DATA149.1.19

Logo

დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა

ქეთევან მჭედლიშვილი

 

ყოველ დილით, როცა 589 მილიონი დიაბეტიანი ადამიანი იღვიძებს, ის დილას გეგმებით, ყავით ან ჯანმრთელი ადამიანისთვის დამახასიათებელი რუტინით არ იწყებს, არამედ მონიტორინგითა და ფიქრით, საიდან მოიტანოს ფული საზომი ჩხირების, ინსულინების, ექიმთან კონსულტაციებისა და სპეციალური კვებისთვის. 

გლუკომეტრის ზუზუნი, თითიდან წამოსული სისხლის წვეთი, მაღალი შაქრის მანიშნებელი სიგნალის ხმა. ჩვენთვის დღე დეტალური გათვლებით იწყება, რამდენი ნახშირწყალი უნდა მივიღოთ, რომ სისხლში შაქრის დონემ უფრო არ აიწიოს? რამდენი ერთეული ინსულინი უნდა გავიკეთოთ? გასაკონტროლებლად რამდენ ხანში უნდა გავიზომოთ? პროცესი არ წყდება, გრძელდება ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე და მეტიც, მთელი ცხოვრება. ეს ყოველდღიური რეალობაა მილიონობით ადამიანისთვის, რომელსაც სიმშვიდეს შაქრიანი დიაბეტი ურღვევს. დიაბეტი მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი როდია, ეს ერთგვარი ბრძოლაა. ზემოხსენებული ცხოვრების წესი, ძირითადად, ცვლის არა მხოლოდ ადამიანის სხეულს, არამედ ფსიქიკას, სოციალურ ყოფასა და ფინანსურ მდგომარეობასაც კი, რაც ჩვენი მთავარი ფოკუსია. 

დიაბეტი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მხოლოდ ჯანდაცვის სტატისტიკური ტერმინი აღარ არის, ის  ფინანსურ სირთულეებს შორის ერთ-ერთია. სტატიის შემდეგ ნაწილში იმაზე გიამბობთ, თუ რამდენი გვიჯდება ადამიანებს საქართველოში დიაბეტით ცხოვრება. რამდენად იწვევს დიაბეტით ცხოვრება ფინანსურ ტვირთს და საკმარისია თუ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომ ფასების ზრდამ სერვისებზე, მედიკამენტებსა და სხვა საჭიროებებზე დაბალშემოსავლიანი ოჯახების შემთხვევაში დაავადების ეფექტურ მართვაზე არ იქონიოს გავლენა. 

დღეს დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ფინანსურად დამანგრეველი დაავადებაა. 2024 წლისთვის დიაბეტით მსოფლიოში 589 მილიონი ზრდასრული (20-79) ადამიანი ვცხოვრობთ, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 9 ზრდასრულიდან ერთს დიაბეტი გვაქვს. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის, ეს რიცხვი, შესაძლოა, 853 მილიონამდე გაიზარდოს, რაც ნახევარ მილიარდ ადამიანზე მეტს ნიშნავს. უფრო შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ 252 მილიონი ადამიანი დიაბეტით უკვე დაავადებულია, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ იცის. დიაბეტი ყოველწლიურად დაახლოებით 3.4 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია.

ყველა ეს მაჩვენებელი არც ისე სახარბიელოდ ისახება გლობალურ და ლოკალურ ბიუჯეტებზე. დიაბეტთან დაკავშირებულმა ჯანდაცვის ხარჯებმა 2024  წელს პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ დოლარს, რაც ბოლო 20 წელიწადში თითქმის 4-ჯერ გაზრდას გულისხმობს. მაგრამ საკითხავია, მაინც რატომ არ არის საკმარისი ეს თანხები დიაბეტის სწორად სამართავად?

დიაბეტი საქართველოში - ჩვენი ქვეყანა ამ გლობალური ტენდენციის პატარა, მაგრამ მკვეთრად თვალსაჩინო მაგალითია. 2021 წლის საერთაშორისო დიაბეტის ფედერაციის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 5.23%, ანუ დაახლოებით 195,099 ადამიანი ცხოვრობდა დიაბეტით, აქედან 1 ტიპი  13,104 ადამიანს ჰქონდა, 2 ტიპი კი 74,303-ს, რაც ჩვენი რეგიონისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობა 2021 წელს 3 728.6 იყო,  2024 წელს კი 3 694.6. 2011 წელთან შედარებით საგანგაშო ისაა, რომ მაშინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2.8% იყო, რაც ნიშნავს, რომ 10 წელიწადში დიაბეტის სტატისტიკა თითქმის გაორმაგდა.

კვლევები მიუთითებს, რომ დაავადების დიდი ნაწილი დაუდგენელია. ბევრმა ადამიანმა საქართველოში არც კი იცის, რომ დიაბეტი აქვს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა კი განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგას. დიაგნოსტიკის დაგვიანება, გლუკოზის მონიტორინგის ნაკლებობა და სპეციალისტების უქონლობა ხშირად ასე სრულდება, რომ პაციენტი დიაბეტისგან გამოწვეული სერიოზული გართულებებით კლინიკაში ხვდება. ამ ყველაფერს კი ისევ ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემის პრობლემებთან მივყავართ. მოდი, დეტალურად განვიხილოთ, თუ რაზე ვმსჯელობთ და რასთან დაკავშირებით ვედავებით ჯანდაცვის სისტემას.

 

ორი სიტყვით დიაბეტზე

ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის სიღრმეები, რასაც დიაბეტი ატარებს. ესაა ქრონიკული მეტაბოლური  დაავადება, რომელსაც საძირკველში ორგანიზმის უუნარობა აქვს, რომ სისხლში გლუკოზის დონე დაარეგულიროს. ძირითადი მახასიათებლები ჰიპერგლიკემიაა, ანუ სისხლში შაქრის მუდმივად მომატებული დონე, რაც მალევე არა, მაგრამ დროსთან ერთად გულს, სისხლძარღვებს, თირკმელებს, თვალებსა და ნერვულ სისტემას აზიანებს. ჩამონათვალი გრძელია, მაგრამ, რადგანაც ნაშრომი ამ კუთხით უარყოფითი კონტექსტისკენ მიმართული სულაც არაა, ამაზე ნაკლებად ვისაუბროთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO – World Health Organization) და არამარტო, განმარტებით, დიაბეტი თავს მაშინ იჩენს, როცა პანკრეასი, ანუ კუჭქვეშა ჯირკვალი საკმარის  ინსულინს არ გამოიმუშავებს, ან გამოიმუშავებს, მაგრამ კი, ორგანიზმი არ იყენებს ეფექტურად. ინსულინი ჰორმონია, რომელიც ყოველი ადამიანის ერთგვარი ენერგიის წყაროა, რომელიც პასუხს გლუკოზის კონტროლზე აგებს.

დიაბეტი ძირითადად ორ ფორმად იყოფა. ტიპი 1 დიაბეტი, ესაა აუტოიმუნური (ასეთ დროს ორგანიზმი ვეღარ აწარმოებს ინსულინს და პაციენტს მისი გარედან მიღება სჭირდება) დაავადება, რომელიც უმეტესად ბავშვებში ან ახალგაზრდებში გვხვდება. პაციენტს არ გააჩნია ორგანიზმში საკმარისი ინსულინი და უწევს ყოველდღიური ინსულინოთერაპირა ინექციის ან სენსორის მეშვეობით. ტიპი 1 დიაბეტი პრევენცირებადი არ არის. მისი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილიც კი არაა, თუმცა მოიაზრება გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლიობა. საკუთარი გამოცდილებით, გარემო ფაქტორებში ისეთი მარტივი ამბებიც შეგვიძლია, ვივარაუდოთ, როგორიც მაგალითად შიშის ფაქტორია, თუნდაც ძაღლის.

ტიპი 2 დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და შემთხვევების 90-95% სწორედაც რომ ტიპი 2-ს უკავშირდება. ამ დროს ორგანიზმი, შესაძლოა, გამოიმუშავებდეს ინსულინს, მაგრამ ინსულინის რეზისტენტობას (არა ეფექტურად გამოყენება) ვაწყდებით. ხშირად თან ახლავს არაჯანსაღ კვებას, ჭარბ წონას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასა და ასაკობრივ ცვლილებებს. განსხვავებით ტიპი 1-ისგან, ტიპი 2 თავიდან აცილებადია, ან შესაძლოა გართულებების გარეშე მართვა, ოღონდაც იმ შემთხვევაში, თუ დროულად აღმოჩენილი და სწორად მოწესრიგებული იქნება.

ექიმს იმ შემთხვევაში უნდა მიმართოთ, თუ შემდეგი სიმპტომები გაწუხებთ: ძლიერი წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, მუდმივი დაღლილობა, წონის კლება, კუნთების მოცულობის კარგვა და ბუნდოვანი ხედვა. თუ არ გაგიმართლათ და დიაბეტი აღმოგაჩნდათ, ფინანსური სირთულეებისთვისაც მზად უნდა იყოთ.

 

ეკონომიკა და დიაბეტი

საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობა ფინანსურ ქაღალდებამდე დადის. ნინო 25 წლისაა. მუშაობს, საშუალო ხელფასს იღებს, არ არის სოციალურად დაუცველი, მაგრამ ეს საკმარისი როდია. ბოლო ორი წელია მის ბიუჯეტში ერთი ბევრ ნაწილად ჩაშლილი მუდმივი ხარჯი გაჩნდა - დიაბეტი. „ყოველთვე დაახლოებით მინიმუმ 800-900 ლარი მიდის მხოლოდ იმაზე, რომ უბრალოდ ის ელემენტარული რამეები გავაკეთო, რითაც ჩემს დიაბეტს ვაკონტროლებ“ - ასე გვიყვება და ამაზე ბევრად მეტიც აქვს მოსაყოლი ხარჯების მხრივ, უბრალოდ საუბარში ცდილობს, კარგი განწყობა შეინარჩუნოს და მხოლოდ უარყოფითად არ ისაუბროს. „საჭმელზე, წამლებზე, ანალიზებზე, ექიმთან ვიზიტებზე და ეს მაშინ, როცა ყველაფერი გათვლილი მაქვს, მთელი თანხა ამაზე მიდის, არაფერ ზედმეტზე. კი, მართალია, 3 თვეში ერთხელ ინსულინებს ვიღებ, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან პატარა რამაა და ჯანდაცვაში არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამას იქეთ უამრავი რამაა“.

ნინო გამონაკლისი არ არის და ის ერთგვარი კრებითი სახეა ქართველი დიაბეტიანებისა. საქართველოში ათობით ათასი ადამიანი ყოველდღიურად ცდილობს, აირიდოს შაქრიანი დიაბეტის გართულებები და პარალელურად, ფინანსური პრობლემები. თუ არჩევანზე მიდგება ხოლმე საქმე, ბევრი მათგანი მეორეს არიდებას ირჩევს. რომელი უკეთესია, თვითონ განსაჯეთ. „როცა მთავრობა ისეთ პირობებს გიქმნის, რომ არჩევანი გაქვს გასაკეთებელი ჯანმრთელობასა და ფულს შორის, ეს ისეთი ულტიმატუმია, როგორსაც ნორმალურ სახელმწიფოებში უბრალოდ არ წაგიყენებენ. არ მოგატყუებთ და ამ არც ისე დიდი დროის, 2 წლის განმავლობაში ბევრჯერ ჯანმრთელობა უკან ჩამიწევია ფინანსების გამო. უამრავი მეგობარი მყავს ევროპის ქვეყნებში, რომელთაც ასევე დიაბეტი აქვთ და ხშირად ვსაუბრობთ ამ თემებზე. არსად მსგავსი შემთხვევები არ ხდება და თუ ხდება ძალიან მარტივ ფორმებში“. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, დიაბეტის მართვა დღევანდელ რეალობაში მაინც ინდივიდუალურ ბრძოლას აწყდება, საკუთარი ჯანმრთელობის გადასარჩენადა და ხარჯების დასაფარად.

რამდენად ძვირია დიაბეტი საქართველოში? ზუსტად ისე დავსვათ კითხვა, როგორც რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე დავსვამდით. ჩემი გამოანგარიშებითა და თავად დიაბეტიანების მონაყოლით, ერთ ადამიანს, რომელიც ტიპი 1 დიაბეტით ცხოვრობს, თვეში საშუალოდ 900-1200 ლარი სჭირდება. ეს თანხა კი დაახლოებით ასე ნაწილდება:

გლუკომეტრის საზომი ჩხირები (3+ კოლოფი თვეში) – 190 ლარი. არასრულწლოვანების შემთხვევაში ისინი პროგრამით გათვალისწინებულ 6 კოლოფ ჩხირს იღებენ, თუმცაღა არანაირად ის საკმარისი არაა. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ისიც დაიწერა, რომ სახელმწიფო 2 კოლოფს გასცემს. ერთ ბავშვს, მოზარდს დღის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ სჭირდება გაზომვა, ერთ კოლოფში კი 50 ჩხირია, თავად დათვალეთ, საკმარისია თუ არა. ზრდასრულების შემთხვევაში კი, ჩხირების არანაირი ნაწილი არ მოდის სახელმწიფო პროგრამიდან.

ინსულინი - 180 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანებიცა და ზრდასრულებიც სიცოცხლის ბოლომდე ამ ნაწილით უზრუნველყოფილნი არიან, თუ დიაბეტიანების ფეისბუქ ჯგუფებში მოხვდებით ყველაზე ხშირი „პოსტები“, რომელსაც შეხვდებით სწორედ ინსულინების ყიდვა-გაყიდვას ეხება.

ექიმთან კონსულტაცია (3 თვეში ერთხელ) - მინიმუმ 70 ლარი.

ანალიზები - 250 ლარი.

კვება - სწორი კვება, მიახლოებით, 650 ლარი. დიაბეტის მქონე ადამიანისთვის კვება მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილება კი არა, მკურნალობის ნაწილია. სწორი რაციონი მოითხოვს ნახშირწყლების დათვლას, დაბალ გლიკემიურ პროდუქტებზე გადართვასა და სტაბილურ განაწილებას დღის მანძილზე. თუმცა ასეთი კვება იაფი არ არის - დიაბეტური საკვების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო მენიუს ფასს. 2024 წლისთვის თვეში 600-700 ლარი სწორედ ასეთ საკვებზე მიდის. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბევრმა პაციენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს, იაფად ჭამოს და შაქარი „აუშვას“, თუ ეკონომია სხვა ხარჯებზე გააკეთოს. დიაბეტური კვება ხელმისაწვდომობის ნაცვლად ხშირად ფუფუნებაა.

წელიწადში ეს ხარჯი 15 000 ლარსაც კი აღწევს მაშინ, როცა ეს თანხა საშუალო წლიური ხელფასის თითქმის სრული ეკვივალენტია. ეს კი მხოლოდ საბაზისო რაოდენობებია, ნებისმიერი გართულება ან დამატებითი საჭიროება ხარჯს კიდევ ზრდის. „ჩემი ხელფასი 1400 ლარია, დასამალი არ არის, რომ მშობლებისგან რომ არ ვიღებდე ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებას, არ ვიცი დღეს რას მოვახერხებდი და ჩემს დიაბეტს როგორ ვმართავდი. ცხადია, ყოველთვის ასე ვერ გაგრძელდება და ერთ დღეს მარტო დავრჩები. იმაზე ლაპარაკიც არ მაქვს, რომ სხვა რამეებში, მაგალითად გართობასა და მოგზაურობებში ჩემი თანხის მოაზრება სისულელეც კია“.

საერთაშორისო მონაცემებით, მაგალითად აშშ-ში, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანისთვის საშუალო წლიური ხარჯი $3,300-დან $4,600-მდეა, ეს კი მაშინ, როცა მათ ჯანმრთელობის დაზღვევა აქვთ და ჩვენც აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენი დაზღვევები რას ფარავს და რას არა. დიდი ბრიტანეთის NHS-ის (National Health Service) მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ცხოვრების ხარჯების კრიზისი“ უკვე ჯანმრთელობის კრიზისად იქცა, განსაკუთრებით ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონდე ადამიანებისთვის, როგორიცაა დიაბეტი. ანალოგიური ტენდენციაა საქართველოშიც, მაღალი ინფლაცია, პროდუქტების გაძვირება და დასაქმების არამდგრადობა პირდაპირ ისახება დიაბეტიანი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 1,600-1,800 ლარია. თუ დიაბეტის მართვა თვეში 1,200 ლარს აჭარბებს, სად გადის ზღვარი ადამიანების ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ თუ თვიურ საჭიროებებს შორის? ქირისთვის, ოჯახისთვის, განათლებისთვის.

ნინო, ჩვენი რესპონდენტი, ბოლოს ასე გვიპასუხებს: „ჩემი მიზანი ახლა უბრალოდ ნორმის შენარჩუნებაა. არც გართულების მეშინია ყველაზე მეტად, უბრალოდ, ერთ დღეს ფული არ მეყოფა საზომებზე, ნემსებზე და ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება“. 

ამ საკითხის უკეთ გასაგებად, სოციალურ ქსელში, სპეციალურ ჯგუფში („შაქრიანი დიაბეტი და მისი მართვა“), რომელიც 53.9K ადამიანს მოიცავს, გამოკითხვა ჩავატარე. აქ ასეულობით ადამიანი აზიარებს საკუთარ გამოცდილებას, რაც საშუალებას გვაძლევს, ამ სირთულეების გაერთიანებული ანალიზი მოვახდინოთ.

„230 ლარით უნდა ვიცხოვრო?“ - ცხადი გახდა, რომ პრობლემაზე საუბარი სხვაა, მის პირისპირ დადგომა კი სხვა. „230 ლარის პენსიით დავდივარ ავერსში ... გულის ექოსკოპია 60 ლარია და არ ფინანსდება. იცხოვრე 230 ლარით, ხომ მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ?“. საუბარია 60 ლარზე, რაც, ერთი შეხედვით, ბევრი სულაც არაა, მაგრამ იმისი თქმა შემიძლია, რომ ვისთვის როგორ. კიდევ ერთი პაციენტი წერს: „პენსიონერს წამლების ყიდვის შემდეგ საარსებო არაფერი მრჩება. გამოკვლევებზე ხომ საერთოდ, ლაპარაკი ზედმეტია“. ამ ადამიანებისთვის დიაბეტი არა მხოლოდ დაავადება, არამედ შემოსავლის ამოწურვის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია.

ცალკე პრობლემად გამოიკვეთა მეორე ტიპის დიაბეტი, როგორც სახელმწიფოსგან მივიწყებული. გამოკითხვით დგინდება, რომ ამ ტიპის დიაბეტი თითქმის არაფრით ფინანსდება, პენსიითაც კი. ერთ-ერთმა პაციენტმა ასე შეაჯამა: „საერთოდ არ აფინანსებს მთავრობა მეორე ტიპის დიაბეტს არაფრით! მარტო წამალი ყოველ დღე 15 ლარი მიჯდება. ყველა გამოკვლევა სამ თვეში ერთხელ 600 ლარი“. ანუ, როცა სახელმწიფოს მიერ განაწილებული რესურსი მხოლოდ ტიპი 1 დიაბეტის მცირედ საჭიროებას ფარავს, მეორე ტიპის მქონენი პრაქტიკულად მიტოვებულები არიან.

კიდევ ერთი ნიუანსი სახელმწიფო უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილი 18 წლის შემდგომი ტიპი 1 დიაბეტიანებია. სრულწლოვნობამდე ჯანდაცვისგან არც ისე ცოტა დახმარება გადის, შემდეგ კი ყველაფერი იკლებს. „ტიპი 1 დიაბეტი 18 წლის შემდეგ, უფასოდ არის მხოლოდ ინსულინი და პენსია 235 ლარი, მორჩა ამით ყველანაირი დახმარება. არადა წელიწადში ორჯერ მაინც გვჭირდება სრული კვლევა, რომელიც დაახლოებით 1000 ლარზე მეტზე გადის“.

ბევრი ადამიანი ამის გამო ევროპის ქვეყნებს აშურებს. ძალიან მრავლისთქმელი იყო შედარებები სხვა ქვეყნებთან. არაერთმა დიაბეტიანმა აღწერა საკუთარი გამოცდილება ევროპასა და ამერიკაში, სადაც მათი თქმით, დიაბეტის მართვა სიმბოლური თანხითაც კი შეიძლება. „ვმუშაობდი იტალიში და მერე ამერიკაში. ანალიზები, წამლები, ვიზიტი ექიმთან, გლუკომეტრი და ჩხირებიც ყველაფერი უფასო იყო ან სიმბოლური თანხა - 1-2$“. „საქართველოში როცა ვცხოვრობდი კვლევების გარდა, მედიკამენტები, კვება, ჰიგიენური საშუალებები, თვეში 1000 ლარი მაინც მჭირდებოდა, ამიტომაც გადმოვსახლდი ევროპაში“.

გესტაციური დიაბეტი ერთ-ერთი სახეა, რომელიც ორსულობისას ვლინდება და როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ ქრება. „ყველაზე მეტად მიჭირს ხილის, ბოსტნეულისა და ჯანსაღი საკვების შეძენა. უძვირესია ხორცი, თევზი ... ორსული ვარ და გესტაციური დიაბეტი მაქვს, უზომოდ მაწუხებს გაფრენილი ფასები“. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გესტაციური დიაბეტი საქართველოში ხშირია, მაგრამ არც მედიკამენტური მხარდაჭერა და არც კვებითი დახმარება ამ კატეგორიისთვის არ არსებობს. 

ძალიან ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამებში არ არსებობს გრძელვადიანი ხედვა. განსაკუთრებით დიაბეტის ტექნოლოგიური მართვის კუთხით (CGM, ინსულინის ტუმბოები, ინსულინის მრავალჯერადი კალმები და ა.შ.). „18+ პაციენტებში მხოლოდ შერჩევითი სახეობის ინსულინები გაიცემა, სხვა არაფერი. ჯანდაცვა არანაირად არის მორგებული იმაზე, რომ დიაბეტი 21-ე საუკუნეში იმართოს მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად“.

ეს გამოკითხვა (ლინკი წყაროებში) ნათლად აჩვენებს, რომ დიაბეტის მართვა საქართველოში არა მხოლოდ ფინანსურ ფუფუნებად, არამედ სოციალურ უთანასწორობად იქცა. პაციენტების უმეტესობა აშკარად გაუსაძლის მდგომარეობაშია. მედიკამენტების ფასები, არადაფინანსებული გამოკვლევები, ტექნოლოგიური მოწყობილობების მიუწვდომლობა ერთ სურათად იკვრება. „საზღვარგარეთ ამ მხრივ ბევრად წინ არიან მედიკამენტების ხარისხით, კვლევებითა და დახმარებით. აქ კი ყოველდღე არჩევანი უნდა გააკეთო, შაქარი გაიზომო, თუ საჭმელი იყიდო“.

 

სახელმწიფო პროგრამები და მისი შესაძლებლობები

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა რამდენიმე სახის პროგრამას მოიცავს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება დიაბეტის მართვას. ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს. ითვალისწინებს მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, დაფინანსების სქემებს მოქალაქეთა ასაკის, სოციალური სტატუსისა და წლიური შემოსავლის მიხედვით. მათთვის, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 40 000 ლარს, დაფინანსების დონე მაქსიმალურია. თუმცა, რაც უფრო იზრდება შემოსავალი, მით უფრო მცირდება ანაზღაურება. რაც შეეხება დიაბეტის სპეციფიკურ მართვას, პაციენტების რეალური გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ დაფინანსებული პაკეტები არ არის საკმარისი სრული მკურნალობისთვის. კერძო დაზვევები კი დიაბეტს გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევს და დიაბეტურ მედიკამენტებს დაბალი პროცენტით აფინანსებს.

გარდა საყოველთაო სქემისა, მოქმედებს მიზნობრივი პროგრამებიც, რომლებიც კონრეტულ დაავადებებზეა მორგებული. მათ შორისაა დიაბეტის მართვის პროგრამაც, რომელიც გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, მაგალითად, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს ინსულინითა და საჭირო მოწყობილობებით (გლუკომეტრები და სხვ.) უზრუნველყოფს. ზრდასრულებისთვის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იკლებს და პროგრამით დაფარვა მხოლოდ ზოგიერთ ინსულინსა და ნემსებს მოიცავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, დღეს პროგრამაში სულ 24,443 ადამიანია ჩართული, აქედან 6,538 პირველი ტიპის დიაბეტიანი, ხოლო 18,337 მეორე. თუ სტატისტიკას გავიხსენებთ (2021 წელი - 195,099 დიაბეტიანი) ალბათ, გაგვიკვირდება კიდეც, სად არიან დანარჩენი ადამიანები? პასუხი ისაა, რომ დიდი ნაწილის პროგრამაში ჩაურთველობა სწორედაც სოციალური კონტექსტით აიხსნება, უამრავ ადამიანს უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამებზე, დიდი ნაწილისთვის კი ჩართვის რთული ბიუროკრატიული პროცესია ხელისშემშლელი. 

 

ფარმაცევტული ბაზრის შედარება

და რადგანაც ხარჯებზე ვსაუბრობთ ფარმაცევტულ ბაზარსაც გადავავლოთ თვალი და შევადაროთ იმ ევროპის ქვეყნებს, ჩვენი ქვეყანა რომ ასე მიილტვის მისკენ.

სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსულინის ფასი, ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოს მხრდან დაფინანსებაც კი, ხშირად არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს პაციენტთა საჭიროებებს. ჩვენთან ყველაზე ხშირად გამოყენებული 4 ტიპის ინსულინია: აპიდრა, ლანტუსი, აქტრაპიდი და ინსულატარდი. თითოეული მათგანი განსხვავებულად მოქმედებს ორგანიზმზე და სხვადასხვა დროით ამუშავებს შაქრის დონეს.

მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში წარმოებული აპირდრის 1 შპრიც-კალმის ფასი საქართველოში 50 ლარია. კოლოფის, რომელიც 5 კალამს შეიცავს - 200 ლარი. გასაგებია, რომ ევროპაში იმპორტირებული საქონელი ბევრად იაფია, მაგრამ არც მაინც და მაინც საქართველოა ევროპისგან შორს. გერმანიაში 1 კალამი 11$, საფრანგეთში - 9$, ბრიტანეთში კი 7.5$ დოლარი ღირს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ფასების გადმოყვანა ლარებში საჭირო არაა, თუ მაინც გადმოიყვანთ, რაც არასწორი იქნება, რადგან ამ ქვეყნების ვალუტა ლარი სულაც არაა, მაინც ბევრად ნაკლებ ფასს ვიღებთ. შედარებიდან ჩანს, რომ საქართველოში აპიდრის ფასი ბევრად მაღალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იქ სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს მის ღირებულებას. ზუსტად იგივე სიტუაციაა სხვა ინსულინებზეც.

ჩვენს მეზობლად თურქეთსა თუ სომხეთში და არა ევროპაში ინსულინის ფასები საშუალოდ 20-30%-ით დაბლაა. თურქეთში, რომელიც ძალიან მაღალი დონის ჯანდაცვითაა განთქმული, ზოგიერთი სახელმწიფო კლინიკა სრულად უფინანსებს ადამიანებს ინსულინს, თავად ერთი შპრიც-კალამის ფასი კი $2.65-ია. სომხეთში კი მოქმედებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის მოდელი, რომელიც ძირითად ინსულინებს სახელმწიფო პროგრამით ფარავს.

მოწყობილობები და გლუკომეტრები ცალკე ამბავია, რომელიც ჩხირებს, სენსორებს მოიცავს. საქართველოში ყველაზე გავრცელებული აპარატის Accu-Chek - ის ფასი 80 ლარია, ჩხირების კი, რომლის კოლოფშიც 50 ცალია - 55 ლარი. არსებობს კუნთებზე დასამაგრებელი სენსორები, რომელიც ყოველ ჯერზე თითში ჩხვლეტას თავიდან გვაცილებს და კონტროლს გვიადვილებს, ჩვენთან ის FreeStyle Libre 2 - ია 190 ლარად, რომელიც სულ რაღაც 14 დღე ძლებს. მისი გამოყენება განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებშია ეფექტური.

მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციები და გამოკვლევები, რომელთა ფასებშიც სახელმწიფო პირდაპირ არ ერევა, მაგრამ ზუსტადაც რომ ქვეყნის ეკონომიკა არეგულირებს მას. ექიმთან ერთ ვიზიტში - 70 ლარი დაგჭირდებათ, ამას უაზროდ გაბერილი ანალიზების ფასები ემატება და ჯამში კარგ შემთხვევაში 300 ლარსაც კი შეიძლება, მიაღწიოს. პროგრამის ფარგლებში არასრულწლოვანებს ზოგიერთი ანალიზი უფასოდ ეკუთვნით, მაგრამ ეს ზრდასრულებზე არ ვრცელდება.

საბოლოოდ, ფარმაცევტული კონტრასტი რომ შევაჯამოთ, დიდ უთანასწორობამდე მივდივართ. ჩვენთან ფასები არადამაკმაყოფილებლად მაღალია იმასთან შედარებით, თუ რა შემოსავალი აქვს საშუალო დიაბეტიანს. საერთაშორისო დონეზე, ევროპაში ანაზღაურების სისტემა და სუბსიდირება მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტების ხარჯებს, საქართველოში კი სახელმწიფო პროგრამები მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს რეალურ საჭიროებებს.

 

ეკონომიკური კონტექსტი

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა მჭიდროდ არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. 2024 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება გაიზარდა, თუმცა ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, ეს ზრდა საკმარისი არ აღმოჩნდა სისტემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

2024 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრულია 28.7 მილიარდი ლარის ოდენობითა და 877 მლნ ზრდით. ამ თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი, დაახლოებით 30% — 8.6 მილიარდ ლარზე მეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე დაიხარჯა. ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტში დაფინანსება შემდეგნაირად იცვლებოდა:

·        2022 წელი: 6.24 მილიარდი ლარი

·        2023 წელი: 6.86 მილიარდი ლარი

·        2024 წელი: 8.6 მილიარდი ლარი

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტის დინამიკა ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც სახელმწიფოს მცდელობაზე მიუთითებს, გააუმჯობესოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი. თუმცა, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, ჯანდაცვის სექტორი კვლავ გამოწვევების წინაშეა.

2024 წლის ბიუჯეტში შეხვდებოდით არაერთი სოციალური პროგრამის დაფინანსებას, მათ შორის პენსიების ზრდას და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფას. პენსიებს რაც შეეხება, ყველა 1 ტიპის დიაბეტიანს 2024 წელს პენსია გაეზარდა და დღეს 240 ლარია.

საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტის წილი მთლიანი ბიუჯეტიდან სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცხადია, დაბალია.

·        საქართველო - 7%

·        ევროკავშირის საშუალო - 15%

·        OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ეკონომიკურად განვითარებულად ითვლება და ერთმანეთთან თანამშრომლობს უკეთესი ეკონომიკისა და პოლიტიკის შესაქმნელად) ქვეყნები - 18%

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, საიდან მოვიდა 7%, როცა ზემოთ 30% პროცენტი ვახსენეთ. 30% გამოყოფილია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ერთობლიობისთვის. აქ ერთად ითვლება: ჯანდაცვა (კლინიკები, პროგრამები, მედიკამენტები და ა.შ.), სოციალური უზრუნველყოფა (პენსიები, შშმ პირების დახმარება, ომის ვეტერანები და ა.შ.). ეს ერთიანი კატეგორია მოიცავს 8.6 მლრდ. ლარს, ანუ დაახლოებით 30%-ს. 7% კი არის მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით, მხოლოდ ის თანხა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ან პროგრამების მეშვეობით მიდის პირდაპირ ჯანდაცვაზე: საყოველთაო დაზღვევა, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები, დიაბეტის პროგრამები, სასწრაფო დახმარება, პროფილაქტიკური გეგმები და ა.შ. შესაბამისად, ჯანდაცვის წილი 1.8 მლრდ ლარია, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფლაცია დაბალია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია, რათა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ფასი პაციენტებისთვის მისაღები იყოს.

დიაბეტის გლობალური ტვირთი განსაკუთრებით მძიმედ აწვება დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რაც ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება დაავადების აღმოჩენასა და მართვაში. დიაბეტიანი ადმიანების უმრავლესობა კი სწორედ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებშია. ასეთ ადგილებში დიაბეტის შემთხვევების 50.5% დაუდგენელია, რაც მკურნალობის დაგვიანებასა და გართულებების რისკს ზრდის. 2022 წელს დიაბეტიანი ზრდასრულების 59% მკურნალობას არ იღებდა. სამწუხაროდ, ამ თემასთან საქართველოც არაა შორს და ჩვენს  ქვეყანაში უამრავ ადამიანს იმისი სახსრებიც კი არ აქვს, რომ დიაგნოსტირება ჩაიტაროს. რეგიონებში კი ბევრად უფრო რთული სიტუაციაა, სადაც ენდოკრინოლოგებიც კი თითზე ჩამოსათვლელია და ექიმთან ვიზიტისთვის დედაქალაქში ჩამოსვლაა საჭირო, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.

 

სოციალური შედეგები

საქართველოში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური მხარდაჭერა არსებობს, დიაბეტი ყველაზე მეტად მას ურტყამს, ვისაც სუსტი სოციალური მდგომარეობა აქვს, დაბალშემოსავლიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველ ფენას და მათ, ვისთვისაც ერთი კოლოფი ინსულინი არჩევანს შორის დგას, საჭმელი თუ წამალი.

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი, 2013 წელი. ჩემივე დიაგნოზის გაგებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ ვიგებ, რომ ერთ-ერთ ოჯახში, ჩემზე ოდნავ პატარა ბავშვსაც ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი დაუდგინდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, რომელთა შემოსავალი თითქმის მთლიანად სოციალური დახმარებით შემოიფარგლება, თვეში 300-400 ლარით. სახელმწიფოსგან წესით  3 თვისთვის გაცემული ინსულინი და საზომი ჩხირები ბავშვს მხოლოდ 1 თვე ჰყოფნის. ოჯახი ნემსებისა და ჩხირების ყიდვას ხშირად ვერ ახერხებდა, რის გამოც მას ხშირად ჩემივე ოჯახი დახმარებია, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გამიმართლა. დღეს 2025 წელია, ამ ამბიდან 12 წელია გასული. დიაბეტიანი ბავშვი ახლა 20 წლისაა და ოჯახი ხშირად ვერც დღეს ახერხებს სრულფასოვნად მართოს დიაბეტი, მით უმეტეს, რომ რაც ის 18 წლის გახდა ტესტ-ჩხირების მიწოდებაც შეეზღუდა და ჯანდაცვის დახმარება მხოლოდ პენსიით, 240 ლარით შემოიფარგლება.

პაციენტს სრულყოფილი კვებაც სჭირდება, რაც ამ ეტაპზე ოჯახისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. „კვება თითქოსდა ყველაზე მარტივი საკითხია ასეთ დროს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვერ ვასრულებთ დიეტას. შენ გინდა, რომ ბავშვმა ჯანსაღად იკვებოს და ამ დროს ხედავ, როგორ აკლია ის, რაც სხვებისთვის ჩვეულებრივია. ამას სახელმწიფოს ვერ მოვთხოვ, მაგრამ ოდნავ მეტი ფულადი დახმარება რომ იყოს რამეს მოვახერხებდით“.

გამოკვლევები - გლიკოზირებული ჰემოგლობინი, თირკმლის ფუნქციების შემოწმება, თვალის სკრინინგი ოჯახისთვის მიუღწეველია და არჩევანის ნაცვლად ფუფუნებად იქცევა. არადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ყველა ენდოკრინოლოგის შეფასებით, დიაბეტის არასწორი ან დაგვიანებული მართვა ჯანმრთელობის საგრძნობ და ძალიან ძვირადღირებულ გართულებებს იწვევს, ბევრი მათგანი კი, შეიძლება, არც გამოსწორდეს. ენდოკრინოლოგების სიტყვებსა და მონაცემებზე დაყრდნობით დიაბეტის არასწორი მართვა იწვევს არა მხოლოდ სისხლში გლუკოზის დონის რყევას, არამედ სერიოზულ გართულებებს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: სიბრმავე, თირკმლის უკმარისობა, ნერვული სისტემის დაზიანება, გულის კორონარული დაავადებები და კიდურების ამპუტაციაც კი. ამ გართულებების რისკი კი მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც დიაბეტის მქონე პაციენტები საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებენ, ვერ ახერხებენ რეგულარულად ანალიზების ჩატარებასა და ექიმთან კონსულტაციას. გამოსავალზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ სახელმწიფო პრევენციაზე მეტს რომ ხარჯავდეს, იქნებ ამხელა სტატისტიკაც თავიდან აგვეცილებინა.

2023 წლის მონაცემებით, 3-დან 2 პაციენტი, რომელიც დიაბეტის გამო საავადმყოფოში ხვდება, ან არ იყო ადეკვატურად გაკონტროლებული, ან მკურნალობას წყვეტდა ფინანსების არ არსებობის გამო. საქართველოს სოციალური პოლიტიკა ჯერჯერობით ფეხს ვერ უწყობს იმ ტიპის დაავადებას, რომელიც არ იწყება და არ მთავრდება მხოლოდ ერთი აბით ან ინექციით. ვხედავთ, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა სოფლებშია და მაგალითად თელავსა თუ გურჯაანში ბევრ ენდოკრინოლოგსაც ვერ იპოვით, რომ შესაბამისი დახმარება აღმოიჩინოთ. დიაბეტი საჭიროებს ცხოვრების წესის მენეჯმენტს, ვინც ფინანსების გამო კარგი მენეჯერი ვერ აღმოჩნდება, ლუზერის როლს ირგებს.

 

და ბოლოს

დიაბეტი დიაგნოზია, რომელსაც მხოლოდ ინსულინი ვერ მართავს. მას სისტემა სჭირდება, რომელიც ადამიანზეა მორგებული და არა ფორმალურ პროგრამებზე. როდესაც დაავადება ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმად იქცევა, ეს უკვე მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი აღარ არის, ეს იმისი მანიშნებელი ხდება, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაში რაღაც რიგზე არაა. სახელმწიფო პროგრამები, მიუხედავად მათი არსებობისა, ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან და თანასწორ წვდომას საჭირო მკურნალობაზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც უკვე დაავადების მართვას ცდილობენ, პარალელურად ფინანსურად გადარჩენისთვისაც იბრძვიან. თუ სახელმწიფოს მიზანი ნამდვილად მოქალაქეებზე ზრუნვაა, მაშინ დიაბეტის მართვაც არ უნდა რჩებოდეს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ გამოწვევად.

ზემოთ მოყვანილი უამრავი სტატისტიკა, შედეგები თუ პროცესები გვაჩვენებს, რომ საქართველო დიაბეტის მართვის კუთხით არა თუ სახარბიელო, არამედ საგანგაშო სიტუაციაშია. და ერთხელ უკვე ნათქვამი, რომ ჯანდაცვის სისტემის არასაკმარისი დახმარება ბოლოს ისევ ჩვეულებრივი ადამიანების ჯანმრთელობაზე ტყდება ცალსახად დასტურდება. დიაბეტი მართვადია, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერაფერს გავწვდებით.