DATA149.1.19

Logo

უხილავი ვირუსის ხილული გავლენა

თეონა ციხიშვილი

შეჩერებული სამშენებლო ობიექტები, უხელფასო შვებულებაში გაშვებული მუშა-ხელი, ფინანსური პრობლემები და გაურკვეველი მომავალი - კომპანია „დომუსი“ ერთ-ერთია იმ მსხვილი სამშენებლო კომპანიებიდან, რომელსაც  COVID19-მა დღის წესრიგი შეუცვალა და  ფინანსური პრობლემა შეუქმნა. კომპანია, რომელიც 2006 წლიდან ქვეყანაში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებდა, შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო  2 თვით გაჩერდა.  სამსახურის გარეშე დარჩა 120 ადამიანი,  შეჩერდა სამი ობიექტის მშენებლობა. 

„120 ადამიანი მყავს ამჟამად დასაქმებული. თუმცა, მარტის დასაწყისში იძულებული გავხდი მშენებლობები შემეჩერებინა. პანდემიის პირობებში სამუშაოს გასაახლებლად  სავალდებულო ატრიბუტიკის შეძენას გარკვეული ფინანსური რესურსი უნდა, აუცილებელი იყო დისტანციაც, დამატებით 120 კაცზე ტრანსპორტის მოძიება ისიც დისტანციის დაცვით, დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს, ამიტომ შევაჩერეთ 3 სასტუმროს მშენებლობა. 2 თვე სამწუხაროდ, ხელფასი ვერ გადავუხადეთ მუშა ხელს, ის 200 ლარი რასაც მთავრობა გასცემს, რა თქმა უნდა,  არასაკმარისია. მსგავის პრობლემების წინაშე ბევრი სამშენებლო კომპანიაა,“ - ამბობს „დომუსის“ წარმომადგენელი ირაკლი ბერაია.

პანდემიის ფონზე, ქვეყანაში ამოქმედებულმა საგანგებო მდგომარეობამ, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები რამდენიმე გამოწვევის პირისპირ დააყენა. სამშენებლო სექტორი მთავრობას, ეროვნულ ბანკს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. სავალდებულო სოციალური დისტანცია, რეკომენდაციების დაცვა, დამატებითი აღჭურვილობის შეძენა გახდა ის მიზეზი, რის გამოც რამდენიმე კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და დასაქმებული მოქალაქეები სამუშაო ადგილების გარეშე დარჩნენ. უნდა გამოვყოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც როგორც ხელლისუფლება აცხადებს, შეზღუდვები არ შეეხო და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიები, ერთი განსხავებით -რეკომენდაციების მკარი დაცვით.

ერთ-ერთი დარგი, რომელიც, კოვიდ19-ის გამო გაჩერდა სტომატოლოგიური ბიზნესია. როგორც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, პანდემიამ ბიზნესი 2 თვით გააჩერა, ფუნქციონირების აღდგენამ კი ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია.  შემცირდა პაციენტების  მომართვიანობაც. როგორც ფედერაციაში განმარტავენ, მედიკამენტების ფასებს თან დაერთო პანდემიით გამოწვეული საჭირო აღჭურვილობის შეძენა, რამაც მომსახურებაზე ფასების მომატება გამოიწვია. ცალკეულ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასი 10-15 ლარით გაიზარდა. ქეთევან გოგილაშვილი განმარტავს, რომ სტომატოლოგიური ბიზნესი დამოკიდებულია მომწოდებლის ფასებზე, ყველაფერი იმპორტირებულია. 

რთულია პროგნოზის გაკეთება, როდის დაუბრუნდება ქვეყანა ჩვეულ რიტმს. ფედერაციაში უჭირთ პასუხის გაცემა კითხვაზე, როდის დარეგულირდება ფასები და გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. თუმცა, ფაქტია რომ ფასების ზრდამ, შეჩერებულმა მომსახურებებმა რამდენიმე სტომატოლოგიური დაწესებულების დახურვა მოყვა. 

სტომატოლოგიური ბიზნესის გარდა, ფინანსურ ზარალზე საუბრობს საქართველოს რესტორნების ასოციაციცა. ფედერაციის პრეზიდენტის  განცხადებით, რესტორნები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი 30% მუშაობის გაგრძელებას და თავიდან გახსნას ვერ შეძლებს, რაც ბევრ ადამიანს უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დატოვებს.

“ისეთი დატვირთვით ვერ ვიმუშავებთ როგორც მანამდე. მუშაობისთვის ბევრი რეკომენდაციაა გასათვალისიწნებელი, რაც დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ტურისტებზეც ვიყავით დამოკიდებული და საზღვრები როდის გაიხსნება ჯერ კიდევ უცნობია. გაურკვევლობაში ვართ. სარესტორნე ბიზნესი კორონა კრიზისმა მოიცვა,“ - განმარტავს რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.

ახალი კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა 3000-მდე ბაგა-ბაღის პედაგოგმა. კორონავირუსის პანდემიამ  პრობლემა შეუქმნა კერძო ბაღებს. საჯარო ბაღების მსგავსად,  კერძო  ბაღებში 3 თვეზე მეტია სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. კერძო ბაღების წარმომადგენლები გაკოტრებაზეც საუბრობენ.  განსხვავებით საჯარო ბაღებისგან კერძო ბაღებში ვითარება ბევრად მძიმეა.  კერძო ბაღების ნაწილს შენობის დაცლა უწევს, რადგან შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ქირის გადახდა შეუძლებელია. ამ დრომდე უცნობია როდის შეძლებენ ბაგა-ბაღები მუშაობის განახლებას. ყოველივე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კორონავირუსის მეორე ტალღა, რომელსაც დარგის ექსპერტები შემოდგომით პროგნოზირებენ.

კერძო ბაღის „აი იას“ მეპატრონე თამარ ტუღუში  ერთ-ერთია, ვინც ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, საკუთარი ბინა გაყიდა. მისი თქმით,  საბანკო ვალდებულების სექტემბრამდე გადავადება არა საკმარისია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უცნობია, შეძლებენ თუ არა სექტემბერში ფუნქციონირებას. 

თვითდასაქმებული 65 წლის მანანა ანთაძე 3  წელი ერთ-ერთ ოჯახში დამხარედ, დიასახლისად მუშაობდა. კორონავირუსის გამო, ოჯახმა, სამსახურიდან დაითხოვა, ვინაიდან, თავად ოჯახსაც შეუმცირდა შემოსავლები, ვეღარ ახერხებდენენ, დამატებით 600 ლარის გადახდას, ისე როგორც პანდემიამდე. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 300 ლარიანი დახმარება განსაზღვრა თვითდასაქმებულებისთვის ეს ყველას არ შეეხო. ასეთი კი სწორედ  ქალბატონი მანანაა, რომლის ცნობა, ოჯახიდან, სადაც დათხოვის მიზეზი იყო განმარტებული საკმარისი არ აღმოჩნდა. თვეზე მეტია პასუხს ელოდება, თუმცა, უშედეგოდ.  როგორც ცნობილია, პასუხი შესაბამისი უწყებებიდან ბოლო ერთი თვის განმავლობაში უცვლელია „კომისიამ განიხილა ცნობა“, ამ დრომდე კი არც დამაიმედებელი პასუხი ჩანს და არც ფულადი დახმარება.

„მარტო ჩემი პენსია რას ეყოფა ოჯახს, 3 შვილი მყავს, გოგო აბიტურიენტია. ჩემი მეუღლეც უმუშევარი დარჩა.  სამსახური რომ დავკარგე, თებერვლის ბოლოს, ვთხოვე პედაგოგებს შეგვეწყვიტა ბავშვის მომზადება. აბიტურიენტის ხარჯები იოლი საქმე არ არის. თავის გადარჩენაზე ვფიქრობთ.  რა დახმარებებზე საუბრობენ მთავრობაში, როდესაც ოჯახის ცნობა არაფრად ჩააგდეს?“ 

60  წლის მანანა ანთაძე მარტო არ არის. მშრალ ხიდთან ერთხელ მაინც თუ გაგივლიათ, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ, 50 წლის ოსტატის, კახაბერ გულბანის ხელნაკეთი ნივთები. პანდემიამდე ყოველდღიურად მისი შემოსავალი 40-80 ლარამდე მერყეობდა. თუმცა, ბოლო 4 თვეა თითქმის ნულია. პანდემიის გამო ტერიტორიის დატოვება და ნივთების სახლში გადატანა მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული შემოსავლის გარეშე დარჩა. თავად დაწერა განცხადება, სადაც თავს დაზარალებულად მიიჩნევდა. მოჰყავდა არაერთი მიზეზი, რის გამოც იმსახურებდა კომპენსაციის მიღებას, თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოდ, ნაქირავები ბინის დაცლა, ბანკიდან სამომხმარებლო სესხის გამოტანა და სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. „ ქირას ვიხდიდი 160 ლარს, ორნი ვიყავით ვინც ვიზიარებდით ერთ ოთახს. ბინის მეპატრონემ მითხრა, მეც ძალიან მიჭირს, ბინის ქირის გარდა სხვა შემოსავალი არ მაქვს, თუ ვერ იხდით იქნებ გამითავისუფლოთო.“

საგულისხმოა ის ფაქტიც რომ სახელმწიფოს თვითდასაქმებულებისთვის 75 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. ეს მხოლოდ 250 ათასი თვითდასაქმებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 800 ათასზე მეტი თვითდასაქმებულია.  ცხადია რომ 775.000 მოქალაქეს სახლემწიფო „ბედის ანაბარა“ ტოვებს.

აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, ოპოზიცია ხელისუფლებას თვითდასაქმებულებისთვის დამატებით, რთულად მოსაპოვებელი დოკუმენტების გაუქმებას მოუწოდებს. ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს განცხადების განხილვისას  გაითვალისწინონ  იმ მოქალქეების, რომლებიც  ძიძებად, დამლაგებლად, რეპეტიტორებად მუშაობდნენ. ამისთვის კი STOPCOV.GE-ზე აკუმულირებული თანხების გამოყენებისკენ მოუწოდებენ, სადაც 133 მლნ ლარია თავმოყრილი. 

საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სფეროს ავტომობილების შეძენა და რეექსპორტი წარმოადგენდა.  ბევრი მოქალაქისთვის  შემოსავლის წყაროს სწორედ ავტომობილების იმპორტი წარმოადგენდა. 

თუმცა, იმის გამო რომ კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად  ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები დააზარალა შეჩერებულმა ავტოიმპორტმა კრახი განიცადა. ავტომობილების იმპორტი შეჩერდა. ოჯახები, რომლის შემოსავლის წყაროსაც აღნიშნული საქმიანობა წარმოადგენდა დამატებითი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფილაქტიკებიც. კორონავირუსის პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ მათ ფუნქციონირების საშუალება რამდენიმე თვით შეუზღუდა. როგორც ავთანდილ გედენიძე აცხადებს, ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მის საკუთრებაში არსებული პროფილაქტიკის 3 ობიექტი 2 თვის განმავლობაში დახურული იყო.  ფუნქციონირების განახლებამ კი მასალებზე ფასების ზრდა გამოიწვია, რაც სწორედ რეკომენდაციების შესრულებამ, შესაბამისი ინვენტარის შეძენის აუცილებლობამ და ინვენტარებზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ფართების ქირის ხარჯების დასაფარად სესხი გამოიტანა, რაც დამატებით ფინანსურ ვალდებულებად ექცა, რაც ამ პანდემიის ფონზე, მძიმე ტვირთია. 

ზემოთ აღნიშნული ცალკეული სფეროს და ადამიანების ისტორია, მიანიშნებს რომ ახალმა კორონავიურსმა ადამიანების ცხოვრების დღის წესრიგი შეცვალა. სახეზე გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, რაც არავინ იცის როდის დასრულდება. ამ მძიმე ფონიდან გამომდინარე გამოქვეყნდა არაერთი პროგნოზი და სცენარი. თუ განვიხილავთ გლობალურ ეკონომიკას, აქ საგულისხმოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზი, რომლის თანახმადა, 2020 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რაც აღემატება 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის მაჩვენებელს (-1.73%). 

ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ 2009 წლის მძიმე ეკონომიკურ კრიზისთან ხდება მიმდინარე ეკონომიკური მოვლენის შედარება. სწორედ, 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა.  ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი, მათ შორის ეკონომიკის ექსპერტი ლიანა ელიავა მიიჩნევს, რომ 2009 წელს სამხედრო კონფლიქტის დროს კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა. ბანკები ხელოვნურად დაიკეტა, დღეს კი ლარის კურსის ვარდნაში დამნაშავე ეროვნული ბანკია.  თუმცა, ნათელია რომ მიმდინარე კრიზისი უკავშირდება ეკონომიკის გაჩერებას. სტრუქტურულ ცვლილებებს, რეგულაციების ზრდას, რამაც მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვის გაწყვიტა.  

„თიბისი ბანკის“  საინვესტიციო კომპანიამ, „თიბისი კაპიტალმა“  გამოაქვეყნა დოკუმენტი – „Covid-19-ის გავლენა ბიზნესგარემოზე“, სადაც მოვლენების განვითარების ორი შესაძლო სცენარია გაწერილი. დოკუმენტის თანახმად, თუკი საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი ზომიერად გააგრძელებს ზრდას და სიტუაცია დაახლოებით ივნისიდან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, გაუმჯობესდება; თუკი ნავთობის ფასი შემდეგ თვეებში დაახლოებით დღევანდელ დონეზე იქნება, ზრდის შემდეგ კი წლის ბოლოსკენ 45-50 დოლარს მიაღწევს, აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზრდება ეკონომიკის სახელმწიფო სტიმულირება, როგორც გადასახადების შემცირება/გადავადების, ასევე ხარჯვის ზრდის შედეგად. ასევე, II კვარტალში მაქსიმალური ვარდნის და შემდეგ ეტაპობრივი გაუმჯობესების შედეგად, ტურიზმის შემოსავლების დანაკარგი აშშ დოლარში დაახლოებით 25% იქნება.

უარეს შემთხვევაში კი „თიბისი კაპიტალის“ დასახული სტრესული სცენარი ასეთია: თუკი ვირუსის შეკავება მეტ დროს მოითხოვს და ვითარების გაუმჯობესება მესამე კვარტლის ბოლომდე არ დაიწყება; თუკი ნავთობსა და სხვა სასაქონლო პროდუქტებზე ფასების აღდგენა მხოლოდ 2020 წლის მე-4 კვარტლიდან იწყება, მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში იქნება და ა.შ., სცენარი სავარაუდოდ ასე განვითარდება: ზაფხულის სეზონის მნიშვნელოვანწილად დაკარგვა ტურიზმის შემოსავლების აშშ დოლარში დაახლოებით 50%-იან დანაკარგს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორ, განსაკუთრებით კი ნავთობდამოკიდებულ ქვეყნებში რეცესია საქართველოს წმინდა შემოსავლებს დამატებით შეამცირებს. ლარის კურსის მერყეობა მკვეთრად გაიზრდება, რაც მნიშვნელოვან გაუფასურებაში და შემდგომ ეტაპობრივ გამყარებაში აისახება.

ამასთან, PMCG-მ შეადგინა არაერთ წყაროზე დაფუძნებული კვლევა, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს. კვლევის თანახმად, ახალი კორონავირუსის გამო  ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია: ხელოვნება, გართობა და დასვენება; განთავსება და საკვების მიწოდება; ტრანსპორტი და დასაწყობება; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; სხვა სახის მომსახურება. აქვე საუბარია დასაქმებულების რაოდენობის შემცირებაზეც. კვლევის თანახმად, პანდემიის უარყოფითი გავლენა შეცვლის დასაქმების სტრუქტურას საქართველოში და მეტად მოწყვლადს გახდის თვითდასაქმებულების ჯგუფს, რომლებიც 2019 წლის მონაცემებით სამუშაო ძალის 44%-ს შეადგენენ.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, წინასწარი პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე რთულია, ვინაიდან არსებობს მეორე ტალღის მოლოდინი, რამაც შესაძლოა, ეკონომიკა შემოდგომა-ზამთარში კვლავაც დახუროს. კვლავ, მოხდეს რამდენიმე დარგის პარალიზება. რაც შეეხება პროგნოზს, მისივე განმარტებით, ეკონომიკა შესაძლოა, 4.5%-ით შემცირდეს. განხილული სცენარებიდან კი პირველი, ყველაზე რელევანტურია, იმ მოვლენებისა, რაც დღეს, ქვეყნის ეკონომიკაში ვითარდება. „ვრჩებით იმ დასკვნაზე, რომ ეკონომიკური კლება შეიძლება იყოს 4.5%. პირველი ოპტიმისტური სცენარი არის ამ ეტაპზე ყველაზე რელევანტური. რაც შეეხება, მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებას, საჭიროა დახმარება იყოს მიზნობრივი, დავეხმაროთ  იმას ვისი საქმიანობაც ბაზარზე მთლიანად გაჩერდა. აუცილებელია დავეხმაროთ იმ სექტორს, რომლის გააქტიურება ეკონომიკური ზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასეთი კი ტურიზმია.“ 

ეკონომიკური აქტივობა, რომელსაც ქმნის-ტურისტული ორგანიზაციები, ავიაკომპანიები, სამგზავრო საშუალებები, რესტორნები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მშპ-ში. თითქმის ყველა ეს სფერო კოვიდ 19-სგან  მიყენებულ ნეგატიურ ეფექტებს ებრძვის. ხელისუფლებამ, გადაწყვიტა ცალკეული დარგების დახმარება, რის შედეგადაც წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა. 

ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვს საფეხურიან გეგმას. მთავრობამ 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს გადაუხადა ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი, 670-ს კი – ბუნებრივი აირის. ჯამში, ამ მიზნით მთავრობამ 150 მილიონი ლარი დახარჯა.  დაასუბსიდირა 9 ძირითად პროდუქტზე ფასები და 15 მილიონი ლარი ამისთვის დახარჯა. 600 000 მოქალაქეს კი სესხების გადავადების შესაძლებლობა მიეცა.

მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს სუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი პირველ ნოემბრამდე გადაუვადა, რითაც  4 500-მა სუბიექტმა ისარგებლა, რამაც მთლიანობაში 90 მილიონი ლარი შეადგინა. მცირე სასტუმროებს კი სახელმწიფომ 6 თვის საბანკო სესხის ხარჯის 80%-ს უფინანსებს, რამაც 10 მილიონი ლარი შეადგინა და ამით 850 სასტუმრო სარგებლობს. გარდა ამისა გამოიყო სოციალური დახმარებები დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის  დახმარებას მიიღებენ. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გარკვეული წნეხის ქვეშ დააყენა საბანკო სექტორი. 

ბანკების ასოციაციის განმარტებით, ახალ კორონავირუს ექნება უარყოფითი გავლენა კონკრეტულ სექტორებზე, თუმცა ეს არ იქნება გლობალური მასშტაბით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  ბანკების ასოციაციის განმარტებით, მოთხოვნა სესხებზე 2.5-ჯერ დაეცა. ამასთან, როგორც ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, პროცენტი არ გაიზარდა სავალუტო სესხებზე, იპოთეკურ სესხებზე კი სუბსიდირების ხარჯზე შემცირდა. თუმცა, აქვე დასძენენ, რომ  კორონავირუსის პანდემიის შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა DIGITAL სერვისებზე წვდომა, რამაც გაამარტივა მომხმარებელთან კომუნიკაცია.  ერთ-ერთი ბენეფიტად, რომელიც კოვი19-მა მოიტანა, DIGITAL სერვისების განვითარებას ასახელებენ:  „საგრძნობლად გაუმჯობესდა DIGITAL სერვისებზე წვდომა, რამაც გაამარტივა მომხმარებელთან კომუნიკაცია.  მომხმარებლების რაოდენობა ძალიან გაიზარდა ციფრული მომსახურების მიმართულებით“

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ მთვრობის მიერ გაცემული დახმარებები არასაკმარისი იყო, ნაწილს კი მიაჩნდა რომ ის დახმარება და სოციალური პაკეტი, რომელიც მთავრობამ  წარადგინა ფუნდამენტურ საჭიროებებს აკმაყოფილებდა. ეკონომიკის, აკაკი ცომაიას და ლიანა ელიავას განმარტებით, 3 მილიარდის გამოყენება, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმას მოხმარდა  უფრო „ყაირათიანად“ შეიძლებოდა, ვიდრე ეს მთავრობამ გააკეთა. ამის მაგალითიც მოჰყავთ, რაც მათი თქმით უფრო უპრიანია:

არასამტავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ სოციალური დახმარების გაწევა შეიძლებოდა მარტივად. „როგორც მთავრობა აცხადებს, მობილიზებული აქვს 3 მილიარდის დახმარება. საქართველოს მოსახლეობას გამოვაკლოთ ის მოქალაქეები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი და ხელფასი და 3 მილიარდი რომ გავყოთ დარჩენილ ნაწილს, ერთ ადამიანზე საშუალოდ 1,400 ლარი გამოდის. მთავრობის წარმოდგენილი გეგმა ძალზე შორსაა ამ მაჩვენებლისგან.“

ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმას გამოეხმაურა EMC-ა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ანტიკრიზისული გეგმა არ არის სრულყოფილი, შეიძლებოდა ის უფრო მოქნილი ყოფილიყო, სოციალური მხარდაჭერის უფრო მეტი შესაძლებლობით სავსე, ვიდრე ის დღეს არის.  რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას, აქ მათ სრული იმედგაცრუება ნახეს, ვინაიდან მიაჩნიათ რომ უსამართლოა“

EMC მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის გეგმა, ყურადღების, დახმარების მიღმა ტოვებს იმ გლეხებს , რომლებიც ადრე არ იყვნენ სამეურნეო საქმიანობაში ჩართულნი. ის კატეგორია ღებულობს დახმარებას, რომელიც ადრეც სარგებლობდა სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამით. დამწყები ფერმერებისთვის არ აქვს მოტივაცია.  აღნიშნულიდან გამომდინარე სოფლის მხადრაჭერის გეგმა, სხვა ნონსესებთნ ერთად ერთი სიტყვით რომ შეფასდეს არასამართლიანია.

რაც შეეხება მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამას, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით ფერმერები, რომელთაც დარეგისტრირებული აქვთ მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებენ სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით დახმარებას, შესაბამისად, მცირე და საშუალო საფერმერო მეურნეობები მხარდაჭერას მათი მიწის ოდენობის პირდაპირპროპორციულად მიიღებენ. 

თებერვალში, მარტსა და აპრილში კორონავირუსის პანდემია ნეგატიურად აისახა საერთაშორისო ტურისტულ და საავიაციო ბაზრებზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ კრიზისული პერიოდი ტურიზმის სექტორში წლის ბოლომდე არ გაგრძელდება. მთლიანად ტურისტებზე იყო დამოკიდებული თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანში მდებარე ტურისტული ადგილი-ჭრელი აბანო. 

როგორც ჭრელი აბანოს ადმინისტრატორი ქეთევან ქარდავა აცხადებს მიმდინარე  მოვლენებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ობიექტზე სიტუაცია გაართულა.  მათი თქმით, ფინანსური შემოსავალი ყოველთვის მზარდი იყო, თუმცა, საგანგებო მდგომარეობამ, იძულებული გახადა ადმინისტრაცია თანამშრომლები დროებით გაეთავისუფლებინა. ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი და ხალხმრავალი ადგილი კი უკვე 4 თვეა გაჩარებულია. უჭირთ პასუხის გაცემა, როდის შეძლებენ ფუნქციონირების აღდგენას. თუმცაღა, საუბრობენ ფასების მომატებაზე, ვინაიდან მთავრობის მიერ დაწესებული რეკომენდაციები ჰიგიენურ-სანიტარულ ნრმების დაცვაზე არც თუ მცირე ფინანსურ რესურსზეა დამოკიდებული.

სასტუმროებმა, რომლებმაც ფუნქციონირება ვერ შეძლეს საკარანტინე სივრცეებად გადაკეთდა. IDFI-ს კვლევის მიხედვით, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საჭირო პროდუქტის შეძენა ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით მოხდა. პირდაპირი შეძენას კი მივყავართ შემდეგ პრობლემებამდე:  არ ხდება შესასყიდი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკაციების სისტემაში ატვირთვა არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები კონცენტრირდეს მმართველი პარტიის შემომწირველ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობას. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვის 87 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიონ 579 ათასი ლარია. ყველაზე დიდი თანხა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში “კურორტ საირმესთანაა” გაფორმებული, სახელმწიფოს 210 ოთახის (კვებით და დეზინფექციით) ორი თვით დაქირავება 2 მილიონ ლ არზე მეტი უჯდება.ყველაზე დაბალი თანხა თბილისის სასტუმრო “იბიზ სთაილს თბილისისთვისაა” გადახდილი, რომელშიც სახელმწიფოს მხოლოდ დეზინფექციის თანხის, 3,004 ლარის ანაზღაურება მოუწია, 100 ოთახისა და სამჯერადი კვების მომსახურება სასტუმრომ უსასყიდლოდ გაიღო.

ახალმა კორონავირუსმა რომ მილიონობით ადამიანის დღის წესრიგი შეცვალა ამას მოწმობს „ფეისბუქის“ და „გუგლის“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კომპანიები საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ.  „ტვიტერი“ კი თანამშრომლებს სამუდამოდ სახლიდან მუშაობის უფლებას აძლევს. ტვიტერის HR-ის უფორსის, ჯენიფერ კრისტის თქმით, კომპანიის მუშაობა "ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, მე მართლა ვფიქრობ, რომ ძველებურ რეჟიმს აღარ დავუბრუნდებით". ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ტვიტერმა ყველა თანამშრომელს $1 000 გამოუყო, რათა სახლიდან სამუშაო პირობები შეექმნათ. ასეთი მაგალითი საქართველოშიც გვაქვს. გლობალური პანდემიის პერიოდში, თიბისიმ არა მარტო შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი, არამედ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალი პოზიციები დაამატა ტექნოლოგიური მიმართულებით. პანდემიის პირობებში თანამშრომლების 95% დისტანციურ რეჟიმში მუშაობს და აცხადებენ რომ „ თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში “ იწყება ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე მუშაობა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დისტანციურ რეჟიმში მიიღოს მისთვის სასურველი მომსახურება.

 

ყოველივე ამის ფონზე, არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ გამოაქვეყნა იმ რეკომენდაციების ნუსხა, რომელიც ბიზნესს  კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

ერთ-ერთია HELLO WORLD COMPANY, რომელიც  საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნეს რამდენიმე რჩევით მიმართავს.  

როგორც კომპანიის მიერ წარმოდგენილ რჩევათა ნუსხაში წერია, მნიშვნელოვანია ბიზნესმა უზრუნველყოს ნათელი და გასაგები კომუნიკაცია მომხმარებელთან.

საუბარია ელექტრონული კომერციის დანერგვაზე, რაც მათი თქმით თავიდან აარიდებს  ვირუსის ჟამს ბიზნესს გაკოტრებას, ხოლო კრიზისის შემდეგ პერიოდში გაყიდვების გაზრდას.

 როგორც კომპანიაში აცხადებენ სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო  საცალო ბიზნესისთვის ონლაინ გაყიდვების ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ონლაინ გაყიდვებთან ერთად საუბრობენ პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფაზე.  მათივე განმარტებით საჭიროა მომხმარებელთან მიტანის სერვისის დაბრუნების პირობების კომუნიკაცია.

ორგანიზაცია  კაფეებს, ბარსა და რესტორნებს შავი დღისთვის მზადებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, საკვები მარაგების შევსებას, რაც მათივე განმარტებით დაეხმარებათ ბაზარზე ადეკვატურ მოთამაშეებად დარჩნენ.

 ცნობილი და გავლენიანი გამოცემა FORBES-ი ბიზნესს გადარჩენის  6 გზას სთავაზობს, რომელიც მათ კორონავირუსის პანდემიის დროს დაეხმარებათ. 

„რა უნდა გააკეთონ ბიზნესის მფლობელემა აღნიშნული პანდემიის დროს?! დაპანიკდნენ? არა! გეგმა შეადგინონ? კი!“- ამ ფრაზებით იწყება ფორბსის მიერ შემუშავებული  რეკომენდაციები, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის არის წარმოდგენილი.

 FORBES ბიზნესს სამოქმედო გეგმის შედგენას სთავაზობს და აცხადებენ:  დასახეთ გეგმა, რომელიც მოიცავს იმ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგათ კორონავირუსის პანდემიის დროს. გაანალიზეთ რა შედეგს უნდა ველოდოთ პანდემიის გამო? რა ზარალზე წავა ბიზნესი? რა საშუალებებს გამოიყენებთ ბიზნესის დასაცავად? როგორ უნდა მოეპყროთ თქვენს მომხმარებლებს? 

საუბარია ასევე, დისტანციური მუშაობის მეთოდის დანერგვაზეც, რასაც მათივე თქმით ალტერნატივა არ აქვს. როგორც გამოცემა წერს, სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო DIGITAL მომსახურებებზე გადასასვლელად. ბიზნეს მოუწოდებს მუშა ხელი დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანოს და დაამყაროს  სახლიდან მუშაობის  კულტურა.

რეკომენდაციებში საუბარია ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებაზე. როგორც   FORBES აუცილებელია მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია მენეჯერებს, მაღალი რანგის თანამშრომლებს,  ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, ეპიდემილოგიურ ვითარებაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ამისთვის რეკომენდაციაა მუდმივად გადაამოწმონ ინფორმაცია სანდო წყაროებთან, რაც ბიზნეს დაეხმარება სამოქმედო გეგმის ოპერატიულად განხორციელებაში. 

როგორც ფორბსის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციებში ვკითხულობთ  მცირე ბიზნესი კორონავირუსისი პანდემიის გამო არ უნდა დაპანიკდეს. მათ აქვთ ბერკეტები, რომელიც კრიზისული პერიოდის მარტივად გადალახვაში დაეხმარებათ. მათი თქმით, მცირე ბიზნესი უფრო მარტივად გადაურჩება კოვიდის პანდემიით მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს.

საუბარია სახელმწიფოს როლზეც, მათი თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ გამოყოს სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც ბიზნესს შეუმსუბუქებს კორონავირუსის ნეგატიური ეფექტების მიღებას. მაგალითად მოყავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ბენეფიტები, რაც ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.  ასევე საუბარია ბიზნესის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაციაზეც.  FORBES იმედს გამოთქვამს რომ სახელმწიფოები, ისევე როგორც აშშ დაეხმარებიან ქვეყანაში არსებულ ბიზნეს სექტორს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას.

ფაქტია, ამ ეტაპზე ნაადრევია საბოლოო ეკონომიკურ შედეგებზე დასკვნების გამოტანა.  თუ დავეყრდნობით ეკონომიკის დარგის ანალიტიკოსებს, კორონავირუსის პანდემია გავლენას იქონიებს ეკონომიკის ყველა სექტორზე.  მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალი კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში უნდა იყოს. არავინ იცის რამდენად დამანგრეველი იქნება ბიზნესისთვის მეორე ტალღა, თუმცა, ფაქტია, მსოფლიო გლობალური რეცესიის გარიჟრაჟზეა.