DATA149.1.19

Logo

როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს

ანა ტეფნაძე

 

დილის 07:00 საათია. ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები მთლიან ოთახს ედება. გაღვიძებისთანავე ყავას იმზადებს, აწესრიგებს თავის მაგიდას, საუზმობს. მალე გაკვეთილი დაეწყება. ენერგიით სავსე და მოტივირებული მოსწავლეებს ესალმება და უხსნის, რა განსხვავებაა ser და estar-ს შორის, მერე ისვენებს და ჯიმში წასასვლელად იწყებს მზადებას. არ ავიწყდება ვიდეოების ჩაწერა და გზად სახლისთვის საჭირო ნივთებსაც ყიდულობს. საღამოს შეყვარებულთან ერთად 25-ე წუთზე გაჩერებული ფილმის ყურებას ამთავარებს და დროს ტოლედოს ხედით ერთ კათხა ლუდთან ერთად   განსატვირთადაც პოულობს.

დღეს ასე გამოიყურება 26 წლის თიკოს ცხოვრება, რომელიც ერთ დროს კვერცხის შეწვის უნარით კმაყოფილდებოდა და ამბობდა, რომ საჭმლის პრობლემა არასდროს შეექმნებოდა, რადგან სულ გამოიძახებდა. ახლა კი, როცა ყველანაირი კერძის გაკეთება სცადა, თანაც წარმატებულად, ამ ფაქტზე  ეცინება და ახსენდება წარსული, როცა ჯერ კიდევ გამოუცდელი იყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც მიაღწია, ლანგრით მორთმეული არ ყოფილა — მისი მოგზაურობა საკუთარი თავის შესაცნობად ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როცა საოცნებო ქვეყანაში, იტალიაში წავიდა სასწავლებლად.

“ბოლო, რაც საქართველოსთან მიმართებით მახსენდება, ისაა, რომ წასვლა მინდოდა”.

სურვილი, ეცხოვრა ბავშობის ოცნებაში, მასში დიდ ემოციებს აღძრავდა, რადგან სურდა რაღაც ახლის დაწყება, გარემოს შეცვლა და ახალი გამოცდილებების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში ყოფნისას იგრძნო ერთ-ერთი საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი ეტაპის მოახლოება, გზა ამ საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა.

“უამრავი საბუთის მოძიება მომიწია, სტიპენდიის მოპოვება და სახლის მოძებნა ცალკე ნერვიულობა იყო”, — ამბობს ის.

ამ ყველაფერს კი ემატებოდა ის, რომ მსოფლიოში კოვიდი მძვინვარებდა და წასვლამდე გადატანაც მოასწრო. მარტივი მისახვედრია, რა შვებას იგრძნობდა, როცა პასპორტ კონტროლი წარმატებით გაიარა და თვითმფრინავში შეაბიჯა, რომელსაც ზღაპრული რეალობისკენ უნდა წაეყვანა.

ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ სწავლა და კარგი აკადემიური მოსწრება არ არის საკმარისი, რათა თავი უკეთ შევიცნოთ. ამ პროცესში ხშირად სხვა ადამიანები გვეხმარებიან. თიკოს შემთხვევაში ეს ადამიანი ალვარო აღმოჩნდა. ამბობს, რომ მის გარეშე არ ეცოდინებოდა, როგორ შეიძლება შეიყვარო უცხო კულტურის, ტრადიციების მქონე პიროვნება ისე, რომ შენს ნაწილად აქციო.

“რომ არა ალვარო,არ მექნებოდა ემოციური სტაბილურობა”.

მართალია, მათი ისტორია იტალიაში დაიწყო, მაგრამ ესპანეთში გაგრძელდა.

არსებობს ასეთი გამონათქვამი: თუ ქალაქი გიზიდავს და ვერ ხვდები, რატომ, იქ შენი ისტორია უკვე დაწერილია და ის ადამიანი გელოდება, ვისაც ეძებ. თიკოს იტალიაში ესპანელი ალვარო ელოდებოდა,ცრომლის გამოც გადაწყდა ესპანეთში გადასვლა და ცხოვრების ახალი ეტაპის ერთად დაწყება.

“ესპანეთთან კავშირი პირველივე დღიდან ვიგრძენი, თუმცა ყველაზე  მძაფრად მაშინ, როცა ხალხთან ესპანეთის დაცვას ვიწყებდი”, — პირველი ნაბიჯები თიკოსთვის მარტივი აღმოჩნდა, რადგან ალვაროს წყალობით არ მოუწია სახლის მოძებნა, მარტო შეგუება უცხო ქვეყანასთან, თუმცა ცხოვრება რაღაც მომენტში ახერხებს ჩვენს დაპაუზებას და გვაიძულებს, რეალობას თვალი გავუსწოროთ.

ესპანური ენის ცოდნისა და ბევრი მცდელობის მოუხედავად, ძალიან გაუჭირდა სამსახურის შოვნა, მით უმეტეს, იმ სპეციალობით, რომელიც იზიდავდა. ჯერ საერთაშორისო ურთიერთობები დაამთავრა, შემდეგ კი მიგრაცის საკითხებით დაინტერესდა, თუმცა შესაფერისი სამსახური, რომელშიც ანაზღაურება და შრომის ხარისხი დააკმაყოფილებდა, ვერ იპოვა. ფიქრობდა, რომ ცოდნა ყოველთვის სათანადოდ არ ფასდება; რომ არავინ დაურეკავდა; რომ სამსახურს ვერასდროს დაიწყებდა და რომ ამ მდგომარეობასთან შეგუებაღა დარჩენოდა.

ერთ დღესაც, ფეისბუქის სქროლვის დროს, სრულიად უცხო ადამიანისგან მიიღო ინსპირაცია.

“თუ კი არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პორტუგალიურის სწავლა უნდათ, ნუთუ არ იქნებიან ისეთები, რომლებიც ესპანურის სწავლას მოინდომებენ?”, — ეს იყო მისი პირველი ფიქრი და იმ დღესვე გადაიღო ვიდეო, თუ როგორ ესალმებიან ერთმანეთს ესპანელები. ამას მოჰყვა კურსის შედგენა და გაკვეთილების ჩატარება.

ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ოდესმე მიუღია.

ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. საკუთარ თავში აღმოაჩინა უამრავი უნარი, მათ შორის, ის, თუ როგორ გაყიდოს და შეფუთოს  პროდუქტი ისე, რომ იყოს მოთხოვნადი, დააფასა შრომა, გაიუმჯობესა  ეკონომიკური მდგომარეობა, თავს გრძნობს ბედნიერად და წარმატებულად.

“უნდა იპოვო, რა გხდის დეპრესიულს და უნდა შეცვალო, რაც არ მოგწონს. უნდა იყო რკინა და ქვა”.

საზღვარგარეთ სწავლასა და მუშაობაზე საუბრისას ამბობს, რომ თითქოს ახლიდან იბადები და ნულიდან იწყებ ცხოვრებას, ამავდროულად კი, განიცდი სტაბილურობას, დაცულობას, სიმშვიდეს.

“გაბედეთ საზღვარგარეთ სწავლა ან ცხოვრება, რადგან ამ დროს ფართოვდება აზროვნების ჰორიზონტი და ხვდები, რომ სამყარო იმაზე დიდია, ვიდრე შენი უბანი, ქალაქი თუ სამეგობრო წრე”.

თითქოს სწორედ ამ ღირებულებებთან ასოცირდება თიკოსთვის ევროპა. ყოველ  ნაბიჯში იჭერს განსხვავებებს იქაურ და აქაურ ცხოვრების სტილს შორის.

“ერთადერთი, რასაც შევცლიდი, ისაა, რომ ხალხს საქართველოდან გაქცევა არ უნდოდეს და პირიქით, მეც მიხაროდეს ხოლმე აქ ჩამოსვლა და დასვენება”.

მისთვის ძალიან რთულია სამშობლოში განვითარებული მოვლენების შორიდან ყურება და ყოველ ჯერზე, როცააქ ბრუნდება, თითქოს უკან იტოვებს იმ თავისუფლების შეგრძნებას, რომელსაც ევროპულმა ყოველდღიურობამ შეაჩვია. ესპანეთში ცხოვრებამ დაანახა, რომ გარემო და სივრცე, რომელშიც იზრდები, უდიდესს გავლენას ახდენს მენტალურ მდგომარეობაზე. როცა ისეთ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, რომლებიც ინსპირაციას გაძლევენ და მუდამ სიახლეების ძიებაში არიან, შენიაზროვნება და მსოფლმხედველობაც იცვლება, რადგან აანალიზებ, რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროს შევხედოთ არა მარტო ჩვენი პერსპექტივიდან, არამედ სრულიად უცხო ადამიანების გადმოსახედიდანაც დავინახოთ ცხოვრებისეული გამოწვევები და მათთან ერთად გადავლახოთ რთული მომენტები.

თიკოს ყოველთვის სჯეროდა, რომ საქართველოს გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდებოდა, რადგან აქაურობა მისი ყველაზე ნაცნობი და ტკბილ მოგონებებთან ასოცირებული ადგილია, თუმცა სწორედ კომფორტის ზონიდან გამოსვლა აღმოჩნდა ნამდვილი ბედნიერების პოვნის გასაღები.

თიკო ესპანეთში და თიკო საქართველოში ორი სრულიად სხვადასხვა ადამიანია”, — ამბობს ის და ამატებს, რომ როცა დამოუკიდებლობას გემოს გაუგებ, ვეღარც კი გაიხსენებ იმ დროს, როდესაც რაღაცები შენს ცხოვრებაში უბრალოდ ხდებოდა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, რადგან ყოველთვის იყო ერთი ადამიანი მაინც გვერდით, ვინც დახმარების ხელს გამოგიწვდიდა. ეს რეალობა კი იცვლება, როცა უცხო მიწაზე დგამ ფეხს და ერთადერთი, ვისაც იცნობ, საკუთარი თავია.

შესაძლოა, ნოსტალგია გქონდეს სახლის ან ოჯახის წევრების მიმართ, თუმცა თუ სისავსის განცდა არ გაქვს, ვერასდროს დაალაგებ სწორ პრიოტიტეტებებს”.

მართალია, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ცხივრების ახალ ტემპზე გადაეწყო, თუმცა მაინც უჭირს იმის დაჯერება, თუ როგორ შეიცვალა მისი პროფესიული მისწრაფებები.

პატარაობაში მუდმივად პოლიტიკოსობაზე ოცნებობდა და სურდა, თავისი იდეები ბევრი ადამიანისთვის გაეზიარებინა, დღეს კი ამას სრულიად განსხვავებული მიმართულებით აკეთებს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი არც არაფერი შეცვლილა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლაპარაკი ყოველთვის ძალიან უყვარდა და სხვების დარწმუნებაც ყოველთვის გამოსდიოდა.

როგორც აღნიშნავს, მართალია, პოლიტიკას ვერ გაჰყვა, თუმცა უნივერსიტეტში შეძენილი უნარები ამჟამინდელი პროფესიის წარმართვაში ეხმარება.

არასდროს უნდა იფიქრო, რომ ეს არის შენი ცხოვრების ყველაზე კარგი ან ცუდი მომენტი, რადგან წლების გასვლის შემდეგ, არც კი გემახსოვრება. ამიტომ ყოველთვის იმედიანად უნდა იყო და არასდროს დაელოდო სხვას”, — ესაა მთავარი გაკვეთილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ისწავლა.

კაფეში ვსხედვართ, თიკო ყავას სვამს და ვეკითხები: რომ არა ესპანეთი…”

იღიმის. ალბათ სურს, რომ რაღაც განსაკუთრებული პასუხი მოიფიქროს, რადგან რთულია ამხელა გამოცდილების ერთ წინადადებაში მოქცევა. ბოლოს ამბობს:

რომ არა ესპანეთი, ამ ინტერვიუზე ესეთ პასუხებს ვერ გაგცემდისაკუთარ თავში დარწმუნებული, ბედნიერი და წარმატებული”.

ღიმილს არ წყვეტს, რადგან იცის, რომ წინ უამრავი დაუვიწყარი დღე და ცხოვრებისეული გამოცდილება ელოდება, თუმცა მათ არა შიშით, არამედ, თვალებანთებული ხვდება, რადგან იცის, რომ ახლა ყველაფერს გაუმკლავდება, რა წინაღობაც არ უნდა აღუდგეს წინ.