წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
თამარ ჭიალაშვილი
გაცრეცილი მოედნის საფარი, რომელსაც სიმწვანე დიდი ხანია დაკარგული აქვს (ან იქნებ არც არასდროს ჰქონია)... კარი, რომელსაც მრავალგოლნანახი ბადე ძლივს იცავს, ტყავგადაქლეტილი ბურთი, რომელთან შეხებაც მტკივნეულია... გოგონები - ზოგს წინდები მუხლს ზემოთ აქვს, ზოგსაც წვივთან ჩამოჩაჩული... თმა ყველას მჭიდროდ აქვს დამაგრებული, თამაშისას ხელი რომ არ შეეშალოთ... გოლის გატანის და ამ გოლამდე მისვლის კომბინაციით გამოწვეულ ემოციას ვერანაირი ხელფასი ვერ შეედრება, რომლის გამოც მეორე სამსახურიც აქვთ, ამიტომ მათ სახეებზე მხოლოდ „სპორტულ“ დაღლას ვერ შეამჩნევთ... ბედნიერება, რომელიც გატანილი გოლის შემდეგ გუნდურ აღნიშვნას მოაქვს, ყველაფერზე მაღლა დგას... მწვრთნელი, რომელიც თამაშის დროს ფეხბურთელებს ამხნევებს, იმას აკეთებს, რაც ევალება... გოგონები, რომელთაც სჯერათ, რომ რაც მოედანს მიღმა ხდება, მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის კეთდება.
და ის, რაც მოედანს მიღმა ხდება, ჩვენი (მაყურებლის) თვალისგან დამალულია, ამიტომ მაყურებლისთვის ფეხბური ისაა, რასაც გადახუნებულ მწვანე მინდორზე ხედავს - 22 მოთამაშე, რომელიც ცდილობს ერთმანეთის ტაქტიკური ნაბიჯების გამოცნობას. თუმცა ის, რაც არ ჩანს ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტადიონზე გატარებული 90 წუთი. გასახდელში წრიულად მდგომი გოგონები, რომლებსაც ხელები ერთმანეთის კისრებზე აქვთ შემოჭდობილი, შუაში კაპიტანი დგას, იმ მომენტში თამაშის ბედს მისი სიტყვები წყვეტს, ამიტომ უწევს თავიც დაიმშვიდოს და სხვებიც. რიტუალივით აქვთ ხელების ერთმანეთზე დაწყობა და გუნდის სახელის ხმამაღლა დაძახება, ამ დროს მართლაც სჯერათ, რომ იმ გაცრეცილ მწვანე საფარზე გავლენ და ყველაფერს შეძლებენ.
თამაშის შემდეგ გასახდელში დაბრუნება, როგორც ამბობენ, მხოლოდ მაშინ არის დიდებული, როცა მოგებულის პოზიციაში ხარ, მაგრამ გამარჯვებულსაც კი შეიძლება შეგიცვალოს ხასიათი იმან, რაც გასახდელში ხდება - რაც მე ვერ დავინახე და რასაც ვერც თქვენ დაინახავდით, გოგონებს ამაზე ხმამაღლა საუბარი, რომ არ დაეწყოთ.
ქუთაისში ქალთა ფეხბურთს ნაკლები გულშემატკივარი ჰყავს, არცაა გასაკვირი საქართველოში ამ მხრივ ვითარება არაა სახარბიელო. თუმცა გოგონებს უყვართ საქმე, რომელიც ცხოვრების ნაწილად აქციეს და რომლის გამოც უამრავ რამეს აკეთებენ. ქუთაისელი გოგონების ერთი სათამაშო დღის აღწერა ვცადე, რადგან ამბები, რომლებზეც უნდა გიამბოთ არაფერია დეტალების გარეშე. ახლა უკვე იცით რა პირობებში თამაშობდნენ გოგონები, თუმცა არაფერი იცით, იმაზე რაც გასახდელში ხდებოდა.
მანამდე, სანამ ყველაფერს გავიგებთ, ჯერ გოგონებმა უნდა გაიაზრონ, რომ რაც ხდებოდა მათ უკეთეს ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას არ ემსახურებოდა. ასეთ ამბებში ყველაზე მნიშვნელოვანი ის ერთი მომენტია ხოლმე, როცა ყველაფრის გაცნობიერება და კითხვების დასმა იწყება. 2019 წელი, ქუთაისი, არასამთავრობო ორგანიზაციის შეხვედრა, ტრენინგები იდენტობასა და ადამიანის უფლებებზე, გაცნობიერების ეტაპი და დუმილის დარღვევა.
ის, რაზეც გოგონები არ ლაპარაკობდნენ წლების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ხდებოდა ისე, რომ ეჭვი არავის შეჰქონდა - „არც კი ვიცოდით რეალურად როგორ ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით, რადგან ამ ადამიანმა ჩვენი ფსიქოლოგია ისე მოაწყო, რომ ეჭვიც ვერ შეგვქონდა მასში“. ყველაფერი კი წლების წინ, „მამა-შვილური“ ურთიერთობით დაიწყო. ოღონდ არ იფიქროთ, რომ აქ სტოკჰოლმის სინდრომს რაიმე ესაქმება, გოგონებს დიდი ხნის მანძილზე სჯეროდათ, რომ ის, რაც ხდებოდა სრულიად ნორმალური იყო, ამიტომ ყველაფერს მოედანს მიღმა ტოვებდნენ. თუმცა, რაც ჩვენი თვალისგან მალულად ხდებოდა, უფრო დიდ გავლენას ახდენდა თამაშის ხარისხზე, ვიდრე გაცვეთილი მოედნის საფარი და არასაკმარისი ხელფასი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ჩატარებულ შეხვედრებს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები მოჰყვა. მწვრთნელს კი შანტაჟის გარდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ გოგონებს იმით ემუქრებოდა, რომ აუცილებლად ეტყოდა მშობლებს აგენტების და „გეების“ შეხვედრაზე რომ დადიოდნენ. გოგონები კი არ გაჩერდნენ და ყველაფერი, რაც მანამდე ჩვენთვის დამალული იყო, ხილული გახადეს.
„ათრობდა არასრულწლოვან გოგონებს, ატყუებდა რომ ფეხბურთის წესების სასწავლებლად სახლში მიჰყავდა“, მაგრამ სახლი არ იყო ადგილი, სადაც კუთხურის უკეთ ჩაწოდებას ან პენალტის სწორად დარტყმას ასწავლიდა. ფეხბურთელი გოგონა, საპირფარეშოში უნიტაზზე თავს ურტყამს, იმიტომ რომ გუშინ მწვრთნელმა სასმელი შესთავაზა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა - ეს მოკლე ფრაგმენტია იმ ამბებიდან, რაც სისტემატურად ხდებოდა და რაზეც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.
ყველა დეტალი, რომელიც გოგონების სიჩუმეს კვებავდა, საინტერესოა. მთავარი იყო ის, რომ წლების განმავლობაში მომხდარს ბუნებრივად, ნორმად აღიქვამდნენ და ეს იმიტომ, რომ მოძალადემ მოაწყო მათი ფსიქოლოგია ამგვარად. ასევე მნიშვნელოვანია ის თუ სად ხდებოდა ამბავი - რეგიონში, იქ, სადაც გენდერული დისბალანსი განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა და ქალთა უფლებებზეც ბევრი არაფერი იციან. პრობლემა იყო საზოგადოებაც, რომელიც, როგორც გოგონები ამბობენ, ყოველთვის პოულობს მიზეზს მსხვერპლის დასადანაშაულებლად.
2020 წელს ჯოჯოხეთური პროცესი დაიწყეს, ეს სიტყვა მსხვერპლმა იმიტომ აარჩია, რომ წლების და ათობით სასამართლო პროცესის მანძილზე, ძალიან ბევრის გადატანა მოუწიათ, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან პატრიარქალური წყობის ამ მახინჯ სამფლობელოში ერთმანეთის მეტი არავინ ჰყავდათ. წნეხი, რომელიც საზოგადოების მხრიდან მოდიოდა, იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრჯერ უფიქრიათ გოგონებს დანებებაზე - „ჩვენთვის რომ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი და გაემართლებინა ეს არაადამიანი, ამის შემდეგ საზოგადოება ალბათ გადაგვივლიდა.“
მაგრამ, ვერცერთმა გარემო პირობამ ვერ შეუშალა ხელი გოგონებს სამართალი ეპოვათ. პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, 2023 წლის 4 ივლისს მათი გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლემ, კლუბ „მართვეს“ მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი, ამ კლუბის 9 ქალ ფეხბურთელზე ძალადობაში, დამნაშავედ ცნო. მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა - 36 000 ლარს შეადგენდა. თუმცა ზიანი, რომელიც გოგონებს მიადგათ ვერასდროს ანაზღაურდება - „ახლა ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ და ყველგან საფრთხეს ვგრძნობ.“ ეს ტრავმა გავლენას იმ 90 წუთზეც ახდენდა, რომელსაც მოთამაშეები მოედანზე ატარებდნენ და იმ წუთებზეც, როცა მოსამზადებლად ვარჯიშობდნენ - „ვფიქრობდი ხოლმე რომ ყველაფერს ვტოვებდი მოედნის გარეთ და მაქსიმუმს ვაკეთებდი ჩემი საყვარელი საქმისთვის, მაგრამ დისციპლინა არ არის მხოლოდ მოედნის 90 წუთი, ამის გარეთ იმდენ და იმხელა ტრავმას გიტოვებს, რომ აუცილებლად აისახება ეს შენს პიროვნულ ხარისხზე, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის“.
წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გიყვარდეს საყვარელი საქმე, რომ იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც წლების მანძილზე ხდებოდა, მაინც ბედნიერი იყო ყოველი ბურთთან შეხებისას. გოგონებს სჯერათ, რომ ფეხბურთს აქვს ძალა სასწაულები მოახდინოს, მაგრამ ყველა მედალს ორი მხარე აქვს, ამ პროფესიის მეორე ბნელ მხარეზე, რომელიც მოედანზე არ ჩანს, საქმეზე მომუშავე ადვოკატმა უფრო ბევრი მიამბო. განმიმარტა, თუ რატოა უფრო მარტივი იძალადო ქალ ფეხბურთელზე, ვიდრე, მაგალითად, ქალ იურისტზე. იმიტომ რომ, რატომღაც ნორმად დამკვიდრდა გასახდელში მაშინ შესვლა, როცა გოგონები იცვლიან, ქალ იურისტს გასახდელში არ უვარდებიან. ქალ მასწავლებელს არ სთხოვენ მენსტრუალური ციკლის აღრიცხვას, რაც ვალდებულებად იქცა ქალთა ფეხბურთში. სხვა სფეროებში რესურსული სიმწირე ისე არ ასხამს მოძალადის წისქვილზე წყალს, როგორც ამ სპორტში. აქ ყველა ფუნქციას ერთი კაცი ითავსებს, ამიტომ ტრავმის დროს გოგონებისთვის მასაჟის გაკეთებასაც სათავისოდ იყენებდა და თან აჯერებდა მოთამაშეებს, რომ ყველაფერი მათი კეთილდღეობისთვის ხდებოდა.

თუ გგონიათ, რომ გოგონებს მხოლოდ ფიზიკურად და სექსუალურად ავიწროვებდა ძალიან ცდებით, ფსიქოლოგიური ზეწოლა გოგონების დუმილს კიდევ უფრო აძლიერებდა - „ყველაზე არაადამიანური ამ ყველაფერში ის იყო, როდესაც გავიგე, რომ ჩემი გუნდელის საბანკო ბარათი მიითვისა და მის ხელფასს იღებდა.“
სასამართლო წლების განმავლობაში გაგრძელდა და ერთადერთი, რაც მათ ამ გზაზე ნუგეშს აძლევდა, ერთმანეთის მხარდაჭერა იყო. ადვოკატს, რომ ვესაუბრე უფრო ნათელი გახდა, რატომ დასჭირდა ამდენი ხანი სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. მან რამდენიმე ფაქტორს გაუსვა ხაზი, რაც ამბის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება: პირველ რიგში, ვითარება საქართველოს რეგიონში ხდება, იქ, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას გენდერული დისბალანსი და სადაც ქალთა უფლებების შესახებ არაფერი იციან. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ ყველა პროცესზე გოგონებს, მოძალადე მწვრთნელთან შეხვედრა უწევდათ. უბედურება იყო ისიც, რომ ბრალდებულის მხარე, გოგონების ადვოკატს აგენტს მხოლოდ იმიტომ უწოდებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო.
თუ ფიქრობთ, რომ ამბავი აქ მთავრდება ძალიან ცდებით, ალბათ გგონიათ, რომ გოგონებმა სასამართლო მოიგეს, მშვიდად გააგრძელებენ საყვარელი საქმის კეთებას, ისე თითქოს ბედნიერი დასასრულები მართლაც არსებობს, მაგრამ ასე სულაც არაა. სანამ გეტყვით თუ რატომ, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს მხოლოდ ერთი კლუბის, ერთი ინციდენტი არაა. როცა მსხვერპლს ვესაუბრებოდი ვკითხე, ხომ არ იცოდა სხვა გუნდთან და მწვრთნელთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევა, რაზეც მიპასუხა - „რა თქმა უნდა, მაშინდელი „ნიკეს“ მწვრთნელი გივი კვარაცხელია, რომელიც ასევე ამ ბრალდებებით არის გასამართლებული და ასევე წააგო მან ეს სასამართლო დავა”. ვინაიდან ჩემი წყაროები ქსელურად უკავშირდებიან ერთმანეთს, მე „ნიკეს“ მწვრთნელის მსხვერპლსაც გავესაუბრე, რომელმაც ის სცენარი მოჰყვა, რაც ზემოთ უკვე მოვისმინეთ-„ერთ-ერთი ბავშვის მშობელს უთხრა, თუ გინდა შენი შვილი ვათამაშო ჩემთან დაწექიო.“
სანამ იმაზე ვისაუბრებ, თუ რატომ არ არსებობს ბედნიერი დასასრული, უნდა გავიაზროთ, რა მითხრეს ფეხბურთის ფედერაციაში: თითოეულ კლუბს აქვს სრული სუვერენიტეტი და ფედერაციას არ შეუძლია ჩაერიოს მათ შინაგანაწესში, შესაბამისად, ისინი თავად განკარგავენ თავიანთ რესურსს და ყველაფერი, რაც კლუბის შიგნით ხდება კლუბის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. ისეთ შემთხვევებში, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, ფედერაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებს და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მოძალადეს ლიცენზიას უჩერებს.
მსოფლიოს მასშტაბით ქალთა ფეხბურთს ბევრი პრობლემა აქვს, ისევე როგორც ქალებს, რომლებიც თავის დამკვიდრებას სხვადასხვა სფეროში ცდილობენ. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის შემთხვევებს არ ვხვდებით მხოლოდ ერთ ქვეყანაში ან ერთ გუნდში. მოთამაშეებს არ ავიწროვებენ მხოლოდ განვითარებად ან განვითარებულ ქვეყნებში, პრობლემა არსებობს ყველგან - ჩრდილოეთ კაროლინას გუნდის მწვრთნელს, პოლ რილს შემდეგი სიტყვებით აღწერენ - „მან იცოდა რომ, რაც უნდოდა ყველაფრის გაკეთება შეეძლო.“ სრული ძალაუფლება ცალკეულ ინდივიდებს აძლევს იმის საშუალებასა და მოტივაციას, რომ იძალადონ მათზე, ვისაც ეს ძალაუფლების ბერკეტები არ გააჩნია და სტრუქტურულად უფრო დაბალ საფეხურზე დგანან. მას შემდეგ, რაც ავღანელმა გოგონებმა გადაწყვიტეს დაერღვიათ სიჩუმე, სააშკარაოზე გამოვიდა ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრი კრიტერიუმები, რაც არც ტალანტს და არც შრომისმოყვარეობას არ მოიაზრებს: „მაჩვენე, რამდენად ლამაზი ხარ, რადგან მხოლოდ ლამაზი გოგონები მოხვდებიან გუნდში“, - ესაა სიტყვები, რომლებსაც არა მოდელებს, არამედ ქალ ფეხბურთელებს ეუბნებოდნენ ავღანეთში.
თუ შევადარებთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, განსხვავებას მხოლოდ მოედნის ხარისხში დავინახავთ. იმას ვგულისხმობ, რომ ქუთაისელ გოგონებს ცუდ მოედანზე, ცუდ პირობებში და ძალიან დაბალი ანაზღაურებით უწევთ საყვარელი საქმის კეთება, იმავეს განვითარებულ სახელმწიფოში კარგ მოედანზე, უკეთესი ანაზღაურებით აკეთებენ სხვები, თუმცა გასახდელში ვითარება ერთნაირად მძიმდება ხოლმე. არც ის არ უნდა გვეგონოს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოშია არაადეკვატური. ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციაში განაცხადეს, რომ შემთხვევები, რომლის შესახებაც ცნობილი გახდა მხოლოდ აისბერგის წვერია, ანუ ის, რაც გასახდელში ხდება და მოედანს მიღმა რჩება აისბერგის უფრო დიდ ნაწილს იკავებს. მსხვერპლს, რომელსაც ვესაუბრე მითხრა: „ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა კითხულობენ აქამდე სად იყავითო?“ ეს კითხვა ყველაზე მტკივნეულია მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე განცდილ ტრავმებზე იწყებ საუბარს. სამწუხაროდ, საზოგადოება ამ კითხვას ისე სვამს, რომ არ ფიქრობს - აისბერგის დიდი ნაწილის ჩრდილში ყოფნა, მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალია.
მსოფლიოში ჩამოყალიბდა მოძალადის გამართლების ტენდენცია, რაზეც მხოლოდ ჩემი მსხვერპლი არ საუბრობს. ამერიკული ქალთა ფეხბურთის ლეგენდა რაფინოე ამბობს: „კაცები იცავენ იმ კაცებს, რომლებიც ძალადობენ ქალებზე,“ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით რთულია ხმის ამოღება გაბედო, მითუმეტეს მაშინ, როცა რეაგირების იმედი არ გაქვს და სხვა სტრუქტურები სრულიად მოშლილია. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე კი განსაკუთრებით რთულია სამართლიანობისა და გამარჯვების იმედი გქონდეს.
სხვადასხვა ინციდენტის შესწავლის შემდეგ საერთო მონახაზები იკვეთება. ყველა შემთხვევაში მოვლენები წლების განმავლობაში ხდებოდა და თან ისე, რომ ყველას სრულიად ნორმალიზებული ეგონა. მწვრთნელებს საერთო ფსიქოტიპი აქვთ, სათავისოდ იყენებენ რესურსულ სიმწირეს, ძალაუფლებას და შემაკავებელი ბერკეტების უმოქმედობას. საერთოა ისიც, თუ რა ფორმით ხდება ძალადობა - თავდაპირველად მსხვერპლთან დაახლოებით, მისი ნდობით იწყება, შემდეგ სახლში წაყოლაზე გითანხმებს, იქ სასმელს გთავაზობს და იმას გიკეთებს, რისი უფლებაც არ აქვს და რაზე საუბარიც შიშის გამო არ შეგიძლია. ამ ამბებში საერთოა ტრავმებიც, რომელიც რჩება, რადგან ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე გატარებული 90 წუთი არაა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სპორტსმენის დისციპლინა და თამაშიდან თამაშამდე მომზადების პროცესი. მსხვერპლს, რომელსაც ტრავმებზე და თამაშის ხარისხის ცვლილებაზე ვესაუბრებოდი, მითხრა, რომ ბევრმა ვერ შეძლო გაგრძელება და თავის ოცნებებზე უარი თქვა, არადა ქუთაისელ გოგონებს მოუწესრიგებელ საფარზე თამაშის სურვილზე უარის თქმა, მოძალადე მწვრთნელის ქმედებების გამო არ უნდა უწევდეთ.
და აი, მოვედით მთავარ სათქმელთან, თუ რატომ არ არსებობს ბედნიერი დასასრული. მსხვერპლი გოგონები და მათ ადვოკატი დარწმუნებულები არ არიან, რომ მოძალადე არასდროს აღარ იქნება მწვრთნელის ამპლუაში, უფრო მეტიც, „გაათავისუფლეს, თუმცა ის დღემდე ყველგან არის და დღემდე ვხვდები ქალთა ფეხბურთის თამაშებზეც.“ ცნობილი ფაქტია, რომ დამნაშავე ყოველთვის უბრუნდება დანაშაულის ჩადენის ადგილს, მაგრამ წარმოიდგინეთ გოგონების მდგომარეობა, რომლებსაც სასამართლო სხდომებზე დამნაშავის თანდასწრებით უწევდათ თავის მართლება და ახლა თამაშის დროსაც, ისევ უწევთ მასთან შეხვედრა. იგივე მითხრეს „ნიკეს“ მწვრთნელზეც, სანამ სასამართლო მიმდინარეობდა შეჩერებული ჰქონდა ლიცენზია, ხოლო როგორც კი პროცესები დასრულდა კვლავ დაუბრუნდა მწვრთნელის პოსტს: „ეს არის სრული გარღვევა ფეხბურთის ფედერაციაში“. აუცილებლად ჩავთვალე ამ პრობლემის შესახებ მეტი გამეგო, ამიტომ ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ვესაუბრე. როდესაც საქართველოში ქალთა ფეხბურთის რთული მდგომარეობა ზოგადად მიმოვიხილეთ, მან განმიმარტა, რომ წლების წინ ვითარება ბევრად უფრო მძიმე იყო, გოგონებს ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არ ჰქონდათ, ამიხსნა, რომ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდა და სულ ცდილობენ სხვადასხვა ტრენინგების ჩატარებას, რათა ცნობიერებაც აამაღლონ და მდგომარეობაც გამოასწორონ.
თუმცა, როცა ამ ამბავში ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანი კითხვა დავსვი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, როდესაც დანაშაულში ბრალდებული, ლიცენზიაშეჩერებული მწვრთნელი უბრუნდება თანამდებობას? მიპასუხა, რომ ფედერაცია ვერ გააკონტროლებს ცალკეული მწვრთნელების ქმედებებს და თუ რომელიმე კლუბი, მოძალადე მწვრთნელს თავისთან მიიღებს, ეს ისევ მათი პასუხისმგებლობა იქნება. ისიც ვუთხარი მსხვერპლმა ამ მოვლენას სრული გარღვევა, რომ უწოდა, რაზეც მიპასუხა - მსგავსი ვითარებაა მსოფლიოს მასშტაბით ყველგან, როცა რაიმე ხდება მთელი პასუხისმგებლობა მოდის ფედერაციაზე, შესაბამისად, „ყველა ჯოხი მათზე ტყდება“, თუმცა ისიც დასძინა, რომ შეუძლებელია ვაკის ოფისში მჯდომმა ფედერაციის წარმომადგენლებმა გაიგონ, თუ რა ხდება ქუთაისის რომელიმე კლუბში, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პრობლემებზე საუბარი დაიწყონ და ხმა ამოიღონ.
საუბრისას ისიც ახსენა, რომ როცა უშუალოდ დაიწყო ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა და თამაშებს ესწრებოდა, ბევრ „წითელ დროშას“ ხედავდა, რაზეც რეაგირება აუცილებელი იყო და რომლებიც სულაც არ ხდებოდა მალულად. (მსხვერპლიც აღნიშნავს, რომ ხშირად მაყურებლის თანდასწრებით მიმართავდა გოგონებს შემდეგი სიტყვებით: დებილო, ქაჯო, შტერო...) ამიტომ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ შეექმნა მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო ქალთა ამ სპორტის განსავითარებლად. გზა, რა თქმა უნდა, რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ პრობლემებზე, მით უფრო დიდი იქნება მათი აღმოფხვრისა და მოგვარების ალბათობა .
ახლა ქალთა ფეხბურთს სხვა თვალით დაუწყებთ ყურებას, გადაცრეცილი მოედნის, დაზიანებული ბურთის, მებრძოლი გოგონების გარდა დაინახავთ პრობლემებსაც, რომლებიც აისბერგის ძირშია და ერთი შეხედვით არ ჩანს.
***
ამბავი კი 1894 წელს დაიწყო, ინგლისში, იქ, სადაც ეს სპორტი დაიბადა. „ბრიტანელი ქალბატონების საფეხბურთო კლუბი“, პირველი ქალთა კლუბი იყო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მწვანე მინდორზე მორბენალ გოგონებს ალბათ იმაზე არ უფიქრიათ, რომ გავიდოდა საუკუნეზე მეტი და დაფიქსირდებოდა ქალ ფეხბურთელებზე ძალადობის ათობით შემთხვევა (და კიდევ უამრავი მათგანი მსხვერპლის სიჩუმის გამო კვლავ დარჩებოდა სტატისტიკის მიღმა), ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ სხვაობა ანაზღაურებებს შორის ას პროცენტზე მეტი იქნებოდა, აი, მაგალითად, მაინც ინგლისზე ვსაუბრობთ და ჰანა ჰემპტონისა და ჯორდან პიკფორდის (ორი მეკარის) ანაზღაურებას თუ შევადარებთ, სხვაობა 12070% იქნება. ვგონებ გოლის გატანამდე ან მის შემდეგ, არც იმაზე იფიქრებდნენ, რომ სადღაც საუდის არაბეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი (გიორგი გველესიანი), იმასაც იტყოდა, რომ ეს სპორტი ქალების ნაკლებად არის .
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025