თბილისი (BPI) – საბჭოთა გადმონაშთი – ორი ჩამოშლილი კოშკი, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოდან გადმოჰყურებს თბილისს, კავკასიის ერთადერთი კრემატორიუმია. შენობა კრემაციისთვის არასდროს გამოუყენებიათ, რადგან ქვეყანაში დაკრძალვის ტრადიციაა დამკვიდრებული.
კრემაცია (ლათინურად cremation) დაკრძალვის ერთ-ერთი სახეობაა და გვამის დაწვას ნიშნავს. საქართველოში კრემაცია დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან. სამგორის ერთ-ერთ გორასამარხში (ძვ. წ. III ათასწლეული) და თრიალეთში (ძვ. წ. XX-XV სს.) ამ წესით მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები ყოფილან დაკრძალული. ადრინდელი რკინის ხანაში მასობრივი კრემაციული სამარხები ჩნდება სვანეთში, მთიან რაჭაში, აფხაზეთში (სოხუმის მთა, გუადიხუ), სამეგრელოში (პალური, მუხურჩა), გურიაში (ნიგვზიანი) და სხვა, რაც ალბათ ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგია.
კრემაციის კულტურა განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებშია გავრცელებული, კერძოდ – ინდოეთსა და ჩინეთში. საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია კრემაციასთან დაკავშირებით უარყოფითია, რადგან ეკლესია კრემაციას კრძალავს.
დედაქალაქში სასაფლაოების მომრავლებისგან თავის დასაცავად, 70-იანი წლების თბილისის მერიამ მიწის ეკონომიის მიზნით კრემატორიუმის მშენებლობის ნებართვა გასცა. შენობის ავტორი ქართველი არქიტექტორი ვიქტორ ჯორბენაძეა, რომლის მეორე ცნობილი ნამუშევარი, თბილისში მდებარე რიტუალების სასახლეა.
შემუშავებული გეგმით კრემატორიუმის გაკეთება იგეგმებოდა და ამის მონახაზებიც არსებობდა, აშენდა შენობის ნაწილიც, სადაც კრემატორიუმი უნდა განთავსებულიყო. მისი გამოყენება კი ქალაქის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრებოდა, მაგრამ საზოგადოებაში მოთხოვნის არარსებობის გამო, შენობას მისი დანიშნულება არასდროს შეუსრულებია. ამავე მიზეზით, შენობაში აღარ განათავსეს საგანგებო მოწყობილობის ღუმელი.
საქართველოში გავრცელებულმა დასაფლავების ტრადიციამ და მართმადიდებლურმა ეკლესიამ დაჩრდილა ჩვენს საზოგადოებაში კრემაციის კულტურა, რის გამოც შენობა მალევე გადააკეთეს სასადილოდ და იგი 80-იანი წლების ბოლომდე ფუნქციონირებდა როგორც სასადილო, რომელიც ემსახურებოდა ჭირისუფლებს, სასაფლაოს მუშაკებსა და პერსონალს, რომელთაც ტერიტორიაზე უწევდათ მუშაობა.
„ვისაც ქელეხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, აქ შეეძლო მიცვალებულის სუფრის გაშლა,” – ყვება მხატვარი ზურაბ ექიზაშვილი, რომელიც 40 წელზე მეტია, მუხათგვერდის სასაფლაოზე მცირე მეწარმეა.
მისი მონაყოლიდან ვიგებთ, რომ უფუნქციო შენობა, შპს „ჰერმესის“ მფლობელობაშია და მას უკვე 20 წელზე მეტია მუშები იყენებენ სამშენებლო მასალის შესანახად.
„კრემაციასთან დაკავშირებით ჩვენთან მოთხოვნა არ დაფიქსირებულა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულება არ არასებობს.
ქალაქის ცენტრში არსებული სასაფლაოებზე ამოწურულია რესურსი და ძირითადი რესურსი დარჩენილია მუხათგვერდისა და ველის სასაფლაოზე, სადაც საკმაოდ დიდი რესურსია და რამდენიმე ათეული წელი შესაძლებელია გაგრძელდეს დაკრძალვების ის რაოდენობა, რაც დღეს გვაქვს“, – ამბობს „ჰერმესის“ დირექტორის მოადგილე ოთარ კიკვაძე.
„ჰერმესის“ წარმომადგენლის თქმით, კრემაციაზე მოთხოვნა არც ისე დიდია და „თუ დარეკავენ და გვკითხავენ კრემაციის სერვისზე, ისიც მხოლოდ საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან“.
თუ გადავავლებთ თბილისის ფორუმს თვალს, საზოგადოების აზრით, კრემაცია ანუ ცხედრის ფერფლად ქცევა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობაა. მათი აზრით, ეს წარმართული ჩვეულებაა და ღვთის თაყვანისმცემლები ასე არ უნდა იქცეოდნენ.” სხვები კი ფიქრობენ, რომ კრემაცია სავსებით მისაღებია და არ შეურაცხყოფს მიცვალებულს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია კრემაციასთან დაკავშირებით უარყოფითია და ეკლესია მას კრძალავს.
ამ თემასთან დაკავშირებით orthodoxtheology.ge-ზე სტატიაში „მიცვალებულთა ცხედრების დაწვის შესახებ“ შესაძლოა ამოვიკითხოთ:
- პირდაპირი პასუხი კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მკვდართა სხეულის დაწვა, საეკლესიო ტრადიციაში სამწუხაროდ არ გვაქვს. არც ღმრთივსულიერ წმიდა წერილში და არც მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებში.
- თუკი არ გვაქვს კანონიკური გადაწყვეტილებები და წმიდა წერილის მცნებები, ეს არ ნიშნავს რომ არ გვაქვს ღმერთისგან მოცემული ბუნებითი სჯული ან მის საფუძველზე უძველესი ადამიანური წეს-ჩვეულებითი სამართალი. იგივე “დაბადებაში”, შექმნის შემდეგ და ადამიანის დაცემის შემდეგ გვაქვს წინასწარმეტყველური, განმსაზღვრელი სიტყვა შემოქმედისა, რომელიც ამბობს: “შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.” (დაბ.3,19). ბუნებრივი გზა მკვდარი სხეულისა ეს არის მისი განთავსება მიწაში.
ასევე ვაწყდებით პატრიარქის მდივნის კომენტარს “ნეტგაზეთში”, სადაც მიქაელ ბოტკოველი ამბობს:
„ კონკრეტულად ბიბლიაში ან რომელიმე წერილში სხეულის დაწვის შესახებ სწავლება არ არის დაცული, თუმცა მაშინ, როცა ბიბლია იწერებოდა, არავის მოუვიდოდა თავში, რომ სხეული დაეწვათ. იმ მართლმადიდებლების მიმართ, ვინც კრემაციას მიმართავს, ეკლესია მათ არ მოკვეთავს, ანუ გარდაცვლილს ჩვეულებისამებრ აუგებენ წესს და ყველა საჭირო რიტუალს, ვინაიდან ჩვენ ვლოცულობთ ადამიანის სულისათვის და არა სხეულისათვის, თუმცა ჩვენი ეკლესია ერთმნიშვნელოვნათ ეწინააღდმეგება სხეულის დაწვას“.
საქართველოში, ვისი რელიგიაც კრემაციის ნებას იძლევა, გარდაცვლილი ახლობლის კრემაციისთვის საზღვარგარეთ უწევთ წასვლა (მაგალითად რუსეთსა და უკრაინაში). მსოფლიოს მაშტაბით კრემაცია ფართოდ გავრცელებული ფორმაა და გამოიყენება ისეთ მართმადიდებლურ ქვეყნებშიც, როგორებიცაა რუსეთი და საბერძნეთი. სტატისტიკის თანახმად მსოფლიოში კრემაცია 2-ჯერ უფრო იაფი ჯდება ვიდრე დაკრძალვა.
ნინო მიშველაძე
მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში