თეატრი - მომაკვდავი კულტურა თუ თავისუფლების სიმბოლო?
ლინდა დავითაძე
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, როცა შუქი ქვრება და დარბაზში რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს, უცნაური, თითქმის არაამქვეყნიური შეგრძნება გვეუფლება. სწორედ მაშინ ვხვდებით, რომ ეკრანზე ნანახი ისტორია, წიგნში ამოკითხული სიტყვები თუ კანონებით დადგენილი წესები ვერასდროს გასწავლის იმას, რასაც შენს თვალწინ გაცოცხლებული პერსონაჟები. თუმცა, მიუხედავად თეატრის ამ უნიკალური ძალისა, სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ის გავლენას კარგავს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. დღევანდელ სამყაროში, სადაც ყურადღებას რამდენიმე წამში ვკარგავთ და ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ეკრანებიდან მოდის, რჩება თუ არა თეატრი იმ ადგილად, სადაც თავისუფლება ჯერ კიდევ ცოცხლობს?
„ფილმები ცნობილს გაგხდის, ტელევიზია გაგამდიდრებს, მაგრამ თეატრი კარგ ადამიანად გაქცევს“.- ტერენს მანი
თეატრი საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ გართობის საშუალება არ ყოფილა. ის იყო სივრცე, სადაც საზოგადოება საკუთარ პრობლემებს, შიშებსა და იმედებს უყურებდა. ხშირად სწორედ სცენა იქცეოდა იმ ადგილად, სადაც ხელოვანები სიმბოლოებისა და ალეგორიების დახმარებით ამბობდნენ იმას, რასაც პირდაპირ თქმა ყოველთვის შესაძლებელი არ იყო. სხვადასხვა ეპოქაში თეატრი სვამდა კითხვებს სამართლიანობაზე, ძალაუფლებაზე, თავისუფლებასა და ადამიანის მორალურ პასუხისმგებლობაზე. მაშინაც კი, როდესაც პირდაპირი კრიტიკა შეზღუდული იყო, რეჟისორები და დრამატურგები სათქმელს სიმბოლოების, მეტაფორებისა და ალეგორიების საშუალებით გადმოსცემდნენ. სწორედ ამიტომ თეატრი ხშირად იქცეოდა არა მხოლოდ კულტურულ, არამედ საზოგადოებრივ მოვლენადაც.
დღეს ვითარება შეიცვალა. თანამედროვე ადამიანს ინფორმაციის მიღება რამდენიმე წამში შეუძლია. სოციალური ქსელები, სტრიმინგ პლატფორმები და ხელოვნური ინტელექტიც კი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ამ რეალობაში თეატრი, რომელიც მაყურებლისგან დროს, ყურადღებასა და ემოციურ ჩართულობას მოითხოვს, თითქოს არათანაბარ ბრძოლაში აღმოჩნდა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა-არის თუ არა ეს თეატრის დასასრულის დასაწყისი, თუ მხოლოდ იმ სამყაროს ცვლილების შედეგია, რომელშიც ვცხოვრობთ? ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს. ერთი მხრივ, თეატრების ნაწილი მაყურებლის შემცირებასა და ახალგაზრდა აუდიტორიის დაინტერესების სირთულეზე საუბრობს. მეორე მხრივ, თანამედროვე თეატრი ცდილობს თავადაც შეიცვალოს, დგამს ექსპერიმენტულ სპექტაკლებს, ეხება აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს, იყენებს ახალ ტექნოლოგიებს და ცდილობს მაყურებელთან უფრო უშუალო კავშირის დამყარებას. ეს გვაფიქრებინებს, რომ პრობლემა შესაძლოა თეატრში კი არა, იმაში იყოს, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების ურთიერთობა კულტურასთან. იმ დროს, როდესაც ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ალგორითმების მიერ არის შერჩეული, თეატრი მაინც ინარჩუნებს ერთ უნიკალურ თვისებას, ცოცხალ შეხვედრას. აქ მაყურებელი მხოლოდ დამკვირვებელი არ არის. ის იზიარებს მსახიობის ემოციას, ხედავს მის შეცდომას, სიჩუმეს, იმპროვიზაციასა და ყოველ იმ დეტალს, რომელიც ყოველ წარმოდგენას განუმეორებელს ხდის. სწორედ ეს უშუალობა განასხვავებს თეატრს ნებისმიერი ეკრანისგან და, შესაძლოა, სწორედ ამაშია მისი ყველაზე დიდი ძალაც.
საქართველოში თეატრი მნიშვნელოვან კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ ფუნქციას ასრულებს. იგი ხელს უწყობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და თანამედროვე პრობლემების მხატვრულ გააზრებას. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს 60-ზე მეტი პროფესიული სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრი. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, აგრეთვე რეგიონულ თეატრებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
თეატრის მთავარი პრობლემა დღეს მხოლოდ მაყურებლის რაოდენობა არ არის. მის უკან დგას ფინანსური სირთულეები, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც თეატრების განვითარებაზე, ისე ადამიანებზე, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თეატრს მნიშვნელოვანი კულტურული ფუნქცია აკისრია, ბევრი ახალგაზრდა მსახიობი, რეჟისორი თუ ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი პროფესიულ საქმიანობას დაბალ ანაზღაურებასთან აკავშირებს. შედეგად, არაერთ მათგანს თეატრის პარალელურად დამატებითი სამსახურის შესრულება უწევს, ზოგიერთს კი პროფესიის დატოვებაზეც უწევს ფიქრი. წლების განმავლობაში ხელფასების საკითხი არაერთხელ გამხდარა თეატრალური სფეროს წარმომადგენლების პროტესტის მიზეზიც.ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას მაყურებლის რაოდენობაც ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თეატრების უმრავლესობა ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი თეატრებისთვის დამატებითი რესურსია, რომელიც ახალი სპექტაკლების, დეკორაციების, კოსწიუმებისა და სხვა შემოქმედებითი პროცესების დაფინანსებას უწყობს ხელს. როდესაც დარბაზები სრულად არ ივსება, თეატრის შესაძლებლობებიც იზღუდება. ბოლო წლების ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს, რომ როგორც წარმოდგენების, ისე მაყურებელთა რაოდენობა შემცირდა, რაც თეატრებისთვის დამატებით გამოწვევას წარმოადგენს.
სწორედ ამ გამოწვევებზე ახალგაზრდა მსახიობ ნატა აბულაძეს გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ პროფესიის სიყვარულის მიუხედავად, საქართველოში თეატრალურ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა მარტივი არ არის.

„როდესაც მსახიობობაზე ოცნებობ, პირველ რიგში სცენაზე ფიქრობ და არა - ხელფასზე,
მაგრამ რეალობაში ფინანსური მხარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
ბევრ ახალგაზრდა მსახიობს თეატრის პარალელურად სხვა სამსახურის მოძებნა უწევს,
რადგან მხოლოდ თეატრის შემოსავალი საკმარისი არ არის“.
ფინანსური სირთულეები და პროფესიული არასტაბილურობა ახალგაზრდა მსახიობებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა თეატრის მომავალი მხოლოდ მსახიობებზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მაყურებლის როლიც.
“მიუხედავად ყველა სირთულისა, სცენაზე გასვლის მომენტი ყველაფერს ფარავს. როდესაც გრძნობ, რომ მაყურებელი შენს ემოციას იზიარებს, ხვდები, რატომ აირჩიე ეს პროფესია. ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობის თეატრით დაინტერესება შესაძლებელია, თუ მათთან საერთო ენას ვიპოვით. საჭიროა თანამედროვე თემებზე საუბარი, ახალი ფორმების ძიება, მაგრამ ისე, რომ თეატრმა თავისი მთავარი ღირებულება, თავისუფალი აზროვნების საშუალება არ დაკარგოს“.- ამბობს ნატა აბულაძე
თუმცა, სწორედ ასეთ თემებზე მუშაობა ზოგჯერ ყველაზე დიდ გამოწვევადაც იქცევა. ბოლო წლებში თეატრალური სფერო არაერთხელ აღმოჩნდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის ცენტრში. მსახიობებისა და რეჟისორების ნაწილი საჯაროდ გამოხატავდა საკუთარ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც პროტესტები, გაფიცვები და კულტურის სფეროში დაპირისპირებაც მოჰყვა. 2025 წელს, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ დასი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო პროცესებში, რამაც მოგვიანებით თეატრის ხელმძღვანელობის ცვლილება და სფეროში მწვავე დისკუსია გამოიწვია. საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა თეატრალურ სივრცეში პოლიტიკური გზავნილების გამოხატვა, სხვადასხვა თეატრში მსახიობების მიერ წარმოდგენების შემდეგ გაშლილმა ბანერებმა, რომლებიც დაკავებულ კოლეგებსა და მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა,
ამ ფონზე კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა კითხვა: უნდა იყოს თეატრი მხოლოდ კულტურული სივრცე, თუ მას აქვს უფლება საზოგადოების ყველაზე რთულ და სადავო საკითხებზეც ისაუბროს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიება აჩვენებს, რომ თეატრი დღემდე მხოლოდ სცენა არ არის, ის საზოგადოებრივი დიალოგის ნაწილად რჩება.

თეატრის თანამედროვე გამოწვევებზე სასაუბროდ 19 წლის სტუდენტს, ელენე ხუჯაძეს გავესაუბრე, რომელიც გვიყვება რა თემების ნახვას ისურვებდა თეატრის სცენაზე.
“ჩემი აზრით, ახალგაზრდებს თეატრი განსაკუთრებით მაშინ იზიდავს,
როცა ისინი საკუთარ ცხოვრებას და პრობლემებს სცენაზე ხედავენ.
როცა სპექტაკლი გეუბნება რაღაცას, რაც შენს რეალობას ეხება,
ის უბრალოდ წარმოდგენა აღარ არის“. - ელენე ხუჯაძე
ახალგაზრდების უმრავლესობა დღესდღეობით დაინტერესებულია აქტუალური თემებით, რომელზე საუბარიც ჯერ კიდევ “ტაბუდადებულია”.
“მგონია, რომ თანამედროვე თეატრმა იმ თემებზეც უნდა ისაუბროს, რომლებზეც საზოგადოებაში ხშირად თავს არიდებენ საუბარს. ჩემი თაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნება მხოლოდ ლამაზ ისტორიებს არ გვიყვებოდეს, არამედ რეალურ პრობლემებსაც შეეხოს, იქნება ეს დისკრიმინაცია, გენდერული საკითხები, ადამიანის უფლებები თუ სხვა თემები, რომლებიც ბევრისთვის ჯერ კიდევ რთულია მისაღებად“.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ის რამდენიმე წამი სიჩუმე, რომელიც დარბაზში ისადგურებს, შესაძლოა სწორედ ის მომენტია, სადაც თეატრის ნამდვილი ძალა ჩანს. სცენა დროებით ქრება, მაგრამ კითხვები, რომლებსაც ის ტოვებს, მაყურებელთან ერთად რჩება. სწორედ ამაში მდგომარეობს თეატრის უნიკალურობა, ის არ გვაძლევს მხოლოდ მზა პასუხებს, არამედ გვაიძულებს, დავფიქრდეთ საკუთარ თავზე, საზოგადოებაზე და იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ. სანამ სცენაზე ერთი მსახიობი მაინც დადგება, სანამ ერთი მაყურებელი მაინც იპოვის საკუთარ თავს რომელიმე პერსონაჟში და სანამ არსებობს სურვილი, რომ კითხვები დაისვას, თეატრი არ დაკარგავს თავის ადგილს. რადგან თეატრის ყველაზე დიდი ძალა ყოველთვის იყო და იქნება თავისუფლება, ადამიანის უფლება მოუსმინოს, იგრძნოს და იფიქროს.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025
შემდეგი სადგური?!
25 December 2025
ციფრული უსაფრთხოება - გაფრთხილებული მომხმარებელი, დაცული ცხოვრება
9 February 2026
რა ფასი აქვს ქალის შრომას?
19 February 2026
სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება
19 February 2026
რატომ იცვლება ქორწინებისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში?
24 February 2026
ვარკეთილის ქუჩის ხელოვნება
24 February 2026
„იტალიური ეზო“ - სახელწოდება და დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაქრეს
12 March 2026
კოვიდგაკვეთილი კლინიკებს
18 March 2026
საქართველოში რუსული იმპორტი გაორმაგდა
19 May 2026
მონოპოლიზირებული კონსტიტუცია
18 June 2026
ფესვები
4 September 2026
„ჩემთვის დები იშხნელები უფო როკენროლია ვიდრე…“ - ქართული როკ მუსიკა
7 September 2026
დიპლომი კედელზე: კურსდამთავრებულთა არაპროფილური სამსახურები
8 September 2026