DATA149.1.19

Logo

აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

გიორგი აბულაძე
  • თბილისი (BPI) – ჟილეტი, ხელთათმანი, სათვალე, კეპი, ყურის საცობი, ტყვია, თოფი – ეს სროლისთვის აუცილებელი ის ატრიბუტებია, რომელსაც სასტენდო მსროლელები აქტიურად იყენებენ. სასტენდო სროლა სპორტის ნაირსახეობაა – სპორტსმენი სტენდზე გლუვლულიანითოფით სპეციალური დანადგარიდან ნატყორცნ მფრინავ სამიზნეებს ესვრის.

    არსებობს სასტენდო სროლის სხვადასხვა სახეობა: სპორტინგი, მრგვალი სტენდი (სკიტი) და ტრანშია (ტრაპი). მრგვალი სტენდი და ტრანშია ოლიმპიურ სახეობებს მიეკუთვნება. სპორტინგი კი ნადირობის იმიტაციაა: დანადგარიდან გამოტყორცნილი სამიზნეების მიმართულება და სიჩქარეები განსაზღვრულია სხვადასხვა ცხოველის თუ ფრინველის მიხედვით.

    მსოფლიოში სასტენდო სროლის დაბადების ზუსტი დრო და ადგილი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ როგორც სპორტის სახეობა, ის ინგლისში, შვედეთში ან საფრანგეთში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მსროლელები სამიზნედ მტრედებს იყენებდნენ. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში გამოყენებაში შუშის ბურთულებიც შემოვიდა, 1880 წლიდან კი თიხის თეფშები გამოიგონეს.

    საქართველოში სპორტის ეს სახეობა 1930-იან წლებში შემოვიდა. თბილისში, ვარკეთილის სასტენდო სასროლეთში პროფესიონალი მსროლელი შალვა კანკავა ამბობს, რომ სასტენდო სროლა, როგორც ასეთი, საქართველოში საბჭოთა კავშირთან ერთად შემოვიდა და ფეხიც ადვილად მოიკიდა. როგორც ცნობილია, სასტენდო სროლის შემოტანის ინიციატივით მონადირეთა კავშირის წევრები გამოდიოდნენ. “პირველი სტენდი, რომელიც მსროლელებისთვი იყო განკუთვნილი, დიდუბეში მოეწყო. იმის გამო, რომ ის ხელნაკეთი იყო, მალევე დაიშალა. შემდეგ იყო 40-იანების ხანა, როცა  მუშთაიდში მოეწყო სტენედები. სხვათაშორის, თბილისის გარდა სპორტული სროლით დაკავებული იყვნენ სხვა მხარეებშიც – აფხაზეთში, აჭარაში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში…“

    კითხვაზე, თუ რომელი სპორტსმენები ასოცირდება ქართული სასტენდო სროლის წარმატებასთან, შალვა კანკავა გვპასუხობს: ტარიელ ჟღენტი და თამაზ იმნაიშვილი.

    ტარიელ ჟღენტამდე და თამაზ იმნაიშვილამდე კი იყვნენ სხვებიც. 1938 წელს სასტენდო სროლის სხვადახვა დისციპლინაში საკავშირო ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა. 1947 წელს მას სარქისოვი შეუერთდა,  1950 წელს – ბორის გობაროვი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ზურაბ მაჩხანელი, რომელიც სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში არაერთხელ გამოსულა. 1954 წელს ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში მან პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, ყურადღების ღირსია მისი სამწვრთნელო კარიერაც. სწორედ მისი აღზრდილები არიან ისეთი სპორტსმენები, როგორიცაა ტარიელ ჟღენტი, თამაზ იმნაშვილი და თემურ მატოიანი.

    ტარიელ ჟღენტმა ევროპის ჩემპიონის ტიტული პირად და გუნდურ ჩათვლაში 4-ჯერ მოიპოვა, ხოლო სამჯერ გუნდურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1973 წელს მან მსოფლიო რეკორდიც კი დაამყარა. თამაზ იმნაიშვილი ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონია პირად ჩათვლაში. მან სამჯერ ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა. რაც ეხება, თემურ მატოიანს, 1970-იან წლებში მან ევროპის თასი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

    რაც ეხება დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდს, საქართველომ ყველაზე დიდი გამარჯვება 1994 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონატში კი – ბრინჯაო. მაშინ ქართულ გუნდში ირიცხებოდნენ თამაზ იმნაიშვილი, დავით ქვათაძე და გივი შენგელია.

    სპორტსმენი შალვა კანკავა ვარკეთილში არსებულ სტენდზეც გვესაუბრება .

    „ეს სტენდი 1967 წელს შეიქმნა და ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ სტენდად საქართველოში. ძალიან დიდი წყვეტა იყო 90-იანებში, როდესაც ვარკეთილის სტენდი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. მისი აღდგენა 2013-14 წლებში კერძო ინვესტორის დამსახურებით მოხდა.“  ამ სპორტის დღევანდელ მდგომარეობაზე კი ამბობს, რომ მაინც და მაინც პოპულარობით არ სარგებლობს. “თუმცა მსურველებიც საკმარისად ვართ. ვარკეთილშივე ვარჯიშობს ნაკრებიც, დამოუკიდებელი სპორტსმენებიც, მოყვარულებიც და მოზარდებიც. რაც მთავარია, არის ძვრები ფედერაციის მხრიდან, რომლებიც უკვე ოფიციალურ ტურნირებსაც მართავენ და ცდილობენ, სახელმწიფოდან თუ სხვა მხრიდან მოიძიონ თანხები და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, დანადგარები…“

    ვარკეთილის სტენდზე აქტიურად ვარჯიშობენ მოზარდები. ამის მაგალითია ახალგაზრდა სპორტსმენი ალექსანდრე ხუჭუა.

    „უკვე 3 წელია ვვარჯიშობ. თავიდანვე ჩემი სურვილი იყო სროლით დაკავება, რადგან გასართობად ტირში კარგად ვისროდი-ხოლმე. ბიძაჩემმა აქ მომიყვანა და ყოველ შაბათს ვვარჯიშობ. მყავს პირადი მწვრთნელი. გამოვდივარ მრგვალ სტენდზე.“ თუ რა სამომავლო მიზნები აქვს ალექსანდრეს, სპორტსმენი გვპასუხობს: „მინდა მოვხვდე ნაკრებში, ვივარჯიშო უფრო მეტი და ბოლოს გავიდე ოლიმპიადაზე.“

    სპორტსმენებს ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი ატრიბუტები. არჩევას, ფულის შეგროვებას და შემდეგ ყიდვას ისინი დიდ დროს, ენერგიას და თანხას უთმობენ. უნდა ითქვას, რომ საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანისთვის ეს იაფი სიამოვნება არაა.

    „საშუალო დონის იარაღი 5000 ლარზე მეტი ჯდება, ესეც თუ გაგიმართლათ. ზოგიერთი სათვალე, შეიძლება, 500 დოლარზე მეტიც დაგიჯდეთ. ჟილეტსაც 100 და 200 ლარად ნამდვილად ვერ შეიძენთ. ასევე, იქ დამატებით არის ფეხზე დასამაგრებელი ლულის დასადგამი, ხელთათმანები, ყურის საცობები, ხელზე დასამაგრებელი რეზინები – მოკლედ თუ ამ სპორტით დაკავება გინდათ, ხარჯებისთვის მზად უნდა იყოთ,“ – ამბობს სანადირო მაღაზია „მონადირეს“ წარმომადგენელი ბესო გურგენიძე.

    უფასო არ არის ვარკეთილის სტენდზე სროლა. ბესო გურგენიძეს განმარტებით, სტენდზე სროლისთვის აუცილებელია „მფრინავი თეფშების“, სამიზნის შეძენა. ასევე, არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ საფანტიც საჭიროა. მოკლედ 50-60 სროლა დაახლოებით 60 ლარი დაგიჯდებათ.

    მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს სპორტი პოპულარული, ფაქტი ერთია – „მსურველია ორასი“ და თეფშებიც არის – მოკლედ, ფეხბურთში გოლს იტანენ, კალათბურთში ტენიან, რაგბში ლელოს დებენ, ხოლო აქ ისვრიან!

    გიორგი აბულაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

    მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში