DATA149.1.19

Logo

თურქეთში მომხდარ სასიკვდილო ავარიაში მონაწილე ქართველი მძღოლი თავისუფალია

ნინი თედორაძე

 

თურქეთის ქალაქ ხოფაში 2026 წლის 27 თებერვალს მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ავარიაში მონაწილე ტრაილერის ქართველი მძღოლი თავისუფალია. გამოძიებამ მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა, რის გამოც საქმე შეწყდა. 

როგორც მძღოლის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაცხადა, გამოძიებამ ავტოსაგზაო შემთხვევაში ქართველი მძღოლის ბრალეულობა ვერ გამოკვეთა, რის გამოც საქმე შეწყდა და მას ქვეყნის დატოვების უფლება მიეცა. კანონმდებლობის თანახმად, საქმის ხელახალი გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაზარალებული მხარე გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში გაასაჩივრებს.

შემთხვევა 2026 წლის 27 თებერვალს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საქართველოს მოქალაქის სატვირთოს მისაბმელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ მანქანაში მყოფი ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, სატვირთო ავტომობილი სრულად წესების დაცვით იყო გაჩერებული, როდესაც მას მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შემდეგ ქართველი მძღოლი თურქეთის ჟანდარმერიამ დააკავა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის დატოვება თვენახევრის განმავლობაში აუკრძალა. ეს პერიოდი ექსპერტიზებისა და საქმის გარემოებების დადგენას დაეთმო. 15 აპრილს მძღოლს საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნა, ამჟამად კი, ადვოკატის მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, საქმე ოფიციალურად დახურულია.

სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მძოლს გავესაუბრეთ, რომელიც ძალიან მძიმედ იხსენებს მომხდარს.

 

– როგორ გაიხსენებთ 27 თებერვლის ტრაგიკულ შემთხვევას და რა მოხდა თქვენი ხედვით?

ფსიქოლოგიურად რთულია გავიხსენო ეს დღე, სატვირთო ავტომობილი წესების სრული დაცვით მყავდა გაჩერებული, როდესაც მოულოდნელად ვიგრძენი სატვირთოში ძლიერი შეჯახება, მსუბუქი ავტომობილი მისაბმელს შეეჯახა.

– რა მდგომარეობაში იმყოფებოდით შემთხვევის შემდეგ, როდესაც თურქეთის სამართალდამცავებმა დაგაკავეს?

ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, წესები არ დამირღვევია, გამოძიების დასრულებამდე დიდ გაურკვევლობაში ვიყავი.

– რა იყო თქვენი მთავარი არგუმენტი, რომ ავარიაში თქვენი ბრალეულობა არ იკვეთებოდა?

სატვირთო ავტომობილი გაჩერებული იყო, მოძრაობაში არ იმყოფებოდა, წესების სრული დაცვით იყო გაჩერებული. ყველა მტკიცებულება და ექსპერტიზა სწორედ ამას ადასტურებდა.

– როგორ მიმდინარეობდა გამოძიება და რამდენად თანამშრომლობდით საგამოძიებო ორგანოებთან?

გამოძიებასთან სრულად ვთანამშრომლობდი, ყოველ კვირას მიწევდა მივსულიყავი საგამოძიებო ორგანოში და დამეტოვებინა ხელმოწერა, მივაწოდე ყველა საჭირო ინფორმაცია და ველოდებოდი ექსპერტიზის შედეგებს.

– რა ემოციები განიცადეთ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის დატოვება აკრძალული გქონდათ?

ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, რადგან მომიწია უცხო ქვეყანაში დარჩენა გარკვეული დროით, ასევე ოჯახთან სიშორე იწვევდა დიდ სტრესს.

– რა გავლენა მოახდინა ამ შემთხვევამ თქვენს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაზე?

შემთხვევამ დიდი გავლენა იქონია პროფესიულ საქმიანობაზე. უფრო მეტად დამაფიქრა გზებზე უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

– თქვენი აზრით, რა არის საჭირო მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?

აუცილებელია მოძრაობის წესების მკაცრი დაცვა, სიჩქარის კონტროლი და მძღოლების მეტი ყურადღება გზაზე.

– რას ურჩევდით სხვა ქართველ მძღოლებს, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ?

ყოველთვის დაიცვან უსაფრთხოების წესები და იმოძრაონ ყურადღებით, რადგან ერთი წამიც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

 

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევები ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TurkStat) ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყნის გზებზე ავარიების რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება.

წლის განმავლობაში თურქეთში 1.3 მილიონზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნული ავარიებიდან 235 ათასზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა ან სხეულის დაზიანებებით, დაიღუპა 6000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა და დაზარალებულთა რაოდენობა 350 ათასს აჭარბებს.

 

18 June 2026

ფესვები