DATA149.1.19

Logo

მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ

მარიამ ბარაბაძე

 

 

დღეისათვის მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას.  ეს გამოწვევებია მასწავლებლის სიჭარბე და დეფიციტი. მასწავლებლის რესურსის არაეფექტური გამოყენება, და რაც მთავარია, მასწავლებლის კომპეტენცია, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობა და საგაკვეთილო პროცესის ვირტუალურად წარმართვა.  ტექნოლოგიური გამოწვევა, განსაკუთრებით, უფროსი თაობის პედაგოგებისთვის არის რთული. თითოეული მასწავლებელი ცდილობს და იბრძვის მასწავლებლის პროფესიაში არსებული გამოწვევების გადალასალახად. 

ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც მასწავლებლებს 4 კატეგორიად ჰყოფს, ესენია: პრაქტიკოსი,უფროსი, წამყვანი და მენტორი.

 პრაქტიკოსია მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად. 

 უფროსია მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს, როგორც პრაქტიკოსის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს,ასევე, აქვს შესაბამისი სერთიფიკაცით დადასტურებული საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები. 

 წამყვანი მასწავლებელი არის ადმაიანი, რომელიც აკმაყოფილებს როგორც უფროსი პედაგოგის მოთხოვნებს, ასევე, პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, შეიმუშავების საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს და შედეგებს უზიარებს კოლეგებს. 

 მენტორი მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლის ყველა მოთხოვნას, ასევე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს დამწყები მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას.

ბოლო პერიოდში ქართულმა სასკოლო სისტემამ დიდი  მასშტაბის ცვლილებები განიცადა. დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, ქართველ მასწავლებლებს არ ჰქონდათ პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობის შესძლებლობა. 2005 წლიდან, რეფორმების განხორციელების შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლებს ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. მოკლევადიანი ტრენინგი მასწავლებლების პროფესიული განვითარების, ერთადერთ საშუალებად ითვლებოდა. 2006 წლიდან 2008 წლამდე მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კი შეიმუშავა ტრენინგების პროვაიდერთა აკრედიტაციის სისტემა და დააფინანსა 4 კრედიტიანი ტრენინგები ვაუჩერების საშუალებით. 2010 წელს სამინისტრომ ტრენინგების სისტემის ცენტრალიზება გადაწყვიტა და მასწავლებლებს უფასო ტრენინგებს მხოლოდ მის მიერ დაარსებულ მასწავლებელთა სახლებში სთავაზობდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ცენტრმა შეიმუშავა 139 ტრენინგ მოდული საგნობრივ სფეროებსა და პედაგოგიკაში. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 1320 ტრენინგი ჩატარდა და მათში დაახლოებით 26,000 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგების გარდა, მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შემოიღო მაძიებლობისა და მენტორობის პროგრამები, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინიციატივები და მასწავლებელთა კონფერენციები. თუმცა, ეს პროგრამები შეზღუდულია მასშტაბის თვალსაზრისით.

მოწვეული მასწავლებელი შეიძლება გახდეს სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს თავისი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიაროს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ სკოლაში ნახევარ განაკვეთზე იმუშაონ და მათთვის სავალდებულო არ იქნება იმ საქმიანობების შესრულება, რაც, ჩვეულებრივ, მასწავლებლებს ევალებათ პროფესიული განვითარებისთვის.

რაც შეეხება „მაძიებლის“ სტატუსს (უსტატუსო მასწავლებელი) 2007-2014 წლებში არსებული 

მაძიებლობის პროგრამისგან განსხვავებით, „მაძიებელს“ შესაძლებლობა მიეცემა, სკოლაში მუშაობა დაიწყოს და პარალელურად პროფესიულადაც განვითარდეს. ესენი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. მუშაობის პარალელურად კი გაივლიან მაძიებლობის პროგრამას.

ტრენინგებთან ერთად, 2010 წლიდან, საქართველოში პედაგოგთა სასეტიფიკატო გამოცდები დაიწყო, რომლის მიზანიც პედაგოგთა მომზადებისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლება იყო.თავდაპირველად, გამოცდებზე გასვლა ნებაყოფლიობითი იყო, სავალდებულო კი 2014 წლიდან უნდა გამხდარიყო, თუმცა 2019 წლამდე ნებაყოფლობითად რჩებოდა.მასწავლებლის გამოცდებმა 2010 წლიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება და შინაარსი. 2010 წელს მისი სახელწოდება იყო „სერტიფიცირების გამოცდები“. 2015 წელს „საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა“  ხოლო 2017 წლიდან დღემდე -  „მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდა“ ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ხელფასის მატების მნიშვნელოვანი წინაპორობაა, 2017 წლის მდგომარეობით პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა თუნდაც ერთი სასერთიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. 2010-2017 წლებში სასერტიფიკაციო გამოდის მინიმალური ზღვრის გადალახვის მაჩვენებელი საშუალოდ 25% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგთა საშუალოდ 75% გამოცდაზე მინიმალურ ზღვარსაც კი ვერ ლახავს. გამოცდებზე წელიწადში საშუალოდ 16 ათასი პედაგოგი გადის, მაგრამ აქედან ნაწილი განემორებით იღებს მონიაწილეობას. 2017 წლის მდგომარეობით სასერტიფიკაციო გამოცდა 44 579 (70%)მასწავლებელს (ე.წ. პრაქტიკოს მასწავლებელი) არ ჰქონდა ჩაბარებული, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 73% იყო ხოლო 2011 წელს 90%. სასერტიფიკაციო გამოცდებზე მინიმალური ზღვრის გადალახვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (საშუალოდ 12%) დაწყებითი კლასების პედაგოგებს აქვთ. შემდეგ მოდიან ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის ბედაგოგები. ყველაზე კარგ შედეგებს კი უცხო ენების პედაგოგები აჩვენებენ.

საქართველოში საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების 95%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ამ მაჩვენებლით საქართველო TALIS-ის ქვეყნების საშუალოს უტოლდება. ბაკალავრის ხარისხი აქვს მასწავლებლების 12%-ს, უმაღლესი პროფესიული განათლება მიღებული აქვს მასწავლებლების 7%-ს, მაგისტრის ხარისხი აქვს მასწავლებლების 75%-ს და დოქტორის ხარისხი კი მასწავლებლების 1%-ს. უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლები ყველაზე მეტად გვხვდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (91%), მათემატიკასა (94%), საბუნებისმეტყველო საგნებსა (92%), სოციალურ მეცნიერებებსა (90%) და უცხოურ ენებში (90%). ასეთი მასწავლებლების ყველაზე მცირე რაოდენა არის ხელოვნებისა (64%) და ფიზიკური აღზრდის (67%) დისციპლინების მასწავლებლებს შორის. ბაკალავრის ხარისხის მასწავლებლების რაოდენობა მაღალია უცხოური ენების (21%), საინფორმაციო ტექნოლოგიების (20%), რელიგიისა (22%) და   ფიზიკური აღზრდის (19%) მასწავლებლებს შორის. უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე მასწავლებლების წილი მაღალია რელიგიის (22%), ფიზიკური აღზრდისა (20%) და პრაქტიკული და სახელობო უნარების (16%) მასწავლებლებს შორის. უმაღლესი განათლება არ აქვს ხელოვნების მასწავლებლების 21%-სა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების 13%-ს.

2019 წელს მასწავლებლის გამოცდების პარალალურად, განათლების სამინისტრომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსს მასწავლებლებს ახალი შეთავაზება (ჯილდო) გაუკეთა, რაც გულისხმობს, რომ მასწავლებლებს რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს, ან უკვე არიან პენსიონერი მასწავლებლები, გამოცდის ვერ/არ ჩაბარების შემთხვევაში ეძლევათ შესაძლებლობა სკოლა ნებაყოფლობით დატოვონ და მიიღონ 2 წლის ხელფასი და მასწავლებლის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო საპენსიო ასაკის მქონე პედაგოგები, რომლებიც არც ნებაყოფლობით დატოვებენ პროფესიას და ვერც გამოცდებს ჩააბარებენ,  სკოლა მათ გაანთავისუფლებს არსებული პოზიციიდან. ივლისის მონაცემებით  6 000-მდე პედაგოგმა გამოთქვა ჯილდოს მიღების სურვილი. 

არსებობს განსხვავებული დამოკიდებულება მასწავლებლის ასაკისადმი. ზოგი თვლის,რომ მასწავლებელი უნდა იყოს გამოცდილი რაც აისახება მის ასაკში, ზოგი კი პირიქით, მასწავლებელი უნდა იყოს ახალგაზრდა ახალი ტენდენციებით და შეხედულებებით. სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) მონაცემებით საქართველოში საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების საშუალო ასაკი 48 წელია. მასწავლებლების 5% 30 წლამდე ასაკისაა. მასწავლებლების ყველაზე დიდი წილი 40-49 (27%) და 50-59 (28%) ასაკობრივ ჯგუფებზე მოდის. მასწავლებლების 20% 30-39 ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება. მასწავლებლების 19% 60 წლისა და უფროსი ასაკისაა.

სკოლის მდებარეობის მიხედვთ მასწავლებლის ასაკობრივ განაწილებაში მცირე განსხვავებები ფიქსირდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, TALIS კვლევის თანახმად, მაღალმთიან სოფლებში უფრო ახლაგზარდა ასაკის მასწავლებლები არის, ვიდრე ქალაქში.

მოქმედი მასწავლებლის ხელფასი დიდწილად განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველთა რაოდენობას და კომპეტენციებს. მასწავლებლის ხელფასი საქართველოში დაბალია. თუ საქართველოში 10 წლის გამოცდილების მქონდე ბაკალავრის დიპლომის მქონე მასწავლებლის ხელფასი სხვა ქვეყნებში იგივე ფორმალური მახასიათებლების მქონე მასწავლებლის ხელფასს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ქართველი მასწავლებლის ხელფასი გაცილებით ნაკლებია. თუმცა დროთა განმავლობაში მასწავლებლის ხელფასი განიცდიდა მატებას, მისი პოზიციიდან გამომდინარე, თუ რა სტატუსი ექნებოდა მინიჭებული. 2019 წლის აგვისტოს მონაცემით, მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ სტატუსი მინიჭებული და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი აქვს ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებელი მიიღებს სტატუსის გარდა საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარს. ხოლო მეტი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ანაზღაურება, რა თქმა უნდა, მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საათზე ნაკლები ექნებათ საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. ხელფასების ზრდა სტატუსის მიხედვით გარკვეულწილად მასწავლებლებს აძლევს მოტივაციას, რომ შეიცვალონ პოზიცია და მიიღონ შედარებით მაღალი ანაზღაურება. 

ახალი კორონა ვირუსის გავრცელებამ მსოფლიოში გამოიწვია დისტანციური ურთირთობების ტალღა. საქართველოში 2020 წლის მარტიდან დაიწყო ონლაინ სწავლება, მაგრამ აპრილიდან სავალდებულო გახდა ყველა სკოლაში. 

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის სწავლება  ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზეა დამოკიდებული, ქმნის გარკვეულ წინააღმდეგობებს იმ ძველი თაობის პედაგოგებთან, რომლებიც ინტერნეტის გარეშე გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ. მათ სრულად ვერ აითვისეს ეს სფერო და სწორედ ამიტომ მათთვის უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენს საკუთარი ძალით შესწავლა და გათვითცნობიერება, თუმცა პრაქტიკაში ყველა თანდათანობით ცდილობს სწავლას და შეგუებას.

მასწავლებლებმა, დაიწყეს ახალი პროგრამის გამოყენება, თუმცა არა ერთბაშად. თანდათანობით გაიზარდა Teams-ის გამოყენება. 20 მარტის მონაცემებით   Office 365-ში აქტიური იუზერების რაოდენობა  82 694-ია.პორტალის აქტივობის მაჩვენებლის

ინფორმაციაზე დაყრდნობით,  Microsoft Teams-ში მომხარებელთა აქტივობა (ონლაინ შეხვედრები, გაკვეთილები, ჩეთი, მესიჯები და ა.შ.) 9 556 % -ით გაზრდილია. პროგრამა  Teams-ში 78 ათასი  ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა, მანამდე აღნიშნული პროგრამით მხოლოდ 750 აქტიური იუზერი სარგებლობდა. მარტის მონაცემებით, პროგრამით სულ 109 352 ადამიანი სარგებლობს.

20 მარტის მონაცემებით, ელ. ფოსტის  აქტიური მომხმარებელთა რაოდენობა იყო 10 218. ხოლო, წინა კვირას დარეგისტრირდა 7 500  უნიკალური იუზერი. 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ვებინერის სერიები, ანუ მასწავლებლებს ასწავლიან, როგორ გამოიყენონ Teams აპლიკაცია, როგორ შექმნან ჯგუფები, როგორ ჩანიშნონ გაკვეთილები, როგორ გამოიყენონ დისკი და როგორ შეაფასონ მოსწავლეთათვის მიცემული დავალებები.  ონლაინ სწავლებაზე გადასვლასთან ერთად დაიდო ბევრი ვიდეო ინსტრუქციები Youtube არხზე, სადაც თითოეული ვიდეო ასწავლის მასწავლებლებს, როგორ გაუაქტიურონ მოსწავლეებს თიმსის გვერდი, დაამატონ ჯგუფებში და სხვა.

ამდენად, მასწავლებლის გამოცდები გავლენას ახდენს თვითონ მასწავლებლების გათვითცნობიერებას ბავშვთა ფსიქოლოგიაში, ხოლო რაც შეეხება საკუთრივ პროფესიას, აღსანიშნავია, რომ აქ რაიმე ახალი არ უსწავლიათ, რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, მასწავლებლის გარკვეული ნაწილისთვის ძირითადად კი საპენსიო ასაკის, ონლაინ სწავლება სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხოლო ნაწილისთვის მარტივად შესაგუებელი და შესასწავლი აღმოჩნდა, თუმცა ორივე ნაწილი თანხმდება, რომ საგაკვეთილო პროცესი კლასში უფრო ნაყოფიერია.

მოსწავლეები კი მიიჩნევენ, რომ ყველა მასწავლებლემა უნდა ჩააბაროს გამოცდები და დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ  საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობას.

მასწავლებლები 2006 წლიდან გადიან ტრენინგებს და 2010 წლიდან გამოცდებში არიან ჩართული, ისინი ცდილობენ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში და წარმატებით დაძლიონ პროფესიული გამოწვევები, თუმცა მასწავლებლის გამოცდები დღემდე არ დასრულებულა და ამ მხრივ შეიმჩნევა მასწავლებლების მოტივაციის ნაკლებობა.

დღეისთვის აქტიური მასწავლებლების დიდ პროცენტს სერთიფიცირება აქვს გავლილი, ხოლო ნაწილი წასასვლელად ან საზაფხულო გამოცდის სესიისთვის ემზადება.