DATA149.1.19

Logo

საჩინო რესტავრაციის მოლოდინში – ისტორია, რომელიც იკარგება

მარიამ ჭედია, ხატია ცანავა

თბილისი (BPI) – დარეჯან დედოფლის სასახლე და მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი სამი საუკუნეა ურყევად ინარჩუნებს თბილისის სავიზიტო ბარათის სტატუსს. ამაში მარტივად დარწმუნდებით, როდესაც სხვადასხვა ასაკის ფოტოაპარატ მომარჯვებულ ტურისტებს დაინახავთ, რომელთა თვალებში აღფრთოვანების ამოკითხვა კიდევ უფრო მარტივია.

დარეჯან დედოფლის სასახლესა და ტაძარს რესტავრაცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა ის ახლაც რესტავრაციის მოლოდინშია. სასახლის გალავანი, რომელიც არა ერთ მძიმე ისტორიას ინახავს დაბზარულია, ტაძრის კედლები დაზიანული, საძირკველი კი გამაგრებას საჭიროებს. მისთვის მთავარ საფრთხეს მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს.

სასახლის მცირე დარბაზი ძველ დროს მხოლოდ აქ არსებული ნივთებით და სამეფო ოჯახის პორტრეტებით გვახსენებს. ხშირი დაზიანებებისა და აღდგენების გამო ირანულ ყაიდაზე მოწყობილმა დარბაზმა პირვანდელი სახე ვერ შეინარჩუნა.Image result for დარეჯან დედოფლის სასახლე

დღეს დარეჯან დედოფლის სასახლე და მიმდებარე შენობათა კომპლექსი კატასტროფის წინაშეა, არსებობს დანგრევის საფრთხე. ნგრევის საშიშროება რეალურია, რადგან რამდენიმე თვის წინ ერეკლე II-ის ოთახი ჩამოინგრა. ნაგებობები კლდეზე დგას, კლდე კი იშლება, წყლებით ხდება მისის გამოფიტვა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, კვლევების გარეშე  რეაბილიტაციის ჩატარება შეუძლებელია. „უნდა შეირჩეს ინდივიდუალური მეთოდოლოგია, რომლითაც მოხდება რესტავრაცია. მთლიანად კლდის გამაგრება შეუძლებელია, რადგან შესაძლოა ძეგლს იერსახე დაეკარგოს“, – ამბობენ სააგენტოში.

2016 წლის აგვისტოში ქართველ ინჟინრებთან ერთად კვლევით სამუშაოებში ამერიკელი ინჟინერი ედმუნდ მეადლე ჩაერთო. კვლევითი სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის გეგმა ჯერ კიდევ არ არსებობს.

სასახლე ულამაზესი აივნით არის ცნობილი, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს დედაქალაქს და ამშვენებს ციხე-გალავნის ერთ-ერთ ბურჯს. აივნიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლება და დედაქალაქის სხვადასხვა კუთხიდან კარგად სჩანს, სწორედ ამიტომ სასახლეს ძველად „საჩინოს“ ეძახდნენ.

ისტორიკოს თამარ ქორიძის აზრით, მნიშვნელოვანია ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება, შესაბამისმა ორგანოებმა აუცილებლად დროული რეაგირება უნდა მოახდინონ პრობლემაზე და მაქსიმალურად ეცადონ ძველი იერსახე შეუნარჩუნონ ძეგლს. ისტორიკოსი დეტალურად გვიყვება დარეჯან დედოფლის სასახლისა და ტაძრის ისტორიას, რომლის გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო ვრწმუნდებით მის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებაში. დარეჯანის სასახლე 1776 წელს ერეკლე მეფის მეუღლის დარეჯან დედოფლის მოთხოვნით აიგო. 1789 წელს კი დარეჯან დედოფალმა სასახლესთან წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია ააგო. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ , სასახლე და ეკლესია შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ, რომელმაც გახსნა სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები. მიტროპოლიტმა იონამ 1824 წლის 29 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერიცვალების სახელზე და დააარსა ამავე სახელობის მამათა მონასტერი. 1906-1908 წლებში ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო ,შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია). კომუნისტური რეჟიმის წლებში მონასტერი არ ფუნქციონირებდა. ტაძრის ტერიტორიაზე დაარსდა ერთი მსახიობის თეატრი და 90-იან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. 1991 წლიდან ტაძარი საპატრიარქოს გამგეობაში გადავიდა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით აქ დაარსდა დედათა მონასტერი.

Related imageსასახლე და ტაძარი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტურულ კომპლექტს შეადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული, თუმცა, დღეს ტაძარი და მხოლოდ ერთი მცირე დარბაზია შემორჩენილი.

ფერიცვალების სახელობის ბაზილიკური ტაძარი კრამიტითაა გადახურული, დასავლეთით მიშენებული აქვს სამრეკლო, სამონასტრო კომპლექსი შემოზღუდულია ლოდებით აშენებული გალავნით. კარის თავზე ჩასმულია ფერიცვალების ხატი.

მონასტერში მცხოვრები დედაოები, რომლებმაც აქ უკვე საუკუნის ერთი მეოთხედი გაატარეს მხოლოდ ღვთის იმედად არიან დარჩენილნი და სჯერათ, რომ უფლის შეწევნით სასახლე და ტაძარი ძველ დიდებას არასდროს დაკარგავს, კიდევ დიდხან შეინარჩუნებს დედაქალაქის სავიზიტო ბარათის სტატუსს.

ხატია ცანავა; მარიამ ჭედია, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI- ერთობლივი პროექტის ფარგლებში