ალგორითმების ეპოქა - ვის წაართმევს სამსახურს AI და ვინ მოიგებს ტრილიონიან მომავალს
მარიამ ჯანიაშვილი
2026 წელი გლობალური ბაზრისთვის გარდამტეხი ციფრებით დაიწყო. როდესაც ანალიტიკოსები გლობალურ ხარჯვაზე საუბრობენ, სიტყვა „ტრილიონი“ უკვე ჩვეულებრივ სიტყვად იქცა, რადგან მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე მიმართული ინვესტიციების მოცულობამ 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია. წარმოიდგინეთ მასშტაბი, სადაც მხოლოდ ე.წ. „ჰიპერსკეილერები“, ინდუსტრიის ის გიგანტები, რომლებიც ჩვენს ციფრულ ყოველდღიურობას მართავენ, 500 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ მხოლოდ ინფრასტრუქტურაში - ანუ იმ უხილავ რკინასა და კაბელებში, რომლებმაც ეს ახალი გონება უნდა გამოკვებონ. ეს არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური პროგრესი, ეს არის ეკონომიკური მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც ყველგანაა - ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან დაწყებული, თბილისის მცირე სტარტაპ-ოფისებით დამთავრებული.
PwC-ის გათვლებით, 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი გლობალურ მშპ-ს დამატებით 15,7 ტრილიონ დოლარით გაზრდის. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ ეს არის თანხა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ინდოეთის საერთო ეკონომიკის ჯამს უტოლდება. თუმცა, ისიც აღსანიშნია, რომ ამ ზრდის პარალელურად მწვავდება ეთიკური დილემები და სასამართლო დავები, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი „AI-ს სასამართლო ომად“ აქცია. საქართველოსთვის, სადაც ტექნოლოგიური დანერგვა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ეს გლობალური ძვრები ერთდროულად დიდ გამოწვევასა და შესაძლებლობას წარმოადგენს - შევძლებთ თუ არა რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის სტატუსის მოპოვებას, თუ კვლავ ტექნოლოგიური ჩამორჩენის საფრთხის წინაშე დავდგებით?
ხელოვნური ინტელექტი დღეს აღარ არის დამხმარე ინსტრუმენტი ან მორიგი პროგრამული განახლება, ის ბიზნესის ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა, ქართველი AI-ს მცდონე ბიზნეს-აპლიკაციებში, საბა ჯაჯანიძის ხედვით, ჩვენ ისეთ ეპოქაში გადავედით, სადაც წარსული მონაცემების უბრალო ანალიზი მომავლის ზუსტმა პროგნოზირებამ ჩაანაცვლა. დღეს კომპანიები აღარ კითხულობენ, რა მოხდა გუშინ, ისინი ითვლიან, რა მოხდება ხვალ -იქნება ეს მომხმარებლის მოთხოვნა, რისკების მართვა თუ ოპერაციების ოპტიმიზაცია. McKinsey-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ორგანიზაციების 72% უკვე სრულად არის ინტეგრირებული ამ პროცესში, რაც ნიშნავს, რომ კომპანიების უმრავლესობა საკუთარ გადაწყვეტილებებს საკუთარ გადაწყვეტილებებს არა ინტუიციაზე, არამედ ალგორითმულ სიზუსტეზე აფუძნებს.
პრაქტიკული სარგებელი თვალსაჩინოა - სტენფორდის კვლევის თანახმად, ბუღალტრები, რომლებიც AI-ს იყენებენ, ანგარიშგებას 7,5 დღით უფრო სწრაფად ასრულებენ, იურისტები კი კვირაში 4 საათს ზოგავენ. თუმცა, თუკი ფინანსებსა და მედიაში პროდუქტიულობის 3,5–4-ჯერადი ზრდა შთამბეჭდავია, ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის როლი უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება. გლობალური მონაცემებით, მედიცინაში AI-ს ბაზარი, რომელიც 2021 წელს მხოლოდ 11 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2030 წლისთვის 187 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. 2026 წელი ამ გზაზე გარდამტეხია, რადგან ინვესტიციების მოცულობამ ამ სფეროში უკვე გადააჭარბა 56 მილიარდ დოლარს. PwC-ის პროგნოზით,ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარის ხარჯები ტრადიციული ჰოსპიტალური მოდელებიდან პერსონალიზებულ ციფრულ მედიცინაზე გადაინაცვლებს.
ეს ციფრები მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არ არის. ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად ცვლის ჯანდაცვის ეკონომიკასაც. მაგალითად, ახალი მედიკამენტების შექმნის პროცესი, რომელიც აქამდე ათწლეულებსა და მილიარდობით დოლარს მოითხოვდა, AI ალგორითმების წყალობით თვეებამდე მცირდება, რაც პირდაპირ აისახება სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. World Economic Forum-ის მონაცემები კი აჩვენებს, რომ AI-ს მეშვეობით შესაძლებელია 14-დღიანი დაუგეგმავი განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება, რაც სისტემისთვის ხარჯების უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაციაა. 2026 წლისთვის რობოტული ქირურგიის სეგმენტი სამედიცინო ბაზრის თითქმის 23%-ს დაიკავებს, რაც ოპერაციების სიზუსტესა და პაციენტების გამოჯანმრთელების სისწრაფეს უპრეცედენტოდ ზრდის. ეს ყველაფერი ქმნის იმ ეკონომიკურ საფუძველს, რომლის წყალობითაც, როგორც ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფუძნებელი გიგი გიორგაძე აღნიშნავს, „ნაკლებს ვიმუშავებთ და უფრო ბედნიერად ვიცხოვრებთ“, რადგან სამედიცინო პერსონალი თავისუფლდება რუტინული ადმინისტრაციული ტვირთისგან და მეტ დროს უშუალოდ პაციენტს უთმობს.
თუმცა, ამ ციფრების მიღმა დგას ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც დღეს ნებისმიერ დასაქმებულს აწუხებს — რა ბედი ელის ადამიანურ შრომას? World Economic Forum-ის 2025 წლის ანგარიში „Future of Jobs“ორმაგ რეალობას გვიხატავს. ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ავტომატიზაცია 92 მილიონ სამუშაო ადგილს გააქრობს, რაც ერთი შეხედვით კატასტროფულად ჟღერს, მაგრამ მეორე მხრივ, გვანახებს, რომ სწორედ ეს ტექნოლოგიური ძვრა უზრუნველყოფს 170 მილიონი ახალი, სრულიად განსხვავებული ტიპის პოზიციის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ სამყარო 78 მილიონი სამუშაო ადგილით უფრო მდიდარი გახდება, თუმცა ამ ადგილების დასაკავებლად საჭირო უნარები ფუნდამენტურად განსხვავებულია.რაც შეეხება დასაქმების ბაზარზე არსებულ შიშებს, საბა ჯაჯანიძე გვთავაზობს ფორმულირებას, რომელიც პრობლემას სხვა რეალობით გვაჩვენებს. „საფრთხე ასე უნდა დავინახოთ - AI კი არ წაგართმევთ სამსახურს, სამსახურს წაგართმევთ ის ადამიანი, ვინც AI-ს გამოყენება თქვენზე უკეთ ისწავლა“.
ამ პროცესს AI PULSE OF GEORGIA-ს დამფუძნებელი და ამ დარგის ექსპერტი თორნიკე ბოლოკაძეAI-ს აკვანში მყოფ ბავშვს ადარებს, რომელიც სწრაფად იზრდება და უზარმაზარ შესაძლებლობებს იძენს. მისი აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, მაგრამ ეს „ბავშვი“ უკვე მნიშნელოვნად ცვლის წესებს. გიგანტები, როგორიცაა Amazon და Microsoft, არ ელოდებიან მოვლენების განვითარებას. მათ უკვე დახარჯეს ასეულობით მილიონი დოლარი საკუთარი თანამშრომლების გადასამზადებლად. Microsoft-მა საერთოდ რეკორდი მოხსნა და 250 მილიონ ადამიანს შესთავაზა უფასო კურსები, რადგან ესმის, რომ ტექნოლოგია ადამიანური კაპიტალის გარეშე მხოლოდ მკვდარი კოდია.მნიშნელოვანი მაგალითია გლობალური ლოგისტიკური გიგანტის, Amazon-ის შემთხვევა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და ადამიანური რესურსის მართვა ერთმანეთს უნიკალური ფორმით გადაეკვეთა. კომპანიამ საკუთარ საწყობებში 750 000-ზე მეტი რობოტი დაასაქმა, რამაც დასაქმებულთა რაოდენობა 10-25%-ით შეამცირა, თუმცა, რეალობა გაცილებით რთულია, რადგან სწორედ ამ ავტომატიზაციამ წარმოშვა საჭიროება სრულიად ახალი ტიპის უნარებზე. Amazon-მა 700 მილიონი დოლარი გამოყო 100 000 თანამშრომლის გადასამზადებლად, რადგან გააცნობიერა, რომ რობოტი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა მას კვალიფიციური ადამიანი მართავს...
Amazon-ის შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს, რომ რობოტი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა მას კვალიფიციური ადამიანი მართავს. თუმცა, თუ საწყობებში ადამიანისა და მანქანის თანაარსებობას ვხედავთ, ჩინეთის ჭკვიანი ავტომატიზებული პორტები„ტიანძინი“ და „ცინგდაო“ -უკვე სრულად რეალიზებული, ავტომატიზებული რეალობაა, რომელიც ადამიანის მინიმალური ჩარევის პირობებში, უწყვეტ რეჟიმში ოპერირებს. ტიანძინის პორტში ამოქმედდა მსოფლიოში პირველი „Smart Zero-Carbon Terminal“, სადაც პერსონალის საჭიროება ტრადიციულ პორტებთან შედარებით 60%-ით შემცირდა. აქ ისეთი საფრთხის შემცველი და ერთფეროვანი სამუშაოები, როგორიცაა ამწეების მართვა და ტვირთის ტრანსპორტირება, სრულად ალგორითმებს მიენდო, თავად ტერმინალი კი 100%-ით განახლებად ენერგიაზე მუშაობს.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია ცინგდაოს პორტის მონაცემები, რომელიც ეფექტურობის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა. AI-ზე დაფუძნებული ინტელექტუალური კონტროლის სისტემებით, სატვირთო მანქანები სანტიმეტრის სიზუსტით გადაადგილდებიან, რამაც პორტს საშუალება მისცა დაემყარებინა 13-ზე მეტი მსოფლიო რეკორდი. მარტივად რომ ვთქვათ, პიკურ მაჩვენებელში თითოეული ამწე საათში საშუალოდ 62-ზე მეტ კონტეინერს ამუშავებს — ეს არის სისწრაფე და სიზუსტე, რომლის მიღწევაც ადამიანური ოპერირების პირობებში ფიზიკურად შეუძლებელია. ამგვარმა ავტომატიზაციამ უშუალო შრომითი ხარჯები 70%-მდე, ხოლო ზოგადი ოპერაციული ხარჯები 30%-მდე შეამცირა, რაც ბიზნესისთვის კოლოსალურ ეკონომიკურ უპირატესობას წარმოადგენს.
მიუხედავად ასეთი ოპტიმიზმისა, ბიზნეს რეალობა ხშირად უფრო მკაცრია. ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფუძნებელი გიგი გიორგაძე ყურადღებას ამახვილებს ერთ მნიშვნელოვან დეტალზე. „პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ გლობალურად დანერგილი AI პროექტების 95% წარუმატებლობით სრულდება. ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ლოგიკურია- როდესაც რაღაც ახალი და პოპულარული ხდება, ყველა ცდილობს მის გამოყენებას, ხშირად გაუაზრებლად. პირველი ექსპერიმენტები, როგორც წესი, განწირულია ჩავარდნისთვის, თუმცა ის დარჩენილი 5%, რომელიც ამართლებს, ქმნის იმ კოლოსალურ ღირებულებას, რაც მთელ ინდუსტრიას ეხმარება. გიორგაძის ხედვით, პრომპტ ინჟინერიაც კი, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ მომავლის პროფესიად მიიჩნეოდა, უკვე წარსულს ბარდება, რადგან თავად AI-მ ისწავლა უკეთესი დავალებების წერა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიგვანიშნებს თუ რა სისწრაფით უფასურდება ზოგიერთი უნარი და ჩნდება ახლის საჭროება.
სახელმწიფოებრივ დონეზე ხელოვნურ ინტელექტზე ტრანსფორმაციისა და პროცესის მართვის სამაგალითო მოდელი აქვს სინგაპურსა და ფინეთს. მათ გააცნობიერეს, რომ ტექნოლოგიური რევოლუცია მხოლოდ კერძო სექტორის ამარა ვერ დარჩება. სინგაპურის შემთხვევაში, მთავრობამ აამოქმედა „ეროვნული AI სტრატეგია“ და „SkillsFuture“ ინიციატივა, რომელიც ყოველ ზრდასრულ მოქალაქეს აძლევს სპეციალურ სასწავლო კრედიტებსა და სუბსიდიებს, რათა მათ მუდმივად განაახლონ თავიანთი უნარები და მოემზადონ იმ რეალობისთვის, სადაც სამუშაო საათების 30% სრულად ავტომატიზებული იქნება. სინგაპურის მიდგომა ეყრდნობა „ჭკვიანი ერის“ (Smart Nation) კონცეფციას, სადაც სახელმწიფო არა მხოლოდ არეგულირებს, არამედ თავად ხდება ინოვაციების დამკვეთი და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გარანტი, რაც ამცირებს სოციალურ უთანასწორობასა და ტექნოლოგიურ შიშს მოსახლეობაში.
პარალელურად, ფინეთმა სრულიად განსხვავებული, მაგრამ თანაბრად ეფექტური გზა აირჩია — ნაცვლად იმისა, რომ ამერიკასა და ჩინეთს კოლოსალური ფინანსური ინვესტიციებით შეჯიბრებოდა, მან აქცენტი „AI-წიგნიერებაზე“ გააკეთა. ჰელსინკის უნივერსიტეტისა და ტექნოლოგიური კომპანიების კოლაბორაციით შეიქმნა კურსი „Elements of AI“, რომლის მიზანიც იყო ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 1%-ისთვის ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების უფასოდ სწავლება, რათა ტექნოლოგია აღქმული ყოფილიყო არა როგორც „შავი ყუთი“, არამედ როგორც ყოველდღიური დამხმარე ინსტრუმენტი. ფინეთის ეს სტრატეგია ეფუძნება საზოგადოებრივ ნდობას და იმის გააზრებას, რომ 2030 წლისთვის ავტომატიზაციის მიერ გამოთავისუფლებული სამუშაო საათები ადამიანებმა უნდა გამოიყენონ უფრო მაღალი ღირებულების მქონე, შემოქმედებითი ამოცანების შესასრულებლად.
თუმცა, იქ, სადაც სინგაპური და ფინეთი წესრიგსა და განათლებას ეყრდნობიან, გლობალური ასპარეზი უფრო მეტად დაურეგულირებელ „ბრძოლის ველს“ ჰგავს, ვიდრე ჰარმონიულ პროგრესს.
ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ რბოლას პარალელურად მიჰყვება სამართლებრივი ქაოსიც, რომელმაც 2025 წელი ისტორიაში „AI-ს სასამართლო ომების“ წლად ჩაწერა. ტექნოლოგიურმა გიგანტებმა გააცნობიერეს, რომ ინოვაცია კანონზე ბევრად სწრაფად გარბის, კანონმა კი სირბილი ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო. ამ დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცა 57-ზე მეტი მასშტაბური სარჩელი, რომელთა შორის ყველაზე ხმაურიანი New York Times-ის OpenAI-ს წინააღმდეგ მიმართული დავაა. გამოცემა ამტკიცებს, რომ მათი მილიონობით სტატია უნებართვოდ იქნა გამოყენებული ChatGPT-ის საწვრთნელად, რაც არა მხოლოდ საავტორო უფლებების დარღვევაა, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკის მომავალს — როდესაც მომხმარებელი პასუხს AI-სგან იღებს, ის აღარ სტუმრობს პირველწყაროს საიტს, რაც მედიას შემოსავალს უკარგავს. ამ ეტაპზე საქმე მტკიცებულებების მოპოვების ფაზაშია და, სავარაუდოდ, 2026-2027 წლებში ნაფიც მსაჯულებამდე მივა.
პარალელურად, მწერლებმა — ჯორჯ მარტინმა, ჯონ გრიშემმა და სხვებმა — „ავტორთა გილდიის“ სახელით შეიტანეს სარჩელი. მათი მთავარი ბრალდება პირატული მონაცემთა ბაზების გამოყენებაა. ამტკიცებენ, რომ მოხდა მათი ლიტერატურული შრომის „მასობრივი ქურდობა“: ხელოვნურმა ინტელექტმა მათი წიგნებიდან ისწავლა წერა და ახლა შეუძლია გენერირება ტექსტებისა, რომლებიც მათ სტილს იმეორებს, რაც ავტორებს საარსებო წყაროს ართმევს. ამ მხრივ გარდამტეხი გამოდგა Anthropic-ის შემთხვევა: კომპანიამ მართალია დაამტკიცა, რომ ლეგალური მონაცემების გამოყენება ტრანსფორმაციული და სამართლიანია, მაგრამ პირატული 7 მილიონი წიგნის გამო იძულებული გახდა, 1.5 მილიარდი დოლარი გადაეხადა და ასლები გაენადგურებინა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა AI გიგანტმა პირატული მონაცემების გამო პასუხისმგებლობა აღიარა.
სამართლებრივი ბრძოლა მუსიკალურ ინდუსტრიაზეც გავრცელდა, Universal Music-მა Anthropic-ს იმის გამო უჩივლა, რომ AI სიტყვასიტყვით „მღერის“ და აკოპირებს ისეთ ლეგენდარულ ჰიტებს, როგორიცაა „Hotel California“ და „Yesterday“.ჰოლივუდიც არ დარჩენილა განზე და Disney-მ NBCUniversal-თან ერთად Midjourney-ს საკუთარი პერსონაჟების — ელსას, დართ ვეიდერისა და შრეკის — უნებართვო „ათვისებისთვის“ უჩივლა, კაცობრიობა აღმოჩნდა უმძიმესი დილემის წინაშეარის თუ არა AI-ის მიერ ინფორმაციის ათვისება „სამართლიანი გამოყენება“ თუ ეს არის სხვისი ინტელექტუალური საკუთრების ხარჯზე გამდიდრების ახალი ფორმა? ჰორიზონტზე ჯერ არც ის იმედი მოჩანს, რომ ახლო პერიოდში მხარეები საერთო ენას გამონახავენ, რადგან სასწორზე ტრილიონობით დოლარი და მომავლის ტექნოლოგიური სტანდარტები დევს.
ეს გაურკვევლობა მხოლოდ იურისტების კაბინეტებში არ რჩება. ეთიკისსაკითხი სამ განსხვავებულ მიდგომად დაიყო, რაც მსოფლიოს ახალ ციფრულ რუკას ხაზავს. ევროპული მიდგომა, რომელიც „AI Act“-ის სახით ჩამოყალიბდა, ცენტრში ადამიანის უფლებებსა და ეთიკურ უსაფრთხოებას აყენებს — აქ პრიორიტეტი მოქალაქის დაცვაა, თუნდაც ეს ინოვაციის სიჩქარის ხარჯზე მოხდეს. ამის საპირწონედ, ამერიკული მოდელი ყველაფერზე მეტად ბაზრის თავისუფლებას, ინოვაციასა და ჩინეთთან ტექნოლოგიურ კონკურენციას აფასებს, სადაც რეგულაცია მხოლოდ მაშინ ერევა პროცესში, როდესაც რისკი კრიტიკული ხდება. მესამე, სრულიად განსხვავებული მხარეა ჩინეთი, სადაც ტექნოლოგია სახელმწიფო კონტროლისა და სოციალური სტაბილურობის მკაცრ იარაღად იქცა.
ამიტომაც, გიგი გიორგაძე ამ ყველაფერს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ გლობალურ გეოპოლიტიკურ რბოლად ხედავს და სვამს იმ მთავარ კითხვას, რომელიც ჩვენი საუკუნის ბედს გადაწყვეტს. ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში - დემოკრატიული დასავლეთი თავისი ფასეულობებით, თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც AI-ს უპირობო ძალაუფლებისთვის იყენებენ? პასუხი ძალზედ საინტერესო და მნიშნელოვანია, რადგან ის, ვინც პირველი დაეუფლება უმაღლესი დონის ხელოვნურ ინტელექტს და მოაქცევს მას თავის იდეოლოგიურ ჩარჩოში, მომავალ ათწლეულებში მსოფლიო წესრიგს და პლანეტის განვითარების კურსს უკარნახებს.
სწორედ ამ გლობალური ქარიშხლის ფონზე, საქართველო საკუთარ გზას ეძებს, სადაც პროცესი მართალია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა ციფრები თავის სათქმელს ამბობს. GeoStat-ის მონაცემებით, ტექნოლოგიურ პროფესიებზე მოთხოვნა 8%-ით არის გაზრდილი და მცირე ეკონომიკისთვის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილობრივი ბაზარი ნელ-ნელა აცნობიერებს გარდაუვალ ტრანსფორმაციას. ამ იმედისმომცემ სურათს მნიშვნელოვნად ამყარებს GITA-ს მიერ ინოვაციური სტარტაპებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი და BTU-ის AI ლაბორატორიის აქტიური მუშაობა. მარი დგებუაძე, რომელიც ამ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, ხედავს რეალურ შანსს, რომ ხელოვნური ინტელექტი ფართოდ დაინერგოს ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ჯანდაცვა - მათ მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელმაც ენერგეტიკული ხარჯების 20%-იანი ოპტიმიზაცია შეძლო, არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ქართულ ინტელექტუალურ რესურსს შეუძლია შექმნას კონკრეტული, გაზომვადი ეკონომიკური სარგებელი.
თუმცა, ამ ოპტიმიზმის პარალელურად არსებობს კრიტიკული ბარიერებიც, რომლებზეც Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი სოფო ჭყოიძე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, დღესდღეისობით მთავარი გამოწვევა მაინც კვალიფიციური კადრის მწვავე დეფიციტია, რაც შემდგომ უკვე აფერხებს პოტენციური ინვესტიციების სრულად ათვისებას. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა სტარტაპებმა საერთაშორისო ასპარეზზე მილიონობით დოლარის მოზიდვა შეძლეს (მაგალითად, Pulsar AI-ის მიერ 2019 წელს მოზიდული 1.2 მილიონი დოლარი), გლობალურ ბაზარზე გრძელვადიანი კონკურენციისთვის გაცილებით მეტი რესურსია საჭირო — როგორც ფინანსური, ისე ადამიანური. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს შეძლებს თუ არამოამზადოს საკმარისი რაოდენობის სპეციალისტი, რათა არ დარჩეს მხოლოდ ტექნოლოგიური იმპორტის მომხმარებლად, არამედ იქცეს რეგიონულ ჰაბად, რომელიც თავად კარნახობს თამაშის წესებს კავკასიის რეგიონს.
ამ ძიების პროცესში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი რეგულაციებია, რაზეც AI-ს მცოდნე ვასილი გოგოლაძე სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას. საქართველოში კონკრეტული კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ ჯერ არ არსებობს, რაც ერთგვარ საკანონმდებლო ვაკუუმს ქმნის. საჭიროა ჩვენი კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ GDPR-თან, რათა შეიქმნას მოქნილი, მაგრამ მყარი ჩარჩო მონაცემთა კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობისთვის. ამის გარეშე, ნდობა ტექნოლოგიის მიმართ ვერ გაიზრდება. თორნიკე ბოლოკაძე კი მზაობის საკითხს კიდევ უფრო ფუნდამენტურად უყურებს და აღნიშნავს, რომ ქართულმა ბიზნესმა ჯერ ელემენტარული გაციფრულება უნდა დაასრულონ, რადგან დიჯიტალიზაციის გარეშე AI-ს დანერგვა შეუძლებელია. ამ მხრივ ბანკები, განსაკუთრებით თიბისი და საქართველოს ბანკი ლიდერობენ - მათ უკვე აქვთ განვითარებული AI მოდელები თაღლითობის დაფიქსირების, რაც ადასტურებს, რომ სათანადო რესურსების პირობებში ქართულ სექტორს შეუძლია იყოს გლობალური სტანდარტის შესაბამისი.
ამავდროულად, ენობრივი ბარიერი, რომელიც ერთი შეხედვით ტექნოლოგიურ ჩამორჩენად შეიძლება აღვიქვათ, თორნიკე ბოლოკაძის ხედვით, სინამდვილეში ერთგვარ სტრატეგიულ „დამცავ ფარად“ გვევლინება. ქართული ენის სირთულე აფერხებს იმ რუტინული პროფესიების მყისიერ და ავტომატურ ჩანაცვლებას, როგორიცაა ბუღალტერია თუ იურიდიული საქმისწარმოება, რადგან გლობალური ალგორითმებისთვის ჩვენი ენობრივი ნიუანსების ათვისება ჯერჯერობით პრიორიტეტული არ არის. ეს გვაძლევს უნიკალურ დროს , რათა გადავამზადოთ კადრები და მაქსიმალურად შევამოკლოთ რთული ადაპტაციის ვადები სანამ ტექნოლოგია ამ ბარიერსაც გადალახავს.
გიგი გიორგაძე ოპტიმისტურად უყურებს ტექნოლოგიის პოტენციალს ადამიანთა კეთილდღეობის ზრდაში და მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, AI-ს წყალობით „ნაკლებს ვიმუშავებთ და უფრო ბედნიერად ვიცხოვრებთ“, მაგრამ ამ ბედნიერებამდე მისასვლელი გზა სწორედ პროდუქტიულობის დემოკრატიზაციაზე გადის. თორნიკე ბოლოკაძე ამ პროცესს შესაძლებლობების გათანაბრებად აღიქვამს. ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს მცირე ქართულ გუნდებს, ფლობდნენ ისეთივე სიმძლავრის რესურსებს, როგორიც დიდ საერთაშორისო კორპორაციებს აქვთ, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის ნახტომისებური განვითარების შანსია.
საქართველო დღეს გზაგასაყარზეა და 2026 წლის ეს „შოკური მაჩვენებლები “ ჩვენთვის უნდა გახდეს არა შიშის, არამედ მობილიზაციის საფუძველი. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი არჩევანი აღარ არის მხოლოდ ტექნიკური- ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს, ვიქნებით თუ არა მომავლის ეკონომიკური კეთილდღეობის თანამონაწილენი. თუ შევძლებთ გადავლახოთ კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელზეც სოფო ჭყოიძე ამახვილებს ყურადღებას, შევავსოთ და დავხვეწოთ ნახსენები საკანონმდებლო ვაკუუმი და ბიზნესში დავასრულოთ ის ფუნდამენტური გაციფრულება, რომლის გარეშეც, თორნიკე ბოლოკაძის აზრით, წინსვლა წარმოუდგენელია, საქართველო ნამდვილად დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბი.
თუმცა, ეს ტრანსფორმაცია მხოლოდ კერძო სექტორისა და მოქალაქეების ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მოხდება. დღეს, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ერთმანეთს ეცილებიან ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ლიდერობაში, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ სტრატეგიული დოკუმენტების არსებობა საკმარისი არ არის. ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანს ისეთი მასშტაბური და კონკრეტული სახელმწიფო პროგრამები (არსებული GITA-სა და სტარტაპ-პროექტების მიღმა), რომლებიც ბიზნესს გლობალურ კონკურენციაში რეალურ მხარდაჭერას გაუწევდა. ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია არა იმაზე, თუ როგორ „გაიკვლევს გზას“ ცალკეული მოქალაქე თუ ბიზნესი სახელმწიფო მანქანის გვერდის ავლით, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება შექმნას მყარი ეკოსისტემა, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთიანი სტრატეგიით იმოქმედებს. დრო არ ითმენს — გლობალური ბაზარი არავის ელოდება.
სწორედ აქ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ლოკალურ გამოწვევად გვეჩვენება, სინამდვილეში მსოფლიო მასშტაბის ტექტონიკური ძვრების ექოა. ეს ლოკალური ბრძოლა უფრო დიდი, გლობალური სურათის ნაწილია. ხელოვნური ინტელექტი არ არის საფრთხე, ის უპრეცედენტო შესაძლებლობაა, რომელიც გვაიძულებს გადავაფასოთ შრომის, შემოქმედებისა და თავად ადამიანური პროდუქტიულობის ბუნება. საბა ჯაჯანიძის ფორმულა, რომ სამსახურს გვართმევს არა AI, არამედ მისი უკეთ მცოდნე ადამიანი, არის მთავარი გაკვეთილი 2026 წლისთვის. საბოლოო ჯამში, ის 15,7 ტრილიონი დოლარი, რომელსაც 2030 წლისთვის გლობალურ მშპ-ში ველოდებით, სწორედ იმ ქვეყნებსა და საზოგადოებაზე გადანაწილდება, რომლებმაც გამოიჩინეს ტექნოლოგიური სიმამაცე და ადაპტაციის უნარი. კაცობრიობა დგას ახალი ციფრული ერის ზღურბლზე, სადაც პროდუქტიულობის დემოკრატიზაცია პატარა სახელმწიფოებსაც კი აძლევს შანსს, დაამტკიცონ, რომ ინოვაციების ეპიცენტრში გადასვლა არა მხოლოდ რესურსების, არამედ სწორი ხედვისა და გამბედაობის საკითხია..
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025
შემდეგი სადგური?!
25 December 2025
ციფრული უსაფრთხოება - გაფრთხილებული მომხმარებელი, დაცული ცხოვრება
9 February 2026
რა ფასი აქვს ქალის შრომას?
19 February 2026
სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება
19 February 2026
რატომ იცვლება ქორწინებისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში?
24 February 2026
ვარკეთილის ქუჩის ხელოვნება
24 February 2026
„იტალიური ეზო“ - სახელწოდება და დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაქრეს
12 March 2026