DATA149.1.19

Logo

„ქალაქში ბევრად მეტი გზა და საშუალება გაქვს, მათი სანთლით ძებნა არ გიწევს, რასაც ვერ იტყვი სოფელზე“ — გოგონა პატარა სოფლიდან, დიდი ოცნებებით

თამარ შიუკაშვილი

 

„იქ, სადაც არც თეატრია, არც კინო, არც ადგილი, სადაც მეგობრებთან ერთად შეძლებ წასვლას, კითხვა ერთადერთი რამ იყო რუტინის დასარღვევად“ - ასე იხსენებს ბავშვობის დღეებს გოგონა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ პატარა სოფელში გაიზარდა. მისთვის, ისევე, როგორც ბევრი სხვა ბავშვისთვის, სოფელში ცხოვრება მხოლოდ ბუნებასთან სიახლოვეს კი არა, შესაძლებლობების სიმწირესაც ნიშნავს. 

თუმცა, განვითარების მცირე შესაძლებლობის მიუხედავად, მან საკუთარ ოცნებებს მაინც შეასხა ფრთები და ნელ-ნელა რეალობად აქცია.

ეს ისტორია თამარ ჭიალაშვილზეა - გოგონაზე, რომელიც სოფელ მჭადიჯვარში გაიზარდა და ბევრი სირთულის მიუხედავად, არ დანებდა და დასახულ მიზნებს მაინც მიაღწია.

თავდაპირველად სოფლის ცხოვრებაზე ვკითხე და სანამ მიპასუხებდა, თავიდანვე გამაფრთხილა, ჩემი დღეები იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, ჩათვალე, როცა ერთს გიყვები, მრავალ წელში განვლილი ერთი დღე იგულისხმებაო.

მისი დღე 08:50 საათზე იწყებოდა, რადგან სკოლა სახლთან ახლოს ჰქონდა. სკოლაში საუზმის გარეშე მიდიოდა, სადაც კაფეტერია არ იყო, შესაბამისად, ექვსი გაკვეთილის შემდეგ სახლში მშიერი ბრუნდებოდა და ზღურბლზე ფეხის გადადგმისას მისი პირველი სიტყვები იყო: “მშია, დედა”.

სანამ თამარის დედა სამსახურს დაიწყებდა, ამ ფრაზას ყოველთვის მოსდევდა „ჭამის აქტი“, როგორც თამარი მას უწოდებს, ხოლო შემდეგ თავად თამარი იყო ის, ვინც “აჭმევდა სხვებსაც და საკუთარ თავსაც“.

ამ ყოველდღიური რიტუალების შემდეგ იწყებდა მეცადინეობას დ, რა თქმა უნდა, დღე ისე არ ჩაივლიდა, წიგნი რომ არ წაეკითხა. საუბრისას ზაფხულის ერთ საღამოს იხსენებს:

“ერთხელ ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, ზაფხულის სასიამოვნო გრილი ნიავი იყო და ჰომეროსის „ოდისეას“ ვკითხულობდი და ის სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც მაშინ განვიცადე დღემდე მახსენებს ხოლმე თავს“ - ყველაზე მეტი წიგნი სოფლის სიმშვიდეში აქვს წაკითხული.

თუ წიგნებს არ კითხულობდა, თავის საყვარელ გადაცემებს, „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს“ და ბერძენიშვილის „ლიტერატურულ წახნაგებს“ უყურებდა. მისი ერთი ჩვეული სოფლური დღე ასე გადიოდა, სამეზობლოში ბავშვების გარეშე. ე.წ. „ბირჟაზე“ გასვლის სეზონს სკოლის დამთავრების შემდეგ ხსნიდა.

სოფელში ცხოვრებისას თამარმა ყველაზე რთულად  კოვიდის პერიოდი გადაიტანა: „უახლოესი წიგნების მაღაზია დაიკეტა და რაც წიგნები მქონდა, სულ წავიკითხე. მახსოვს, რა აგონიაში ვიყავი, საიდანღაც ამოვიღე „ტარტარენ ტარასკონელი“ და ის წავიკითხე. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ სასაცილო არაფერი იყო“.

გარდა ამისა, მას იმ პერიოდში ინტერნეტის პრობლემაც ჰქონდა. ძლივს ახერხებდა, რომ ონლაინ გაკვეთილებს დასწრებოდა და არ გაეცდინა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, თამარი მაინც ცდილობს, ამ ყველაფერში პოზიტივი დაინახოს:

“მწამს, საუკეთესო იყო ის, რომ შორს ვიყავი ქალაქში არსებული ნეგატივისგან , ამიტომ დავრჩი გოგოდ, რომელიც უპატარავეს ამბებში პოულობს ბედნიერებას”, - ეს არის კიდეც ის თვისება, რომელიც ასე ძალიან უყვარს საკუთარ თავში.

თამარმა მთელი ბავშვობა ქალაქში, დიდ სკოლაში სწავლის ოცნებაში გაატარა, რადგან, მისი თქმით, სოფელში ბევრი რამ აკლდა განვითარებისთვის.

“მახსოვს, რომ ოსკარ უაილდის რაღაც პატარა მოთხრობა წავიკითხე და კიდევ მინდოდა მეპოვა სკოლის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარს რომ ვუხსენე სახელი და გვარი, პირველად ჰქონდა გაგებული და არც ის იცოდა, სად იდო. ამიტომ, კი, ბევრი რამ აფერხებდა ჩემს განვითარებას, მაგრამ, ამავდროულადმ რაღაც ძალა მაძლევდა არნახულ მოტივაციას, რომ იმაზე მეტი მეკეთებინა, ვიდრე საჭირო იყო“.

სწორედ ამ ძალამ უბიძგა სხვადასხვა კონკურსში ჩართულიყო და თავისი შესაძლებლობები გამოეცადა. იხსენებს ერთ-ერთს — ინგლისური ესეებისა და დებატების კონკურსს. გამარჯვებულთა სია რომ უნახავს, თურმე სახელებისა და გვარების გვერდით კერძო, “პრესტიჟული” სკოლების დანახვას შეუშინებია. ფიქრობდა, აზრი არ ჰქონდა თბილისში ჩასვლას და იმ ბავშვებთან დებატებს, რომლებსაც უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ.

მაინც ჩავიდა დედაქალაქში მსოფლიოში საყოველთაო მშვიდობის არსებობა-არარსებობის თემაზე სადებატოდ. ინგლისურად თარგმნა ვაჟას სიტყვები, შოთას აფორიზმებიც და ღირსეული გამარჯვების შემდეგ ისიც გაიგო, რომ ხუთი დღით ბრიუსელში წავიდოდა.

„ხო, აი, ასეთებიც ხდება“, — ამ ფრაზით ასრულებს ამ ისტორიას.

თამარის აზრით, სოფლის გარემომ მის პიროვნულ განვითარებაზე გარკვეულწილად იმოქმედა. ის ამბობს, რომ არიან ბავშვები ქალაქში, რომლებსაც მასზე მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არ იყენებდნენ. მას კი ბევრი რამ არ ჰქონდა და ეს უფრო აძლევდა მოტივაციას.

მიუხედავად იმისა, რომ თამარი ერთი პატარა სოფლის სკოლაში სწავლობდა, ერთ-ერთი ლიდერი მოსწავლე იყო - ოქროს მედალიც მოიპოვა და კომპიუტერიც, შესაბამისად, ამ ყველაფერს თან ახლდა რწმენა და ამბიციებიც. თუმცა, მისი თქმით, იმდენად დიდი ამბიციები არასდროს ჰქონია, რომ დაეჯერებინა, ყველაფერს შეძლებდა:

“მახსოვს, ეროვნულების დროს ყველას ვეუბნებოდი, რომ გრანტს ვერ ავიღებდი. ძალიანაც ბუნებრივი იყო, რომ იმ განათლებით, რასაც დანგრეულ სკოლაში მაძლევდნენ, გრანტი ვერ ამეღო. მაგრამ როცა ავიღე, თანაც ასპროცენტიანი, თითქოს თავიდან ვიწამე საკუთარი ძალების და შესაძლებლობების“.

თამარი ხშირად ოცნებობდა, თუმცა იმასაც ფიქრობდა, რომ ერთ პატარა გოგოს ერთი პატარა სოფლიდან ვინ მისცემდა ამდენ შესაძლებლობას. თუმცა მერე, გრანტის დამსახურებით, უნივერსიტეტმახ დაასაჩუქრა სოლიდური თანხით, ბრიუსელის ქუჩებში სიარულის ბედნიერებაც ხვდა წილად და გაცვლითი პროექტით ფინეთშიც წავიდა.

ყველაზე მეტად მაინც ის ანიჭებს ბედნიერებას, რომ შეხვდნენ ისეთი ლექტორები, რომლებმაც მისი, როგორც ჟურნალისტის, თვითშეფასება აამაღლეს და ამ სფეროში პირველი პრაქტიკული ნაბიჯები გადაადგმევინეს:

“ამიტომ პატარა სოფლელი გოგო, ფანჯრის რაფაზე რომ ოდისეას კითხულობდა, უამრავჯერ იყო უბედნიერესი მხოლოდ იმიტომ, რომ სულ სწავლობდა“.

როდესაც ვკითხე, რა დაეხმარა იმაში, რომ ამდენი რამისთვის მიეღწია, პასუხი ასეთი იყო: „წიგნები, წიგნები და უდიდესი სურვილი, მეკეთებინა საქმე, რომლისაც ყველაზე მეტად მჯეროდა“.

სტუდენტობა მისი ოცნებების ლოგიკური გაგრძელება იყო, თუმცა სოფლის დატოვება და ქალაქში გადმოსვლა არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგორსაც წარმოიდგენდა.

“უნივერსიტეტის პირველი ერთი თვე სახლში დაბრუნებისას ყოველდღე ვტიროდი, მაშინაც კი, როცა გარეთ სულ ვიცინოდი. ჩემი წარმოდგენები რატომღაც დაიმსხვრა და შევეჩეხე იმას, რაზეც არ მიოცნებია - ნეგატივის ზღვას ყველა მხრიდან. უნივერსიტეტში ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ვერაფერი მექნებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავს აძლევდნენ უფლებას, ჩემთვის ზემოდან ეყურებინათ თუნდაც იმიტომ, რომ უნივერსიტეტამდე სხვადასხვა ტრანსპორტით მოვდიოდი. მოკლედ, ის, რაზეც პატარა „მე“ ოცნებობდა, ნამდვილად არ იყო პირველი კურსის პირველი სემესტრი“.

თუმცა მიაჩნია, რომ ქალაქის რელსებზე მაინც იმაზე მალე გადავიდა, ვიდრე წარმოიდგენდა. ამ დროს დოსტოევსკის ახსენებს და ეთანხმება მას იმაში, რომ ადამიანი მართლაც ყველაფერს ეჩვევა.

ქალაქი მაინც ბევრად ღირებულია მის თვალში, რადგან უამრავი შესაძლებლობა მისცა განვითარებისთვის. გარდა ამისა, ქალაქმა ის დააკავშირა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სოფლიდან ვერ დაუკავშირდებოდა, ვერ გაიცნობდა — თუნდაც ჟურნალისტებს, რომლებთანაც დღეს საინტერესო თემებზე საუბარი შეუძლია.

„სოფელში არავინ მეტყოდა, რომ თურმე შემიძლია სტატიები ვწერო, თან ისეთი, რომ წაკითხვადი და საინტერესო იყოს; სოფელში არ მეტყოდნენ, რომ კარგად ვმეტყველებ და ჩემგან ჟურნალისტი ნამდვილად გამოვა; სოფელში არც იმ უკუკავშირს დამიბრუნებდა ვინმე, რამაც ასე განმავითარა დროთა განმავლობაში. ახლა, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად მჯერა საკუთარი თავისაც და იმისიც, რომ რაღაც კარგის და გამოსადეგის გაკეთების უნარი მაქვს“, — ამბობს თავდაჯერებულად და ამატებს:

„ქალაქში ბევრად მეტი გზა და საშუალება გაქვს, მათი სანთლით ძებნა არ გიწევს, რასაც ვერ იტყვი სოფელზე“.

როცა ვკითხე, თუ არსებობდა ვინმე, ვინც მისთვის მოტივაციის მიმცემი იყო, მითხრა, რომ მოტივაციას დედა აძლევდა. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, აკეთებდა იმიტომ, რომ მშობლები გაეხარებინა.

“პატარა როცა ვიყავი, სულ წარმოვიდგენდი, რომ დილით ოფიციალურად ჩაცმული ჩემთვის საყვარელ ყავის მაღაზიაში ყავას ვყიდულობდი და მერე ეთერში შევდიოდი. ახლა მეცინება, იმიტომ, რომ არც ყავას ვსვამ და წერა უფრო მაინტერესებს, ვიდრე პირდაპირ ეთერში ჯდომა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩემი ოცნებები დამოუკიდებელი, ძლიერი ქალის ცხოვრებას უკავშირდებოდა. დღემდე ვგიჟდები ასეთ ქალებზე და დღემდე თუ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ იმისთვის, რომ ერთ-ერთი მათგანი გავხდე“.

საუბრის ბოლოს თემა უფრო ფართო კუთხითაც განვიხილეთ. თამარი ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს მხარდაჭერა არ აქვთ და მათ სახელმწიფო ნიადაგს უმზადებს საიმისოდ, რომ სიყმაწვილე ევროპის ქალაქებში მუშაობას შესწირონ. მისი თქმით, მაშინაც კი, თუ ცდილობ, განვითარდე, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ნორმალური ანაზღაურება და საჭირო რესურსები გქონდეს:

“სტუდენტებს არარსებულ გამოცდილებებს გვთხოვენ მაშინ, როცა ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობას არავინ გვაძლევს“.

თუმცა მისი თაობის იმედი აქვს და სჯერა, რომ ისინი დროთა განმავლობაში ყველაფერს შეცვლიან და ქვეყანას უკეთესობისკენ განავითარებენ.

ინტერვიუს ბოლოს, თამარმა რჩევა სხვა ახალგაზრდებს მისცა და აღნიშნა, რომ სწავლით, კითხვითა და მონდომებით ისინი ყველაფერს მიაღწევენ:

“მთავარია, გჯეროდეთ და არ გაჩერდეთ”, - ამ ფრაზით დაასრულა მან საუბარი.