DATA149.1.19

Logo

საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში

ქრისტინე ნოზაძე

ჟურნალისტიკის ჩამოყალიბებამ და განვითარებამ საკმაოდ რთული გზა გაიარა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ძალაუფლების მქონეები, არა დემოკრატიულ, ნახევარდ დემოკრატიულ და გამონაკლის შემთხვევებში დემოკრატიულ სახელმწიფოებში, გამუდმებით ცდილობდნენ ჟურნალისტიკა ცენზურის ქვეშ მოექციათ და ემართათ ისე, როგორც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. დამოუკიდებელი მედიის არსებობა ბევრს აშინებდა და დღემდე აშინებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ქვეყნების სათავეებში დგანან. ჩნდება კითხვა, რატომ არ სურთ გარკვეულ ხელისუფლებებს დამოუკიდებელი მედიის არსებობა? და განსაკუთრებით ისეთი მედიის, რომელიც ცდილობს, რომ მათი ყველა საეჭვო ქმედება გააკონტროლოს და გამოიძიოს?  თავად კითხვაშივეა პასუხი-„ ყველა მათი საეჭვო ქმედება გააკონტროლოს და გამოიძიოს“. არა დემოკრატიულ მმართველობებში, ხელისუფლებებს არ სურთ ძალაუფლების დაკარგვა და მათი ჩადენილი დანაშაულებების სააშკარაოზე გამოტანა , ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ და ცდილობენ, რომ დამოუკიდებელი მედია, რომელიც აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებებს, არ ჰყავდეთ, ან შეძლონ მათი გაკონტროლება.

დაბალანსებული, პლურალისტული, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების მაკონტროლებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობისთვის აუცილებელი კომპონენტია, დამოუკიდებელი მედიის არსებობა კი მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანაშია შესაძლებელი.

საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის მაღალ დონეზე  განვითარების საკითხი დღითიდღე იზრდება, რადგან ჩნდება უამრავი კითხვა, რომელსაც პასუხი სჭირდება. საგამოძიებო ჟურნალისტიკა შესაძლებლობას იძლევა ყველა კითხვას შესაბამისი ფაქტებით გაეცეს პასუხი. 

ქვეყანაში, სადაც უამრავი განათლებული და საღად მოაზროვნე ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს თავისი პროფესიით და ხშირ შემთხვევაში ვერ ნახულობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვაკანსიებს შესაბამისი დაწესებულებები არ დებენ,  ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში ნეპოტიზმია გამეფებული.

როცა ვიგებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად და უკანონოდ იხარჯება ფული, იბადება კითხვა ქვეყანაში კორუფცია არის თუ არა?

ქვეყანაში გახმაურებული მკვლელობები, რომლებიც სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გამოიძიეს ან ნაწილობრივ გამოიძიეს, მაგრამ დამნაშავეები დაუსჯელები არიან. საზოგადოებაში ასეთი ფაქტები უსამართლობის განცდას იწვევს და ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო რეაგირება.

ერთია როცა საზოგადოება ხედავს პრობლემას და გააზრებული აქვს, რომ აქ პრობლემაა და სჭირდება სათანადო ყურადღება, მაგრამ მეორე მხარეა ის დანაშაულები და საეჭვო ქმედებები, რომლებსაც შეუნიღბავი თვალით ვერ ამჩნევს უბრალო ადამიანი და ამას ხედავს მარტო გამომძიებელი ჟურნალისტი.  ამ შემთხვევაში მათ უწევთ ძალიან ბევრი მუშაობა, რათა მოიძიონ ფაქტები და შემდეგ გააცნონ საზოგადოებას.

 

ფაქტების მოძიება, დამუშავება, გადამოწმება რთული პროცესია და ის შეიძლება წლებიც გაგრძელდეს, შესაბამისად საგამოძიებო ჟურნალისტიკას სჭირდება კარგი ფინანსური და ადამიანური რესურსი, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი და დაუმთავრებელი საგამოძიებო ნაშრომი არ დარჩეს.

სწორედ, საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების აუცილებლობაზე და პრობლემებზე გავესაუბრე  დარგის სპეციალისტს, ჟურნალისტს სალომე უგულავას.

 

-რა მნიშვნელობა აქვს საგამოძიებო ჟურნალისტიკას და რა წვლილი შეაქვს მას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც კორუფციის მაღალი რისკები კვლავ არსებობს ?

 

საგამოძიებო ჟურნალისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი საქმის შემთხვევაში იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანა ისეთი პრობლემების და საკითხების გარეშე, რომელსაც არ სჭირდება მედიის მხრიდან ე.წ „მოდარაჯე ძაღლის“ როლში ყოფნა. ყველგან ძალაუფლების მქონეებს აქვთ ცდუნება, რომ გარკვეული წესები დაარღვიონ ან სხვის ხარჯზე მოიპოვონ რამე, იქნება ეს ქონებრივი თუ სხვა ტიპის სარგებელი.  საგამოძიებო ჟურნალისტიკის არსებობა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც ინსტიტუტები არ მუშაობს და ხალხს უსამართლობის განცდა აქვს , ასეთ ქვეყანას მიეკუთვნება საქართველოც. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ყველაზე კარგი ფორმაა ჟურნალისტიკის იმ გაგებით, რომ ყველაზე უკეთ ემსახურება ხალხის ინტერესებს, დანაშაულებების მხილების მხრივ.

-რა არის ის მთავარი პრობლემები, რომელსაც დღეს გამომძიებელი ჟურნალისტები ყოველდღიური საქმიანობის პროცესი აწყდებიან ?

საგამოძიებო ჟურნალისტიკა კრიზისის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს ღია წყაროების გამოყენების და ეს შეიძლება მოხდეს კომპიუტერიდან ადგომის გარეშე, საკუთარი მონიტორებიდან . ტელევიზიებისთვის და მედია გამოცემებისთვისაც რთულია ყავდეს საგამოძიებო ჯგუფები და ხელფასი უხადონ მათ, რადგან საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ არის სწრაფი ჟურნალისტიკა, სჭირდება დრო, რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური, მაგრამ გამოწვევა ხდება, ის თუ როგორ მიიტანო საზოგადოებამდე  შენი ნაშრომი.  შეიძლება ჩაატარო საგამოძიებო კარგად დასაბუთებული ნაშრომი და ძალიან ცოტა მკითხველი ყავდეს. ერთი მხრივ, უპირატესობაც მიეცა საგამოძიებო ჟურნალისტიკას ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით და მეორე, მიემატა გამოწვევები. გარდა ამისა,  საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლა არ ყოფილა ძლიერი ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: მედია დამოუკიდებელი არ ყოფილა თითქმის არცერთ ეტაპზე. ჩვენი ბაზარი საკმაოდ  პატარაა და პოლიტიკოსების ჩარევა საკმაოდ ხშირია ისევე, როგორც ბიზნეს წრეების დაფინანსების შემთხვევაში, მათ საკუთარი ინტერესი აქვთ ხოლმე. ისეთი მედიები კი, რომლებიც საკუთარი მარკეტინგული საშუალებებით და მოგებით ინახავენ თავს საქართველოში ძალიან ცოტა ყოფილა და ისიც პატარა. ძირითადად ასეთი ორგანიზაციები მუშაობდნენ ხოლმე გრანტებზე და დღესაც ეგრეა.  საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის შემსწავლელი ძლიერი სკოლაც არ ყოფილა, ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვქონდა, თუმცა იყვნენ იშვიათი გამონაკლისები ან ჯგუფები ვინც ამას აკეთებდა. საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების მხრივ საქართველოშიც და მსოფლიოშიც ბევრი პრობლემაა, ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი, მედიის დამოუკიდებლობა და სხვა.

მისი თქმით, ის რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა ნაკლებად არის განვითარებული, დაკავშირებულია  ფინანსურ, ადამიანურ და დროის რესურსთან,  რადგან კარგ ჟურნალისტურ გამოძიებას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს და ამ ყველაფერის გაკეთება ფინანსებისა და ადამიანური რესურსის გარეშე შეუძლებელია.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის პოზიტიურ როლზე და პრობლემებზე ისაუბრა მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებაშიც და პოლიტიკაშიც ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელსაც ახსნა და გამოძიება სჭირდება და შემდეგ ასეთი ჟურნალისტური გამოძიებები გავლენას ახდენენ მანკიერებების აღმოსაფხვრელად და თავისთავად ცვლიან საზოგადოებას კონკრეტული საკითხისადმი.

აქვე მან განმარტა, რომ ჟურნალისტური გამოძიებების ნაკლებობა არ არის საქართველოში და მთავარი პრობლემა საზოგადოების რეაქციაა, კერძოდ არ აქვთ შესაბამისი გამოხმაურება გამოძიებული მასალების მიმართ.

„ ძალიან ბევრი ჟურნალისტური გამოძიების პროდუქტი გვხვდება,  როგორც ბეჭდურ-ონლაინ მედიაში, ასევე სატელევიზიო მედიაში, ბევრ შემთხვევაში ჟურნალისტურ გამოძიებას უნდა ახლდეს პროცესი, ერთია როცა მე რაღაცას მოვიძიებ და ვიკვლევ და მეორეა ამას როგორ და რა ფორმით  იღებს საზოგადოება, როგორი  რეაქცია აქვს ამ უკვე გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, ეს არის მთელი კომპლექსური საკითხი, ამიტომ ძალიან ბევრი გამოძიება, რომელიც დღეს მიმდინარეობს მედიაში არის გარკვეულწილად „დაკარგულიც“ , იმიტომ რომ არ ხდება სათანადო რეაქცია და საზოგადოებასაც ერთი მხრივ, არ აქვს დღეს ბრძოლის პრინციპი გამძაფრებული და ხელისუფლებაც სთავაზობს ამ საზოგადოებას „დაყრუების“ პოლიტიკას. ჟურნალისტურ გამოძიებას აუცილებლად უნდა მოყვებოდეს რეაქცია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს კონკრეტული მანკიერება“

მისი თქმით, ყველა დროში საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ მხოლოდ გამომძიებელი ჟურნალისტები კი არ ხედავენ პრობლემებს, არამედ მათ საზოგადოებას დაანახონ ეს პრობლემები და ამხილონ დამნაშავეები.

“შევარდნაძის მმართველობის დროს მთავრობებს, როდესაც პოლიტიკა იყო ასეთი, მოდი შენ აკეთე გამოძიებები, კი ბატონო პრობლემა არ არის, მაგრამ მე ამაზე არანაირი რეაქცია არ მექნება, არც შევიმჩნევ,  ამიტომაც იყო არაეფექტური მმართველობა შევარდნაძის, მაგრამ როგორც კი საგამოძიებო ჟურნალისტიკამ  შეიცვალა პირი და არა მთავრობას,  არამედ საზოგადოებას მიმართავდა  და ეუბნებოდა შეხედეთ, თქვენ რომ გიჭირთ, თქვენ რომ სამსახური არ გაქვთ, თქვენ რომ სათანადო ანაზღაურება არ გაქვთ, თქვენ რომ ნორმალური კეთილდღეობის გარემო არ გაქვთ, ეს ყველაფერი არის განპირობებული იმით, რომ ქვეყანაში არის კორუფცია და ქვეყანაში არის ძალიან ბევრი მანკიერება, არის ნეპოტიზმის ზეიმი, და როგორც კი გზავნილების ეს ხაზი გაიბა, მედიას, საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და საზოგადოებას შორის, სწორედ მაშინ 90-იანი წლების ბოლოს 2000-იანი წლების დასაწყისში, რუსთავი 2- ის საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტი 60 წუთი, იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროდუქტი, რომლითაც ქართველი საზოგადოება იკვებებოდა და ბუნებრივია, ის ახდენდა მობილიზებას პოლიტიკური პროცესების. მართალია 60 წუთს თავისი საქმიანობის მანძილზე ბევრი შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ იყო გადაცდომები, რომლებმაც საზოგადოების უკურეაქცია გამოიწვია.

საზოგადოებას მიეცა სერიოზული გასაქანი, რომ ამოესუნთქა და თქვა, რომ  ეს ის პრობლემებია, რომელსაც მე ვხედავდი, რომელიც  ხელს მიშლიდა ნორმალურ ცხოვრებაში, ჟურნალისტებმა ეს გამოიტანეს გარეთ და უკვე ჩვენ  კომპანიონები ვართ. მედია და საზოგადოება გახდნენ კომპანიონები. ნებისმიერ მთავრობაში არსებობს ასეთი დამოკიდებულება  საგამოძიებო ჟურნალისტიკის  მიმართ, რომ სჯობს არ იყოს, და თუ არის იყოს შეუმჩნეველი “

ყველაზე დიდი პრობლემა მისი აზრით არის, ის რომ ტელეკომპანიები ფულს არ ხარჯავენ საგამოძიებო ჟურნალისტური გამოძიებებისთვის, რადგან ეს კონკრეტულ არხებს მათი პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე არ აწყობთ. ხელისუფლებას ურჩევნია ან არ იყოს, ან იყოს და მათ არ ეხებოდნენ.

„მე სულ ველოდები , რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკისადმი ინტერესს როდესმე მაინც გამოიჩენს ტელეკომპანია იმედი , რომელიც საკმაოდ მსუყე შემოსავლების მქონე  და  მდიდარი არხია საქართველოში, მაგრამ ის თავის რესურსებს ხარჯავს ისეთ  ძვირადღირებულ და არაფრისმომცემ გადაცემებზე, როგორიც არის მაგალითად საბჭოთა მედია კულტურული გადაცემა, ავტოგრაფი.“

მან ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებაში და საკმაოდ წარმატებულ პროექტად მიიჩნევს გადაცემას „გამომძიებელი რეპორტიორი“

ზვიად ქორიძის თქმით, საგამოძიებო ჟურნალისტიკის არსებობა არცერთ ხელისუფლებას არ აწყობს და შესაბამისად, ისინი გამუდმებით ცდილობენ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტური ნაშრომები ნაკლებად იყოს და თუ იქნება ნაკლებად ეხებოდეს მთავრობას და მის საქმეებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს წევრი, მამუკა ანდღულაძე განმარტავს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად პირდაპირ როლს ასრულებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. თუ ირღვევა ადამიანის უფლებები რომელიმე ინსტიტუტის მიერ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას სააშკარაოზე გამოაქვს ეს ყველაფერი და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

„ ჟურნალისტური გამოძიება ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც არის მოწყვლადი დემოკრატია და არსებობს კითხვები სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიება იძიებს ისეთ საქმეებს, სადაც საქმე გვაქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან, შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე და კეთილდღეობაზე, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიზანია, სწორედ ამ დროს ამცნოს საზოგადოებას შესაძლო დარღვევისა და უკანონო ქმედებების თაობაზე.

 

რატომ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს მიმდინარეობა განვითარდეს და დაიხვეწოს?

ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ეს არის ის ძირითადი გარანტიები, რომელიც კონსტიტუციაშიც არის ჩამოთვლილი და რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული. აქედან გამომდინარე საგამოძიებო ჟურნალისტიკა ასრულებს სახელმწიფოს მაკონტროლებელი ინსტიტუტიც ფუნქციას, ის მათ შორის ამ თემებსაც შეეხება, შესაძლო დარღვევები იქნება ეს სამართალდამცავის, სასამართლოს, პროკურატურის, პარლამენტის თუ მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რომელიც გამოხატება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, არჩევნების უფლებით , თავისუფალი გადაადგილების უფლებით და ა.შ. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო ჟურნალისტიკა როდესაც იცავს და სააშკარაოზე გამოაქვს მთელი რიგი კანონდარღვევები, ავტომატურად იცავს ჩვენს უფლებებს.

 

რა საშუალებებით ახდენს საგამოძიებო ჟურნალისტიკა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას?

კვალიფიციური მოძიებული ინფორმაციის შეფასების საჯარო წარმოდგენა, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ადამიანის უფლებების დარღვევა, ამ შემთხვევაში გამომძიებელი ჟურნალისტი ანალიზსაც აკეთებს, შეფასებასაც და ფაქტებზე დაყრდნობით ამცნობს საზოგადოებას, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები.

მისი თქმით საგამოძიებო ჟურნალისტიკა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან, რადგან გამოძიებული მასალა, რომელიც შეიცავს კანონდარღვევას და სააშკარაოზე გამოაქვს, ავტომატურად იცავს ადამიანის უფლებებს.

აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მივიღოთ გარეშე ძალებისაგან დამოუკიდებელი, გადამოწმებული, მიუკერძოებული პროდუქტი.  საგამოძიებო ჟურნალისტიკა მხოლოდ პოლიტიკას ან ეკონომიკას არ ეხება, ეს შეიძლება იყოს მკვლელობები, საქმეები, რომლებიც ბადებენ კითხვებს და სხვა. რა თქმა უნდა, არც ერთ მთავრობას არ აწყობს, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოძიება და შემდეგ გასაჯაროება, თუმცა საგამოძიებო ჟურნალისტიკა „მოდარაჯე ძაღლის“ პრინციპით მათ „ცხელ კვალზე“ მიყვებიან.

 

ბევრი მოსაზრება არსებობს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ავ-კარგიანობაზე და იმაზე, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ეს მიმდინარეობა მოსაწყენი და არასაინტერესოა, ამიტომ ჩემთვის საინტერესო გახდა გამეგო ახლაგაზრდების აზრი ინტერნეტ გამოკითხვით, არიან თუ არა დაინტერესებულები საგამოძიებო ჟურნალისტიკით.

20-40 წლის 100 ადამიანთან  ჩატარებული კვლევით გავიგე, რომ ჩემი მიზნობრივი აუდიტორიისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკა აუცილებელია, მაგრამ სატელევიზიო სივრცეში ასეთი ტიპის გადაცემების არ არსებობის გამო ამ ტიპის ჟურნალისტურ ნაშრომებს ვერ ეცნობიან.  ნაწილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „გამომძიებელი რეპორტიორი“ დაასახელა, კერძოდ გახმაურებული მაგდა პაპიძისა და ხორავას ქუჩის საქმე, რომელიც მათ ბევრი დაფარული დეტალის გაგებაში დაეხმარა. კვლევაზე დაყრდნობით, რომ ვიმსჯელო კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ სატელევიზიო არხები უფრო მეტ დროს უნდა უთმობდნენ საგამოძიებო ჟურნალისტურ გადაცემებს, რაც მათ გარკვეულწილად რეიტინგის მოპოვებაშიც დაეხმარება.

სიმართლის დადგენაში  საგამოძიებო ჟურნალისტიკას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ამ მიმდინარეობას შეუძლია გააჩინოს განცდა, რომ გადაცდენებს და დანაშაულებს გამოააშკარავებენ.   გამომძიებელი ჟურნალისტები იძიებენ, დებენ ფაქტებს და გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე და საზოგადოებრივ აზრზე.  საქართველოში დემოკრატია ჯერ კიდევ მყიფეა და ამ დრომდე ვრჩებით განვითარებად სახელმწიფოთა შორის, სადაც შეძლება ითქვას რომ ნახევარად დემოკრატიაა. შესაბამისად ჟურნალისტიკის როგორც ე.წ. „მოდარაჯე ძაღლის“ როლი ძალიან მნიშნელოვანია. ამ მხრივ კი საგამოძიებო ჟურნალისტიკას შეუძლია ლომის წვლილი შეიტანოს. თუ კი დანაშაული არ გამოიძიეს სახელმწიფო უწყებებმა,  დამნაშავე ვერასდროს დაისჯება. ამიტომ მნიშნელოვანია რომ ჟურნალისტური გამოძიებები იყოს ქართულ მედია ბაზარზე, როგორც სანდო წყარო მაყურებლისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე ყოფილა ბევრი შემთხვევა, რომ ჟურნალისტის მიერ გამოძიებულ დანაშაულს პოლიტიკოსების თუ მაღალჩინოსნის კარიერა შეუცვლია, ამიტომ რაც უფრო მეტი იქნება იმის აღქმა   რომ ჟურნალისტები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს პოლიტიკოსებს, მით უფრო ფრთხილები იქნებიან ისინი.