DATA149.1.19

Logo

თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის

ხატია ცანავა

თბილისის ზოოლოგიური პარკის ბინადარ დათვებსა და მგლებს ძალიან გაუმართლა, სწორედ მათ ერგო პირველობის საპატიო სტატუსი და დაახლოებით 2 კვირაში თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები გახდებიან.

მათ დასახვედრად 2 წელი ემზადებოდნენ. სპეციალურად მათთვის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით აშენდა კომბინირებული ვოლიერი მსოფლიოს ზოოპარკების ახალი კონცეფციის შესაბამისად, რომელიც ზოოპარკის ბუნებასთან მაქსიმალურად დაახლოებას გულისხმობს და ეს საშუალებას აძლევს ვიზიტორებს რეალურად აღიქვან ის რაც ბუნებაში ხდება.

ვოლიერი 11 ათას მ2  ფართობზეა გაშენებული და დაახლოებით 10 დათვსა და მგლების ერთ ხროვას დაიტევს.

პირველი ბინადრები შეირჩა მათი მნიშვნელობის გამო, რადგან საქართველოში ფართოდ გავრცელებულია დათვების დატყვევება, მგლები კი გადაშენების პირას არიან; მეორე მხრივ კი ახალი ზოოპარკი არ არის ჯერ-ჯერობით კეთილმოწყობილი, საკომუნიკაციო საშუალებები მთელ ტერიტორიაზე არ არის და გადასაყვანად შეირჩა ისეთი ცხოველები, რომლებსაც  სპეციალური პირობები არ სჭირდებათ.

ახალი ზოოპარკი 48 ჰა ფართობზეა და დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ზოოპარკის ტერიტორიას. ის ამავდროულად ფართობით ევროპის უდიდეს ზოოლოგიურ პარკებს შორის მოხვდება, რადგან ევროპაში უდიდესი ბერლინის ზოოპარკი 34 ჰა ფართობზეა.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახალი ზოოპარკი ძველისგან რადიკალურად განსხვავებული და მრავალფეროვანი იქნება. გისოსებში ცხოველებისა და ფრინველების მხოლოდ მცირე ნაწილი იცხოვრებს, დანარჩენ შემთხვევაში კი ბარიერები თხრილებისა და წყლის სახით მოეწყობა, რაც მინიმალურ ვიზუალურ ბარიერებს გულისხმობს. ტერიტორია ბიო-გეოგრაფიული ზონების მიხედვით დაიყოფა. იგეგმება მაღალი ტერასების აშენება რაც ვიზიტორებს გაუადვილებს დათვალიერებას. მიუხედავად ამ გეგმებისა ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ზოოლოგიური პარკის პროექტი ჯერ არ არსებობს.

ზოოპარკის ადმინისტრაცია ახალ ზოოპარკში ახალ მიზნებს ისახავს, აქ სხვა ზოოპარკებისგან განსხვვებით  მთლიანად იქნება კავკასიის ენდემური ჯიშები წარმოდგენილი; კავკასიის შემდგომ პრიორიტეტი აფრიკული სავანა და ცენტრალური აზიის მთიანეთი იქნება.

ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე გადატანის ინიციატორი თბილისის მერი დავით ნარმანიაა. პროცესები 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაჩქარდა. ადიდებულმა მდინარე ვერემ ზოოპარკის 3 თანამშრომელი და 300-მდე ბინადარი იმსხვერპლა. „ზოოპარკის გადატანის გეგმა წყალდიდობამდეც არსებობდა. პროექტირებასთან დაკავშირებით კონკურსიც იყო გამოცხადებული, თუმცა მოგვიანებით ეს პროცესი შეჩერდა და წყალდიდობის შემდეგომ განახლდა,“ – განაცხადეს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სტიქიის შემდეგ თბილისის მერიამ ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვისთვის 2 მილიონი ლარი გამოყო, სხვა ხარჯები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაფარა.

წელს თბილისის 2017 წლის ბიუჯეტიდან თბილისის ზოოლოგიური პარკის განვითარებისთვის 3,184 მლნ ლარი გამოიყო.

ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე თბილისის მერის ინიციატივით შეიქმნება რეკრეაციული ზონა და დაირგვება დამატებითი ხეები, რაც შედარებით გამოასწორებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

„თბილისის განვითარების გეგმაში ძველი ზოოპარკის ტერიტორია რეკრეაციულ ზონადაა ასახული, რადგან დოკუმენტში გეგმა 2030 წლამდეა გაწერილი, ადგილობრივ მთავრობას ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაც ექნება,“ – განაცხადეს თბილისის ეკოლოგიის სამსახურში.

ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულება თანხების მოძიებაზეა დამოკიდებული. ზოოპარკის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საერთაშორისო ფონდებში შესატან რამდენიმე პროექტზე. მათი განცხადებით მშენებლობისთვის კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, ახალი ზოოპარკის აშენებას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება.

რაც შეეხება ზოოპარკის ვიზიტორებს სიახლეს დადებითად აფასებენ. მათი განმარტებით, ცხოველები მძიმე პირობებში იმყოფებიან და მათ უფრო გაშლილი სივრცე და სიმშვიდე სჭირდებათ.

ახალი ზოოპარკისა და მისი ბინადრების მონახულებას ვიზიტორები ზაფხულში შეძლებენ. ივლისში ახალ ზოოპარკს ირმები და ნიამორები შეემატება, რომელთაც პირველი საპატიო ბინადრები დათვები და მგლები უმასპინძლებენ.