DATA149.1.19

Logo

რისკი და საფონდო ბაზარი – რატომ ვერ ვითარდება საქართველოში საფონდო ბირჟა

მარიამ სულხანიშვილი

თბილისი (BPI) – ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დამსახურების მიხედვით პიტერ კოსტა რიგით მეოთხე ბროკერია. “ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია თქვენი გამდიდრება რამდენიმე წუთში თქვენ უბრალოდ უნდა გარისკოთ”- ამბობს პიტერი. ბროკერი ერთგვარი შუამავალია მყიდველსა და გამყიდველს შორის, ის ორ  დაინტერესებულ პირს ერთმანეთთან დაკავშირებასა და ურთიერთობების სარფიანად დასრულებაში ეხმარება.  ამბობს, რომ “23 წელია რაც საფონდო ბირჟაზე მუშაობს და მიუხედავად წარუმატებელი დღეებისა, უყვარს ყოველი წუთი რაც აქ გაატარა”.

უოლ სტრიტზე რისკის გარეშე ბიზნესი არ კეთდება, ამიტომ საფონდო ბირჟაზე რისკი საყვარელი საქმიანობაა. აქ კომპანიები იმისთვის გადიან, რომ მოიზიდონ დამატებითი ინვესტიცია და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ბიზნესის და ეკონომიკის ექსპერტი რევაზ ჭიჭინაძე ამბობს, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზარი ერთი ლარის მფლობელსაც კი აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინვესტორი გახდეს. ასევე, საფონდო ბირჟაზე მიმდინარე მოვლენები ასახავს, ქვეყნის ეკონომიკის ტენდენციებს – როგორც ბუმს, ასევე კრიზისს. ეკონომიკაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ვალუტის კურსთან ერთად საფონდო ბირჟის ინდექსებიც იტყობინება. აქედან გამომდინარეობს ის პანიკა, რომელიც იწყება ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც საფონდო ბირჟის ინდექსები სწრაფად იწყებს დაცემას.  ქვეყნისთვის განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი მხოლოდ კარგის მომტანია. საფონდო ბირჟა კომპანიებისთვის აფართოებს კაპიტალის ბაზარს, ისინი არ არიან დამოკიდებული მხოლოდ საბანკო კრედიტზე ან პირდაპირ ინვესტიციებზე, შეუძლიათ კომპანიის მცირედი წილის აქციებად გაყიდვით მოიზიდონ დამატებითი კაპიტალი. ასევე, მოსახლეობას სტიმული უჩნდება, თანხა დაზოგოს და ამ თანხით აქციები შეიძინოს.“

როგორც ამბობენ, ამერიკის ვერც ერთი ცათამბჯენი ვერ გამოხატავს ამ ქვეყნისა და მისი მთავარი ქალაქის სულისკვეთებას ისე, როგორც ნიუ იორკში, უოლ სტრიტზე მდებარე პატარა, ვიწრო ქუჩა. ამ პატარა ქუჩაზე წყდება მსოფლიოს ბედი, ინგრევა ან შენდება უზარმაზარი ფინანსური იმპერიები, ასეულობით მილიონი ადამიანი კი წარმატებას აღწევს ან პირიქით უმუშევარი რჩება.

რატომ ვერ ჩამოყალიბდა საფონდო ბირჟა საქართველოში? მაშინ, როცა კაპიტალისტური ეკონომიკაც გვაქვს, წარმატებული საწარმოებიც და შესაბამისი კანონებიც, რომლებიც ამ ურთიერთობებს უნდა არეგულირებდნენ დასავლური სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს საფონდო ბირჟა არსებობის 16-წლიან გამოცდილებას ითვლის, მაგრამ ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ განვითარებული, მაღალი ბრუნვის მქონე ბირჟა მიგვეღო. შეიძლება რამდენიმე დღე ისე გავიდეს, გარიგება საერთოდ არ განხორციელდეს. გასული წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საფონდო ბირჟის სისტემაში 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული, რომელთა სრული საბაზრო კაპიტალიზაცია 658 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ მცირე მოცულობაა, თუმცა ყველაფერს აქვს მიზეზი და ჩვენს ქვეყანაში არსებული საფონდო ბაზრის მცირე ბრუნვაც შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე საუბრისას მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ანჟელა პროგოჟინა ამბობს, რომ: „ჩვენ ყველას გვსურს განვითარებული საფონდო ბირჟის არსებობა, თუმცა რეალურად არავის არ აქვს ინტერესი დააბანდოს თავისი სახსრები საფონდო ბირჟაზე, რადგანაც ჩვენ არ ვიცით ვის მფლობელობაში იმყოფება იქ წარმოდგენილი ფირმები და რამდენად მომგებიანი არიან ისინი“ – განაცხადა პროგოჟინამ და ამის ერთ-ერთ მიზეზად საკანონმდებლო ბაზის განუვითარებლობა დაასახელა. მისი თქმით, არსებული მდგომარეობით ერთადერთი მოთამაშე რომელსაც ეს ინფორმაცია გააჩნია არის საბანკო სექტორი, შესაბამისად საქართველოში განვითარებულია მხოლოდ საბანკო დაკრედიტების ინსტიტუტი – როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალება. „სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვლება საფონდო ბირჟა ვერ განვითარდება,“- აღნიშნა მან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ლიკა მიქელაძე ამბობს, რომ “ქართული საფონდო ბირჟა სხვა ქვეყნებისას ვერ შეედრება, რადგან ჩვენთან ეკონომიკის ზრდა და ქვეყნის განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამჟამად საფონდო ბირჟის ფარგლებში მხოლოდ 6 საბროკერო კომპანია ფუნქციონირებს და თითოს 2-3 ბროკერი ჰყავს“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლაშა ქავთარაძე გვიხსნის, რომ „როცა ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს სესხის აღება დასჭირდება მას ორი გამოსავალი აქვს: პირველი მიმართოს ბანკს, მეორე გაიტანოს კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე და იქ გაყიდული აქციების ნაწილით მიიღოს საჭირო თანხა, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ ერთი დიდი პრობლემაა, საფონდო ბირჟას ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი უწევს და გამოდის რომ, ბირჟა ვერ გაუწევს კონკურენციას იმ დაწესებულებას, რომელთანაც გარკვეული ანგარიშვალდებულება აკისრია, ამიტომ საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლებს სესხის აღების მხოლოდ პირველი ვარიანტი რჩებათ.“

ბიზნესის და ეკონომიკის ექსპერტი რევაზ ჭიჭინაძის თქმით, საქართველოს საფონდო ბირჟა სავალალო სიტუაციაშია. ამბობს, რომ ხშირად განვითარებადი ქვეყნებისგან საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხოვს საფონდო ბირჟის არსებობას და ბევრ ქვეყანას უბრალოდ ამ მოთხოვნის გამო აქვს ეს ბაზარი.

ქართველი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს თუ გასჩენია სურვილი ალბათ, ამა თუ იმ კომპანიის აქციები ეყიდა. ამის მიზეზად ხშირად კომპანიათა აქციებისა და კორპორაციული ობლიგაციები სიმცირითაც ხსნიან. ამას ემატება ქვეყანაში დანაზოგის არ არსებობა და ფასიანი ქაღალდების არამიმზიდველობაც. დანაზოგის მფლობელს ურჩევნია, ფული ბანკში შეინახოს ან უძრავ ქონებაში ჩადოს.

“იმისთვის, რომ ამ ბაზარმა გამართულად იმუშაოს და ეკონომიკას გარკვეული რეზულტატი მისცეს რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად, სახელმწიფო რეგულაციები უნდა იყოს სათანადოდ მოწესრიგებული; საჭიროა ძლიერი ფინანსური ინსტიტუტების არსებობა; საბანკო და სადაზღვეო სისტემის სიძლერე; ასევე მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო ფონდები არ იყოს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. ქვეყნის დამოუკიდებლად საფონდო ბირჟა ვერ იფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია, მეზობელი ქვეყნების მდგომარეობის გათვალისწინებაც და უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივაც არასახარბიელო სიტუაციაში ვართ. საფონდო ბირჟა ცუდად ფუნქციონირებს აზერბაიჯანში, სომხეთში და ირანში, წარმატებით ფუნქციონირებს თურქეთში და ასე თუ ისე რუსეთში. განვითარებული საფონდო ბაზარი ძალიან კარგი გზა იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, რადგან მძიმე ეკონომიკას ჩვენ ვერ განვავითარებთ. მგონია, რომ ჩვენს ეკონომიკას ამ კუთხით განვითარების კარგი შესაძლებლობა აქვს. მაგალითად სინგაპურის და ჰონგ-კონგის მთავარი შემოსავალი სწორედ საფონდო ბირჟიდან აქვთ,“ – ამბობს რევაზ ჭიჭინაძე.

მარიამ სულხანიშვილი, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში