DATA149.1.19

Logo

სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი

ნინო სამხარაძე

თიკა დუღაშვილი სულ ორი წელია რაც საკუთარ ბიზნესს მართავს. ღვინის ეზო N1. ეს ის ადგილია,  სადაც სტუმრებს ქართული სტუმართმოყვარეობით აოცებენ. ტურისტებთან ურთიერთობა, მათი წასვლის შემდეგ სოციალური ქსელით გრძელდება. კითხულობენ ყვავილებსა და პალმებს, რომელმა გაიხარა, ამ სეზონზე რა არის ახალი. ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი, ტურისტები, რომლებმაც ერთხელ მოინახულეს ეს ადგილი, დიდი ოჯახის წევრები ხდებიან და კონტაქტს არ კარგავენ მასპინძლებთან.  

ჩაკეტილი საზღვრები, შეჩერებული ფრენები, დახურული ობიექტები -- ეს ის რეალობაა, რომელთან გამკლავებაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს 2020 წელს უხდებათ. პანდემიამ, რომელმაც მსოფლიო სულ რაღაც კვირების განმავლობაში მოიცვა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ტურიზმის სექტორზე იქონია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემების თანახმად, ინტერნაციონალური მოგზაურების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 20-30%-ით შემცირდება.  ასევე,  UNWTO-ს ვარაუდით, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს დიდი წილი უკავია. 

გასულ წელს, საქართველოს 7.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა და მათ მიერ ტურისტულმა დანახარჯმა 8 551 534 927 ლარი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარტი-ივნისის პერიოდში შეჩერებული ფრენები დიდი დარტყმა იქნება ქართულ ტურიზმსა და ეკონომიკაზე. იმისათვის რომ ტურიზმის სექტორმა სწრაფად შეძლოს რეაბილიტაცია, საჭიროა ამ სფეროს წარმომადგენლებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე მოგზაურის მოთხოვნებს. ახლა უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.  

ინტერნეტისა და სოციალური ქსელების განვითარებამდე, ტურიზმის სფერო ვითარდებოდა და ინფორმაციას ავრცელებდა ბროშურების, კატალოგების და ბეჭდური მედიის საშუალებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებული დიდი კომპანიები კვლავ ამ მარკეტინგულ ხერხს მიმართავენ. მაგალითად, ტურისტული კომპანია Caucasus Travel, რომელსაც აქვს Facebook, Instagram, Linkdin და სხვა სოციალური გვერდები. ყველაზე აქტიურად იყენებს Facebook გვერდს, სადაც დაახლოებით კვირაში ერთხელ თავსდება საქართველოს შესახებ ზოგადი ინფორმაცია. კომპანიის მარკეტინგი არის B2B, რაც გულისხმობს ბიზნესის მიერ პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციასა და მიყიდვას სხვა ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის.  ტუროპერატორის პროფესია წამყვან ადგილს იკავებს იმ პროფესიათა სიაში, რომლებიც უახლოეს მომავალში საჭირო აღარ იქნება. გარდა ამისა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ  მნიშვნელოვნად შეცვალა ტურიზმის სფერო. მაშინ, როდესაც პარტნიორი კომპანიების კლიენტები საკუთარი ძალისხმევით მოინდომებენ მოგზაურობას, ყველაზე დიდ მოგებას ნახავენ ის ბიზნესები, რომლების სოციალური მედიაც ყველაზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იქნება. 

ინტერნეტის წყალობით ხდება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ინფორმაციის გაცვლა, პროდუქტზე უკუკავშირის მიღება, თითოეული საიტი, იქნება ეს Booking.com, Airbnb.com თუ სხვა,  აძლევს მომხმარებელს საშუალებას გაეცნოს სხვა მოგზაურების შეფასებებს. 

რატომ არის სოციალური მედია და ტურიზმი საუკეთესო კომბინაცია?  

დასაწყისისთვის ისიც საკმარისია, რომ სოციალური ქსელების „დიდ სამეულში“ (ფეისბუქი, ტვიტერი და ინსტაგრამი) მოგზაურობა ყველაზე ხშირად გაზიარებული თემაა. 

ხალხს უყვარს საკუთარი გამოცდილების, სამომავლო გეგმების და შთაბეჭდილებების გაზიარება. მთავარი, რაც ყველა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს არის ის, რომ სოციალური მედიისა და ტურიზმის კომბინაცია არ უნდა ტოვებდეს რეკლამის შთაბეჭდილებას. სოციალური მედია საშუალებას აძლევს მომხმარებელს  გაუზიაროს ხალხს ბრენდის განსაკუთრებული თვისებები, საკუთარი გამოცდილების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები. ეს არის ყველაზე პოპულარული კონტენტი, რომლის გაზიარებაც ონლაინ ხდება - ეს პოსტები რეკლამაზე უკეთ მუშაობს. 

ონლაინ ტურიზმი აწვდის მომხმარებელს განახლებულ ინფორმაციას და მონაცემებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, იძლევა მომხმარებელთან პირდაპირი ინტერაქციის საშუალებას, მუშაობს მუდმივ რეჟიმში, ამცირებს საკომუნიკაციო ხარჯებს და ზრდის მცირე კომპანიების კონკურენტუნარიანობას, მათ ცნობადობას ბაზარზე. ციფრულმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწო ტურიზმმის ინდუსტრიის ფუნდამენტურ ცვლილებას. ნათელი გახდა მოგზაურის ქცევა გადაწყვეტილების მიღების, მოგზაურობისა და მოგზაურობის შემდეგ პერიოდში.

როგორც სოციალური მედიის მკვლევარმა Ze Zook-მა თქვა, „არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა კომპანია სოციალურ მედიაში, მათი მომხმარებლები უკვე იქ არიან და განიხილავენ ამ კომპანიას“ 

სოციალური მედიის მარკეტინგის კომპანია Social Sharks-ის დირექტორი, მარიამ ბაჯელიძე აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ხანაა. გაჩნდა ახალი, ძალიან დიდი, ტრადიციულ მარკეტინგულ არხებზე ბევრად იაფი და დიდი შესაძლებლობების მქონე მარკეტინგული არხი. შესაბამისად, ვისაც თავისი ბიზნესის, პროდუქტის ან სერვისი გაყიდვა სურს - ციფრული მედიისთვის ფეხის აწყობა მისთვის მნიშვნელოვანია. „ადამიანებს მობეზრდათ სტატიკური კონტენტის ყურება და მეტად აინტერესებთ დინამიკა, შესაბამისად, ვიდეო გახდა დიდი მნიშვნელობის მქონე ფორმატი. ასევე, ადამიანები რეკორდულად დიდი რაოდენობით იყენებენ მობილურ ტელეფონს ინტერნეტში ოპერირებისთვის, ამიტომ, მობილურზე ოპტიმიზირებული კონტენტი ბევრად უკეთ მუშაობს.“ 

იმის მაგალითად რომ ქართული მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და მათი უმეტესობა არასწორად ან არასრულად იყენებს ამ პლატფორმის შესაძებლობებს, შემიძლია პირადი გამოცდილებაც დავიხმარო. ტურიზმის სფეროში სამწლიანი მუშაობის შედეგად, შემიძლია აღვნიშნო, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარტნიორისთვის შემითავაზებია ობიექტი, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ ამ ობიექტს არასრული ინფორმაცია ჰქონდა სოციალურ ქსელებში განთავსებული ან მათი გვერდი არასანდო შთაბეჭდილებას ტოვებდა, პარტნიორს უარი უთქვამს ამ ობიექტის გამოყენებაზე. 

ნატო ჩაკვეტაძის ბლოგში, „Search - ყველაზე დიდი გამოწვევა ტურიზმის ინდუსტრიისთვის“, ვკითხულობთ: „ქართული კომპანიები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ინტერნეტის საშუალებით გაყიდვების სტიმულირებას. დაჯავშნის სისტემებზე ზედმეტია საუბარი, როდესაც ხშირად ვებ-გვერდსაც კი ვერ ვპოულობთ, სადაც კომპანიის შეთავაზებებს გავეცნობოდით“.

21-ე საუკუნეში, მაშინ,   როცა ამდენი შესაძლებლობა აქვთ კომპანიებს ყველანაირ საზღვრებს გასცდნენ და საკუთარი ბრენდი მსოფლიოს გააცნონ,  არ შეიძლება მხოლოდ ერთ ქსელზე დარჩნენ ორიენტირებულნი და სათანადოდ არ დააფასონ რა შეიძლება მოუტანოს ბიზნესს დღეში თუნდაც 2 საათის განმავლობაში სოციალურ ქსელებზე მათმა აქტიურობამ. კომპანიამ უნდა განსაზღვროს მიზანი, რისი მიღწევა სურს. დააკვირდეს და შეისწავლოს სამიზნე აუდიტორია, მათი ქცევა და ამის მიხედვით ააწყოს საკომუნიკაციო სტრატეგია. 

სასტუმროები და განთავსების სფერო ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს,  როდესაც მხოლოდ bookin.com-ს ანდობს საკუთარ ბიზნესს. როგორც მარიამის საუბრიდანაც ჩანს,  მომხმარებელს აინტერესებს დინამიკა, ვიდეო, ფოტო მასალა, რომელიც ასახავს იმას , თუ რის გამოცდას შეძლებენ სტუმრები ადგილზე.

სწორი მარკეტინგული სტრატეგიების მქონე ბიზნესის მაგალითად კვლავ „ღვინის ეზო N1“-ის დამაარსებელი თიკა დუღაშვილი შეგვიძლია მოვიყვანოთ. „მაგალითად,  ჯონჯოლზე დავწერე დეტალურად ორ ენაზე, რუსული და ინგლისური ტექსტი, რა არის, სად მოდის და ასე შემდეგ, ქართველებს ვერ დაუწყებ ახსნას რა არის ჯონჯოლი, ამიტომ მხოლოდ მცირე ტექსტი და ლამაზი ფოტო. ესაა განსხვავება. ვიცი რომელ ქვეყანას რა მოსწონს და აკვირვებს, 

ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვფიქრობ წინასწარ ამ ყველაფერზე.“

ქართულ ფეისბუქსივრცეში 2019 წლის ივნისში გაჩნდა ჯგუფი Spend your summer in Georgia. როგორც ჯგუფის ერთ-ერთი შემქმნელი მარიამ გუჯაბიძე აღნიშნავს, მთავარი მიზეზი, რატომ დაიწყო ეს კამპანია არის ის,  რომ რუსეთმა აკრძალა პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით. საქართველო იდგა დიდი საფრთხის წინაშე, რომ რუსეთიდან შემომავალი ტურისტების მიერ გაკეთებული ჯავშნები სრულად გაუქმდებოდა, რაც რეალურად ასეც მოხდა. ჯავშნების 80%-ი ფაქტობრივად მაშინვე გაუქმდა და აღდგა მოგვიანებით აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ჯგუფმა მოღვაწეობა დაიწყო მიმართვით, რომ მოსახლეობას გაევრცელებინა საქართველოს შესახებ ინფორმაცია, ფოტო და ვიდეო მასალა და ჯგუფში დაემატებინათ უცხოელი მეგობრები, იმისათვის რომ მათაც თავის მხრივ მოეხდინათ ქვეყნის პოპულარიზაცია. დღეს ჯგუფს 296 ათასი წევრი ჰყავს.

„ყველაზე მეტად პოპულარული არის ადამიანების ისტორიები, რეალური ადამიანების რეალური ისტორიები, რომლებიც გადახდათ საქართველოში.”

მარიამ გუჯაბიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც დღეს დგას ტურიზმის წინაშე. Covid -19-მა ეს სფერო კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენა. ვირუსის გავრცელების შემდეგ,  ჯგუფში დაიწყო რუბრიკა Stay at home and explore Georgia (დარჩი სახლში და აღმოაჩინე საქართველო). ამ რუბრიკის მიზანია დისტანციურად გააცნოს უცხოელებს საქართველო. მთავარი გათვლა მდგომარეობს იმაში,  რომ შეინარჩუნონ ადგილი პოტენციური მოგზაურის გონებაში. „ვასწავლით ქართულ სამზარეულოს, ენას, ვამოგზაურებთ დისტანციურად, ვირტუალურად საქართველოში და ვუყვებით საინტერესო ამბებს. გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი სხვა აქტივობა დაგეგმილი, რომ, ასე ვთქვათ,  ეს მესიჯი - if you can not come to Georgia , Georgia comes to you (თუ შენ ვერ მიდიხარ საქართველოში, საქართველო მოდის შენთან) ფაქტობრივად ამ მესიჯის განხორციელება გვინდა ამ ეტაპზე, რაც ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებით გამოდის.“

იმის პარალელურად რომ ქართულ სოციალური მედიის სივრცეში, მსგავსი, წარმატებული მარკეტინგის მქონე ბიზნესები და პროექტები მრავლადაა, სამწუხაროდ, გვხვდება არასწორი ორიენტირის მქონე ბიზნესებიც. 

მარიკა თოდუა, „ეთნო სოფელი სისატურას“ დამაარსებელი აღნიშნავს, რომ ობიექტის პოპულარიზაციისთვის იყენებს მხოლოდ ფეისბუქ გვერდს, სადაც რეგულარულად ანთავსებს პოსტებს. ძირითადად ობიეტის სიახლეებზე და შემეცნებით, სახალისო პოსტებს „სისატურასთან“ დაკავშირებით. მისივე თქმით, ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა ისეთ პოსტებს, სადაც სტუმრების თავგადასავალი ჩანს და ასახავს მათ აქტივობებს.თიკა დუღაშვილის მსგავსად, მარიკასაც განსაზღვრული აქვს რა სახის პოსტები იქცევს მეტ ყურადღებას და რომელ აუდიტორიას რა აინტერესებს. თუმცა,  უშვებს შეცდომას და მხოლოდ ერთ პლატფორმას ანდობს საკუთარ ბიზნესს. „როცა პანდემია ჩაწყნარდება, რა თქმა უნდა ყველა პლატფორმაზე ვიაქტიურებთ“ - აღნიშნა მარიკამ ინტერვიუში, მისი სწორი პოლიტიკა ფეისბუქგვერდზე გვაძლევს იმის ფიქრის ალბათობას, რომ სხვა პლატფორმებზეც სწორად განსაზღვრავს სამიზნე აუდიტორიას და მისი ბიზნესის წარმატება კიდევ უფრო გაიზრდება.

გესთჰაუსი მესტიაში -  „კლდის ვეფხვი“,  მხოლოდ ბუქინგზეა განთავსებული. სასტუმრო 2019 წელს გაიხსნა და სულ 14 ოთახი აქვს. სამწუხაროდ, გუგლის საძიებო სისტემაშიც კი სახელით ძიებისას ობიექტის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. 

ტურიზმის ადმინისტრაცია, ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი ბიზნესის რეალიზება და პოპულარიზაცია. ამასთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია სოციალური მედია აღნიშნული მიზნის მისაღწევად. 2020 წლის 13 აპრილს ჩატარდა ონლაინ მასტერკლასი თემაზე „ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“. Google-ის სერტიფიცირებულმა საერთაშორისო ტრენერებმა და ფოტოგრაფებმა ჩაატარეს სემინარი, რომლის ფარგლებშიც ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ქონდათ Google Map-ის კორექტირების, კოლაციების დამატების, ვიზუალიზაციასთან მუშაობის და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზის მიმართულებით ციფრული უნარები აემაღლებინათ და შეკითხვებზე მიეღოთ პასუხი. 

ვებინარის დასაწყისში მაყურებელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმართა : „ჩვენ თანამედროვე საზოგადოება ვართ და უკვე ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის, ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ციფრული ერა კერძო სექტორისთვის, რათა უზრუნველყოს ბიზნესის განვითარება.“

სოციალურ ქსელებზე თავის დასამკვიდრებლად, პირველ რიგში, უნდა გაინსაზღვროს სამიზნე აუდიტორია. თითოეული პოსტი უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ კლიენტზე. მაგალითად როგორც „ეთნო სოფელი სისატურას“ შემთხვევაში - „ჩვენი ობიექტი არის სპეციფიკური, ადგილობრივ „პუბლიკას“ სხვა მოლოდინები და სხვა ინტერესები აქვს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებს -- სხვა. ძირითადად ასე ვსაზღვრავთ. თუმცა, არის კიდევ ქვეკატეგორიებიც, ზოგს უფრო გასტრო მიმართულებით პოსტები აინტერესებს, ზოგს უფრო კულტურაზე. მაგრამ მაინც უმნიშვნელოვანესია „სტუმართ-მასპინძლობის“ კომპონენტი“.   ყველა პოსტს ჰყავს სამიზნე აუდიტორია. ამასთან,  აღნიშნული ბიზნესები სწორად საზღვრავენ რა მიზნით და რა ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელს. 

სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის პარალელურად, აუცილებელია გვერდის მომხმარებლებთან კონტაქტი. ეს პირველ რიგში გვეხმარება ფეხი ავუწყოთ მათ ინტერესებს და მოთხოვნილებებს და შესაფერისი კონტენტი მივაწოდოთ. ამასთან,  მთავარი მიზანი არის ის, რომ მოვიპოვოთ მომხმარებლის ნდობა. 

ქართული კულტურა და ტრადიციები მცირე ბიზნესებს აძლევს საშუალებას იყვნენ ორიგინალურები, დაანახონ საკუთარი ხედვა ტურისტებს და სხვა მხრიდან გააცნონ ქვეყანა. განსხვავებული, მრავალფეროვანი პოსტები და სწორად შერჩეული აუდიტორია ბიზნესის წარმატების უტყუარი გასაღებია. მომსახურების მიღების შემდეგ, თავად კმაყოფილი მომხმარებელი ზრუნავს ბიზნესის პოპულარიზაციაზე. ის მომხმარებელი, რომელიც თავად არ აქვეყნებს მედიის შინაარსის მქონე პოსტებს, აკომენტარებს ფეისბუქ ან ტვიტერის პოსტებზე და ამ გზით აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. იმისათვის, რომ მომხმარებელმა აქტიურად გააზიაროს შენი, როგორც კომპანიის, კონტენტი,  აუცილებელია რომ თავადაც აქტიური იყო სოციალურ ქსელებში. ხალხს უყვარს საკუთარი გამოცდილების, სამომავლო გეგმების და შთაბეჭდილებების გაზიარება. მთავარი, რაც ყველა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს არის ის, რომ სოციალური მედიისა და ტურიზმის კომბინაცია არ უნდა ტოვებდეს რეკლამის შთაბეჭდილებას. 

სოციალურ სივრცეში არსებობს უამრავი პლატფორმა, რომლის გამოყენებითაც ქართულ ბიზნესებს შეუძლიათ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. Facebook, Instagram, Booking.com, Airbnb.com, Tripadvisor - ამ სივრცეებიდან მინიმუმ ორგან მაინც უნდა გვხვდებოდეს ბიზნესის გვერდი, იმისათვის რომ მომხმარებელმა შეძლოს მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება და სხვა მოგზაურების შეფასებების გაცნობა. 

სასტუმროების დაჯავშნისას, ტურისტების უმეტესობა იყენებს Booking.com-ს, საიტს, რომელიც 1996 წლიდან არსებობს და მომხმარებელს ეხმარება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასურველი სასტუმროს, ჰოსტელისა თუ გესთჰაუსის შერჩევასა და სასურველ პერიოდზე დაჯავშნაში. საიტი ხელმისაწვდომია 43 ენაზე და ობიექტების 28 მილიონიან ჩამონათვალს ფლობს. დღევანდელი მონაცემებით საიტი, საძიებო სისტემაში Georgia-ს მითითების შედეგად, 15,456 საცხოვრებელ ობიექტს აგდებს. საიტი საშუალებას იძლევა სასტუმროები გავცხრილოთ ვარსკვლავების, კატეგორიების, ოთახების კატეგორიების, მდებარეობის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით. კომპანიის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით, 2018 წლის მონაცემებით დღეში საშუალოდ 1.5 მილიონი ღამისთევის დაჯავშნა ხდება საიტზე.

მოგზაურებისთვის, რომლებიც ბიუჯეტურ განთავსებაზე არიან ორიენტირებულნი, იდეალური გამოსავალია საიტი Airbnb.com, ეს არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტურისტებს შესთავაზოს ღამის გასათევი ადგილი, იქნება ეს საკუთარი ბინა, მხოლოდ ერთი ოთახი თუ კერძო სახლი. კომპანია როგორც ბროკერი ისე მუშაობს და თითოეული ჯავშნიდან პროცენტს იღებს. კომპანიის ოფიციალური საიტის თანახმად, Airbnb-ს 150 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და წამში 6 მომხმარებელი ჩექინდება საიტზე განთავსებულ ობიექტში. დღევანდელი მონაცემებით საიტის საძიებო სისტემაში Georgia-ს მითითების შედეგად 300+ ობიექტს აგდებს. როგორც უკვე აღვნიშნე, საიტი ბიუჯეტურ ტურისტებზე უფროა ორიენტირებული, გამომიდარე იქედან, რომ ერთი ღამით განთავსების საფასური 15$დან იწყება. 

Facebook და Instagram პლატფორმები იდეალურია ფოტო და ვიდეო კონტენტის განსათავსებლად. ერგება სმარტფონებს და უფრო მარტივს ხდის სასურველი ინფორმაციის მიღებას.  ხოლო რაც შეეხება TripAdvisor-ს იძლევა ონლაინ ჯავშნების და ფასების შედარების საშუალებას. საიტს თვეში საშუალოდ 490 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, საიტზე განთავსებულია 730 მილიონი მიმოხილვა და მოსაზრება 8.1 მილიონი დაწესებულების შესახებ.

სოციალური მედია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ტურიზმის როგორც ბიზნესის პოპულარიზაციისა და მომხმარებლის დამოკიდებულების ანალიზისათვის.  სამწუხაროდ, საქართველოში, დიდი ბიზნეს კომპანიები ნაკლებ გათვლას აკეთებენ სოციალურ ქსელებზე და სხვა პლატფორმებს იყენებენ კლიენტების მოსაზიდად. რაც შეეხება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ უმრავლესობას ესმის ციფრული მედიის როლი ბიზნესის პოპულარიზაციაში მაგრამ ამის პარალელურად არ იყენებენ სრულად იმ შესაძლებლობებს რასაც ეს პლატფორმა აწვდის მათ. სწორი სოციალური მარკეტინგის მქონე კომპანიების მაგალითზე კი მათ შეუძლიათ ბიზნესის შემოსავლიანობა გაზარდონ. „სოციალური მედია აქ არის. არსად მიდის: მას გვერდს ვერ ავუვლით. იყავი იქ,  სადაც შენი მომხმარებელია: სოციალურ მედიაში“ – ლორი რუფი.  21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ხანაა, ახლო მომავალში კი ტურიზმი სრულად გახდება მასზე დამოკიდებული.