DATA149.1.19

Logo

რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში

ქეთი რევაზიშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მეზობელ თურქეთთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ენიჭებოდა. თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 16 დეკემბერს საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო და ამ პერიოდიდან რთული ისტორიული წარსულის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. თურქეთი საქართველოსთვის წარმოადგენს „სტრატეგიულ პარტნიორს“  როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც უფრო მეტად ამყარებს ფაქტს თურქეთის პოლიტიკის დადებით ასპექტებზე საქართველოსთან მიმართებაში.

      სწორედ თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობაა მიზეზი იმასა რომ, საქართველოში არსებული პრორუსულად განწყობილი მედია საშუალებებისა და პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი საქართველოში ანტითურქული განწყობების შექმნაა. ისინი დეზინფორმაციით, ქსენოფობიით, ცდილობენ თურქეთი საქართველოსთვის უდიდეს საფრთხედ წარმოაჩინონ კავკასიაში, რათა რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა დააბალანსონ სხვა ქვეყნების, ჩვენ შემთხვევაში კი თურქეთზე შექმნილი კონპირაციებით. კრემლისტური ძალები ძირითადად ცდილობენ დანერგონ შიში და ქვეყანაში არსებულ სენსიტიურ საკითხებზე გააკეთონ აქცენტი, რადგანაც ეს საზოგადოების დიდ ყურადღებას იწვევს .ნარატივებს რომელსაც ისინი ძირითადად ავრცელებენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასულიერო პირებისა და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ გარკვეულ წრეებში, რეალურ ფაქტებს ეფუძნება, თუმცა ამ კონკრეტულ ფაქტებს ისინი ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენენ.

მონიტორინგის შედეგად მოძიებულ მასალებში, არსებული ნარატივები ძირითადად ეხება მითებს, რომ თურქეთს აჭარის მითვისება სურს და კრემლისტური ძალები ამ მტკიცებას ყარსის ხელშეკრულებაზე არსებული კონსპირაციებით ასაბუთებენ. ასევე აქტიურად განიხილებოდა, თურქეთისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაცემის საკითხი, რომელზეც პროპაგანდისტულმა ჯგუფებმა ყალბი სტატისტიკები გაავრცელეს და მითები იმის შესახებ, რომ თურქი ინვესტორები საქართველოს ეკონომიკას იპყრობენ. კიდევ ერთი ნარატივი, რომლითაც კრემლისტური ძალები სპეკულირებდნენ იყო ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში თურქეთის ჯარების განთავსება საქართველოში.

„ყარსის ხელშეკრულების“ გარშემო გავრცელებული კონსპირაციები, ეხებოდა დოკუმენტის ვადის გასვლას, საუბარი იყო ერთ-ერთ მუხლზე რომელიც აჭარაში რეფერენდუმის ჩატარებასა და აჭარის თურქეთის ტერიტორიად გადაქცევას გულისხმობდა.

ეს თემები ყველაზე აქტუალური განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანაში რუსეთის მიმართ იმატებს კრიტიკა, სწორედ ამ სიტუაციებისგან ყურადღების გადატანის მიზნით ამ აქტორებს თურქეთი შემოჰყავთ დღის წესრიგში, ამგვარ ტაქტიკას „whataboautism” -ს უწოდებენ, რომელიც ფესვებს საბჭოთა კავშირიდან იღებს.

ერთ-ერთი პირველი ვინც წლებია მედია მონიტორინგს ანხორციელებს, როგორც „ანტიდასავლური პროპაგანდის“ კვლევის, ასევე იკვლევს თურქოფობიურ ნარატივებსა და მათ წყაროებს არის „მედიის განვითარების ფონდი“(MDF). MDF- მა მედია მონიტორინგის ფარგლებში 2014 წლიდან 2018 წლამდე ანტიდასავლური პროპაგანდისა და კრემლისტური გავლენის ინდექსის კვლევები გამოაქვეყნეს. ამ კვლევებში დეტალურად არის განხილული ანტიდასავლური გზავნილები და მათი წყაროები. ეს ორგანიზაცია მონიტორინგს ატარებს მედიაზე, პარტიებსა და პოლიტიკოსებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოების წარმომადგენლებზე. გამოქვეყნებულ მასალებში განმარტებულია კონკრეტულად რა სტრატეგიას იყენებენ კრემლისტური ძალები და რა ნარატივებს ავრცელებენ ისინი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მეტი თვალსაჩინოებისთვის მოყვანილია დიაგრამები, სტატისტიკები, ციტატები კონკრეტული პირებისა თუ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული. ნარატივებად არის ჩაშლილი თითუეული თემა, რომელსაც თან ახლავს მონიტორინგის შედეგად მიღებული შედეგები, თუ სად და კონკრეტულად ვისგან გავრცელდა ესა თუ ის კონსპირაცია. მაგალითად:

- „როგორც სიძულვილის ენის მონიტორინგი ცხადყოფს, პატიოტთა ალიანსი, რომელიც თურქოფობიის გაღვივებით გამოირჩევა, აქცენტის გადატანას ქვეყნის ამჟამინდელი საფრთხეებიდან (რუსული ოკუპაცია) ისტორიულ პრობლემებზე(ოსმალეთის იმპერიის ოკუპაცია) ცდილობს, აღვივებს რა ისტორიულ ტრამვას და ამკვიდნრებს აზრს, რომ არა მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი, არამედ თურქეთიც“

- „ანტიდასავლური პროპაგანდა“ , გვ.30-31. 2016

მასალაში ამ კონსპირაციის შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსის წევრის ციტატა, რომელიც დასტურია იმისა რომ, ეს პარტია მართლაც ანტიდასავლური და ანტიტურქული განწყობების გაღვივებას ცდილობს და წყაროდ არის გამოყენებული.

- „ჩვენი საზოგადოება, რომელსაც 100% უნდოდა ნატოში 15 წლის წინ, დღეს ნახევარზე მეტს აღარ უნდა და ეს იმიტომ ხდება, სწორედ რომ სულ აი, ასეთ ტყუილებში ვიყავით“

- დავით თარხან-მოურავი, „ანტიდასავლური პროპაგანდა“ , გვ.30-31. 2016

   ასევე მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებს „მითების დეტექტორი“, რომელიც აშკარავებს კრემლისტური ძალების მიერ გავრცელებულ მითებს. „დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთის 25 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა“,ეს არის ერთ-ერთი მასალის სათაური, რომელიც ამხელს სიცრუეში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის გიორგი ლომიას მიერ „ობიექტივის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას 25000 თურქისთვის ქართული პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით და აქვეყნებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკას.

„მითი, თითქოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს თურქეთის სამხედრო ბაზად გადააქცევს, მცდარია“, 2015 წელს გამოქვეყნებული მასალა იმის მტკიცებულებაა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემთხვევაში საქართველოში თურქეთის ბაზები არ განთავსდება.

რაც შეეხება „ყარსის ხელშეკრულების“ გარშემო შექმნილ ნარატივებს „მითების დეტექტორმა“ მიუძღვნა სტატია სათაურით „3 მითი ყარსის ხელშეკრულების შესახებ“, სადაც საუბარია ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებით, ასევე ბათუმში ნატოს ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით და მუსლიმებისთვის რეფერენდუმის ჩატარების უფლებაზე. ზემოთ ხსენებულ სამ მითზე ამომწურავი ინფორმაციია მოცემული და მოყვანილია რეალური ფაქტები.

„ყარსის ხელშეკრულების“ შესახებ კვლევა გამოაქვეყნა „Facktcheck”- მაც სათაურით „განმეორებითი კონსპირაციები ყარსის ხელშეკრულების შესახებ“. მოცემულია ზოგადი ინფორმაცია „ყარსის ხელშეკრულებაზე“, ასევე გადმოცემულია დოკუმენტი სხვადასხვა პერიოდში რა აქტულუალობასა და ინტერპრეტაციას იძენდა. ა და ბოლოს მოცემულია ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლებიც.

ეს რაც შეეხებოდა ქართულ ენოვან კვლევებსა და ლიტერატურას. ერთადერთი უცხოენოვანი კვლევა რაც მოვიძიე ამ საკითხთან დაკავშიებით იყო პორტალ medium.com-ზე გამოქვეყნებული ანტითურქულ განწყობებზე შექმნილი სტატია სათაურით Pro-Kremlin Actors Fuel Anti-Turkish Sentiment in Georgia, რომელშიც ნათლად არის გამოხატული კრემლისტური პოლიტიკის ნარატივები. ამ სტატიის ავტორი არის ეთო ბუზიაშვილი მან ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა medium.com - ზე , სადაც ნათქვამია,რომ ამ განწყობების გავრცელების უკან სწორედ პრორუსული ძალები ფიგურირებენ. მასალა იწყება კონტექსტით, რომლიც გადმოსცემს თურქეთსა და საქართველოს შორის მძლავრი ეკონომიკური, დიპლომატიური და სტრატეგიული კავშირების არსებობას. სტატიაში ნახსენებია ასევე ისიც, რომ თურქეთი არის ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომლის საზღვრებიც ასი პროცენტით დემარკირებულია. ავტორის თქმით სწორედ ეს ურთიერთობა გახდა, კრემლისტური ძალებისთვის ყურადღების მიმქცევი და სწორედ ამიტომ აამოქმედა რუსეთმა პროპაგანდისტული მანქანა, რათა გაარღვიო ის პოლიტიკა, რაც თურქეთ-საქართველოს შორის ჩამოყალიბდა. მასალაში გადმოცემულია თუ როგორ ცდილობენ გარკვეული მედიასაშუალებები და „ფეისბუქ“ ჯგუფები, თურქეთისგან მტრის ხატის შექმნას. ძირითადი ნარატივები, რომლიც ნახსენებია მასალაში არის, თუ როგორ ცდილობს თურქეთი აჭარის წართმევას, რომ თურქი ინვესტორები საქართველოს ეკონომიკას იპყროებენ და თურქმა ტურისტებმა. ქართული ქალაქები წალეკეს

თურქოფობიური შინაარსის სტატიებში,უპირველესად ხაზი არის გასმული იმაზე, რომ თურქეთი ოდითგანვე აგრესორი და ოკუპანტი იყო მართლმადიდებელი საქართველოსთვის. რომ, ის მუდმივად ცდილობდა  ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის არსებობის პერიოდში ტერიტორიების მისაკუთრებას, საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდა და აწიოკებდა საქართველოს მოსახლეობას, იტაცებდნენ და სტამბოლის ბაზარზე მონებად ყიდდნენ ქართველ მოზარდებს. პრორუსულ მედია გამოცემებში გამოქვეყნებულ მასალებში, რომლებშიც საუბარი ოკუპაციაზეა ძირითადად მოყვანილია ძველი ისტორიული მასალები, რომლითაც ცდილობენ განამტკიცონ არსებული მითები თურქეთის ოკუპანტობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, თურქოფობიის უფრო მეტად გასაღვივებლად ისინი „whataboutism” ტაქტიკას მიმართავენ. Whataboutism არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებით პასუხობს ოპონენტი, ან სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.  თეორეტიკოსების თქმით ეს არის „tu quoque” ფორმა, რაც ლათინურად “you too” ანუ „თქვენც“ ნიშნავს. ამ ტაქტიკის გამოყენება საბჭოთა კავშირმა იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით დაიწყო ცივი ომის პერიოდში. როდესაც დასავლეთი სტალინისა და მისი მომხრეების კრიტიკას იწყებდა არსებული ფაქტებით, სტალინი თავისი პროპაგანდისტული მაქანქანის დახმარებით საპირისპირო ბრალდებებს უყენებდა, ცდილობდა დასავლეთის დადანაშაულებას და თავის მის საპირწონედ გამოყვანას. ზუსტად იგივე ტაქტიკას მიმართავს ვლადიმეტ პუტინი თავისი პროპაგანდისტური ქსელებით, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში.მაგალითად,როდესაც ლაპარაკი იწყება იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპაციას უწევს ქართულ მიწებს, ამ დროს პრორუსული ძალები ავრცელებენ ნარატივს,რომ რუსეთი კი ცუდია, მაგრამ თურქეთიც  არ არის ჩვენი მეგობარი. ამ საკითხის შესახებ მესაუბრა ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თანადამფუძნებელი და მისი წევრი ლაშა ბაქრაძე.

- „აქ არის ერთი მთავარი თემა ჩვენ ვლაპარაკობთ ხშირად აფხაზეთის ოკუპაციაზე რუსეთის მხრივ და სწორედ ამიტომ მიდის “what about” ტაქტიკის მიხედვით საუბარი, რომ რატომ ლაპარაკობთ რუსეთის ოკუპაციაზე როდესაც საქართველოს ისეთი უძველესი ტერიტორია როგორიც ტაო-კლარჯეთია, არის ოკუპირებული თურქეთის მიერ. არანაირ კავშირში არ არის ტაო-კლარჯეთი არც აფხაზეთთან და არც ოსეთთან. ლოგიკიდანაც კი გადის, საქართველო არ არის მოცემულობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა საზღვარი ქონდა, აქვს და ექნება.“- (ლაშა ბაქრაზე, 2 მაისი. 2020)

- „პრორუსული ძალები ყველაზე აქტიურად „what about” ტაქტიკას იყენებენ, რომელიც მათთვის ყველაზე აპრობირებულია. როდესაც რაღაცაში გამოიჭერენ, მერე იწყება „what about others”. იმას არ ცდილობენ რომ რუსეთი კარგი გამოიყვანონ, არამედ ის,რომ ისინი ცუდები არიან, მაგრამ არც თურქეთია ნაკლები. ამ ხერხებით ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ და გააღვივონ პატარ-პატარა ნაპერწკლები თურქეთის წინააღმდეგ“. – (ეთო ბუზიაშვილი, 19 აპრილი.2020)

- “რუსეთი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მტერია, თურქეთი კი საქართველოს მთავარი მოკავშირე. ჩვენ დავივიწყეთ თურქი ლიდერების სკანდალური განცხადებები, რომელთა თანახმად, “ბათუმი და ქობულეთი ისტორიულად თურქეთს ეკუთვნის”, რომ არაფერი ვთქვათ თურქი მესაზღვრეების მიერ აჭარაში საზღვრის თვითნებურად გადმოწევაზე“ – (ნიკა კორინთელი, საქართველო და მსოფლიო , 1 მარტი . 2018)

     ანტიდასავლურ მასალებში ვხვდებით ასევე, პირდაპირ ქებას საბჭოთა კავშირისა და მისი მეთაურის იოსებ სტალინის მიმართ. ამ შემთხვევაში ძირითადად ადგილი აქვს ნახევრად სიმართლეს, როდესაც ინფორმაცია შეიცავს სიმართლის ელემენტებს, თუმცა მასში დიდწილად არის მანიპულაციური სიტყვები და ასევე შედგება ყალბი კონტექსტისგან, რომელთა მიზანიც სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთში აღრევას გულისხმობს. მაგალითისთვის  შეგვიძლია მოვიყვანოთ „საქართველო და მსოფლიოზე“ გავრცელებული ერთ-ერთი სტატია, სადაც განხილულია თუ როგორ ცდილობდა იოსებ სტალინი თურქეთისგან წართმეული მიწების დაბრუნებას საქართველოსთვის.

- ”საბჭოთა კავშირი კი, სტალინის ხელმძღვანელობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო აუმხედრდა, რატომ სთხოვ თურქეთს დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებასო, მაინც ცდილობდა ძირძველი ქართული მიწების შემოერთებას.“- (ნიკა კორინთელი, საქართველო და მსოფლიო, 15 მარტი. 2018)

საბჭოთა კავშირმა, მართლაც იბრძოლა სხვადასხვა ქართული ტერიტორიისთვის და დაიდო ზავებიც, თუმცა მისი პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმპერიალისტურ მიზნებს ემსახურებოდა, რომ გაეზარდა საკუთარი ტერიტორია.

ამავე სტატიაში აშშ და თურქეთი მოკავშრეებად არიან მოხსენიებული, ტექსტიდან გამომდინარე კი ეს ნიშნავს იმას,რომ აშშ მხარს უჭედა თურქეთის ექსპანსიას საქართველოში და მის მიერ ტერიტორიების დაკავებას, რაც უფრო მეტად აღრმავებს როგორც ანტი-დასავლურ, ისე ანტი-თურქულ განწყობებს საზოგადოებაში.

კრემლისტური მედიასაშუალებები ხშირად მიმართავენ რიცხვებით მანიპულაციას და ყალბი სტატისტიკების გამოყენებას, რათა უარყოფითი განწყობა შექმნან თურქების მიმართ და საზოგადოების თვალში მტრად წარმოაჩინონ. ამისთვის, თურქოფობიულ კონტექსტში სხვადასხვა წყაროები და ონლაინ გამოცემები პერიოდულად ავრცელებენ დეზონფორმაციას, იმის შესახებ, რომ თურქეთის ათეულ ათასობით მოქალაქეს ქართული პასპორტი დაურიგდა, რომელიც აჭარის რეგიონის დაკარგვის საფრთხეს ქმნის და მის ისლამიზაციას უწყობს ხელს. ამის შესახებ საუბარი იყო ტელევიზია „ობიექტივზე“ ჯერ 2017 წელს გადაცემა „სპექტრის“ წამყვან დავით აქუბარდიას მიერ, ხოლო შემდეგ 2018 წელს პატრიოტთა ალიანსის წევრის გიორგიო ლომიას მიერ, სადაც ისინი ყალბი მონაცემებით მსმენელის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

- „23000 თურქს აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. აი მათ რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ ახლა შემოდგომაზე მონაწილეობა პირველ ადგილზე გავლენ ბათუმში.“ –(დავით აქუბარდია, გადაცემა „სპექტრი“ , 15 მარტი. 2017)

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოს მოქალაქეობა 27000 -მდე პირმა მოიპოვა, აქედან 3050 თურქეთის ხოლო 21660 რუსეთის მოქალაქე იყო.(სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტო.2018) აქედან გამომდინარე, პრორუსული ძალების მიზანი იყო სწორედ ის რომ გადაეფარათ სიმართლე და ყურადღება გადაეტანათ ყალბი სტატისტიკებით.

ანტითურქული გარემოს შესაქმნელად რუსული რბილი ძალის წარმომადგენლები  „ისლამიზაცია“ ამ სიტყვას თავისი მნიშვნელობით იყენებენ  მაშინ, როდესაც განიხილავენ თემას თუ რა საფრთხეს შეიცავს აჭარისთვის პირველ რიგში  „ამდენი“ თურქი მოსახლე, რომლებსაც მოქალაქეობას „ურიგებენ“ და მოჰყავთ ყალბი სტატისტიკები, ასევე მაშინ როდესაც ეკონომიკაზე საუბრობენ და იმ კაპიტალზე,რასაც თურქი ბიზნესმენები აჭარაში დებენ. კონპირაციები რომელსაც ისინი ავრცელებენ ძირითადად ეფუძნება იმას რომ ბათუმში თურქული ბიზნესი ყვავის, იხსნება მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები, რომელიც ქართული ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს.

- ერთ-ერთი რაც ძალიან მოქმედებს და ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე ეს არის ეკონომიკური არგუმენტი, რომელსაც ისინი იყენებ, რომ თურქეთი ცდილობს ეკონომიკურად დაიმორჩილოს და გადაყლაპოს საქართველო. ამ ნარატივს ისინი ამყარებენ ფაქტებით, რომ თურქული ბიზნესები მომრავლდა, რომ ყიდულობენ ბინებს, მიწებს და ქართველენს დევნიან საკუთარი მიწებიდან, ასე ისინი ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდიან ქართველებს თურქეთზე.“ – (ეთო ბუზიაშვილი, 19 აპრილი. 2020)

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც ეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, მეორე ადგილს თურქეთი იკავებს.

      საქინფორმის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „არჩილ ჭყოიძე : დღეს აჭარის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ“ საუბარია ქართული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, რამაც არჩილ ჭყოიძის აზრით შეიძლება აჭარის დაკარგვამდე მიგვიყვანოს.

- „ბევრი ფაქტია უკვე აჭარაში თურქების მიერ მიწების შეძენის, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, ბათუმში, ქობულეთში. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ქართული მიწების გასხვისება, შესაძლოა აჭარაში ქართული მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდეს! არ გვინდა დავინახოთ, მაგრამ კატასტროფის პირას ვართ, რამაც შესაძლოა აჭარის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს. ჩვენ ყველამ ერთად უკვე  უნდა დავიწყოთ დიალოგი ამ თემაზე, რომ შევაჩეროთ აჭარის ისლამიზაციის პროცესი, შევაჩეროთ ქართული მიწების გაყიდვის პროცესი, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება!“ – (არჩილ ჭყოიძე , გამოცემა „საქინფორმი“, თარიღი უცნობი.)

რაც შეეხება მიწების გასხვისებას, უცხოელ მოქალაქეებზე და კერძოდ თურქებზე, საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ 2012-2016 წლების ოფიციალურ სტატისტიკაში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში საკუთრების რეგისტრაციაა ასახული, თურქების მიერ სულ 80 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა რეგისტრირებული. რაც შეეხება არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწას და ბინა/სახლს სულ 490 ერთეულია რეგისტრირებული მთელ საქართველოში. ამ ოფიციალური სტატისტიკიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრორუსული ძალების მიერ გავრცელებული მითი, იმის შესახებ რომ საქართველოს და კერძოდ აჭარის მიწების გასხვისება ხდება, მაღალი ტემპით არ შეესაბამება სიმართლეს.

     ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება = თურქეთის ჯარების განთავსებას

კიდევ ერთი კონსპირაცია რომლითაც პრურუსული ძალები სპეკულირებდნენ იყო ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში თურქეთის ჯარების განთავსებას საქართველოში. არაერთი სტატია მიეძღვნა ამ თემას ანტიდასავლური მედია საშუალებების მხრიდან, სადაც ძირითადი ნარატივი იკვეთება ის რომ ევროატლანტიკურ ალიანსში შესვლის შემთხვევაში თურქეთს მიეცემა  საშუალება ნატოს ეგიდით ჯარი შემოიყვანოს საქართველოში.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს არ გააჩნია ჯარი, იგი შედგება სამხედრო მართვის სტრუქტურისა და თავდაცვითი შესაძლებლობებისგან, რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას. ნატოს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით- წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტუს მიმართ საფრთხის შემთხვევაში, ამ საფრთხისაგან ქვეყნის დასაცავად. ნატოს წესდებაში არსად არ არის აღნიშნული რომ, ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში სამხედრო ბაზების განთავსებას სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ასევე უნდა აღინიშნოს რომ მშვიდობიანობის დროს ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები თვითონ ამ სახელმწიფოს დაქყვემდებარების ქვეშ არის და არა ნატოსი. ხაზ გასასმელია ის ფაქტიც, რომ ნატოს წევრი ვერც ერთი ქვეყანა თვითნებურად ვერ გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებას თუ სხვა წევრი სახელმწიფოების თანხმობა არ ექნება.

მეორე შემთხვევა უკავშირდება 1945 წელს ქართულ პრესაში აგორებულ კამპანიას თურქეთის მიერ მიტაცებული ძირძველი ქართული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამ კამპანიის მიზანი ყარსის ხელშეკრულები გაუქმება იყო. 1992 წელს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ცდილობდა მეზობელ თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოგვარებას კვლავ გააქტიურდა ხელშეკრულების გაუქმების საკითხი, არგუმენტად კი ასახელებდნენ, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე ჰქონდა გაფორმებული. ამავე წლის 30 ივნისს, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება „ საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“. ამ ხელშეკრულებაში ნახსენებია ყარსის ხელშეკრულებაც მხოლოდ ორი ქვეყნის საზღვრების აღიარების კონტექსტში სადაც მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით და მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.

ანტითურქული პროპააგანდის გაღვივებაში განსაკუთრებულ როლს პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ ასრულებს. მათი 2016 წლის წინა საარჩევნო პროგრამა აგებული იყო თურქოფობიურ მესიჯებზე, მთავარი გზავნილი კი იყო „თურქეთი ოკუპანტია“. მათ წინ წამოწიეს და საუბარი დაიწყეს „ყარსის ხელშეკრულებაზე“, რომელსაც მათი განცხადებებით 2021 წელს ვადა გასდის. გააჩინეს კითხვები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმებაზე. ასევე თითქოს ხელშეკრულება მუსლიმებისთვის რეფერენდუმის ჩატარების უფლებას ითვალისწინებს. ამ საკითხის უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მათ თურქების რაოდენობის ზრდა დაასახელეს აჭარაში და ყალბ სტატისტიკებზე ალაპარაკდნენ, რაც ზემოთ უკვე განვიხილე.

ალბათ გამოაშკარავება და ხალხისთვის ახსნა,რომ ეს ყველაფერი მოდის რუსეთიდან, დასახელებული და განმარტებული იქნება მიზეზები პროპაგანდის. ხალხისთვის არც ისე რთულია ამის ახსნა, რაც უფრო მეტჯერ დაიწერება ამ თემაზე, ტელევიზიები ამაზე ილაპარაკებენ და კონკრეტულ მესიჯებს გააგზავნიან საზოგადოებაში, ფაქტებს წარადგენენ, მაგალითად ჩვენ კვლევაში რუსული სტატიები იყო გადათარგმნილი, რაც უფრო ნათელს ხდის ყველაფერს. რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს უნდა ვაჩვენოთ რომ აი აქედან მოდის. ყველაზე დიდი პრობლემა არის საზოგადოებასთან არასწორი კომუნიკაცია და იმ თემებზე არ საუბარი რაზეც რეალურად უნდა გაკეთდეს აქცენტები. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია პირველრიგში დეზინფორმაციის გამოააშკარავება და ახსნა, სწორედ ამ უკანასკნელზე ვაკეთებთ ყველა მეტად აქცენტს. თუ პრობლემა არსებობს და არ იცი რა არის, ისე ვერ შეებრძოლები თუ აუხსნი და ეცოდინება რომ აქედან მოდის, უფრო მარტივად დაძლევადი შეიძლება იყოს ეს პრობლემა.