DATA149.1.19

Logo

თვითცენზურა

თამარ გაჩეჩილაძე

თვითცენზურა -  გამოხატვის თავისუფლების თვითშეზღუდვა თუ მარტივი ჟურნალისტური ეთიკის დაცვა კრიზისებისა და კონფლიქტების გაშუქების დროს, როდესაც საქმე კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქებას ეხება, როცა პერსონალურ რისკთან ერთად, მაღალია საშიშროება, შენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ საფრთხის ქვეშ დააყენოს სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ან თუნდაც მთლიანად რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს ბედი,  ჟურნალისტებს ხშირ შემთხვევაში საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. არჩევანი ოპერატიულ, თუმცა გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და  დროში გაწელილ, თუმცა დადასტურებულ ინფორმაციას, ანუ უპასუხისმგებლო და  პასუხისმგებლიან ჟრნალისტიკას შორის. 

არჩევანი სუბიექტურ, მიკერძოებულ, ცალმხრივ  შეხედულებებსა და დაბალანსებულ, ობიექტურ, სამართლიან  ინფორმაციას შორის. 

არჩევანი შუღლის გაღვივებას, სიძულვილის თესვასა და კონფლიქტზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას შორის.  

არჩევანი სენსაციას, ანუ „ბომბის“ გავრცელებით საზოგადოებაში შიშის დანერგვასა და ეთიკურ ჟურნალისტიკას შორის. 

არჩევანი პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმს შორის. 

არჩევანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. 

საერთო ჯამში, კი გამოდის, რომ კონფლიქტ-რეპორტიორებს უწევთ გააკეთონ ერთი მთავარი არჩევანი, კონფლიქტებისა და კრიზისების გაშუქებისას გამოხატვის თავისუფლების თვითშეზღუდვასა და მის უგულვებელყოფას შორის. 

ხშირია შემთხვევები, როცა თვითცენზურის აღქმის საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ საჭიროა გააზრება, რამდენად აუცილებელია მსგავსი არჩევანის გაკეთება და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დაკარგულმა ზღვარმა, „თავისუფალ“ ჟურნალისტიკასა და თვითშეზღუდვას შორის. 

და მაინც, მსჯელობის მთავარი საგანია, საჭიროა თუ არა ზღვარის გავლება და რა სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს რეპორტიორმა, რომ არ გაუჭირდეს ოქროს შუალედის პოვნა.

„არც ერთი ექსკლუზივი არ ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად“, - ასე პასუხობს გამოცდილი კონფლიქტ-რეპორტიორი გურამ როგავა ჩემს მიერ დასმულ კითხვას, არსებობს თუ არა კრიზისებისა და კონფლიქტების გაშუქების დროს ჟურნალისტის ჩარჩოებში მოქცევის განსაკუთრებული აუცილებლობა და უნდა დაუწესოს თუ არა ამ მიმართულებით მუშაობისას ჟურნალისტმა თვითცენზურა საკუთარ თავს. 

ერთ-ერთი ისტორიის თხრობისას როგავამ აღნიშნა, რომ ეს მოვლენა გარდამტეხი აღმოჩნდა მის პროფესიულ საქმიანობაში. 

„მედია კრიზისულ სიტუაციაში შეიძლება იყოს მკვლელიც და მხსნელიც. ყველა კომპანია თავად წყვეტს, რა არის მისთვის პრიორიტეტული: მაღალი ეთიკური სტანდარტები და უსაფრთხოება, თუ სკანდალი და მაღალი რეიტინგი. ხშირად, რთული ხდება, გაუძლო პროფესიულ ცდუნებას და ექსკლუზივი არ დააყენო ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა. ჩემს პროფესიულ საქმიანობაშიც იყო ერთი მძიმე შემთხვევა, რომელმაც მოგვიანებით რადიკალურად შეცვალა ჩემი შეხედულებები და პრინციპები. მოქალაქე, რომელიც თავად დამიკავშირდა, მიყვებოდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებობდა მიწისქვეშა დაჯგუფება, რომელიც სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებას უჭერდა მხარს. მას სურდა ეს ამბავი ღიად მოეყოლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების მიზნით სახის დამალვა და ხმის შეცვლა. ინტერვიუს გასვლის შემდეგ ის სწორედ ამ მიწისქვეშა დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. ოჯახს პრეტენზია არ გამოუხატავს პირადად ჩვენი მასალის მიმართ, რადგან გაფრთხილებულები იყვნენ შესაძლო საფრთხეებზე და თავად ისურვეს ღიად საუბარი, თუმცა ძალიან სამწუხარო ფაქტი უკვე სახეზე იყო და ამას აზრი აღარ ჰქონდა.

ისეც ხდება, როცა ჟურნალისტები აღმოჩნდებიან ხოლმე „სასარგებლო იდიოტის“ როლში, ანუ, მათ ხშირად იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ორგანიზაციები თუ გავლენიანი ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის. ხშირ შემთხვევაში, „სასარგებლო იდიოტის“ როლს ჟურნალისტი ირგებს სწორედ ახალი ინფორმაციის მოპოვების დაუოკებელი სურვილით. შესაძლოა, შემოგთავაზონ ექსკლუზივი, განსხვავებული ამბავი და თქვენ არც კი დაფიქრდეთ, რომ ამ მოვლენის გაშუქებით სხვის ინტერესებს ემსახურებით. მაგალითად, აგვისტოს ომის დროს, მედიას საშუალება მიეცა გადაეღო როგორ და სად გადაადგილდებოდა ქართული ჯარი, ჟურნალისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მოიპოვებდა პირველად ინფორმაციას ქართული არმიის განლაგების შესახებ. ამ შემთხვევაში ქართველმა ჟურნალისტებმა თავისი ნებით შეასრულეს რუსეთის დაზვერვის ფუნქცია, ისინი პირდაპირ ეთერში, ამომწურავად ყვებოდნენ ყველა დეტალს, რომლის მოსაპოვებლადაც წესით რუსეთს დიდი ძალისხმევა უნდა დასჭირვებოდა“, - განაცხადა გურამ როგავამ. 

გამოცდილი კონფლიქტ-რეპორტიორი სხვადასხვა დაწერილ თუ დაუწერელ სტანდარტზეც გვესაუბრება. როგავას თქმით, მაყურებელი ჟურნალისტისგან არა გმირობას, არამედ ინფორმაციას მოითხოვს. 

როგავა ქართული მედიის მიერ კრიზისული სიტუაციის გაშუქების ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მაგალითად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ სპეცოპერაციას იხსენებს. 

ერთ-ერთი მედია ორგანიზაციის მაგალითზე, სწორედ აღნიშნული მოვლენაა განხილული წიგნში „ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება“. წიგნი შედგენილია საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით. სახელმძღვანელოს ავტორი, ლაშა ქავთარაძემოვლენის შეფასებებს არ აკეთებს, ის მკითხველს მხოლოდ ფაქტების შესახებ მოუთხრობს და შეფასებების გაკეთებას მათ კომპეტენციაში ტოვებს.

გთავაზობთ ამონარიდს სახელმძღვანელოდან:

„2017 წლის 21 ნოემბერია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ძლიერი აფეთქების ხმა ისმის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციას ატარებს. სამართალდამცავებსა და შენობაში მყოფ, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს შორის შეტაკებები მოხდა. სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე, ქართულმა მედიამ ფაქტის აქტიურად გაშუქება დაიწყო. სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა,  თითქმის ყველა ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში გადასცა. 

ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ პირდაპირი ჩართვა 21 ნოემბერსვე დაიწყო. ჟურნალისტმა მაყურებელს მის ხელთ არსებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადგილზე მიმდინარე მოვლენების შესახებ მოკლე ცნობები მიაწოდა. ოპერატორი თითქმის მთელი ჩართვის განმავლობაში საკმაოდ ახლო ხედით აჩვენებდა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებულ სამართალდამცავებს, ჟურნალისტი კი პერიოდულად აცხადებდა ინფორმაციას თუ რომელი სამსახურის წარმომადგენელი შედიოდა შემოსაზღვრულ პერიმეტრზე. ჩართვები ეთერში მომდევნო დღეს დილიდანვე განახლდა. ჟურნალისტმა, რომელიც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებიდან აწვდიდა მაყურებელს ინფორმაციას, აჩვენა კადრები ეზოდან, სადაც სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები, ეთერში გაუშვა ევაკუირებული მეზობლების კომენტარები. კადრებში ჩანდა როგორ და რა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ადგილზე მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. 

მომდევნო ჩართვაში ეთერში გავიდა ბინაში მცხოვრები მოქალაქის სატელეფონო კომენტარი, სადაც ის პოლიციის არაკომპეტენტურობაზე ამახვილებდა ყურადღებას და ყვებოდა განცდილ შიშსა და ნერვიულობაზე.ტელეკომპანიას არ დაუფარავს მობილიზებულ სამართალდამცავთა სახეები. ოპერატორი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად მიეახლოვებინა კადრი იმ სადარბაზოსთან , სადაც სავარაუდოდ ეჭვმიტანილები იყვნენ განთავსებული. ჟურნალისტი შეეცადა, სასწრაფო დახმარების ბრიგადისგან აეღო კომენტარი, რომელიც შეტაკების პერიმეტრზე ცდილობდა შესვლას. ჟურნალისტი ასახელებდა თუ სად და რომელი მხრიდან უნდა შესულიყო სასწრაფო დახმარების მანქანა. სხვა ტელევიზიებთან ერთად, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტიც პირდაპირ ეთერში შეეცადა რამდენიმე მეზობლისგან კომენტარის აღებას, რომლებიც სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს ადგილს ტოვებდნენ. ტელევიზიის ეთერით გავიდა მეზობელი კორპუსიდან გადაღებული „ექსკლუზიური კადრებიც“, სადაც მოსჩანს სახლი, რომელშიც სავარაუდო ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებულები. გარკვეულ მომენტში ჟურნალისტი ხელითაც კი სწევს პოლიციელს, რომ ოპერატორმა სასწრაფო დახმარების მანქანის გამოსვლის კადრები გადაიღოს. ჟურნალისტები სამაშველო ჯგუფის მანქანაში ყოფენ მიკროფონს, რათა ის მსხდომი თანამშრომლებისგან გაარკვიონ თუ რატომ შედიან ისინიო შეტაკების ადგილზე“, - ნათქვამია წიგნში.

მიუხედავად იმისა, რომ თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ძალზედ მაღალი იყო, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ამ მიდგომით გაშუქების გამო, ქართული მედია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. „ცეცხლთან თამაში“ - ასე შეაფასა საზოგადოების დიდმა ნაწილმა მედიის მიდგომა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გახმაურებული სპეცოპერაციის მიმართ. აქტიურად დაიწყო საუბარი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე, მსგავს სიტუაციაში მუშაობის გამოცდილების არქონასა და ამ კუთხით ცოდნის ნაკლებობაზე.

კრიზისებისა და კონფლიქტების გაშუქებაზე საუბრისას განსაკუთრებით საინტერესოა ფსიქოლოგის მოსაზრებები. 

როცა დაძაბულობა ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ პიკს აღწევს, მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა იცოდეს, რას გრძნობენ ამ დროს ადამიანები, როგორია მაყურებლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და რა მოეთხოვება  ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამცემს ამ კუთხით, პირს, რომელსაც ფართო აუდიტორია მთელი გულისყურით უსმენს. 

 

„ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს მუდმივად, რომ მაყურებელს აქვს უფლება, მოისმინოს ნეიტრალურად გაშუქებული ინფორმაცია და თვითონ გააკეთოს არჩევანი, რა როგორ მოხდა. ჟურნალისტებს უნდა უტარდებოდეთ გეგმიურად სტრესის მართვის სწავლებები, რათა მათ უკეთ შეძლონ საკუთარი ემოციების მართვა და კონტროლი. ასევე ისინი კარგად უნდა იცნობდნენ სტანდარტებს, რომელიც იცავს როგორც მაყურებელს, ასევე თავად რეპორტიორებს. გარდა იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში უნდა გადახედონ სტანდარტებს, დამსაქმებლებს უნდა მოსთხოვონ კიდეც ისეთი სწავლებები, როგორიცაა: სტრესის მართვა და სუპერვიზია, რაც გულისხმობს გამოცდილი კოლეგის მიერ მეორე კოლეგის ან კოლეგათა ჯგუფის პროფესიულ კონსულტირებასა და ანალიზს, როგორც მათ მიერ გამოყენებული პრაქტიკული მიდგომისა და მეთოდების, ასევე სამიზნე ჯგუფთან დამოკიდებულებების თვალსაზრისით. ჟურნალისტებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არიან ისინი, და გასაშუქებელი მოვლენები მათგან დამოუკიდებლად მიმდინარეობენ“, - აცხადებს ქეთი ჭყოიძე. 

ეს არ არის სპორტი, კულტურა ან სოციო-პოლიტიკური მიმართულება, ჟურნალისტიკის ეს ჟანრი სასწორის ერთ მხარეს ინფორმაციას, მეორე მხარეს კი სიცოცხლეს, ადამიანებისა თუ სახელმწიფოების ბედს აყენებს, სწორედ ამიტომ ადარებენ მას ცეცხლთან თამაშს, ერთი არასწორი ნაბიჯი და შესაძლოა, დაიწვე. 

კრიზისებისა და კონფლიქტების გაშუქება მოითხოვს საკუთარ თავზე რუტინულ მუშაობას, სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნასა და გათვალისწინებას, მაღალ პასუხისმგებლობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ისე, რომ არავინ არ დაზარალდეს. 

საბოლოოდ ვასკვნით, რომ ერთი შეხედვით რთული არჩევანი, სინამდვილეში მარტივი გასაკეთებელია. თუ ჟურნალისტი ელემენტარული სტანდარტებისა და ნორმების დაცვას მიჰყვება, მისი გადაწყვეტილებები სწორედ ამ სტანდარტებიდან იქნება ნაკარნახევი. თვითცენზურა და გამოხატვის თავისუფლების თვითშეზღუდვა, სინამდვილეში მარტივი ჟურნალისტური პრინციპებია.