DATA149.1.19

Logo

პატარა მცენარე დიდი პრობლემებით- მარიხუანას მოხმარების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ანი ბერიძე

 

– სურვილი, სათანადო სანაცნობო წრე, თანხა 150 ლარის ექვივალენტში და შენ უკვე 3 გრამი მარიხუანას „იღბლიანი“ მფლობელი ხარ. ახლა შენ უკვე შეგიძლია დაივიწყო ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, გაექცე მოსაბეზრებელ, არასასურველ რეალობას და სიამოვნების, ეიფორიის რამდენიმე საათიან მორევში გადაეშვა. ეს სიტყვები ძვირადღირებული რეკლამის ტექსტს უფრო ჰგავს, ვიდრე ნარკოტიკული საშუალების ანოტაციას, მაგრამ რეალობა ასეთია.   იმ დროის განმავლობაში, სანამ მარიხუანა მთელ შენს ორგანიზმში იკავებს ადგილს და შენი ორგანოები კვამლში ეხვევა, შენ გრძნობ მხოლოდ სიამოვნებას, მოდუნებას და ბედნიერების განცდით ივსები.  შენ არ გაინტერესებს არავინ და არაფერი, მაგრამ ამ მდგომარეობაში  დიდი ალბათობით მარტო არ ხარ. პარალელურად შენთან ერთად ამ რამდენიმესაათიან გამოგონილი სამყაროში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ნარკოტიკული ნივთიერებების კომისიის OOH-ის ცნობით, რომელიც მარიხუანასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს და   ამ ნარკოტიკის სტატისტიკას გვაწვდის  მსოფლიოს მასშტაბით, სინამდვილეში მსოფლიოში ადამიანების 3,9% ყოველდღიურად მოიხმარს მარიხუანას.  სტატისტიკა საკმაოდ მაღალია საქართველოშიც.ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ „ალტერნატივა ჯორჯიასა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 15.9% აღიარებს, რომ კანაფი იგივე მარიხუანა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია.

ისმის კითხვა რა არის ეს ნივთიერება, რომელიც დროს აჩერებს და ორგანიზმში ერთგვარ ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებს. მარიხუანა, როგორც  სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალება უძველესი დროიდანაა ცნობილი.  ის შეიცავს ოთხასზე მეტ ქიმიურ ნაერთს, თუმცა მთავარი მოქმედი ნივთიერება, რომელიც მათრობელა ეფექტს ქმნის არის კანაბიონიდი. ბუნებაში დაახლოებით სამოცი სახის კანაბიონიდი არსებობს, მათგან ყველაზე მოქმედე დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლია. მასში შემავალი კომპონენტები ტეტრაჰიდროკანაბინოლი და კანაბიდიოლი ფსიქოტროპული ნივთიერებებია. მარიხუანას მოხმარებისას ტეტრაჰიდროკანაბინოლი ხვდება სისხლში, საიდანაც სწრაფად მიეწოდება ყველა ორგანოთა სისტემას. მისი მოქმედება გრძელდება მოწევიდან 3-4 საათის განმავლობაში. მინიმალური ტოქსიკური დოზაა 25 მგ/კგ სხეული წონაზე, სასიკვდილო ზოდა კი 2,16 მ/კგ. თუმცა ამ მონაცემებით ადამიანმა უნდა მოწიოს 60 გ მარიხუანა THC 5 % შემცველობით ან შეჭამოს 1-2 კგ ბალახი, რათა მოხდეს ინტოქსიკაცია და დაფიქსირდეს სიკვდილი. ანაფს, იგივე მარიხუანას, დიდი ისტორია აქვს. მისი მოხმარება ყოველთვის აქტიური მსჯელობის საგანი იყო. არ არსებობს ცალსახა აზრი ცუდია თუ კარგია მისი გამოყენება.

ერთნი ამბობენ, რომ ის არაფრადაა სასმელზე ან თუნცაც სიგარეტზე საშიში, სხვები კი ემიჯნებიან ამ აზრს და აცხადებენ, რომ მარიხუანა ჩვეულებრივი ნარკოტიკია და ისეთივე დამანგრეველი ძალით მოქმედებს ადამიანზე, მის ორგანიზმსა და ნერვულ სისტემაზე.

დღესდღეობით მარიხუანა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი  აქტიური მსჯელობის საგანია, თუმცა განსაკუთრებულ დებატებს და ზოგჯერ ცხარე კამათსაც კი იწვევს თემა ღირს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა / ლეგალიზაცია. მარიხუანაზე მსჯელობა სწორედ ამ საკითხის განხილვით უნდა დავიწყოთ.

მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია “ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 37% ემხრობა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, 53% კი წინააღმდეგია. თბილისელების 10%-ს არ გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი მოსაზრება. რაც შეეხება სხვა მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს, თბილისის მოსახლეობის 29% თვლის, რომ უნდა იყოს დეკრიმინალიზებული.  აღნიშნული კვლევა არ იყო მასშტაბური, გამოიკითხა სულ რაღაც 400 ადამიანი, როგორც დადგინდა მათგან ორმოც მოქალაქეს არ გააჩნია პოზიცია და საკუთარი აზრი, რაც აღნიშნულ რაოდენობრივ კატეგორიაში საკმაოდ ხაზგასასმელი ფაქტია. ამ შემთხვევაში, ეს ორმოცი ადამიანი იმ ოცდაჩვიდმეტ პროცენტზე უფრო საყურადღებოა, ვინც დეკრიმინალიზაციის მომხრეა, რადგან მათ შეიძლება ამ ტერმინის განმარტებაც კი არ იციან. სწორედ აქ იჩენს თავს მთავარი პრობლემა, ინფორმაციული ვაკუუმი.  როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე, მის ავ-კარგიანობაზე, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს არ გააჩნია პოზიცია და აზრი ამ თემასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის დარეგულირებისთვის სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგას.  პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ ნარკომომხმარებელი კრიმინალი არ არის, თუ არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ ჩადის სხვა დანაშაულს, შესაბამისად ის კი არ უნდა დავსაჯოთ ციხეში გამომწყვდევით, არამედ უნდა ვუმკურნალოთ, ვიზრუნოთ და დავეხმაროთ ცხოვრების გასწორებაში.

მეორე უნდა გამკაცრდეს  საკანონმდებლო ნორმები და სამართალდაცვითი ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. მათ შორის ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ხელშეწყობის გათანაბრება ნარკოტიკულ დანაშაულთან. და მესმაე – პრევენცია, ბავშებთან და ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო მუშობა სკოლებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, უნდა იქცეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად ფრონტად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ლეგალიზაციაზე.

„მე ვემხრობი ამ ქმედებას ოღონდ არა მხოლოდ მარიხუანის არამედ ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის შენახვის დეკრიმინალიზაციას.

ბოლო წლებში მსოფლიო თანამეგობრობა, გაეროს და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ყალიბდებიან საერთო მიდგომაზე, რომ მხოლოდ რეპრესიებით ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანს ვერ შევამცირებთ რომ საჭიროა ე.წ. ოთხსვეტიანი მიდგომა: რომელიც მოიცავს: პრევენციას, მკურნალობას, ზიანის შემცირების და სამართალდამცავთა ქმედების ჰარმონიულ შეხამებას – ბალანსს; ამ მიდგომას იყენებს დღეს ყველა ის ქვეყანა რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია საზოგადოებაზე ნარკოტიკებით მიღებული ზიანის შემსუბუქების კუთხით. გარკვეულ შემთხვევებში მარიხუანას გააჩნია სამედიცინო მოხმარება (სიმსივნეების და სისტემური დაავადებების დროს ტკივილდამაყუჩებელ, სპაზმოლიზური და ანტიდეპრესანტული ქმედება).  არ მგონია რომ დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გაგებით შეხვდეს ამ ნაბიჯს, თუმცა მჯერა რომ ამის დროს მოვა“,- აცხადებს აკაკი ზოიძე.

ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას ხშირად ხდება დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის ცნებების ერთმანეთში აღრევა.  ამის მიზეზი საზოგადოების ცნობიერების დაბალ დონესთან ერთად ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტაკაცაა.

საქართველო ერთ-ერთი მკაცრი ნარკოპოლიტიკით გამოირჩევა რეგიონში. წლების განმავლობაში დაგროვებული მასალების განხილვით ცხადი ხდება, რომ კანონმდებლობა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ითვალისწინებს არასამართლიან და  არაპროპორციულ სასჯელს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს და ინტერესებს, როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ისე საერთაშორისო, კერძოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, იმ ქვეყნებისა, რომლისკენაც საქართველო უკვე წლების განმავლობაში მიილტვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის გარდა მარიხუანა დღესდღეობით არსად თავისუფალ გაყიდვაში არაა, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს ე.წ. „ტოლერანტობის ზღვარი“, რაც მარიხუანისა და ჰაშიშის მოხმარებას არ დევნის და არც განსაზღვრული რაოდენობით მათი შენახვა  მიიჩნევა კრიმინალად. ამასთანავე უკვე რამდენიმე წელია დასავლეთის ზოგიერ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანა ექიმის რეცეპტით გაიცემა, როგორც დამამშვიდებელი და ანტიდეპრესიული საშუალება.  

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრია ამ მხრივ, ვინაიდან მისი მოხმარება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. მარიხუანას მოხმარება პირადი სარგებლობისთვის პირველ ჯერზე ექვემდებარება 500-ლარიან ჯარიმას, მეორეზე- 2000ლარამდე ჯარიმას ან პატიმრობას, მესამე ჯერზე -11წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კანონმდებლობაში არაა ნარკოტიკები კატეგორიზებული მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად, ყველა ერთ ჯგუფშია გაყვანილი, რაც თავისთავად სასჯელის სწორად დარეგულირების პრობლემას წარმოშობს.

ნარკოპოლიტიკაში წინ გადადგმულ ნაბიჯად ახალი კანონპროექტი მოიაზრებოდა, რომლის მიხედვით მარიხუანის და კანაფის მცირე ოდენობით, 70 გრამამდე მოხმარება დასჯადი არ იქნებოდა. შემცირდებოდა ჯარიმებიც სავარუდოდ – 500-იდან 300 ლარამდე. ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას და კანაფის დიდი ოდენობა იქნებოდა 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად. თუმცა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ახალი კანონპროექტი დამკიცდა.  ჯარიმები არ შეცვლილა, კანაფის განაკუთრებული დიდი ოდენობა 1000 გრამის ნაცვლად კომიტეტზე წარმოდგენილი ვარიანტის მიხედვით  750 გრამია. პროექტში უცვლელი რჩება სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის პირი დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით  100-დან 160 საათამდე ვადით. ჯარიმა არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები. იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-400 საათამდე ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ხოლო, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პირი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ნარკოპოლიტიკასა და მის არაჰუმანურ, უსამართლო ქმედებებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი ირაკლი ჩალაძეც საუბრობს, და მიიჩნევს რომ მარიხუანას მოხმარების მიზეზით ადამიანის ციხეში ჩასმა არ ჯდება არანაირ კანონიერ ჩარჩოებში და ეს ქმედება აზიანებს არა მხოლოდ ამ ადამიანს, არამედ მთლიან სახელმწიფოს.

“დაუშვებელია ადამიანის ციხეში გაშვება აკრძალული  ნივთიერების მხოლოდ მოხმარების გამო, ეს გაუმართლებელია თუნდაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით რადგანაც სახელმწიფოს უჯდება უფრო მეტი ამ ადამიანის ციხეში შენახვა ვიდრე იმ შემთხვევაში თუ მას შესთავაზებენ რაიმე ალტერნატივას იქნება ეს მკურნალობა თუ რეაბილიტაცია. მეორე მხრივ, ციხეში მოხვედრილი ადამიანი განთავისუფლების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში აგრძელებს მოხმარებას, წყდება ოჯახს, წყდება სამსახურს, საზოგადოებას, ვეღარ რეინტეგრირდება საზოგადოებაში და ფაქტიურად ადამიანები, საზოგადოება, სახელმწიფო კარგავს ამ პიროვნებას. ამის ალტერნატივა კი შეიძლება იყოს  მკურნალობა თუ ეს ადამიანი არის წამალდამოკიდებული, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნაკლები დანახარჯი აქვს და შედეგიც გაცილებით ეფექტურია.ადამიანს ეძლევა შანსი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და გახდეს ჩვეულებრივი მოქალაქე.“

დღევანდელი კანონმდებლობის პირობებშიც შესაძლებელია ნარკოტიკების მოხმარების დეფაქტო დეკრიმინალიზაცია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავ თვლის, რომ საჭიროა ძალისმიერი და მკაცრი სანქციებით მიდგომა.

ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას ხშირად ხდება დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის ცნებების ერთმანეთში აღრევა. ამ თემის განხილვის პროცესში აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეს ორი ტერმინი.

დეკრიმინალიზაცია გულისხმობს მცირე რაოდენობის მარიხუანას ან სხვა რეკრეაციული ნარკოტიკების ფლობის გამო სასჯელის შემსუბუქებას ან გაუქმებას. დეკრიმინალიზებულ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გაყიდვა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია. მეორე მხრივ, ლეგალიზაცია ითვალისწინებს მარიხუანას ფლობის და პერსონალური გამოყენების აკრძალვის გაუქმებას. ლეგალიზაცია  არის კანონის ფარგლებში ისეთი საქმიანობის მოქცევა, რაც მანამდე უკანონო, აკრძალული ან მკაცრად რეგლამენტირებული იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ წარმომადგენლის განცხადებით მარიხუანას ლეგალიზება ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია. „ლეგალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად  შემცირდება მოთხოვნა ან საერთოდ გაქრება  ისეთ საშინელ ნარკოტიკებზე, როგორებიც არი ბიო ნარკოტიკები და რომელთა მოხმარებასაც  გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. ასევე ადამიანები, რომლებსაც არც მკურნალობა ჭირდებათ და არც არავის არაფერს უშავებენ, აღარ იქნებიან პოლიციის დევნის ობიექტები. ამით დაიზოგება სამარალდამცავთა როგორც ადამიანური ისე მატერიალური რესურსები ასევე ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მსჯავრის გამო ვერ ახერხებენ სოციალიზაციას, იქნებიან რეალიზებულნი და თავიანთ ოჯახებს და ქვეყანას სარგებელს მოუტანენ. უსამართლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ალკოჰოლთან და სხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების მოხმარებასთან პარალელი რომ არ გავავლოთ და ბოლოს ალბათ ყველას სმენია კარიბჭის თეორიის შესახებ, რომლის მიხედვით მარიხუანა ითვლება ნარკოსამყაროში შესასვლელ კარიბჭედ ანუ თითქოს პირველად პლანს ეწევა ყველა და ამის გამო გადადიან მძიმე ნარკოტიკებზე. ეს დიდი სისულელეა. მარიხუანა მართლაც არის ხშირად კარიბჭე, ოღონდ არა შესასვლელი მძიმე ნარკოსამყაროში, არამედ იქიდან გამოსასვლელი,“-განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თემო ხარატიშვილმა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკა, რომ არ გამოირჩევა ჰუმანურობით და ზედმეტად მკაცრი და რიგ შემთხვევებში არასამართლიანიც როა ფაქტია,მაგრამ ბოლო ხანს საზოგადოებაში კარგად დავიწყებულმა პრობლებამ იჩინა თავი, რომელიც  რამდენიმე წლის წინ უფრო მეტად იყო გავრცელებული. ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გახშირდა ადამიანთა დაკავების მიზნით ნარკოტიკების ჩადების ფაქტები.

თავისუფალი სიტყვისა და მოქმედებისთვის საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციაც  აქტიურად იბრძვის. „2 ივნისის მოძრაობა“ სრულად იყო ჩართული ამ პროცესში. მათვის მსგავსი სახის ქმედება პოლიციის მხრიდან უსამართლობის და უკანონობის პიკია. „ბუნებრივია, რომ თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს გვსურს ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც სისხლის სამართლის წესით არ სჯის საკუთარ მოქალაქეებს იმ ქმედებისთვის, რომელიც არანაირ ზიანს აყენებს საზოგადოებას.  ე.წ ჩადების პოლიტიკა კი, რომელიც დღემდე არსებობს  შსს-ს სრული რეფორმით უხშობს ადამიანს ნებისმიერ გზას არა მარტო თავისუფლებისკენ, არამედ ზოგადად ნორმალური განვითარებისკენ. დეკრიმინალიზაცია არ წყვეტს ამ პრობლემას. საჭიროა პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ შეწყდეს ჩადებები. დეკრიმინალიზაციის პირობებშიც კი ადამიანებს ჩაუდებენ დიდი ოდენობით ნარკოტიკს ან იარაღს და ა.შ.  დეკრიმინალიზაციას, ანუ სახელმწიფოს მიერ უდანაშაულო ადამიანების უსამართლო დევნის შეწყვეტას  უარყოფითი შედეგები არ აქვს, მაგრამ ის ვერ მოახდენს სასწაულს. აუცილებელია სახელმწიფომ მკაცრად და საფუძვლიანად გადახედოს კანონმდებლობას და უშუალოდ საპატრულო პოლიციის მუშაობის სპეციფიკას, მხოლოდ ასე აღმოიფხვრება პრობლემა,“- განაცხადა აღნიშნული მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლექსო მაჭავარიანმა.

მარიხუანასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ასოციაცია ჩნდება – მოწევა. მას ნარკოტიკად მიიჩნევენ და ამიტომ ასოციალურ პროდუქტად ითვლება, პროდუქტად რომლის სასარგებლო თვისებებზე საუბარი არ ღირს. არადა ისიც მცენარეა, მცენარე, რომელსაც ბუნება გვაძლევს და შესაბამისად შეუძლებელია რამე სასარგებლო თვისებები არ ჰქონდეს.