DATA149.1.19

Logo

სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე

ანი ნაოჭაშვილი

სრულიად უცხო ბავშვი, რომელიც ქუჩაში ხელგამოწვდილი დგას ერთადერთი ადამიანია დედის შემდეგ, ვინც მეძებს. შვილი კი, რომლისთვისაც 17 წლის განმავლობაში ხელი არ გამიშვია დღეს ჩემს ზარსაც კი არ პასუხობს.

ნინო და ბავშვები ერთად იზრდებოდნენ, სწავლობდნენ და ცდილობდნენ ფეხი აეწყოთ ცხოვრებისთვის. მისი ქორწინება ბევრი ბედნიერი დღით არ გამოირჩეოდა, ხშირი კამათი და ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე ცხოვრება, დაცინვა ოჯახური მდგომარეობის გამო, განათლების მიღების აკრძალვა, ბრძოლა უნივერსიტეტისთვის, ბრძოლა მეუღლესთან ერთად ცხოვრებისთვის, ღალატი, ბოლოს კი განქორწინება და შვილებისგან მოშორებით ყოფნა.

ნინო მაძღარაშვილი, ქალი, რომელმაც ბევრი ეტაპი გამოიარა, რომ ნელნელა ფეხზე დამდგარიყო შვილებთან შორს ყოფნით გამოწვეული ტკივილის გამო და გაეგრძელებინა ცხოვრება, რომლის მიზნადაც ღვინის წარმოება და ბავშვებთან ურთიერთობის აღდგენა დაისახა.

გათხოვებისთანავე მეუღლესთან ერთად კახეთში ცხოვრობდა, მაგრამ მას თბილისში წამოსვლა მოუწია სამსახურის გამო, ნინო კი მარტო დარჩა შვილებთან ერთად. როგორც იქნა მიაღწია იმას, რომ ჩამოსულიყო დედაქალაქში და ოჯახს ერთად ეცხოვრათ, მაგრამ ბედნიერი დღეები ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მეუღლე სოფელში წავიდა, ნინო კი დარჩა შვილებთან ერთად, რომლებიც ბაღში და სკოლაში დადიოდნენ. პარალელურად ნინო, სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე, სადაც მეუღლის ნათესავის დახმარებით მოხვდა, როდესაც ის ემზადებოდა გამოცდებისთვის, ნინო მასთან ერთად, ჩუმად მეცადინეობდა და ჩააბარა კიდეც, რადგან ღიად ამის საშუალებას არ აძლევდნენ, მაგრამ მისი წარმატება უნივერსიტეტში არავის გახარებია დედის გარდა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ოჯახი ვერ შენარჩუნდებოდა ღალატისა და უნდობლობის გამო. ნინო შვილებთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ნელნელა მათ შორის ზღვარი გაჩნდა. ბავშვებს ნინოს მიმართ ცივი დამოკიდებულება გაუჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველი წამით ცდილობდა მათთან მიახლოებას. დადგა დღე, როდესაც მისი არცერთი შვილი მასთან აღარ იყო. წავიდნენ მამასთან იმ აზრით, რომ იქ უკეთ იქნებოდნენ, იმ აზრით რომ ნინო მათ ვერ მოუვლიდა და იმ აზრით, რომ ოდესმე ნინოს ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდებოდა და ისინი ამას ვერ შეეგუებოდნენ, მაშინ როდესაც მამას ამის უფლება ჰქონდა, შეეძლო სხვა ქალთან ეცხოვრა, ისე რომ ამაშიც ნინო ყოფილიყო დამნაშავე. 

შვილები დედისგან წავიდნენ, დაწიყო ბევრი ტკივილიანი დღე, რომელიც დღემდე გრძელდება, მაგრამ ნინოს არსებობა და ცხოვრების გაგრძელება სჭირდებოდა, რადგან ასე გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, მის ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვლილიყო და ეს რაღაც აუცილებდალ უნდა ყოფილიყო, ისეთი რამ რასაც შვილებს მიუძღვნიდა და მათთან დაახლოებაში დაეხმარებოდა.

მარტო დარჩენილს რამე უნდა მოეფირებინა, რადგან თავი ერჩინა. თავდაპირველად დააარსა შპს „დიასახლისი“, სადაც დასაქმებული ჰყავდა ადამიანები, რომლებიც ალაგებდნენ სახლებს, მაგრამ გარკვეული ინციდენტების შემდგომ გადაწყვიტა, რომ ამ საქმიანობისთვის თავი დაენებებინა.

სკოლაში მუშაობის  პარალალურად, ჰყავდა მოსწავლეებიც, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და მოიფიქრა, რომ დედასთან ერთად, კახეთში საოჯახო პირობებში დაემზადებინა ჩურჩხელა და დაეწყო მისი გაყიდვა.

იდეამ გაამართლა და შეკვეთას შეკვეთა მოყვებოდა, ნინოსაც მეტი სტიმული ეძლეოდა.

ცოტა ხნის შემდეგ ნინო ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხვდა მენეჯერად და სწორედ აქ დაიწყო მასში ღვინისადმი სიყვარულის გაღვიძება. საქმემ, რომელიც უნდოდა შვილებისთვის მიეძღვნა ნელნელა ამოხეთქა და ხორცშესხმა დაიწყო.

ღვინის მაღაზიამ დიდი გავლენა იქონია, რომ ნინოს მივიწყებული გრძნობა გაღვიძებოდა. მისი ორივე ბაბუა, როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან, ღვინოს აყენებდა და მათ მარანშიც დიდი დრო გაუტარებია. როდესაც მისი ისტორიის შესწავლა დაიწყო და გაიხსენა ყველაფერი, აღმოაჩინა რომ საკმაოდ დიდი დრო ჰქონია გატარებული ღვინის დაყენების პროცესში, თანაც ქართული ტრადიციული წესით.

ღვინის მაღაზიაში მიღებულმა სტუმრებმა, დეგუსტაციებმა, ყურძნის ჯიშებმა, წინაპრებმა და საინტერესო ადამიანებმა ნინო მიიყვანა დასკვნამდე, რომ მას საკუთარი ღვინო უნდა ჰქონოდა და 2018წელს მოსავალი ქვევრში იყო.

პირველადი თანხა, რაც მან დახარჯა 1300 დოლარი იყო, რომელიც საკუთარი ოქროს დალომბარდებით მოიპოვა. პროდუქტიდან მიღებული შემოსავალი კი დღემდე სულ მარანში მიდის. დღესდღეობით  თითქმის 40 000ლარამდე აქვს ხარჯი და ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება მისი საქმიანობა.

მისი კომპანია დარეგსიტრირდა ოფიციალურად, როგორც შპს „ნინო მერის“. საქმიანობასაც და პროდუქტსაც მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი როგორც საჯარო რეესტრში, ისე ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

საჭიროებისამებრ გადის ლაბორატორიულ კვლევებს, იცავენ სტანდარტებს და ცდილობს მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი პირობები შექმნას ღვინის წარმოებისთვის. დღესდღეობით მისი ღვინის საცალო ფასი 15დან 25ლარამდე მერყეობს

ნინო მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მის ოცნებებს ფრთა შესხმოდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა განვითარებისა და წინსვლის არცერთი შანსი და მაქსიმალურად გამოეყენებინა. დედა კი ყოველთვის მის გვერდით იდგა და ხელს უწყობდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ნინოს საქმიანობა წარმატების გზაზე დადგა. პირველად ღვინის ფესტივალების შესახებ მაღაზიაში გაიგო, ძირითადად მაღაზიისთვის ღვინის შერჩევა ხომ ფესტივალებზე ხდება. შემდეგ სოციალური ქსელების საშუალებით მოიძია სხვადასხვა მარნის ჯგუფები, გაერთიანებები და ასევე მეღვინე ქალთა ჯგუფი, სადაც გაწევრიანდა და ასე გებულობდა ინფორმაციას, საიდანაც ცდილობდა რომ ცნობადობა გაეზარდა საკუთარ წარმოებაზე.

რაც შეეხება ექსპორტს, ამბობს რომ მისთვის არ არის მარტივი, რადგან რაც არ უნდა ხარისხიანი ღვინო აწარმოო პატარა საოჯახო მარანს ამ მიმართულებით მაინც უჭირს რაოდენობის სიმცირის გამო, რადგან ექსპორტიორები მეტნაკლებად საშუალო მარნებს ეძებენ იმისთვის, რომ ყოველთვის ქონდეთ წვდომა რაოდენობაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნინო ამ მიმართულებით იჩაგრება, პირიქით, მისთვის, როგორც დამწყებისთვის დრო ბევრს ნიშნავს და წარმატება წინაა.

ნელ-ნელა გაჩნდა მოთხოვნა ნინოს პროდუქციაზე, როგორც ღვინის ასევე ჩურჩხელების მიმართ. პირველად შეფუთული ჩურჩხელა გემოვან ბაზარზე (ქართული ჯიშის სურსათის გამოფენა-გაყიდვა) წარადგინა, სადაც ბევრი უცხოელი სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის World Oktas-ს წარმომადგენლები, სადაც მოეწონათ ნინოს პროდუქცია და საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა შესთავაზეს.

მეღვინე ქალთა ასოციაცციის დახმარებით მოხვდა ევროკავშირის საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ ქალ მეღვინეთა ღონისძიებაზე, რომელიც საელჩოებისთვის გაიმართა. აქ კი მისი ღვინო შეირჩა ჰააგის საელჩოში დეგუსტაციაზე წარსადგენად.

2019 წლის 23-24 მაისს გაიმართა ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა Women in wine expo, ნიდერლანდებსა და ბელგიაში. გამოფენაში მონაწილეობდა 30 ქალი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, მათ შორის 8 ქართველი ქალიდან ერთ-ერთი სწორედ „ნინო მერის მარანი“ გახლდათ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოთავაზებით მონაწილეობა მიიღო Riga food and  wine expo 2019-ში ლატვიაში, მას შემდეგ კი შეკვეთები აქვს კერძო პირისგან, რომელიც რიგაში ონლაინ ყიდის ჩურჩხელებს.

2019 წელს მოძრაობა Kar.ge-ს მიერ შექმნილ საერთაშორისო ონლაინ კატალოგში მოხვდა, როგორც წარმატებული მწარმოებელი კომპანია „ნინო მერის მარანი”. კატალოგმა თავისი შედეგი გამოიღო, რასაც ავსტრიიდან  გამოხმაურება მოყვა ჩურჩხელაზე და შესაბამისად მისი ექსპორტის საქმე ნელ-ნელა აეწყო.

ნინო შერჩეული იყო საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ერთ თვიან სემინარებზე დასასწრებად ჩინეთში, რომელიც დატვურთული იყო ღვინის ექსპორტიორებთან შეხვედრებით და მათი ადგილობრივი სასმელების გაცნობით. ამას შემდეგ მოყვა განმეორებითი მიწვევა კორეაშიExpo IFFE 2019-ზე, სადაც ჩურჩხელასთან ერთად მისი ღვინოც წარადგინა, დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპორტზე.

2019 წლის ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მისმა რქაწითელმა ბრინჯაოს მედალი აიღო და გადაეცა სიგელი.

საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის მიერ 2019 წელს ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდა მიწვეული ფრანგი ანთროპოლოგი კრისტელ პინო, რომელმაც ღვინოები დააგემოვნა. დაინტერესდა ნინოს ღვინით და 5 თვის შემდეგ მიიწვია ფრანგ ქალ მეღვინეთა ღვინეობის გამოფენა-გაყიდვაზე, ასევე მიწვეული იყო 9 მარტს პარიზში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე,რომელიც რესტორნის და ბარების მფლობელებისთვის გაიმართა, შესაბამისად მიმდინარეობს მოლაპარაკება პარიზში ექსპორტთან დაკავშირებით.

საყოველთაო კარანტინის პირობებში ნინოს ცხოვრებაში კიდევ ერთი პოზიტიური რამ მოხდა.მას ავსტრიული ფონდის საგრანტო კონკურსში შეტანილი ჰქონდა პროექტი აგროტურიზმის მიმართულებით, რომელმაც წარმატებით გაიარა სამი ეტაპი და გახდა გამარჯვებული. ეს ნიშნავს იმას რომ ნინოს ექნება არა მარტო ღვინის და ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია, არამედ შეძლებს მოაწყოს მარნის ტერიტორია,სადაც ტურისტებს ჩაუტარებს მასტერკლასებს, რაც გულისხმობს მეტ დასაქმებულ ადამიანს და მეტი კარგი საქმის კეთებას ამ მიმართულებით.

 

კონკურენცია და გარემოპირობები

როგორი უნდა იყოს კონკურენცია ქვეყანაში, რომელსაც ღვინის სამშობლოდ მიიჩნევენ? ნინო და სხვა მეღვინეებიც ამ სიტყვებს იხმობენ, როგორც კი კონკურენციაზე საუბარს იწყებენ.

ნინო მიიჩნევს,რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კომპლექსური კონკურენციაა, რაც თავის თავში მოიცავს ჯანსაღ და არაჯანსაღ გარემოს. საზღვრებს გარეთ კი საქმე უფრო რთულადაა,რადგან იქ ვხვდებით ისეთ ღვინოებს, როგორიცაა ფრანგული, იტალიური, ესპანური და სხვა უამრავი ქვეყნის გამორჩეული პროდუქცია.

თაკო ჟურული, ასევე ღვინის მწარმოებელი, ამბობს რომ მეღვინეები არა ერთმანეთის კონკურენტები,არამედ მეგობრები არიან, რომლებიც ერთმანეთის პროდუქციას სთავაზობენ პოტენციურ მომხმარებლებს და იზრდებიან ურთიერთგაგებითა და თანამშრომლობით.

თინათინ ჯახუა კი მიიჩნევს, რომ მისთვის საქართველო ნაკლებად კონკურენტუნარიანი გარემოა, რადგან გაყიდვები დამოკიდებულია მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე, რაც საქართველოში საკმაოდ დაბალია. მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია კი საკმაოდ დიდია, თუმცა ჩვენი ქვეყნის „კოვზირი“ ღვინის წარმოების უნიკალური ტექნოლოგიაა.

გიორგი ირემაშვილი (საღვინე სახლი თბილისის მფლობელი)  და უჩა მაჭარაშვილი (უჩა მაჭარაშვილის მარანის მფლობელი) კი მიიჩნევენ,რომ გარემო საკმაოდ კონკურენტუნარიანია,რადგან იმატა მეღვინეების რიცხვმა და მათ დაიწყეს კარგი ღვინის დაყენება,რაც ზრდის კონკურენციას, შესაბამისად მათთვის გარემო და ეს საქმიანობა ბევრად საინტერესო და მიზანმიმართული ხდება.

არსებობს სხვადასხვა ხელისშემშლელი თუ ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობას უკავშირდება. მეღვინეთა ნაწილი მიიჩნევს,რომ დღესღეობით ვითარდება და საკმაოდ მაღალ დონეზე დგას სოფლის მეურნეობის ეს დარგი, თუმცა მაინც არსებობს კომუნიკაციის პრობლემა სახელმწიფისა და მეღვინეებს შორის. ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ ქალ მეწარმეებს ნაკლები ყურადღება ექცევა მათი მხრიდან და ეს დღის წესრიგში დასაყენებელი საკითხია, ნაწილისთვის კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ამბობენ, რომ სახელმწიფოც და ღვინის ეროვნული სააგენტოც მაქსიმალურად არიან ჩართულები მათი საქმიანობის განვითარებაში.

გარემოებებში თავისთავად მოიაზრება ის ბუნებრივი მოვლენები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლიან მეღვინეები. თუნდაც სტიქიები, რომლებიც ანადგურებს მოსავალს, მათ შემდგომ გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და ხანდახან სწორედ ამ თანადგომის ნაკლებობას განიცდიან სახელმწიფოს მხრიდან. 

თანამედროვე საშუალებები ბევრი მათგანისთვის დღეს კარგ შესაძლებლობას იძლევა , რომ განვითარდნენ და მიიღონ მათთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია თუნდაც საგრანტო კონკურსებისა და რეგულაციების შესახებ, ხოლო იმ გლეხებს, რომლებსაც არ აქვთ აქტიური კომუნიკაცია ამ მიმართულებით უჩნდებათ პრობლემა, რომლის მოგვარების გზასაც სახელმწიფოს ბევრად გააქტიურებაში ხედავენ სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.

 

ღვინის წარმოება საქართველოში/ექსპორტი

როდესაც ქართულ ღვინოსა და მის ექსპორტზე ვიწყებთ საუბარს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი მრავალწლიანი ისტოირა, რომელსაც საფუძველი დაახლოებით 8 000 წლის წინ ჩაეყარა, რის გამოც საქართველო ღვინის სამშობლოდ იწოდება.

ისეთ ღვინოზე, როგორსაც საქართველოში აწარმოებენ მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რაზეც მოიუთითებს ექსპორტის მაჩვენებლები უამრავ ქვეყანაში, რომელიც საკმაოდ კარგი ტემპით მატულობს.

დღეისათვის შეგვიძლია განვიხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც აღწერს 2019-2020 წლის არსებულ მონაცემებს ღვინის ექსპორტის შესახებ ქვეყნებისა და მისი რაოდენობის მიხედვით.

2019 წლის მეორე ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე (0,75ლ) ბოთლია ექსპორტირებული, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს,რაც 2018 წლის მონაცემებზე 9%-ით მეტია.

ასევე ექსპორტი იზრდება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე.

რაც შეეხება 2020წელს,ეს პერიოდი დაემთხვა მსოფლიო პანდემიას „კორონა ვირუსს“, რამაც გავლენა იქონია როგორც ყველა ადამიანზე, ასევე ნებისმიერ სფეროზე მსოფლიოში.

 

ღვინის წარმოება მსოფლიო პანდემიის პირისპირ

როგორც ყველა ადამიანს, ასევე ყველა სფეროს შეეხო ვირუსის გავლენა, რომელიც მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა. ადამიანები მოიცვა შიშმა და ზოგი სფერო გარკვეული დროით უკონტროლოც კი გახდა. კაცობრიობა გარკვეული პერიოდით საკუთარი თავისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ფიქრობდა და არა იმაზე თუნდაც როგორ უნდა ეწარმოებინათ რაიმე პროდუქტი.

მიუხედავად ამ მძიმე პერიოდისა, რომლის წინაც მსოფლიო დადგა საზოგადოება მაინც ამოძრავდა და დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ ცხოვრება უნდა განაგრძონ. პანდემიამ ბევრი მათგანის ცხოვრება შეაჩერა გარკვეული კუთხით, მათ შორის ნინო მაძღარაშვილის საქმიანობაც.

როგორც სხვა ყველა ბიზნესში, ასევე მათთანაც დიდი შეფერხებებია, კერძოდ კი პროდუქტის მოთხოვნა-მიწოდებასთნ დაკავშირებით, რადგან ეს საკითხები გაურკვეველი რჩება.

მარტის თვეში ნინო აწარმოებდა მოლაპარაკებებს ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა ვერ მოხერხდა არსებული მდგომარეობის გამო.

სწორედ მაშინ, როდესაც კორონა ვირუსი მსოფლიო საფრთხედ გამოცხადდა ნინო საფრანგეთში, ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით იყო წასული მოლაპარაკებებზე, თუმცა მოუწია პროცესის გადადება.10 მარტს ჩამოფრინდა საქართველოში და დახვდა სრული ქაოსი, რომელსაც შეხვდა თვითიზოლაციითა და საქმის სრული შეჩერებით,რადგან სხვა გზა აღარ იყო.

დღეები გადიოდა ისე, რომ მისთვის ნელნელა ყველაფერი უფერულდებოდა. თავს მარანში ფუსფუსითა და მოსწავლეებთან ონლაინ გაკვეთილებით ირთობდა, ცოტა ხნით მაინც რომ გადაეტანა ყურადღება სხვა საკითხებზე.

პანდემიის პერიოდში ერთი პოზიტიური რამ მაინც მოხდა, როგორც უკვე ვახსენეთ მისმა პროექტმა გაიმარჯვა ავსტრული ფონდის საგრანტო კონკურსში, რის შედეგადაც ნინო ბევრი კარგი საქმის კეთებას შეძლების მისი სამქიანობისთვის.

ვირუსმა, რა თქმა უნდა გავლენა იქონია ღვინის ექსპორტზე გარკვეული დროით. 

რაც შეეხება მეღვინეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა საკითხში გარკვეული დროით შეჩერება და გეგმების გადადება მოუწიათ, თუნდაც იმის გამო, რომ აღარ ხერხდება მათი პროდუქტის შიდა და გარე ბაზრებზე რეალიზება, ვეღარ ახერხებენ შეხვედრების წარმოებას, მოლაპარაკებებს, გამოფენებზე წასვლას და ა.შ.

ეს პრობლემა თითქმის ყველა მათგანს შეეხო გამონაკლისების გარდა, მაგალითად მარინა კურტანიძესთვის (პირველი ქართველი ქალი მეღვინე) პანდემიას მწვავე პრობლემები არშეუქმნია და არც მის პროდუქტს შეხებია ეს საკითხი. მისთვის ეს დრო მომგებიანიც კი აღმოჩნდა წარმოებისა და ვენახის უკეთ მოვლისათვის.

მიუხედავად ამისა, ნაწილი ფიქრობს, რომ ვენახს ზუსტად ამ პერიოდში სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და მათ მეტი დრო მიეცათ ამისთვის, სამომავლოდ კი იმდეს იტოვებენ, რომ გეგმები, რომლებიც დაისახეს აუცილებლად მიღწევადი იქნება, რადგან ნელნელა ვითარება უკეთესობისკენ მიდის.

საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ტრადიცია, რომ ღვინოს აუცილებლად კაცი უნდა აყენებდეს, ქალი კი სახლში იჯდეს, ოჯახსა და შვილებს უვლიდეს მეუღლის მოლოდინში. დროის გასვლასთან ერთად შეიცვალა აზროვნება და მოვლენების მიმდინარეობა. თანდათან პროცესით ქალები დაინტერესდნენ და ჩაერთნენ კიდეც საკმაოდ დიდი წარმატებით.

საქართველოში პირველი ქართველი მეღინე ქალი მარინა კურტანიძე 2012 წელს გამოჩნდა და დღეს მისი პროდუქტი მთლიანად რეალიზდება ქვეყნის შიდა და გარე ბაზარზე. მას შემდეგ ნელნელა მიყვნენ ქალები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ღვინო ეწარმოებინათ და დღეს კი როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს ქალები ბევრად აქტიურები არიან მიმდინარე პროცესებში, ვიდრე მამაკაცები და დიდ წარმატებასაც აღწევენ.

-„საჯაროდ ვამბობ, რომ მე არ ვარ „ქალი მეღვინე“! მე მეღვინე  ვარ და მნიშვნელობა არ აქვს სქესს, მთავარია ღვინის ხარისხი. როდესაც სომელიე ღვინოს აგემოვნებს ის მის ხარისხზე ფიქრობს და არა იმაზე თუ რომელისქესის ადამიანმა დააყენა ის.“-ამბობს ნინო მაძღარაშვილი.

ნინოს ეთანხმება უამრავი ქალი მეღვინე და ამბობს რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს, მთავარია როგორია საბოლოო შედეგი და მათ მხარს უბამენ ასევე მამაკაცებიც, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კვლავ არსებობს შეხედულება , რომ ღვინოს აუცილებლად კაცის ხელი სჭირდება.

რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანებს მაინც აქვთ საკუთარი შეხედულება ყველა საკითხის მიმართ და არც ღვინის წარმოებაა გამონაკლისი.

თინათინ ჯახუა, ერთ-ერთი მეღვინე მიიჩნევს, რომ გარკვეული პერიოდის წინ ეს სტერეოტიპი ნამდვილად არსებობდა მაგრამ დღეს, ყველაფერი იცვლება და ამ აზრის მიმდევარი ადამიანები ნაკლებად დარჩნენ, თუმცა ამის მიუხედავად ის განიცდის ყურადღების დანაკლის სახელმწიფოს მხრიდან მეწარმე ქალების მიმართ.

უჩა მაჭარაშვილი კი ფიქრობს, რომ მართალია აზრი ვითარდება, მაგრამ ღვინის დაყენებაში კაცი ბევრად დიდ როლს თამაშობს, თუნდაც ფიზიკურად რადგან ეს საქმე ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მას ნაწილობრივ ეთანხმება მიხეილ ჭონიშვილი და ამბობს, რომ მეღვინეობა უფრო კაცური საქმეა, თუმცა მისთვის ქალი მეღვინეები პრობლემას არ წარმოადგენენ.

სოციალური ქსელის მეშვეობით ჩატარებული კვლევა კი მოწმობს, რომ  100%-დან მხოლოდ 89.9%-მა იცის, რომ დღეს საქართველოში არსებობენ ქალი მეღვინეები. 13.1%-ს მიაჩნია, რომ ღვინის დაყენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი სქესის ადამიანი დააყენებს მას, ხოლო 14.3%-ისთვის ქალის როლის წინ წამოწევა საზოგადეობაში ვერ ხერხდება მეღვინეობით დაკავებით.

ამ მცირე კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად აზრის განვითარებისა დღეს საქართველოში კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებმაც არაფერი იციან მეღვინე ქალების შესახებ, რადგან მათთვის ღვინის მწარმოებლად კვლავ მამაკაცი რჩება, ნაწილისთვის კი ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შედეგი იყოს ხარისხიანი.

ნინოს გარშემო ბევრი ადამიანი ყოფილა, მაგრამ ნაკლებად ჰქონია განცდა, რომ მას ვინმე ჩაგრავს იმის გამო, რომ ის ქალი მეღვინეა, რადგან თავს „მეღვინედ“ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ნებისმიერი პრობლემა მოდის ჩვენი თავიდან და თუ მოვინდომებთ ყველაფერს შევძლებთ.

მისთვის არ არის შეუძლებელი მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება გარკვეული მიმართულებით, მთავარია გქონდეს მიზანი და ამ მიზნისთვის შეგეძლოს რაღაცების დათმობა, თუნდაც პირადი სურვილების, რადგან ბოლოს ბევრად მეტის მიღებას შეძლებ.

არ გაჭირვებია ინტეგრირება მის კოლეგებთან, ადამაინებთან, რომლებსაც მისი კონკურენტები ჰქვიათ. პირიქით, მეგობრობს მათთან და დიდ გამოცდილებასა თუ ცოდნასაც იღებს. ნინოს მსგავსად არიან ქალი მეღვინეების დიდი ნაწილი და ფიქრობენ, რომ მათ მიმართ არასოდეს ყოფილა წამოსული უარყოფითი დამოკიდებულება იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან, რომლებიც აწარმოებენ ღვინოს.

-„იშვიათად თუ შევხვედრილვარ ადამიანს, რომელიც გენდერულობის საკითხს ანიჭებს უპირატესობას ღვინის წარმოების პროცესში. პირიქით, ამ მხირვ დიდ თანადგომას ვგრძნობ ნებისმიერი ადამიანისგან“. ამბობს მარი გვედაშვილი, მეღვინე.

ნინო ცდილობს მოახერხოს საკუთარი ცოდნის შეჯამება, ისწავლოს სხვისგან და მიიღოს საინტერესო გამოცდილება, რომელიც მას აუცილებლად დაეხმარება ბევრი მიმართულებით. 

-„გასავლელი გზა კიდევ გრძელია, წელს საკუთარ მაღაზიას ვხსნი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩემი პროდუქცია, რომლის მრავალფეროვნებაზეც დიდი ხანია ვზრუნავ და აუცილებლად ვიზრუნებ მომავალშიც“. 

ნინოსთვის მთავარი საზრუნავი მისი დედა, შვილები და მისი საქმიანობაა. ის, რასაც უფრთხილდება და მაქსიმალურად უვლის, ცდილობს რომ ბევრად უკეთესი იყოს ვიდრე ამჟამად არის, როგორც მისი საქმიანობა, ასევე მომავალი ურთიერთობა ბავშვებთან.