“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
ნიტა ჩხარტიშვილი
ალბათ, თქვენთვის ნაცნობია ის აუტანელი და, ამავდროულად, საოცრად სასიამოვნო, ჟრუანტელის მომგვრელი შეგრძნება, რაღაცას რომ ელოდები და უკანასკნელი დღეები თუ საათები უსაშველოდ იწელება, აი, ისე, თითქოს, აღარასდროს უნდა დადგეს საბოლოო წამი მოვლენისა, რომელსაც განუზომელი ლოდინის ძალით ველოდებით. თანაც, ყველაზე საკვირველი ისაა, გული როგორ უძლებს იმ ბაგაბუგს, რომელიც გაუდის უკანასკნელი წამების დათვლის დროს. სუნთქვა გეკვრება. სამი… ორი… ერთი...
ეს ჩემი ისტორიაა. თითოეული აღწერილი კუთხე-კუნჭული რეალურია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ იმაზე გაცილებით ლამაზია ადგილი, რომელზეც გიამბობთ, ვიდრე ამას ჩემი ფანტაზია შეძლებდა. ამ ამბით ვეცდები, იმ ძველი, დანჯღრეული მატარებლისა და ლიანდაგებზე გაწელილი ექვი-შვიდი საათის რომანტიკა დაგიხატოთ, რომელიც ნელ-ნელა სწრაფმავალმა მანქანებმა და ბუნებას შორის სახაზავის სიზუსტით გაყვანილმა გზებმა ჩაგვინაცვლეს.
დაიწყო.
სახლში, რა თქმა უნდა, აურზაურია. გურიაში მივდივართ. ბაბუაჩემი წამდაუწუმ ჩვენი ოთახის კარს აღებს და გვაჩქარებს, ჰგონია, რომ რაც უფრო ხშირად გვეტყვის ფრაზას “დაგვაგვიანდა”, მით უფრო სწრაფად მოვემზადებით, თანაც აუცილებლად ამოიხვნეშებს და ერთ-ორ “აუჰ”-საც დააყოლებს ბარგისა და ჩვენი სიზანტის შემხედვარე, თითქოს ის არ კმარა, დილის ხუთ საათზე რომ წამოგვყარა ლოგინებიდან ანალოგიური ფრაზით: “დაგვაგვიანდა, დაგვაგვიანდა, წავიდა მატარებელი” და გულგახეთქილებს კმაყოფილი სახით ჩაგვიარა.
პირველი ეტაპი შესრულებულია, გვღვიძავს. არადა, ჯერ მხოლოდ ერთი საათი გავიდა, მატარებელი ცხრა საათზე გადის, ბარგის უმეტეს ნაწილზე წინა საღამოს ვიზრუნეთ, მხოლოდ წვრილმანებია დარჩენილი. ბებიასაც უყვარს გურია, მაგრამ თბილისის ქალია, უფრო კონკრეტულად — ბინის. სულ იძახის, ნეტავ ეზოიან სახლში მაცხოვრა და სუფთა ჰაერი მასუნთქა, თითქოს გალიაში ვარ გამოკეტილი ამ კორპუსის გადამკიდეო, მაგრამ წამოსვლისგან მაინც თავს იკავებს. მიზეზი ბევრი აქვს, მაგალითად, სოფლის სახლის კიბეზე ზემოთ-ქვემოთ სიარული არ შეუძლია, ღამე რომ გაეღვიძოს წყურვილისგან ან სხვა მიზეზით, პირველ სართულზე უნდა ჩავიდეს და რთულია. მოკლედ, კიდევ ათასი რამ, არადა, ხომ ვიცი, სახლში მარტო დარჩენა ბევრად ეკომფორტულება — არავინ ეტყვის, რომ ტელევიზორის გამაყრუებელ ხმას ჩაუწიოს ან ყველა ოთახში ნუ ჩართავს მას — მისია ბურთიც და მისია მოედანიც. მოკლედ, ბებია უარზეა. ბაბუა კი პირიქით, მაისის თვიდან, პირველი თბილი სიოს მოქროლვის და პირველი ნამდვილად ჭყუტუნა მზის სხივის გამობრწყინების წუთიდან ემზადება სოფელში წასასვლელად. იქ ეზო ელოდება, ბალახები, ხეები; მიწა, რომელსაც ქალაქის ასფალტიანი ქუჩებისაგან განსხვავებით, ხელით შეეხება, იგრძნობს და მოუვლის; ხელსაქმე, რომელიც ასე სწადია მთელი წლის განმავლობაში. მდინარეც იქვეა და თევზაობასაც შეძლებს — მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს არც თბილისში იკლებს და მტკვრის სანაპიროებთან გამოიჭერთ სხვა, სტაჟიან მეთევზეებთან ერთად, სოფელს მაინც სხვა განწყობა დააფერთხა განგებამ. მოკლედ, აშკარაა, რატომ გვაჩქარებს ასე ძალიან — გული მასაც ვეღარ უთმენს, ისევე როგორც მე.
მე განსაკუთრებული სულიერი კავშირი მაქვს გურიასთან და ჩემს სოფელთან, ჯუმათთან. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. მგონია, რომ ჩემნაირი სიყვარულით არავის უყვარს სოფელი და ჩემებური სიმშვიდით არავინ ივსება მისი ხსენებითაც კი. რომ წარმოვიდგენ ძველ სახლს, უმრავი წლის შპალერსა და რკინის ზამბარიან ლოგინებს, რომლებთაც მუდმივად ჭრიალი გააქვთ დაწოლისას, სული ბედნიერებით მევსება. თითქოს, იქაურ სუნსაც ვგრძნობ — ნესტის, სიძველისა და მტვრის სუნს, დილის ცვრიანი ბალახისა და იმ მსხლის სუნს, ჩემი საძინებლის ფანჯარასთან რომ გაზრდილა და დიდ, ლამაზ, მოყვითალო ნაყოფს ისხამს. იქ ყველაფერი სხვანაირია, სხვანაირად მიმზიდველი და პეწიანი. მის მიმართ სიყვარულის ამგვარი განცდის უნარი დედისგან მერგო, მასაც უანგაროდ უყვარს ჩვენი ადგილი.
ხშირად გვითქვამს, რომ ნებისმიერ საუცხოო და მდიდრულ კუნძულზე დასვენებას გვირჩევნია ჩვენი ღარიბი კუთხე და გურული ოდა. სახლი დიდმა ბაბუამ, ან ბაბუის ბაბუამ ააგო, ექიმი გახლდათ და ერთადერთი, სიმართლე გითხრათ, დღესდღეობით არც თუ ისე მომხიბლავი მედ-პუნქტიც მან უსახსოვრა სოფელს, რომელიც დღემდე ემსახურება იქაურ მაცხოვრებლებს.
რადგან მხოლოდ ზაფხულობით ვსტუმრობთ იქაურ მიწა-წყალს, შედარებით შორეულ მეზობელს, რომელიც უცაბედად ვერ მიხვდება ჩემს ვინაობას, მაშინვე წარვუდგენ თავს ამაყად, რომ კოწია ქაჯაიას შვილთაშვილი გახლავართ და მაშინვე ნათელი ხდება, რომ მატარებლის სადგურის უკან, სტადიონს როგორც კი გადაივლით, პირველივე კუთხის სახლის წარმომადგენელი ვარ. არც ისტორიები დააყოვნებს, რომლებიც თითქმის ერთნაირია, “აჰ, დიდებული ექიმი, მოტეხილი ფეხი გაუმრთელა დედაჩემს”, ანდაც დამაზუსტებელი სახის კითხვები: “კოწიე ექიმის შვილიშვილი ხარ? ელისაბედის გოგო? მაგდას ერთი ბიჭი ყავს, ხომ? მაგდა არ ჩამუა აქანე? მირანდა?”.
მაგდა დეიდაჩემია, მირანდა კი ზემოთხსენებული “ბინის ბებო”, რომელიც ახალგაზრდობის წლებს მუდამ აქ ატარებდა და დღემდე ახსოვთ მისი და მისი დის, კაპკას (კაპკა ჩვენი შერქმეული სახელია, სინამდვილეში მასაც მაგდა ჰქვია) გარეგნობა და სილამაზე. დასძენენ, “ეჰ, როგორ გარბის წლები” და ჩაუდგებათ თვალებში ის ლამაზი სევდა, რომლებიც ნორჩ და ტკბილ წლებს მოაგონებთ და წამიერად გაიტაცებთ ნოსტალგია, შემდეგ კი სხარტად შემომხედავენ და წამოიძახებენ: “რამხელა გოგო ჰყოლიხარ ელისაბედს, კი გავნებიხარ, ხომ იცი?” და ტკბილად დაგემშვიდობებიან. ჩვენთან ხალხიც სხვანაირია.
მოკლედ, როგორც აღვნიშნე, ჯერჯერობით დილის ექვსი საათია, მატარებელი სამ საათში დაიძრება გურიისკენ და ჩვენც ბარგი თითქმის ჩავალაგეთ, უკანასკნელი საათები კი უსასრულოდ ლამობს გაწელვას. გულიც გაუჩერებლად ძგერს და ძგერს, თითქოს სხეულიდან გამოღწევას ლამობდეს. ქაოსში მირანდა ბებოსაც ეღვიძება, ნამდვილად “არასტანდარტული” დიასახლისია, როგორც შეატყობდით, და მიუხედავად იმისა, რომ ის არ მოდის, მაინც აქტიურად ერთვება გამგზავრების ქაოტურ პროცესში. სიმართლე გითხრათ, ყველაფრის გართულება უყვარს და ამიტომაც ცხარედ კამათობს ოჯახის წევრებთან უკიდურესად უმნიშვნელო საკითხებზეც კი, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა, არ შეესაბამება ჯუმათური ამბების სტრიქონებს და ლიანდაგებს ნუ გადავუხვევთ, სამი საათიღა რჩება გამგზავრებამდე.
საძინებლის ფანჯარასთან მივდივარ. რაფაზე იმ ნივთების სია მიდევს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამრჩეს და ყურადღებით ჩავყურებ მას: კარტის დასტა ჩემოდანშია, პანამაც ადგილზეა, ყურსასმენები, ტელეფონის დამტენი და საცურაო კოსტიუმიც აქვეა და, რა თქმა უნდა, იისფერი პლედი, რომელიც ნებისმიერი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. ჩამეღიმა, აუცილებელ ნივთებში ალბათ ელოდით კბილის ჯაგრისსა და პირსახოცს, ანდაც მზისაგან დამწვრვობის საწინააღმდეგო კრემის ამოკითხვას, მაგრამ ჩემი სია სხვაგვარადაა აგებული და განსაკუთრებულ პატივისცემას მოითხოვს.
ნელ-ნელა მზე სხივების ამოცხუნებას იწყებს. ფანჯარაზე მტვრის ლაქას ჯიუტად ვუსწორებ თვალს და ვაკვირდები ისე, თითქოს პირველად ვხედავდე მტვერს და წარმოდგენა არ მქონდეს მისი წარმოშობის მიზეზებზე. ფიქრებით კი ამჟამინდელი ადგილმდებარეობიდან სამასი კილომეტრით შორს დავბობოქრობ. რეალობაში სამზარეულოს გამკივანი ჩაიდნის ხმა და ბებიაჩემის ძახილი მაბრუნებს, არადა, ჩაიდნის სტვენა დასავლეთის ჩიტების ჭიკჭიკად მქონდა წარმოდგენილი. რეალობასთან ბრძოლის კარგი ხერხები მაქვს, როგორც ჩანს. ფანჯრის ლაქას უკმაყოფილოდ შევუბღვირე, საჩვენებელი თითით გავანადგურე და სამზარეულოსკენ გავემართე. მანამ, სანამ ფანჯარასთან გაძეგლებულ-ჩაფიქრებული გახლდით, სახლში აურზაურისა და ჩაბარგების ეტაპი დასრულებულა, ყველამ დროის გაყვანის მისეულ გზებს მიმართა.
ოჯახის თითეულ წევრს მოუსვენარობის ელფერი დასთამაშებს სახეზე.
როგორც იქნა, გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ, სახლში ხმაურის ახალი ტალღა იწყება. “წავედით, წავედით” — მესმის თამაზი ბაბუს ხალისიანი ხმა. ჩვენც უსიტყვოდ და იმწამითვე ვემორჩილებით მის განკარგულებას და ფაციფუცით ვიწყებთ ბარგი-ბარხანის სახლიდან გაზიდვას.
მატარებლის ბაქანზე შებიჯებისას გარდაუვალ სიხარულს ვგრძნობ. ეს სიხარული ყოველ წელს ახალია, თითქოს აქამდე არასდროს განმიცდია.
თუ არ იცით, გეტყვით, რომ მატარებელი იმაზე ბევრად ცუდად გამოიყურება, ვიდრე ამას მე აღვწერ, რადგან თხრობისას ვალდებული ვარ დავინდო — ეს დანჯღრეული, რამდენიმევაგონიანი, მოძრავი მექანიზმი ხომ ჩემი ჰოგვორტსის ექსპრესია, “ვაგზლის” მატარებლის სადგური კი — ბაქანი 9 და ¾... მას მივყავარ იქ, სადაც გულით მინდა; მან უნდა ამისრულოს საწადელი და როგორ გავლაძღო, აბა მითხარით. თუმცა კი, სამწუხარო რეალობა ერთია — თბილისი-ოზურგეთის მატარებელი გადასაგდებია, თან ამას რომ ვწერ, მეღიმება, მას ხომ საკუთარი, ამბის დამაგვირგვინებელი ესთეტიკა აქვს, მიყავხარ იქ, სადაც სიძველისა და ახლანდელობის ნაზავი ყველაზე მეტად გიკაშკაშებს არსებას...
მატარებელი ერთსართულიანია, თავის დროზე გარედან თეთრი ფერის იქნებოდა, მაგრამ ახლა შელახული, მონაცრისფრო-მოყვითალო დაჰკრავს და დეკორად ერთი წითელი ზოლი გასდევს მთელს სიგრძეზე. ერთი ზომის, მომრგვალებულკუთხეებიანი, ოთხკუთხედი ფანჯრები ამშვენებს, რომლის გადმოღება ზემოდან შეგიძლია სანახევროდ, თუმცა მატარებლის მთელი ხიბლი მისი ინტერიერია. როგორც კი შედიხარ, მაშინვე რაღაცნაირი, ლითონის სუნი დგას, რომელიც “ჰოლის” კედლებს ასდის, შემდეგ კი თვალწინ იშლება სანახაობა — ორ-ორად ჩაწიკწიკებული, მოხავერდო მატერიის, მოღვინისფრო სკამები, ფანჯარასთან კოპწია, ბინძური ფარდებით. ხალხი ფუსფუსებს, საკუთარ ადგილებს ეძებს და იკავებს, ხმაურია. მატარებელში სხვადასხვა საჭმლის სურნელი ტრიალებს, შორი გზის საგზლად რომ წამოუღიათ მგზავრებს. ისე, რა მოსატანია და, კოლოფივით საპირფარეშოში შესვლა აქ ცალკე რიტუალი და მსხვერპლშეწირვაა — “ვარდის სურნელი” გარანტირებულია. მოკლედ, მაგრადაა ხელშესავლები მატარებელი, ნეტა ვინმე მიხედავდეს...
დასაწყისში აღვნიშნე, ძველ ამბავს გიყვებით-მეთქი. თავად განსაზღვრეთ, დღესაც რომ დადის ეს მატარებელი და ხელიც არავის შეუვლია უმნიშვნელო დეტალების გარდა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს… მე გავიზარდე, ტრანსპორტი შევიცვალე, მაგრამ ჩემი ექსპრესი ისევ ისეთია, მგონი, დროში გაიჭედა...
გადმოვახვიოთ ისევ.
ჩამოდგა მატარებელი (ჩამოდგაა სწორედ ის სიტყვა, რაც შეეფერება სიტუაციას — გურიაში “მატარებლის ჩამოდგომა” ვიცით და დაე, მიეწეროს დიალექტს). გამცილებლები ჩამოხტნენ ვაგონებიდან. მე სუნთქვა მეკვრის. როგორც იქნა, მოგრიალდა ჩემი არნახული ტრანსპორტი! მოვამზადეთ ბილეთები და ჩავდექით მგზავრთა რიგში, რომლებიც, რა თქმა უნდა, რიგს არ იცავენ, ყაყანებენ და უაზრო კითხვებით უფანტავენ გონებას გამცილებელს, რომელიც ჩემს ბილეთსა და პირადობის მოწმობას ჩასცქერის და ეს-ესაა მატარებელში უნდა შემიშვას. ქართველებს რიგში დგომის კულტურა არ გაგვაჩნია, ვფიქრობ გონებაში.
ბაბუაჩემი მკლავში მკიდებს ხელს და ასვლაში მეხმარება. ადგილის ნომერი დაზეპირებული მაქვს მას შემდეგ, რაც ბილეთები შევიძინეთ. მძიმე ბარგი მე აღარ მეხება, ამიტომ პირდაპირ ადგილისაკენ გავრბივარ და ვსკუპდები. აქ ის ფრაზა მახსენდება, წინ დაჯექი, მალე ჩახვალო რომ ხუმრობენ. მე შუაში ვზივარ, მაგრამ ჩემს სოფელში ჩასვლას მაინც ვერავინ დამასწრებს. სიხარულისგან ადგილზე ვცმუკავ და ვკუნტრუშებ.
ცალკე სანახაობაა ჩვენი ბარგი. ულევი. კერძო ვაგონს რომ იმსახურებს. ყველა გამცილებელი ეჭვის თვალით გვიყურებს ხოლმე. დედაჩემი გადახედავს გვერდით მდგომ უცხო ქალს, ერთი საშუალო ზომის ჩემოდნითა და ზურგჩანთით რომაა წარმოდგენილი, მერე ჩვენს რამდენიმე XL ზომა ჩემოდანს დახედავს და ამბობს: “ისე, მანქანით უნდა დავიწყოთ სიარული”. ეს ფრაზა რამდენიმე წელია გვესმის ოჯახში, სანამ საბოლოოდ არ მივედით მაქამდე.
აღარ ჩაგძირავთ მატარებელში აბარგების ნიუანსებში. ჩათვალეთ, ბევრი ქოთქოთის, კამათისა და ნერვიულობის (რა გვანერვიულებს, ჩვენც არ ვიცით) შემდეგ, ყველანი ადგილებზე განვაწილდით. ისე, ჩემი ოჯახი ყველაზე ხმაურიანი ოჯახების სიაში, ვფიქრობ, მე-5 ადგილს მაინც დაიკავებს, მართლა.
მატარებელი დაიძრა.
შემდეგი რამდენიმე საათი ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კონტაქტური ადამიანისთვის, სწრაფად გადის. უნარი მაქვს, გავიცნო ყველა, 2-დან 90 წლამდე ასაკობრივი დიაპაზონის ნებისმიერ ადამიანთან გამოვნახავ საერთო ენას და გავერთობი. მათაც, საბედნიეროდ, უხარიათ ჩემთან კომუნიკაცია. ალბათ, ხედავენ, რომ გულწრფელი ვარ ხოლმე. დრო ათასი რამით გამყავს — ჩემი ზემოთხსენებული, სახლიდან წამოღებული, სიაში საპატიო ადგილას ჩაწერილი კარტით, რომლითაც იმდენი თამაში ვიცი, რომ მარტო მაგითაც გავერთობოდი; წიგნის კითხვით; უბრალო საუბრით; სხვების გაცნობით; უბრალოდ ფანჯარაში ყურებით. მოკლედ, მგზავრობა წარმატებით სრულდება ხოლმე. თან, რა მომაწყენს, ხომ გახსოვთ, სადაც მივდივარ.
ბოლო ერთი საათი მთელი ოჯახისათვის განსაკუთრებულია. ყველანი სოფელზე ვიწყებთ ლაპარაკს, სიყვარულით ვიხსენებთ ადგილს, რომელსაც სულ მალე შევხვდებით და სიხარულისგან გვეცინება. ეს ყოველ წელს ასეა, ალბათ, არასდროს გადაგვივლის. არ მინდა, რომ ეს ემოცია ოდესმე გამიხუნდეს, მაგრამ დედაჩემს როდესაც ვუყურებ, გამორიცხულია, ალბათ, რომ ეს დამემართოს, ისიც ხომ დღემდე ბავშვივით ცქმუტავს...
ახლანდელი ნიტას როლიდან ვუთვლი მაშინდელს, რომ დაიმშვიდოს გული — ემოცია კი არ გახუნდება, უფრო აკაშკაშდება. ზოგჯერ წლები მეტად ძვირფასს ხდის რაღაცებს, ვიდრე აუფასურებს, ეს სამყაროს კანონია.
შემდეგი სადგური — ჯუმათი.
ისმის გამცილებლის ხმა. ამ დროს ჩვენ უკვე ვხმაურობთ, გასასვლელში ვდგავართ გამზადებულები, ჩემოდნებს ვითვლით. მე ფანჯარაზე აკრული ვცდილობ ჩემი სახლი და ნაცნობი სახეები დავლანდო. სახლი დაკეტილია, ჩვენ გველოდება, სადგურიდან ჩანს სახურავი. კარი იღება. ჯუმათის სურნელი სახეში მეთხლიშება და ნესტოებს მივსებს. სიამოვნებისგან თავბრუ მეხვევა. ისე, მგონი მატარებელში მძიმე ჰაერი იდგა, ხომ იცი შენ... მგონი. ჩამეღიმა.
მატარებლიდან ჩამოვხტი და იქვე მჯდარ ლარისასთან მივირბინე. ვინაა ლარისა? სოფლილს კოლორიტი. სადგურზე ერთი პატარა “ბუტკა” აქვს, (ეს სახელი სოფლის ესთეტიკისთვის მნიშვნელოვანია, არანაირი ჯიხური!), “ლარისას ბუტკად” წოდებული. პატარა, მორყეული, ხის, ძველებური — აი, თვალწინ რომ დაგიდგათ ახლა, ზუსტად ეგეთი ჯიხურია. ლარისას გამოფენილი აქვს სხვადასხვა სასუსნავი: მარილიანი ჩხირები, მზესუმზირა, კევები და უცნაური შოკოლადები. ასევე წინ აწყვია პურიც და ძველმანი ფეხსაცმელებიც. მოკლედ, მულტიფუნქციური სავაჭრო ბაზაა.
როგორც კი მხედავს, ხელებს შლის და მიხუტებს, ძალიან ვუყვარვარ, რადგან, მგონი, ერთადერთი ვარ, ვისაც არ ბეზრდება მასთან კომუნიკაცია და ჭორების მოსმენა. ჩამოვუჯდები ხოლმე მაღაზიასთან, ვეტიტინები და ვაჭრობაში ვეხმარები. მასაც მეტი რა უნდა, მიყვება და მიყვება ხოლმე ამბებს. ჩემი ოჯახიც ჩამობარგებულა ამასობაში მატარებლიდან. “ვახ, მოუხერხონ რამე ამ მატარებლებს, ერთხელ ცეცხლი არ გაგვიჩნდებოდეს, ნეტა”, — ამბობს ბაბუაჩემი.
პ.ს. ბაბუ, კი, ვნახეთ ორივემ ამ წელს, რომ გაუჩნდა.
შემდეგ.
ჩამოვედი ჩემს ნავსაყუდელში. ალბათ, როცა დავბერდები, აქ ვიცხოვრებ. დედაჩემიც ამას ამბობს. მგონი, ამ ადგილის სიყვარული მისგან მერგო, ვახსენე ხომ უკვე?
მესმის ჩემი სოფლის ხმა. არ ვიცი როგორ აგიღწეროთ, რას ვგულისხმობ, მაგრამ, მგონია, რომ თუკი არსებობს ადგილი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც სამყაროს გირჩევნიათ, გამიგებთ.
კიდევ მგონია, რომ ადამიანს რაღაცის და ვიღაცის სიყვარული აკეთილშობილებს.
ამდენი წლის შემდეგაც, როცა ჩემს შინაგან ბავშვთან მივდივარ, ყოველთვის ჯუმათში მხვდება იგი, ეზოში, დიდ ხეზე ჩამოკიდებულ საქანელაზე კონწიალობს და იცინის, თან ვაშლს ჭამს. ის უდარდელია. მე მისი მშურს ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ რაც მოგიყევით, მიხვდებოდით, თუ რატომაა ის ასეთი. რატომაა ბედნიერი იმ ადგილას, რომელიც განსაკუთრებით უყვარს.
ის იასამნისფერი პლედი ისევ მაქვს.
აქ დავასრულებ აღწერას. მგონია, რომ ისედაც საკმაოდ გაგიზიარეთ ჩემი პირადი ემოციები, მეტად ვეღარ შემოგიშვებთ ჩემს სამყაროში, რომელიც იმდენად რეალურია, რომ თუ მოინდომებთ, მესტუმრებით კიდეც.
მე კი, მკითხველო, გიტოვებ კითხვას: რა გვხდის ბედნიერს — ადგილი, რომელიც გვავსებს სიყვარულით, თუ თავად ვაფერადებთ ადგილებს სიხარულის ფერებით, რომლებიც მოგვწონს და სწორედ ამიტომ იქცევიან ხოლმე ისინი ჯადოსნურად?
მომავალ შეხვედრამდე.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025