხდებოდა. მიუხედავად ამისა, აკრძალვებმა ვერ შეძლო იმის შეჩერება, რაც უკვე დაწყებული იყო.

როდესაც ამ პერიოდის გავლენაზე ვკითხე ლექსოს, მითხა, რომ ცენზურამ ქართული მუსიკა  უფრო დააზიანა, ვიდრე გააძლიერა. „პოსტფაქტუმ შეიძლება ვთქვათ, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, მაგრამ საბჭოთა ცენზურამ უფრო დაგვაზარალა, ვიდრე პირიქით.“ მისი თქმით, ქართველ მუსიკოსებს დასავლური მუსიკის მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდათ ხელმისაწვდომი: „მარტო ნაღები მოვხსენით – ზედაპირზე რაც იყო. ისიც დამალვით და უკანა გზებით.“

რაც უფრო რთული ხდებოდა დაკვრა, მით უფრო მეტი ადამიანი ცდილობდა საკუთარი ჯგუფის შექმნას.

საქართველოში ნელ-ნელა გაჩნდა მუსიკოსების თაობა, რომელიც დასავლური გავლენების კოპირებას აღარ სჯერდებოდა. ისინი ქართულ რეალობაზე წერდნენ, ქართულად მღეროდნენ და ცდილობდნენ, საკუთარი ჟღერადობა შეექმნათ.

თუმცა, როგორც ლექსომ აღნიშნა, დასავლური გავლენა ქართული როკისთვის არც მაშინ და არც დღეს დასრულებულა: „დასავლური მუსიკის გავლენა იყო ყოველთვის, არის ახლაც და, სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება. საინტერესო ის არის, რომ დღეს უკვე ქართული მუსიკის გავლენაც არსებობს.“

80-იანების ბოლოს გამოჩენილ ქართველ არტისტებს წინა თაობასთან ბმა არ ჰქონიათ,არც მუსიკალურად, არც იდეოლოგიურად, ცარიელი ფურცლიდან დაიწყეს. იმიტომ, რომ იყო ერთი მხრივ იყო  ოფიციალური, ფილარმონიის ანსამბლები და მეორე მხრივ, იატაკქვეშეთში ჰარდ როკ და ჰევი მეტალ ჯგუფები, რომლებიც ძირითადად ქავერებს უკრავდნენ ან დაუფარავად ეპიგონობდნენ.  დღევანდელ ქართულ ალტერნატიულ სცენას აქვს ფუფუნება, რომ უკვე არსებულ ტრადიციას დაეყრდნოს და გააგრძელოს – „რომ გამოვკითხოთ ამ სცენაზე დღეს მოღვაწე არტისტები, უმეტესობა, დასავლურ მუსიკასთან ერთად, სწორედ 80-90-იანების ქართულ მუსიკას დაასახელებს, რამაც მასზე გავლენა მოახდინა და ეს ძალიან კარგია, მესამე თუ მეოთხე თაობა შემოგვეზარდა უკვე,“ – აღნიშნა ლექსომ ინტერვიუში და ბოლოს  გაიღიმა. 

სწორედ ამ პროცესში იქცა როკი უბრალოდ უცხოურ მუსიკადან ქართულ მოვლენად. როკის ისტორიის მოყოლისას შეუძლებელია, გვერდი აუარო იმ ჯგუფებს, რომლებმაც ეს ჟანრი საქართველოში ჩამოაყალიბეს. ზოგიერთმა მათგანმა ფართო პოპულარობა მოიპოვა, ზოგიერთმა კი მხოლოდ მცირე წრის მეხსიერებაში დატოვა კვალი, თუმცა საერთო სურათში თითოეულს თავისი ადგილი აქვს. მათი რეპეტიციები ხშირად იმ ოთახებში ტარდებოდა, სადაც კედლები ხმის ჩამხშობ მასალას კი არა, ძველ ხალიჩები ეფარებოდა. ელექტროგიტარები ყველას არ ჰქონდა, აპარატურა ხშირად თვითონვე უნდა აეწყოთ, ხოლო ერთი გამაძლიერებელი ზოგჯერ მთელი ჯგუფისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო.

დღევანდელი მუსიკოსისთვის ეს შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს. მაშინ კი ჩვეულებრივი რეალობა იყო.

როკი საქართველოში ტექნიკური კომფორტის წყალობით არ განვითარებულა, პირიქით ის დეფიციტის, შეზღუდვებისა და მუდმივი წინააღმდეგობის პირობებში იზრდებოდა.

ალბათ ამიტომაცაა, რომ ბევრი მუსიკოსი იმ პერიოდს დღემდე არამხოლოდ მუსიკალურ, არამედ ადამიანურ სკოლადაც მიიჩნევს.

1990-იან წლებში ქვეყანასთან ერთად ქართული როკიც სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდა. საბჭოთა ცენზურა აღარ არსებობდა, მაგრამ მის ადგილას გაცილებით მძიმე პრობლემები გაჩნდა. ქვეყანაში ომი იყო. ეკონომიკური კრიზისი ყოველდღიურობად იქცა. ელექტროენერგია საათობით ითიშებოდა. მუსიკაზე ფიქრი ბევრისთვის ფუფუნებად ჩანდა. თუმცა სწორედ ამ წლებში შეიქმნა არაერთი სიმღერა, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

 თითქოს როკმა კიდევ ერთხელ იპოვა თავისი მთავარი ფუნქცია - იმაზე ლაპარაკი, რისი თქმაც ჩვეულებრივ საუბარში რთული იყო. ამ დროს ქართული როკი მხოლოდ გართობის ფორმა აღარ იყო.

წლები გავიდა. კასეტები ციფრულმა პლატფორმებმა ჩაანაცვლა, პატარა კლუბები - ფესტივალებმა, ხოლო რეპეტიციისთვის საჭირო აპარატურის შოვნა უკვე აღარ არის ისეთი რთული, როგორიც ოდესღაც იყო.

მაგრამ ერთი კითხვა მაინც დარჩა. თუ ოდესღაც როკი თავისუფლების სიმბოლო იყო, რას ნიშნავს ქართული როკი დღეს?

საინტერესოა, რომ ამ კითხვას თავად ლექსო მაჭავარიანი სხვაგვარად უყურებს: „მე საერთოდ არ ვიყენებ ტერმინს „ქართული როკი“, როკი ზოგისთვის პროტესტია, ზოგისთვის კი უბრალოდ ჟანრი.“ მისი აზრით, ბევრად მნიშვნელოვანია რაზე ვსაუბრობთ მუსიკალურ ჟანრზე, პროტესტზე თუ შემოქმედებით დამოკიდებულებაზე. სწორედ ამიტომ, ამბობს: „ჩემთვის დები იშხნელები უფროა როკენროლი, ვიდრე, მაგალითად, ბერმუხა, ბაჩი ქიტიაშვილისადმი პატივისცემის მიუხედავად.“

ალაბათ, ქართული როკის არსი, სხვაგან უნდა ვეძებოთ, რადგან ამ კითხვაზე ერთი პასუხი არც არსებობს.

სხვადასხვა თაობისთვის ქართული როკი სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ვიღაცისთვის ის საბჭოთა ცენზურის წინააღმდეგ ჩუმი პროტესტია, ვიღაცისთვის 90-იანი წლების ქაოსის საუნდტრეკი, ზოგისთვის ჟანრი, სხვებისთვის კი თანამედროვე კლუბებში, მცირე სცენებსა და ფესტივალებზე შექმნილი ახალი მუსიკა.

შეიცვალა ეპოქა, შეიცვალა ინსტრუმენტები, შეიცვალა ის გზაც, რომლითაც მუსიკა მსმენელამდე აღწევს, თუმცა უცვლელი დარჩა ერთი რამ - სურვილი თქვა სათქმელი ისე, როგორც სხვები ვერ იტყვიან. ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ ეტევა ქართული როკი მხოლოდ  ერთ მუსიკალურ ჟანრში. ის ერთდროულად არის ისტორია, პროტესტი, თავისუფლების ძიება და მცდელობა, საკუთარი ადგილი იპოვო მუდმივად ცვალებად საზოგადოებაში.

დღეს, როცა სიმღერის ატვირთვას რამდენიმე წუთი სჭირდება და მსმენელამდე მისასვლელი გზებიც გაცილებით მოკლეა, თითქოს ყველაფერი უფრო მარტივია. მაგრამ ახალი გამოწვევებიც გაჩნდა,  როგორ შეინარჩუნო საკუთარი იდენტობა იქ, სადაც ყოველდღე ათასობით ახალი მუსიკა ჩნდება?

ყოველი ახალი ბენდი, ყოველი ახალი ტექსტი და ყოველი კონცერტი ამ ისტორიას კიდევ ერთ თავს ამატებს.

და, ალბათ, ქართული როკიც სწორედ ეს არის,  არა მხოლოდ ის, რაც უკვე დაიწერა, არამედ ისიც, რაც ჯერ კიდევ დასაწერია.

 

18 June 2026

ფესვები