DATA149.1.19

Logo

ქართული “კლიკბეიტ” ეკოსისტემა: ჯანმრთელობის შესახებ საშიში ინფორმაცია სხვისი შემოსავლისთვის

ლილე ტორონჯაძე

 

 

  თანამედროვე ციფრული სივრცე გვთავაზობს შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობითაც ერთ ადამიანს ან ჯგუფს შეუძლია შექმნას ერთიანი, თუმცა გარედან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მომუშავე ქსელი. ამ ქსელის მთავარი მიზანი კი ხშირად არის იმგვარი შინაარსის შექმნა და გავრცელება, რომელიც რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მიაღწევს და მთავარი პლატფორმის - კონკრეტული გვერდის ან ვებგვერდის - პოპულარობას და გამომწერების რაოდენობას გაზრდის, ან სულაც პროდუქტს გაყიდის.

  აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებში, როდესაც ერთი დიდი, ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელი იქმნება, სახასიათოა ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექნიკა, რომელსაც მრავალი გვერდი თუ ვებსაიტი იყენებს. Clickbait (კლიკბეითი) არის ისეთი ტიპის სათაური ან მასალა ინტერნეტში, რომელიც სპეციალურად  ფორმირებულია  ადამიანებში ცნობისმოყვარეობის გაღვივების მიზნით იმისათვის, რომ „დააკლიკებინოს“ ბმულზე, ფოტოზე ან ვიდეოზე - ხშირად იმის მიუხედავად, რეალურად საინტერესო ან მნიშვნელოვანი შინაარსი იქნება თუ არა შიგნით. შინაარსი შესაძლოა ზედმეტად გაზვიადებული იყოს ან სულაც არ შეესაბამებოდეს სიმართლეს.

  ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის განსაკუთრებული პოპულარობა ამ ტიპის ქსელებში შემთხვევითი არ არის: ადამიანებს აქვთ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა ჯანმრთელობის მიმართ. ეს სფერო მჭიდროდ უკავშირდება შიშს, ზრუნვას საკუთარ და ახლობელთა ჯანმრთელობაზე, სურვილს, რომ ცხოვრება გააუმჯობესონ მარტივი გზებით ან “ჩქარაფორმულებით”. კლიკბეიტ პლატფორმები კი ბოროტად იყენებენ ამ ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას — ისინი მიზანმიმართულად ავრცელებენ ისეთ მასალებს, რომლებიც ხშირად არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს, შეიცავს გადაუმოწმებულ ან დამახინჯებულ ინფორმაციას, ანაც სრულიად ფიქტიურ რჩევებსა და მეთოდებს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მიიღონ შემოსავალი.


 
ანალიზში განვიხილავთ “რჩევების”(folktips.org) და „თქვენი გვერდის“(martivad.com) Facebook გვერდებს და მათთან დაკავშირებულ საიტებს.

 

           Folk Tips ვებ გვერდი შეიქმნა 2021 წლის 23 მარტს. დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ქვეყნდება ჯანმრთელობის, მოგზაურობის, კულინარიის, სილამაზის, ამინდისა და ცხოვრების სტილის შინაარსის სტატიები. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ მათგანს აქვს სენსაციური სათაური (ე.წ Clickbait კონტენტი), რომელიც ზედმეტად აჭარბებს ან შეიცავს ტყუილს მომხმარებლის ყურადღების მისაზიდად. გამოქვეყნებული სტატიები შეიცავენ ბმულებს, ან წარმოადგენენ რეკლამას სხვა კომპანიის პრომოციისთვის: ფრენებთან და მოგზაურობასთან დაკავშირებით ვხვდებით Avia.ge-ის, თუ კი გვჭირდება ელექტრიკი გამოძახებით თბილისში გვთავაზობენ El Home-ის სერვისს და ა.შ. მთავარი აქცენტი არ არის გაკეთებული დეზინფორმაციის გავრცელებაზე და განზრახ ცრუ წარმოდგენების ჩამოყალიბებაზე - ეს არის კლიკბეით ვებ გვერდი, რომელზეც დეზინფორმაცია გამოიყენება „კლიკების“ მოპოვებისთვის.

 

  რჩევებს (Folktips.org) ფეისბუქზე ჰყავს 80K Likes და 125K Followers. შეიქმნა 2017 წლის 5 სექტემბერს. პირველად სახელის ცვლილება მოხდა 2021 წლის 23 მარტს ვებ გვერდის შექმნის დღეს (ახალი სახელი „Tips“) და საბოლოოდ 2021 წლის 19 ივნისს (ახლანდელი სახელი).

 

            აღსანიშნავია, რომ საიტი სარგებლობს AdSocial-ის სერვისით, რომელიც არის წამყვანი პლატფორმა ე.წ. გესთ პოსტებისთვის, სოციალური მედიის რესურსებისა და ბანერების განთავსებისთვის. Folktips-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ეს ინოვაციური სარეკლამო პლატფორმა მართავს დამატებით დაახლოებით 35 ვებ გვერდსაც.

 

             Privacy Policy-ში წერია, Folktips.org-ზე არის ჩაშენებული კონტენტი სხვა ვებ გვერდებიდან(ვიდეოები, სურათები, სტატიები და ა.შ). ეს იმას ნიშნავს, რომ Adsocial-ის სერვისით მოსარგებლე ვებ გვერდებს აქვთ საერთო კონტენტი. კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით კი ეს კონტენტი შეიძლება აგროვებდეს მონაცემებს მომხმარებლების შესახებ, იყენებდეს „ქუქიებსა“ და მესამე მხარის თვალთვალის მექანიზმებს. Adsocial-ის „ჩვენს შესახებ“ სექციაში ვხედავთ, რომ კომპანიის დამაარსებელია შოთა თელიაშვილი ([email protected]), რომელიც ამავდროულად Avia.ge-ის ვებ გვერდის მფლობელია registrator.ge-ის მიხედვით. ფოტოში ნაჩვენები ყველა ვებ გვერდი ერთმანეთთან დაკავშირებულია სტრუქტურის, სტატიების და შინაარსის მიხედვით (მიუხედავად იმისა, რომ IP და Domain შესაძლოა სხვადასხვა ჰქონდეთ), რეკლამას უკეთებს და საბოლოო ჯამში კავშირშია, უფრო სწორად, შექმნილია და დაორგანიზებულია Avia.ge-ის მიერ. 

          „რჩევების“ გაწევრიანებული ჯგუფების ჩამონათვალში კი არის შემდეგი ჯგუფები:

        „კარაბადინი“, „ქრისტეს გზა“, „დედების კლუბი“, „ვაკანსიები მაღალი ანაზღაურებით (1000₾ და მეტი)“, „ქვიზები“, „საქართველო“, „რემონტი“, „ჩემოდანში ჩატეული მსოფლიო“. 

           მოცემული ჩამონათვალი არ არის სრული სია იმ ურთიერთდაკავშირებული ჯგუფებისა, რომლებიც ერთმანეთთან ასოცირდებიან. ამ ჯგუფებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შინაარსის პოსტებს ავრცელებენ, ცხადად ჩანს მათი კავშირი ერთმანეთთან, ადმინებიდან და მოდერატორებიდან გამომდინარე. ერთ გვერდს მივყავართ სხვადასხვა ჯგუფებამდე, დამატებით ამ ჯგუფებს გავყავართ სხვადასხვა ანგარიშებსა და გვერდებამდე, შესაბამისად, იქმნება ერთი დიდი ჯაჭვი. მართალია, ზოგ ჯგუფში მოცემული მონაცემები და ადმინები/მოდერატორები იდენტურები არ არიან და სხვადასხვა ვარიაციებით გვევლინებიან, თუმცა თვალშისაცემია ერთი მნიშვნელოვანი საერთო ნიშანი: ყველა ამ ჯგუფის ადმინად ფიქსირდება შოთა თელიაშვილი. სწორედ ეს ფაქტი მიუთითებს ჯგუფებს შორის კოორდინაციისა და საერთო მმართველობის არსებობაზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს მათი მიზანმიმართული და შეკრული მოქმედების შესახებ. გარდა ამისა, კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ ამ ჯგუფებში ადმინებად ასევე რეგისტრირებულნი არიან იმ ვებ გვერდების ოფიციალური ფეისბუქ-გვერდებიც, რომელთა სტატიებიც ხშირად ვრცელდება თავად ჯგუფებში შესაბამისი ბმულებით. ასევე, სპეციალურად შექმნილი ანგარიშები ავრცელებენ ამ ინფორმაციებს ჯგუფებსა და საკუთარ პროფილებზე. მიუხედავად გარეგნულად განსხვავებული ტონალობისა და შინაარსისა, ეს ჯგუფები და ანგარიშები ქმნიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურას, რომელსაც საერთო ადმინისტრაცია, სარეკლამო ინტერესები და ვებ გვერდებზე მიბმული ფეისბუქ-გვერდები აერთიანებს.

 

             თუ ვნახავთ თითოეულ ჯგუფს და შევამოწმებთ მათ აქტივობას, საკმაოდ მარტივია აღმოვაჩინოთ კიდევ ერთი პრობლემა — ყალბი ანგარიშები (ე.წ. “ფეიქ ექაუნთები”), რომლებიც შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ სტატიის გავრცელების მასშტაბი გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. მათ უშუალოდ ჯგუფებში აქტიურობაც ახასიათებთ. 

  ასევე არსებობს სხვა მსგავსი, თუმცა ცალკე მდგომი ქსელიც - martivad.com, რომელიც ავრცელებს სტატიებს ჯანმრთელობასთან, კულინარიასთან, თავის მოვლასთან, მოდასთან, სტილთან, სახლთან, დიზაინთან, ბოტანიკასთან, ფიტნესთან, მოგზაურობასთან და გართობასთან დაკავშირებით. ვიზუალიც ნაცნობია, მსგავს ვებ გვერდებს დავაკვირდებით. ამ ვებ გვერდსაც გააჩნია ერთი დიდი ქსელი, რომელიც იყენებს ჯანმრთელობას მონეტიზაციისთვის. სტატიების ავტორად დასახელებულია ვინმე „ბ სამხარაძე“. DNSlytics-ის მიხედვით martivad.com შეიქმნა 2019 წლის 27 იანვარს ამერიკის IP Address-ზე, ხოლო  სხვა ვებ გვერდებთან უშუალო კავშირები არ ჩანს.

 

 რაც შეეხება თქვენ გვერდს”, ფეისბუქ გვერდს აქვს 404 ათასი Like და 426 ათასი Followers. პოსტების დათვალიერებისას ვხვდებით ვებ გვერდების ბმულებს კლიკბეით სათაურით, სადაც გვიზიარებენ სხვადასხვა რჩევებს ჩვენი პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს ფაქტი დაუყოვნებლივ აჩენს ეჭვს.

 

  თუ კი ავიღებთ Facebook პროფილის ფოტოს და მოვძებნით Google Lense-ში და გავაგრძელებთ ამგვარად სხვა მსგავსი გვერდების ძებნასაც, აღმოვაჩენთ, რომ „თქვენი გვერდის“ გარდა კიდევ 4 მსგავსი პროფილის ფოტოს დიზაინის მატარებელი გვერდი არსებობს. ესენია: რჩევები, სახლი და დიზაინი, Facepaparazzi და ლამაზმანი. ლამაზმანის გარდა, რომელსაც 6.6 ათასი Likes და 6.7 ათასი Followers, სხვა დანარჩენებს 100 ათასზე მეტი ლაიქი და ფოლოვერი ჰყავს.

 
 
ჩამოთვლილ გვერდებს, მიუხედავად იმისა, რომ თემატური ფოკუსი განსხვავებული აქვს, შესამჩნევია სხვადასხვა დამახასიათებელი ელემენტები, რომლებიც ხაზგასმით მიუთითებენ მათ შორის კავშირზე. უპირველეს ყოვლისა ეს არის ლოგო, ხოლო შემდეგ განთავსებული კონტენტი. მართალია, ყველგან ზუსტად ერთნაირი არ არის, მაგრამ შიგადაშიგ შესამჩნევია კლიკბეით კონტენტების მსგავსებები, ასევე ბევრ მათგანზე უშუალოდ იყიდება პროდუქტი. რაც შეეხება ვებ გვერდებს, აქაც შეიძლება ბევრი მსგავსების დანახვა როგორც მისი დიზაინით, ასევე სტატიების თემატიკის მიხედვით. 

 

  „სახლი და დიზაინის“ ფეისბუქ გვერდზე შესვლისას ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ Groups. იმავე სახელწოდების ფეისბუქ ჯგუფი არის ერთადერთი, რომელსაც ვხედავთ ამ სექციაში. ვრცელდება თემატური პოსტები. ადმინები და მოდერატორები არიან: ვივიენი გირჩევთ, სახლი და დიზაინი, Tamaz Tokmadze, Giorgi Tokmadze, ლალი ტალახაძე, Ia Naroushvili. თითოეული ამ ანგარიშის/გვერდის დათვალიერებისას ჩანს კავშირები. თამაზ თოქმაძე არის 10th Avenue-ს და Facepaparazzi-ის დამფუძნებელი მის გვერდზე მოცემული ინფორმაციით. აქედან ვპოულობთ სრულიად ახალ ქსელს, 10th Avenue-ს, რომელიც ასევე მსგავს კონტენტს აქვეყნებს, როგორც სახლი და დიზაინი, თქვენი გვერდი, Facepaparazzi და რჩევები. ამ გვერდის ჯგუფების ჩამონათვალში რომ გადავიდეთ, ვნახავთ ჯგუფ iMages, რომელსაც მსგავსი ადმინები და მოდერატორები ჰყავს შემდეგი პირების დამატებით: Giorgi Giorgi, Bacho Bacho Samkharadze და Giorgi Nadiradze.

 
  დამატებითი მასალების მოძიებით, ჯგუფების და პიროვნებების დათვალიერებით კიდევ სხვა დაკავშირებული ქსელების იდენტიფიკაციაც მარტივად ხდება. გაზიარებული თუ გამოქვეყნებული პოსტებით გავდივართ სხვა ვებ გვერდებზე, ესენია:
Gastronomia, Unique, Ven.ge (vivien.ge). Gastronomia-ზე ვხვდებით „თ თოქმაძის” მიერ განთავსებულ სტატიებს, Unique-ზე „ბ სამხარაძის“ მიერ, ისევე როგორც martivad.com-ზე („თქვენი გვერდის“ ვებ გვერდი“), paparazzi.ge-ზე „თ თოქმაძის“, Ven.ge-ზე „ვივიენის“ მიერ განთავსებული სტატიებია. ბაჩო სამხარაძის ანგარიშზე ახალ ვებ გვერდს ვაწყდებით: All Time. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქსელები ნამდვილად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.


 მოცემული ფეისბუქ ანგარიშების დათვალიერებით შესაძლებელია კიდევ ერთი ჯგუფის პოვნა:
რჩევები. აქაც მსგავს პოსტებს ანთავსებენ ჯგუფის მოდერატორები და ადმინები.


 Registrator.ge-ზე გადამოწმებით ირკვევა, რომ
unique და alltime-ის საიტები ერთი და იმავე ელ-ფოსტის მატარებელი მფლობელისაა: [email protected]; Admin Name: Tamaz Tokmadze. ეს იმეილი Facepaparazzi-ის აღწერაში წერია საკონტაქტოდ.

 

თამაზ თოკმაძის მიერ შექმნილი ფეისბუქ ქსელი ასევე კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთი ადამიანის მფლობელობაში მყოფი გვერდები დამოუკიდებლად ჩანდეს, თუმცა რეალურად ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული. მართალია, ასე უშუალოდ ვებ გვერდებს შორის არ არსებობდა კავშირი, მაგრამ ინტერნეტსივრცეში სხვა მახასიათებლებით მსგავსობის დანახვა რთული არ იყო. ასეთი ქსელები განსაკუთრებით კარგად მუშაობს ფეისბუქის ალგორითმების პირობებში. ალგორითმები ორიენტირებულნი არიან მომხმარებლის ჩართულობაზე - რაც უფრო მეტი რეაქცია, კომენტარი და გაზიარებაა, მით უფრო ფართოდ ვრცელდება პოსტი. როცა ერთ ადამიანს აქვს რამდენიმე გვერდი სხვადასხვა თემატიკაზე, ის ავტომატურად ზრდის აუდიტორიის გაფანტვას: ვინც ინტერესდება მოდით, ნახულობს ლამაზმანს, ვინც ეძებს რჩევებს - რჩევების გვერდს სტუმრობს და ა.შ. საბოლოოდ კი ყველა ეს აუდიტორია შეკრულია ერთ მთლიან ეკოსისტემაში, სადაც ტრაფიკი და ყურადღება საბოლოოდ უბრუნდება მთავარ, ყველაზე ძლიერ გვერდს და საბოლოო ჯამში იყიდება რაღაც პროდუქტი.


  ამ ქსელებში ხდება აუდიტორიის მანიპულაცია - მომხმარებლები ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი ერთი და იგივე წყაროს მიერ არიან „მართული“, რადგან გვერდები თემატიკით და სახელებით განსხვავდებიან. ეს ხელს უშლის ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებას და ქმნის ილუზიას, თითქოს სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროსგან მოდის ინფორმაცია.


  სწორედ ასეთი ქსელები იყენებენ კარგად სოციალურ ქსელებში ჩადებულ ალგორითმებს და Clickbait სტრატეგიას, რაც აუდიტორიას უფრო მეტად აკავშირებს ამ შინაარსთან. თუმცა ეს არაა უბრალოდ ტექნიკური ან მარკეტინგული ხრიკი - ეს არის გავლენის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების მანიპულაცია და ციფრული გარემოს დაბინძურება ზედმეტი, ხშირად არაფრისმთქმელი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმციით.


 აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა კრიტიკულად შევხედოთ იმ გვერდებსა და წყაროებს, რომლებიც შესაძლოა საეჭვოდ მოგვეჩვენოს ან ყოველდღიურად შეიძლება გამოჰქონდეთ სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენს ეკრანებზე.

ერთი შეხედვით შემთხვევითი რეკომენდაციები ან გაზიარებები შეიძლება უსაფრთხოდ მოგვეჩვენოს, ხოლო სინამდვილეში ერთი სისტემის ნაწილი იყოს, რომელიც ზუსტად გათვლილია იმისთვის, რომ ჩვენი ყურადღება მიიპყროს, შეცდომაში შეგვიყვანოს ან/და მოგვყიდოს პროდუქტი.