ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
ნინო ტყებუჩავაგიორგი ზარდიაშვილი ფეისბუქ ჯგუფ არა ,,Stop 5G’’ აქტიური წევრია. სჯერა, რომ კორონა ვირუსი გამიზნულად გავრცელდა, რათა 5G ინტერნეტი მსოფლიოს ირგვლივ უსწრაფესად გავრცელებულიყო. მიიჩნევს, რომ საქართველოში სკოლების სახურავებზე დამონტაჟებული მობილური გადამცემი ანტენები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას: „უამრავი ანძა დაამონტაჟეს სკოლების, საბავშვო ბაღების, მაღალსართულიანი კორპუსების და რესტორნების სახურავებზე. ეს ანტენები საფრთხეს უქმნის ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას მოკლე ტალღური გამოსხივებით. რატომ დუმს ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო, ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია?“ გიორგის თქმით, საგანგაშოა არამარტო სიხშირე, არამედ სიმძლავრე, რომელიც ადამიანის სხეულის ტემპერატურის მატესაბასაც კი იწვევს: „ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება ორგანიზმში არსებულ წყალში თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობით წარმომქნა და ორგანიზმის ტემპერატურის მომატებასთან ერთად იმუნიტეტის მკვეთრი დაქვეითება“. თუ კითხავთ საიდან ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას, არ ახსოვს. ზოგი რამ ვებ-საიტებზე წაიკითხა, ზოგიც youtube-ზე მოისმინა. წყაროების სანდოობა არ გადაუმოწმებია, არც ის იცის ადრე რამდენი ანტენა ეყენა და ახლა რამდენია.
მსგავს დეზინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2020 წლის 27 თებერვალს გამოეხმაურა. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ 5G-ს რადიოსიგნალები აძლიერებენ ან იწვევენ კორონა ვირუსის გავრცელებას. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელებით და ახალი ვირუსი იმ ქვეყნებშიც ვრცელდება სადაც 5G ინტერნეტი საერთოდ არ აქვთ: „ კორონავირუსი ვრცელდება მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ასევე დაბინძურებულ ზედაპირზე შეხებით და შემდეგ ამ ხელის თვალზე, პირსა და ცხვირზე შეხებით“.
STOP 5G-ს ჯგუფს ერთი ადმინისტრატორი და რვა მოდერატორი ჰყავს. მათი პროფაილების მიხედვით ამ ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია. ჯგუფში ხშირად იდება ყალბი, გადაუმოწმებელი და პოსტების ავტორების მიერ შეთხზული ინფორმაციები. მითების ლაბორატორიის მიხედვით, მაგალითად, ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრია აკაკი მენაბდე, რეალურად კი ის სოჭში მცხოვრები გრიგორ მაკარიანის ფოტოს იპარავს.
ჯგუფის გაზიარებული ყალბი ინფორმაციებიდან ჭარბობს შემდეგი საკითხები:
,,5G დასაწყისია, წინ დაჩიპვა გველის’’ ,,ილონ მასკის ხელი ურევია 5G-ს გავრცელებაში“ „ბილ გეიტსი კორონავირუსის და 5G-ს ერთ-ერთი შემოქმედია“ ,,ვაქცინის მეშვეობით ხალხი დაიჩიპება“
გარდა კონსპირაციული თეორიებისა აღნიშნული ჯგუფი აყალბებს ციტატებსაც, რომელსაც შემდგომში ამერიკელ ფილანტროპ ჯორჯ სოროსს მიაწერენ. მაგალითად, 21 აპრილს ჯგუფის უკვე ყოფილმა წევრმა ნუცა ბერისძემ გამოაქვეყნა ჯორჯ სოროსის ფოტო წარწერით: ,,ამ ომს მაშინ მოვიგებთ, როცა ქართველები თავისივე ნებით უარს იტყვიან ზიარებაზე“. ნუცას ინფორმაციით სოროსმა ეს განცხადება 2006 წელს გააკეთა, თუმცა გუგლში მარტივი ძიებითაც კი მსგავსი ციტატა საერთოდ არ იძებნება. კიდევ ერთი ყალბი ციტატა გამოაქვეყნა 17 აპრილს ჯგუფის მომხმარებელმა გიგამ: ,,ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ არა“. ასევე გუგლის საძიებო სისტემაში ამ სიტყვების ინგლისური ვარიანტით არაფერი იძებნება.
აღსანიშნავია, ის, რომ ამ ჯგუფში უბრალო მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ამბებს აქვეყნებენ როგორც ონლაინ მედიაში, ასევე ბეჭდურშიც. მაგალითად, 10 აპრილს siaxleni.com-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,მოკლედ, ამ ანტენას ისეთი გამოსხივება ექნება....ტესტები თითქმის აღარ იქნება საჭირო ლუგარის ინფიცირებული ვართ თუ არა“- რას წერს ქართველი კაცი სოციალურ ქსელში“.
ბექა მამუკაშვილი ასტრონომი, სამეცნიერო სფეროს ჟურნალისტი და „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ მეცნიერების პედაგოგია. ის ხშირად საუბრობს 5G-ს უპირატესობებზე როგორც სოციალურ მედიაში, ასევე თავის იუთუბ არხზე. იხსნებს, რომ იგივე ხდებოდა 3G-სა და 4G-ზეც, თუმცა წინა შემთხვევებში დეზინფორმაციის გავრცელების სისწრაფე არ იყო ასეთი მასშტაბური: „ვისმენთ, რომ 5G დაგვმართებს სიმსივნეს ან სხვა რომელიმე დაავადებას, რეალურად კი ეს ასე არ არის, რადგან 5G შედის არამიონიზირებელ (ანუ, არ აქვს პოტენციალი ცოცხალი სხეული შეცვალოს ისე, რომ გამოიწვიოს მაგალითად სიმსივნე ან სხვა ნებისმიერი დაავადება) გამოსხივებაში შედის და მას უბრალოდ არ შეუძლია ადამიანის კანში ქიმიური ბმები გაწყვიტოს, გარდაქმნას და დააზიანოს დნმ. 5G უბრალოდ ვერ შეიჭრება კანში და შესაბამისად, ვერც ვირუსს შეჭრის კანში. ვირუსი არის ბიოლოგიური ორგანიზმი, ხოლო 5G არსებობს ტალღების სახით. ორივე სხვადასხვაგვარი ფენომენია და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.“
ბექას თქმით, 5G-ს უამრავი უპირატესობა გააჩნია: ის კიდევ უფრო განგვავითარებს ტექნოლოგიურად, ბიზნესებს მარტივად შეეძლებათ უფრო მეტი ოპერაციის განხორციელება, გაუმჯობესდება თვითმართვადი მანქანების შექმნის პროცესი და მალე შესაძლოა მძღოლიც კი აღარ დაგვჭირდეს. რაც მთავარია, ის კიდევ უფრო გაამარტივებს კომუნიკაციას ადამიანებს შორის.
„5G განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიაში“, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გასულ წელს გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ 5G-ს გამოყენება უზრუნველყოფს ისეთი პრობლემის გადაჭრას, როგორიცაა: ენერგორესურსების დისტანციური მართვა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემების დახვეწა/მუშაობა ავტოსატრანსპორტო რეგულირების ინფრასტრუქტურის მართვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგეგმარება/მართვა სამაშველო ოპერაციების ეფექტიანი მართვა დრონებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით მიუდგომელ ადგილებსა და სტიქიური უბედურებების ზონებში მძიმე ტექნიკის დისტანციური მართვა ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვა და მართვა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მერაბ ქათამაძის თქმით, დღეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სწორედ ინტერნეტ ტექნოლოგიებზე გადის და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა 5გ ტექნოლოგიას უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია არა მარტო ეკონომიკაში, არამედ ბევრ სხვა სფეროში: „ჩვენ, როგორც ევროპული ოჯახის წევრმა ქვეყანამ მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები მივიღოთ და ეფექტურად ვუპასუხოთ მათ. ევროპის წამყვან ქვეყნებათან ერთად ტექნოლოგიის დანერგვაში მოწინავე ადგილი უნდა გვეკავოს და კომისია ამ საკითხზე უკვე აქტიურად მუშაობს“. საზოგადოების მხრიდან ეჭვების მიზეზად კი, დიდი დოზით დეზინფორმაციას და არასაკმარის ინფორმაციას ასახელებს.
2020 წლის 13 მარტს ფეისბუქ სივრცეში შეიქმნა კიდევ ერთ ჯგუფი სახელად: „კორონავირუსი/Covid19 ფორუმი“, რომელიც 242 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. გიორგი ღვინიაშვილი ჯგუფის აქტიური წევრია და მისი პოსტები ხშირად ვაქცინაციას ეხება. გიორგის თქმით, აცრები შემოდგომიდან დააანონსეს და ჰგონია, რომ ისინი ვერაგი გეგმის ნაწილია: „ებოლას ვაქცინა ჯერ კიდევ ვერ შექმნეს, UNICEF-მა კენიელი ხალხი მოატყუა, აცრეს ებოლაზე და ვინც აიცრა ყველა უშვილო დარჩა. ახლაც გვატყუებენ, შესაძლოა ვაქცინაში ჩადებული იყოს ისეთი ნივთიერება, რომელიც ადამიანს წამალდამოკიდებულს გახდის“. საიდან იცის კენიის მაგალითზე და უშვილოდ დარჩენილ ხალხზე ვერ იხსენებს. ვერც იმას ხსნის როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი წამალზე დამოკიდებული ვაქცინით. დასძენს რომ მისი პოსტები უბრალო ვარაუდებია და არაფერს აშავებს მისი გავრცელებით.
ვაქცინაციის თემა და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია განსაკუთრებით აქტუალურია ჯგუფ Georgian Moms-ში, სადაც 48 000-ზე მეტი ქალია გაწევრიანებული.
33 წლის მაიკო ხაბურზანია საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ ჯგუფში ამ თემაზე ხშირად იმართება დისკუსია. არიან აცრის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც: „პირველი გეგმიური აცრა ჩემს შვილს, როგორც საჭიროა, ორი თვისას გავუკეთე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ბავშვი წონაში არ იმატებდა, თუმცა ამაზე არ მინერვიულია, უბრალოდ გაზრდას დავაბრალე, თან არც იყო მჭამელი ბავშვი. შემდეგ ჯგუფში გავწევრიანდი და ერთ-ერთ პოსტზე მშობელმა დაწერა, რომ ჩემს შვილს აცრების მერე უმადობა აქვსო, ვინერვიულე და მომდევნო აცრა აღარ გავუკეთე.“
მომდევნო გეგმიური აცრების გადადების შემდეგ მაიკოს შვილს წითელა შეხვდა, რაც ბავშვმა რთულად გადაიტანა: „წითელას წლის და 2 თვის ასაკში გართულებას გადადებულ გეგმიურ აცრებს ვაბრალებ. ვფიქრობ, დროზე რომ გამეკეთებინა არ გაურთულდებოდა. ამ ფაქტის შემდეგ ჯგუფი დავტოვე, რადგან ვფიქრობ, იქ ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ბევრი ჭორი იდება“.
Georgian Moms-ის ერთ-ერთი ადმინისტრატორი მარიამ ედილაშვილი ამბობს, რომ აცრებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჯგუფში მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას აქვეყნებენ: „წლების წინ, როცა პოსტები ჩვენი მხრიდან არ დასტურდებოდა და ყველას შეეძლო დაეპოსტა ნამდვილად დიდი ქაოსი იყო, თუმცა ახლა პოსტებზე ჩვენი თანხმობაა საჭირო და როცა აცრებზე არასანდო და გაურკვეველი წარმოშობის ლინკების დადებას ცდილობენ, უბრალოდ აღარ ვადასტურებთ, რაც შეეხება დისკუსიას, ამ საკითხს ორი მხარე ყავს და ჩვენ უბრალოდ ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს საკუთარი აზრის დაფიქსირებას“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ლუგარის ლაბორატორია და მის ირგვლივ გავრცელებული ყალბი ამბები. 2018 წლის ყალბი ამბების ათეულში, რომელიც BBC-იმ შეადგინა, თბილისის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციაც მოხვდა.
ლაბორატორიაზე ყალბი ამბების გავრცელების თემა აქტუალური გახდა პანდემიის დროსაც: ,,კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა ლუგარის ლაბორატორიავ!’’ 2020 წლის 18 მარტს News Front Georgia-მ ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ახალი კორონავირუსი ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ შეიტანეს. კორონავირუსისის გავრცელების კონტექსტში საქართველოში მოქმედი ლუგარის ლაბორატორიის ხსენებით News Front-ი ავითარებს იმ ცნობილ კონსპირაციას, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიიდან ვირუსებს ძალით ავრცელებენ.
ლუგარის ლაბორატორიის დემონიზება უკვე წლებია აქტუალურია ანტიდასავლური საინფორმაციო სააგენტოებისა და ადგილობრივი პრორუსული განწყობის საზოგადოებრივად აქტიური პირების მიერ. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ 2014 წელს ,,მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში მოხვდა. ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ლაბორატორიის მუშაობას ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, უარყოფითად წარმოაჩენენ პრორუსული ხედვების ადამიანები და მედიასაშუალებები.
კვლევის მიხედვით, ანტიდასავლური განწყობების მთავარი წყარო მედიაა.მედია საშუალებებიდან ანტიდასავლური განწყობების კულტივირება და ტირაჟირება ყველაზე მძაფრად მედიაკავშირ „ობიექტივის“ სატელევიზიო თოქ-შოუში ხდებოდა, რომელსაც ონლაინ გამოცემები „საქინფორმი“ და „საქართველო და მსოფლიო“ (შემდომში Geworld.ge) მოსდევენ. ბეჭდური მედიიდან გამოკვეთილად მკაფიო ანტიდასავლურ განწყობებს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ და „ალია“ ჰოლდინგში შემავალი გამოცემები– „კვირის ქრონიკა“ და „ალია“ გამოხატავდნენ.
მედიის განვითრების ფონდის მიერ წარმოებულ კვლევაში მოხვდა ლუგარის ლაბორატიაც. კვლევის მიხედვით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ ცრუ ინფორმაციისა და არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელება, ამერიკის დემონიზებას ისახავდა მიზნად.
ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად ყალბი ამბების გავრცელების სიხშირემაც იმატა. გლობალური პანდემიის დროსაც რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს. ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, ნათქვამია, რომ რუსეთი კორონავირუსზე : ,,დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს’’ და თესავს პანიკასა და უნდუბლობას დასავლეთის მიმართ. გამოცემის ცნობით, ყალბი ამბები ვრცელდება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რუსული კამპანია ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და მავნებლურ რეპორტებს იყენებს, რათა ევროკავშირს პანდემიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯების კოორდინება გაურთულოს.
კორონავირუსის საკითხი აშშ-სა და NATO-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენა ,,საქინფორმმაც“. მისი მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცებით, კორონავირუსი ამერიკაში შეიქმნა და ჩინეთში სპეციალურად გაეშვა. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციის მიზნით, ,,ნიუსფრონტმა“ 11 მარტს, გულბაათ რცხილაძის, პრორუსული ორგანიზაცია ,,ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებლის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება ასოცირების ხელშეკრულებას დააბრალა.
ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ ერთი გზავნილია ის, რომ დასავლეთმა საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო დატოვა და ახლა ჩვენ ჩინეთი უფრო მეტად გვეხმარება. მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებენ:
ნიუსფრონტი, საქართველო და მსოფლიო- ორივე კრემლთან დაკავშირებული გამოცემაა
ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებული პარტიის- ,,პატრიოტთა ალიანსის“ ტელევიზია ,,ობიექტივი“
კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების მატებასთან ერთად, იმატა პანიკამაც. პანიკის ფონზე კი მითებთან ბრძოლა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსს ხელის საშრობით, ნივრითა და წიწაკით, სპირტის სხეულზე წასმით, ალკოჰოლის ხშირი მოხმარებითა და მდუღარე წყლის მიღებით დაამარცხებენ. ამ მითების შედეგს ადასტურებს 16 აპრილს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადება: ,,სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა Covid19-ისგან თავის დასაცავად ადუღებული წყალი მიიღეს. ასევე, რამდენიმე მოქალაქემ ტელეფონით მომმართა და მათთანაც ანალოგიური შემთხვევები იყო“.
არჩილ მარშანია ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია, რომელიც წლებია ებრძვის სამედიცინო მითებს. ის სოციალურ ქსელებში მარტივი, გასაგები ენით ცდილობს აუდიტორიას სამეცნიერო/სამედიცინო თემები აუხსნას. მისი თქმით, ინფორმაციის მიწოდებამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე ბარიერის გადალახვა. ეს ბარიერები კი თავის მხრივ სხვადასხვაგვარია. პირველი ეს არის, სუბიექტური რწმენა, როცა რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს თუ ადამიანი რაღაცაშია დარწმუნებული მას რაც არ უნდა ობიექტური და სანდო წყარო წარუდგინო მაინც საკუთარი თავის სჯერა. ასევე, ფსიქოლოგიური ასხლეტის ეფექტი, რომლის დროსაც რაღაც გვჯერა და როცა ვკითხულობთ, ამ წყაროდან ვიღებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენ გვაწყობს, რეალურად ასეთ დროს შედეგს ვერ ვიღებთ და ხდება ინტერპრეტაცია: ,, როგორ უნდა მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია მსგავს თემებზე ერთი ოქროს წესი არ არსებობს.შესაბამისად, სამეცნიერო კომუნიკაცია ადამიანებთან საკმაოდ რთულია, რადგან ინფორმაციის მიწოდება უნდა იყოს გათვლილი ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ კითხვები და ეძებენ პასუხებს და არა იმათკენ, ვისაც უკვე რაღაც ინფორმაციის სჯერა. ანუ, ინფორმაციის მიწოდება ხდება მათთვის ვისაც კრიტიკული, რაციონალური მსჯელობა შეუძლია. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია მითებთან ბრძოლის სტრატეგიშია, როდესაც ვამსხვრევთ მითებს, მთავარი სამიზნე ის კი არ არის, ვინც ამ მითებს დარწმუნებით ავრცელებს, არამედ სამიზნეა ის, ვისაც რაციონალური აზროვნება სუბიექტური შეგრძნებებით არ აქვს გადაფარული და ჯერ კიდევ შეუძლია ობიექტური რეალობის შეფასება.“
არჩილის თქმით, ცნობილი ადამიანები მითების ერთ-ერთი გამავრცელებლები არიან, რადგან ისინი ხშირად ჩანან ეკრანზე და მათ წინაშე რწმენა და სანდოობა გვიყალიბდებდა. შესაბამისად, ჩვენდაუნებურად, აღარ ვაქცევთ ყურადღებას ვინ რაშია კომპეტენტური. ნათელი მაგალითია ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ბევრჯერ თქვა არაზუსტი ფაქტი მაგალითად ვაქცინაში ვერცხლისწყლის არსებობაზე, შემდეგ ქლოროქინით მკურნალობაზე. მსგავსი რამ ხდება ჩვენთანაც, პანდემიის გამოცხადების შემდეგ ტრადიციულ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ნელ-ნელა გამოჩდნენ ,,სფეროს ექსპერტები“ თუ ,,პროფესიონალები“: ,,სასაცილო მითები, რეალურად სულაც არ არის სასაცილო, რადგან ის შეიძლება იყოს სერიოზული ზიანის მომტანი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ლეღვის ფოთლის ნახარშით ადამიანები სერიოზულ დამწვრობას იღებენ. შესაბამისად, ყველა მითს პოტენციური ზიანის მიყენების ეფექტი აქვს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მეცნიერებაში არ არსებობს ერთი კონკრეტული ავტორიტეტი, რომელთა სუბიექტურ აზრზე დაყრდნობით შეიძლება ვისაუბროთ მტკიცებით ფორმაში.“
საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფაქტების გადამოწმებასა და მედიაწიგნიერებაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია მითების დეტექტორი, რომელიც მედიის განვითარების ფონდის პროექტია და ფაქტჩეკი, რომელსაც საქართველოს რეფორმების ასოციაცია მართავს. გარდა ამისა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმა მედიაჩეკერიც ღიად განიხილავს დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მედიის განვითარების ფონდის მკვლევარის ნანა რაფავას თქმით, ხელისუფლების კონტროლი ყალბი ამბების მიმართ სუსტია: „პირველ რიგში, ყალბ ამბებთან ბრძოლა უნდა აღიქმებოდეს პრობლემად, რადგან შედეგიც სწორედ პრობლემის აღიარებით და შემდგომში მოქმედების ნება-სურვილით მიიღწევა. ხელისუფლებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია მასმედიის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების როლიც“. მისი თქმით, როცა ყალბი ამბების დარეგულირებაზე ვსაუბრობთ საჭიროა სიფრთხილე, რადგან შემდგომში ხელისუფლებამ თავისივე დაწესებული რეგულაციები ისევ სათავისოდ არ გამოიყენოს.
„გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში ყოველთვის არსებობს საფრთხე, რაიმე აკრძალვა ან შეზღუდვა შემდგომში გამოყენებული იყოს მაგალითად კრიტიკული მედიის, ან კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციის და არა უშუალოდ იმის მიმართ, ვინც რეალურად ქმნის პრობლემას“, - ამბობს ნანა რაფავა და დასძენს, რომ გამოსავალი შესაძლოა იყოს გარკვეული ჯგუფის შექმნაში, რომლითაც მთავრობა გააკონტროლებდა ფინანსების შემოდინებას. „ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ პრორუსულად განწყობილი მედია საშუალებები. ხელისუფლებას შეუძლია აკონტროლოს ისინი, რადგან ხშირად მათთვის ფინანსები შავი გზებით შემოედინება. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დასვას კითხვები: რა ფულია ეს? საიდან შემოდის? ვისგან ფინანსდებიან?“. რაფავას თქმით, ეს სწორედ ის საკითხებია, რომელიც შესაძლოა შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ და ხელი შეუწყონ მეტ გამჭვირვალობას: „ჩვენ ისედაც მწირი რესურსები გვაქვს და ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ახალი მედიასაშუალება ჩნდება. ისინი ხშირად იყენებენ ცნობილი დასავლური ბრენდების სახელებს ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით“.
საქართველოს ხელისუფლების კონტრზომების არასაკმარისობაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ვერონიკა ჭკადუაც. მისი თქმით, ყალბი ამბები იგივე დეზინფორმაცია ეს არის ჰიბრიდული საფრთხეების ნაწილი და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მის მიმართ საერთო მიდგომა არ აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსგავსი საფრთხეების მიმართ ფართო პოლიტიკური გაცნობიერება არ არსებობს: „საქართველოს სახელმწიფო უსფართხოების სამსახურის წლიურ მოხსენებებში ჩვენ ვკითხულობთ დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზებზე, ტაქტიკასა და არხებზე, თუმცა, ეს არ არის საკმარისი ძლიერი და ერთიანი მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად. სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, უცხო ქვეყნებიდან მომდინარე საინფორმაციო გავლენის შესახებ გამოძიებების დაწყებისა და ამგვარი ფაქტების საჯაროდ გამოვლენის კუთხით“.
ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მედიაწიგნიერების ამაღლებას ასახელებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ცალკეული მედია ექსპერტებიც. „მედიაწიგნიერება აუცილებელია არამხოლოდ ჟურნალისტებისა და მედიაპროფესიონალებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის, რათა თავად ჩამოყალიბდნენ კარგ მედია მომხმარებლება,“ - ამბობს ნინია კაკაბაძე.
მედიაწიგნიერების მხრივ კარგი მაგალითია შვედეთი, სადაც სავალდებულო და საშუალო სკოლების ზედა კლასებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა იმგვარად განახლდა, რომ მასში სხვადასხვა საგნის სწავლებისას ინტეგრირებულია ციფრული უნარები. ამასთან, ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობები აცნობიერებენ ამ სფეროში „უწყვეტი სწავლის“ მნიშვნელობას.
მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე მიათითებს მედიაექსპერტი ნათია კუპრაშვილიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებიც მედიაწიგნიერების ასამაღლებლად და ამასთანავე ფიქრობს, რომ განათლების სამინისტრომ ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. „მედიაწიგნიერების სკოლის სასწავლო გეგმაში ჩართვა იქნებოდა ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ შემდგომში ამისთვის მასწავლებლებიც უნდა იყვნენ მომზადებულები. ანუ საკითხს კომპლექსური და დეტალური მიდგომა სჭირდება“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.
მედიაწიგნიერების პასუხისმგებლობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეკისრება. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომისიამ აქტიური ღონისძიებები ჩაატარა. მათ შორის იყო ტრენინგები სკოლებში, აპლიკაციები, თამაშები და თამაშით სწავლების ინიციატივები, ასევე მედიაწიგნიერების კონკურსები. გარდა ამისა, დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია „მედია აკადემია“ რომლის სამიზნე აუდიტორიაც ჟურნალისტებია.
,,ისწავლე, რათა ამოიცნო“ ასე ჰქვია არასამთავრობა ორგანიზაცია IREX-ის პროექტს მედიაწიგნიერების ასამაღლებლად. მისი მიზანია საქართველოში მედიაწიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში მედია და საინფორმაციო წიგნიერების უნარ-ჩვებების განვითარება და ახალგაზრდების ჩართულობით მედიაწიგნიერებაზე ცოდნის ფართო მასშტაბით გაზიარება. ორგანიზაციის წევრ ნინო ზაალიშვილის თქმით, პროექტით ცდილობენ სამიზნე აუდიტორიას მარტივად ასწავლონ, აუხსნან და გაარჩევინონ რა არის ყალბი ამბავი, როგორ არის შეფუთული ის, რა კითხვები უნდა დასვან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა უნდა გადაამოწმონ როცა ახალ ამბებს ეცნობიან. “თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად იღებს ულევ ინფორმაციას, შესაბამიsად, რთულია გაარჩიო რა არის სიმართლე და რა ტყუილი, მით უმეტეს, გამოუცდელი მომხმარებლისთვის. საჭიროა ეს მოწყვლადი ჯგუფები გავხადოთ კრიტიკული მომხმარებლები ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდს ვუზიარებთ, მაგალითად როგორ უნდა მიაქციონ ყურადღება ემოციური დატვირთვის მქონე სიტყვებს და დაუკვირდნენ ეყრდნობა თუ არა სტატია მტკიცებულებებს, ასევე ვცდილობთ ავხსნათ რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამოწმება და რა პასუხიმგებლობას გვაკისრებს გადაუმოწმებელი და არასანდო ამბის გადაზიარება და გავრცელება,“ – ამბობს ნინო ზაალიშვილი.
მედიაწიგნიერების ასამაღლებლად არსებობს ასევე ონლაინ პლატფორმა MilLab-ი, რომელიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებს განვითარებასა და გაცნობიერებული მედი მომხმარებლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნული პლატფორმა აერთიანებს მაგალითებს მედია პრაქტიკიდან, სხვადასხვა თამაშს, ქვიზებს, სავარჯიშოებს, სასწავლო მასალებს. პროექტი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: მედია და ინფორმაცია, პროპაგანდა და ვერიფიკაცია, გამჭვირვალობა, სიძულვილის ენა, კიბერი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა/პერსონალური მონაცემები. MilLab-ი ცოდნას აძლევს ახალგაზრდებს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიულ სისტემაში მედია, როგორ გადავამოწმოთ ყალბი ინფორმაცია და დავადგინოთ რა ინტერესები დგას კონკრეტული მედია საშუალების უკან.
„რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება პროპაგანდასთან საბრძოლველად? ამაზე პასუხი ცალსახაა - არაფერს“ ამბობს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი ნანა რაფავა. „თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ქვეყანაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაეკისრა ქვეყანაში მედიაწიგნიერების გავრცელებაზე ზრუნვის მოვალეობა, მაგალითად, ამ ვალდებულებების ფარგლებში კომისიამ შექმნა პროექტი: ,,ნამდვილი თუ მოგონილი“, ეს თავისთავად არ მოიაზრებს დეზინფორმაციასთან ბრძოლას, თუმცა იდეა არის ის, რომ თუ ხალხი ისწავლის ყალბი ამბის/ფოტოს/ვიდეოს ნამდვილისგან გარჩევას, ყალბ ამბებსაც აღარ დაიჯერებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეკომენდაციები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ასეთია:
დეზინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და ცალკე მდგომი სააგენტო ან განყოფილება .
ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის.
პლატფორმის შექმნა დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაციის, ცოდნისა და წარმატებული მიდგომების გაცვლის მიზნით.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შესაბამის პარტნიორებთან, მაშ შორის, სოციალურ პლატფორმებთან(მაგ:Facebook) დიალოგის დამყარება.
მედიაწიგნიერების ჩართვა სკოლის სასწავლო პროგრამაში, როგორც დაწყებით, ისე საშუალო და ზედა კლასებში.
ფაქტების გადამოწმების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაციარება.
სამოქალაქო საზოგადოების ისეთი ინიციატივების წახალისება, რომელიც ინფორმაციული ველის მონიტორინსა და დეზინფორმაციული კამპანიების ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს.
ინფორმაციის შეზღუდვას არ ემხრობიან როგორც მედია ექსპერტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ნინია კაკაბაძის თქმით, ინფორმაციის შეზღუდვა არ არის ეფექტური გამოსავალი: ,,რთული, თუმცა ერთადერთი გამოსავალია ამ კუთხით ისევ და ისევ ცნობიერების ამაღლება. ეს უნდა მოხდეს სხვადასხვა კამპანიით. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ არასწორი ფაქტების გავრცელებით ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას ანუ უნდა მივუთითოთ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია“.
ყალბი ამბების გამოაშკარავებასა და სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე აქტიურად უნდა მუშაობდეს მედიაც, რადგან მას სანდო და ზუსტი ინფორმაციით უზრუნველყოფის მხრივ, საკვანძო ფუნქცია აკისრია. ადამიანები ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს სწორედ ინფორმაციის საფუძველზე იღებენ, მედიის მთავარი ფუნქციაც ესაა, მიაწოდოს საზოგადოებას გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაცია, რომელიც მათ თავისუფლებისა და თვითომმართველობისთვის სჭირდებათ.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022