წინასწარ გადახდილი „მშვიდი სიბერე“ - კერძო პანსიონატი, რომელსაც სახელმწიფო ვერ ხედავს
ანანო ომაძე
ხანდაზმულთა კერძო პანსიონატმა „მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ დაარსებიდან დღემდე მისამართი სულ მცირე სამჯერ შეიცვალა. ნაქირავები სივრცეებიდან დაწესებულება პოლიციის ჩარევით გამოასახლეს. ახლა ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ, ოჯახები - წინასწარ გადახდილ თანხებს. პროცესი სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს: პანსიონატი არცერთ უწყებას არ შეუმოწმებია. მოქმედი კანონმდებლობით, ეს არც არავის ევალება.
„სოციალურ ქსელში გვერდს 2 700 მიმდევარი ჰყავს. მას „ხანდაზმულთა პანსიონატი - მშვიდი სიბერე“ ჰქვია. აღწერაში ვკითხულობთ: „ზრუნვა და სითბო მათთვის, ვინც სიბერეში ყურადღებას იმსახურებს“. საქმიანობის კატეგორიად კი მითითებულია - „ჯანმრთელობა/სილამაზე“.
ეს ვირტუალური იდენტობა მოგვიანებით შეიქმნა. საჯარო რეესტრში მმართველი ორგანიზაცია სხვა სახელწოდებით იძებნება - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ (ს/კ 400398814). ორგანიზაცია 2024 წლის ივლისში, ნაძალადევის რაიონში დარეგისტრირდა. თუმცა, დღეს ის დიღომში, ნაქირავებ კერძო სახლში ფუნქციონირებს. ბოლო ცნობით, იქ 15-მდე ხანდაზმული ცხოვრობს.
ოფიციალურ დოკუმენტებსა და საჯარო სივრცეს შორის განსხვავება ხელმძღვანელის ვინაობაშიც ჩანს. რეესტრის ამონაწერით, ორგანიზაციის ერთპიროვნული მმართველი ელისო ფხაკაძეა. თუმცა, სოციალურ ქსელებსა და პირად მიმოწერებში იგი ელენე ფხაკაძის სახელით ფიგურირებს.

პანსიონატის ფეისბუქ-გვერდი. ოფიციალური სახელწოდება — „მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ — გვერდზე აღარ ჩანს.
„პერსონა 2025“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ფხაკაძე „წლის წარმატებულ ადამიანად“ დაასახელეს. ამის შესახებ პანსიონატის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა. ამ წლის მაისში იმავე პოსტს ფეისბუქ-ჯგუფში „თაღლითების გამოაშკარავების ჯგუფი“ სულ სხვა სათაურით აზიარებდნენ.
ბოლო თვეების განმავლობაში პანსიონატის გარშემო ერთი და იმავე შინაარსის ისტორიები ვრცელდება. (საჯარო პოსტები პანსიონატის შესახებ: ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3) ოჯახები წინასწარ გადახდილ ფულს ითხოვენ; ყოფილი თანამშრომლები - გაუცემელ ხელფასებს; სახლის მფლობელები კი ჰყვებიან, რომ გადაუხდელი ქირის გამო, საკუთარი ქონების დასაბრუნებლად პოლიციის ჩართვა დასჭირდათ.





პოსტები და კომენტარები ფეისბუქ-ჯგუფიდან „თაღლითების გამოაშკარავების ჯგუფი“, 2026 წელი.
ამ გამოძიების ფარგლებში პანსიონატთან დაკავშირებულ ექვს ადამიანს გავესაუბრე: ყოფილი ბენეფიციარების ოჯახის წევრებს, ყოფილ თანამშრომლებსა და იმ სახლების მფლობელებს, სადაც დაწესებულება ფუნქციონირებდა. რესპონდენტთა ვინაობა დადასტურებულია. მათი ნაწილი ღიად საუბრობს, ნაწილი კი, მიმდინარე სამართლებრივი პროცესების გამო, ანონიმურობას ამჯობინებს.
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწყებული ეს ისტორიები ერთ საერთო მოცემულობამდე მიდის: წინასწარ გადახდილი თანხები, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა, არასათანადო საცხოვრებელი გარემო და რეალობა, სადაც პრობლემის გაჩენისას ადამიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე რჩება.
ხუთი სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ამ სიცარიელის მიზეზს ხსნის. ოფიციალური დოკუმენტებით, „მწვანე სახლი“ არცერთ სახელმწიფო პროგრამაში არ ფიგურირებს. მოქმედი კანონმდებლობით, მას ლიცენზია არ მოეთხოვება. სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი იქ არასდროს ყოფილა. პოლიციაში საჩივარი არ იძებნება, შემოსავლების სამსახურისთვის კი ორგანიზაციის არსებობას მხოლოდ 200-ლარიანი საგადასახადო დავალიანება ადასტურებს.
„დედა ჩატეხილ საწოლზე იწვა“
სოფიამ დედა პანსიონატში მაშინ გადაიყვანა, როცა სახლში მისი მოვლა ოჯახს აღარ შეეძლო. ეძებდნენ ადგილს, სადაც ასაკოვან ქალს მუდმივი მეთვალყურეობა, კვება და სამედიცინო დახმარება ექნებოდა. სამი თვის საფასური წინასწარ გადაიხადეს. ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.
თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, ერთ დღესაც, ვიზიტისას, დაპირებული გარემო და რეალური სურათი ერთმანეთს აცდა.
„დედა ჩატეხილ საწოლზე იწვა. ეს იყო პირველი, რაც დავინახე. მაშინვე მოვითხოვე სხვა ოთახში გადაყვანა“.
მოთხოვნის შემდეგ, ასაკოვანი ქალი სხვა სივრცეში, პირველი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს. მიუხედავად ვიზუალური რემონტისა, ოთახში მუდმივი ნესტი იდგა, რაც ასთმის მქონე ადამიანისთვის სუნთქვას ართულებდა. შენობაში არსებული ვიწრო კიბეები კი ჭარბწონიანი, ხანდაზმული ქალის გადაადგილებას ფიზიკურად კიდევ უფრო ზღუდავდა.
სოფია ამბობს, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში ცდილობდა, მდგომარეობა გამოესწორებინა, მაგრამ თანდათან დარწმუნდა, რომ საქმე ერთ ოთახში არ იყო. ხშირად უჩნდებოდა განცდა, რომ მობინადრეთა ყოველდღიური საჭიროებები სრულად არ კმაყოფილდებოდა.
მისი დედა 2026 წლის იანვარში გარდაიცვალა. როდესაც ოჯახმა პანსიონატს დარჩენილი პერიოდის საფასურის უკან დაბრუნება მოსთხოვა, უარი მიიღო.
„იმ დროს ფულზე ნაკლებად ვფიქრობდი. დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა. მაგრამ როცა გარკვეული დრო გავიდა, მივხვდი, რომ ამ საქმეს ასე არ დავტოვებდი“.
მაისში სოფიამ პანსიონატის შესახებ ორი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მას შემდეგ იურისტებთან კონსულტაციები დაიწყო და ახლა კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად სამართლებრივი გზით რეაგირებას გეგმავს. ამბობს, რომ საკუთარი ფულის დაბრუნება მთავარი აღარ არის - სურს, უწყებებმა შეისწავლონ, როგორ მუშაობს ასეთი დაწესებულებები და რამდენად დაცულია იქ მცხოვრები ადამიანები. (სოფიასთან ინტერვიუს თარიღი 27/05/2026)
„ჩემი დანაშაული თანხაა მხოლოდ…“
მაკა (სახელი შეცვლილია) და მისი მეუღლე ემიგრაციაში არიან. ოჯახს მამამთილის ყოველდღიური მოვლა აღარ შეეძლო. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კერძო პანსიონატი ყველაზე უსაფრთხო გამოსავლად მიიჩნიეს. ფული წინასწარ გადაიხადეს. ხელშეკრულება არც მათ გაუფორმებიათ.
რამდენიმე დღეში მიხვდნენ, რომ პირობები მოლოდინს არ შეესაბამებოდა. მამამთილმა თავად თქვა, რომ იქ დარჩენა არ უნდოდა, და ოჯახმა ის მალევე სახლში დააბრუნა. მაკამ წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვა. მისი თქმით, ფული არ დაბრუნებიათ.
ერთი სატელეფონო საუბარი მაკას განსაკუთრებით დაამახსოვრდა. პანსიონატის მეპატრონის მოადგილესთან კამათისას მან ისეთი რამ მოისმინა, რამაც ახალი კითხვები გაუჩინა:
„მითხრეს, ჩვენი [პანსიონატის] მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ორგანიზაცია ააიპ-ად დავარეგისტრირეთ და ამ ფორმით ფული არ უნდა აგვეღო“.
ამ სიტყვების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა. მაკას თქმით, სწორედ მაშინ გაუჩნდა ეჭვი, რომ ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა და მისი რეალური საქმიანობა, შესაძლოა, ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. (მაკასთან ინტერვიუს თარიღი 4/06/26 )
მაკამ პანსიონატის ხელმძღვანელთან WhatsApp-მიმოწერაც გამიზიარა. სადაც პანიონატის ხელმძღვანელის პოზიციას ვიგებთ:
„ჩემი დანაშაული თანხაა მხოლოდ და არა მოხუცების მიმართ ცუდი მოპყრობა და შიმშილი’’.



მაკას მიმოწერა პანსიონატის ხელმძღვანელთან. 24–25 მაისი, 2026.
სახლები, რომლებიც პოლიციის ჩარევით დაიბრუნეს
პანსიონატს საკუთარი შენობა არ აქვს. ის კერძო სახლებს ქირაობს და დაარსებიდან სულ მცირე სამჯერ შეიცვალა მისამართი. ორი ყოფილი გამქირავებელი ერთსა და იმავეს ჰყვება.
ირამ საკუთარი სახლი პანსიონატს იჯარით გადასცა. თავიდან ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ ქირის გადახდა ფერხდებოდა, ბოლოს კი საერთოდ შეწყდა; დაგროვდა კომუნალური გადასახადებიც. ყველაზე მძიმე, მისი თქმით, ის იყო, რომ საკუთარ სახლში ვერ შედიოდა - მდგომარეობის შესამოწმებლადაც კი.
„ყოველ ჯერზე სხვა მიზეზს მეუბნებოდნენ. ხან ამბობდნენ, რომ ბენეფიციარებს აწუხებდა უცხო ადამიანების შესვლა, ხან თითქოს მუნი იყო, ხან სხვა მიზეზი ჰქონდათ“.
ირას სახლის დასაბრუნებლად ადვოკატები დაიქირავა და პოლიცია გამოიძახა; მობინადრეები სახლიდან ქირის გადაუხდელობის გამო გამოასახლეს. ადვოკატებს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანებული დახვდათ: აყრილი იატაკი, სისველე, შარდის სუნი, სიბინძურე. ირა ფეისბუქზე წერს, რომ პოლიციაში საჩივარი აქვს შეტანილი და პროკურატურისთვის მიმართვასაც აპირებს. (ირასთან ინტერვიუს თარიღი 24/05/2026)

ირას საჯარო კომენტარი ფეისბუქზე.
სვეტას სახლიც პანსიონატმა დაიქირავა. ისიც ამბობს, რომ ქირას არ უხდიდნენ და კომუნალური გადასახადებიც გადაუხდელი დარჩა. სვეტა საქართველოში არ არის და საქმის დეტალები მისმა ადვოკატმა უკეთ იცის; მობინადრეთა გამოსახლება მათაც პოლიციის დახმარებით მოუწიათ და სახლი ცუდ მდგომარეობაში დახვდათ. ქალი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ფეისბუქ-ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერდა, რომ სახლის დათვალიერებისას მოხუცები „სრულ ანტისანიტარიაში, საშინელ პირობებში“ დახვდნენ და მობინადრეთა ახლობლებს მოუწოდებდა, ენახათ, რა ხდებოდა იქ. (სვეტასთან ინტერვიუს თარიღი 24/05/2026 )

სვეტას პოსტი ფეისბუქ-ჯგუფში.
ორი მომვლელი ოცდაათამდე ადამიანზე
ნია პანსიონატში მზარეულად მუშაობდა, მაგრამ, მისი თქმით, საქმე სამზარეულოთი არ შემოიფარგლებოდა: თანამშრომლები ცოტანი იყვნენ და მობინადრეების მოვლაშიც ხშირად თავად მონაწილეობდა.
„ვიყავი მზარეული, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერს ვაკეთებდი. როცა ადამიანი დახმარებას საჭიროებდა, უბრალოდ ვერ იტყოდი უარს“.
ნიასთან შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. წასვლის შემდეგ კუთვნილი ანაზღაურება სრულად ვერ მიიღო. ჰიგიენაზეც საუბრობს: „ხშირად ელემენტარული საშუალებები არ გვქონდა. ხელთათმანები სახლიდან მიმქონდა“. სოციალურ ქსელში, სადაც ის „ნია ნიაკოს“ სახელით წერს, პანსიონატის შესახებ საჯარო კომენტარიც აქვს დატოვებული: მოხუცებს საფენები არ ჰქონდათ, მომვლელებს - ხელთათმანები, ხელფასს არ უხდიდნენ, ერთ-ორ მომვლელს კი ოცდაათი ადამიანის მოვლა უწევდა. (ნიასთან ინტერვიუს თარიღი 25/05/2026)
მეორე ყოფილი თანამშრომელი, თიკა, იმავეს ამბობს: ერთ ცვლაში მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობდა, პანსიონატში კი მაშინ ოცდაათამდე მობინადრე იყო. თუ ეს ასეა, ერთ მომვლელზე თხუთმეტამდე ხანდაზმული მოდიოდა - მათ შორის ისინიც, ვისაც მუდმივი დახმარება სჭირდებოდა. (თიკასთან ინტერვიუს თარიღი 25/05/2026)
ორივე ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ, მათი ინფორმაციით, წერილობითი ხელშეკრულება არცერთ თანამშრომელს არ ჰქონდა; ზოგმა ხელფასი ნაწილობრივ მიიღო, ზოგი კი - კვლავ ელოდება. ივლისში ფეისბუქზე ყოფილი თანამშრომლის საჯარო პოსტიც გამოქვეყნდა: ანაზღაურება დღემდე არ მიუღია, პანსიონატი ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.


ყოფილი თანამშრომლების საჯარო კომენტარები ფეისბუქზე.
რას ამბობს დირექტორი
ელისო ფხაკაძეს ტელეფონით დავუკავშირდი, რომ რესპონდენტების ბრალდებებზე და ამ სტატიის კითხვებზე ეპასუხა. მან თანამშრომლობაზე, ინტერვიუზე და კითხვებზე პასუხის გაცემაზე კატეგორიული უარი თქვა. მიზეზი არ განუმარტავს და საუბარი ყურმილის გათიშვით დაასრულა.
ნდობა ხელშეკრულების ნაცვლად
ოჯახებისა და თანამშრომლების ისტორიებში ერთი დეტალი მეორდება: ხელშეკრულება არ არსებობს. ოჯახი საფასურს - მაკას შემთხვევაში დაახლოებით 2 000 ლარს, სოფიას შემთხვევაში დაახლოებით 3 თვის გადასახადს - წინასწარ იხდის, დოკუმენტი კი არ აქვთ. როცა ხანდაზმული პანსიონატს ტოვებს ან გარდაიცვლება, დარჩენილი თანხის დაბრუნება მოლაპარაკების საგანი ხდება, მოლაპარაკება კი - დროში იწელება.
იგივე ეხება თანამშრომლებს. შრომის კოდექსით, წერილობითი დოკუმენტის არარსებობა ფაქტობრივ შრომით ურთიერთობას არ აუქმებს. მაგრამ პრაქტიკაში მთავარი პრობლემა მტკიცებულებაა: როცა ხელფასი ნაღდი ფულით გაიცემოდა და ხელშეკრულება არ არსებობს, თანამშრომელს ჯერ იმის დამტკიცება უწევს, რომ საერთოდ მუშაობდა.
მთელი მოდელი ერთ სიტყვაზე დგას - ნდობაზე. ნდობაზე, რომელსაც სახელმწიფო არ ამოწმებს, კანონი არ იცავს, ინსპექტირება კი არ ტარდება. აქედან სამი კითხვა ჩნდება: რაზე დაყრდნობით ენდობიან ოჯახები ადგილს, რომელსაც არავინ ამოწმებს; რატომ ვერ ამოწმებს მას არცერთი უწყება; და ვინ აგებს პასუხს, თუ მობინადრეს ჯანმრთელობა გაუუარესდება ან უბედური შემთხვევა მოხდება.
რა იცის სახელმწიფომ
ამ კითხვებზე პასუხისთვის საჯარო ინფორმაცია ხუთი უწყებიდან გამოვითხოვე:
- იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან;
- სახალხო დამცველის აპარატიდან;
- შინაგან საქმეთა სამინისტროდან;
- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან.
საჯარო რეესტრის ამონაწერი ადასტურებს: „მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ (ს/კ 400398814) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, ერთპიროვნული ხელმძღვანელი - ელისო ფხაკაძე.
შემოსავლების სამსახური (8 ივნისი, 2026): ორგანიზაციას 200 ლარის საგადასახადო დავალიანება აქვს. დავალიანების წარმოშობის მიზეზი, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით, საჯარო ინფორმაცია არ არის. დავალიანების გამო ორგანიზაციის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის რეგისტრირებული; ყადაღა - არა. ელისო ფხაკაძეს პირადად საგადასახადო დავალიანება არ უფიქსირდება; მოვალეთა რეესტრში არც ელისო და არც ელენე ფხაკაძის სახელზე დავალიანება არ მოიძებნა.

შემოსავლების სამსახურის საძიებო სისტემა: ორგანიზაციის ქონება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით არის დატვირთული, ყადაღა რეგისტრირებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე. 8 ივნისი, 2026.
ჯანდაცვის სამინისტრო (17 ივნისი, 2026): „მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი არ არის. სამინისტროში ამ ორგანიზაციის შესახებ საჩივარიც არ ფიქსირდება.
ეს ერთი აბზაცი მთავარ კითხვას პასუხობს. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხანდაზმულთა დაწესებულებებს პერიოდული მონიტორინგი უტარდებათ და მინიმალური სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ. პროგრამის მიღმა მყოფ დაწესებულებებზე ეს არ ვრცელდება: სახელმწიფო ვერ აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა მომსახურება სტანდარტებს, რა პირობებში ცხოვრობენ მობინადრეები და დაცულია თუ არა მათი უფლებები. სამინისტრომ, ფაქტობრივად, დაადასტურა არა ის, რომ პანსიონატში ყველაფერი წესრიგშია, არამედ ის, რომ მის საქმიანობას სახელმწიფო არ აკონტროლებს.
სახალხო დამცველი (9 ივნისი, 2026): 2024 წლის 1 იანვრიდან პასუხის მომზადების დღემდე პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფს „მწვანე სახლში“ ვიზიტი არ განუხორციელებია; ორგანიზაციის მიმართ არც განცხადება შესულა, არც საჩივარი. პანსიონატი 2024 წლის ივლისში დარეგისტრირდა - ესე იგი, არსებობის მთელ მანძილზე სახალხო დამცველი იქ არასდროს ყოფილა. ეს არ ნიშნავს, რომ იქ დარღვევები არ არის - მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ეს პანსიონატი სახალხო დამცველის მონიტორინგში არ მოხვედრილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო (8 ივნისი, 2026): 2024 წლიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით ამ ორგანიზაციის მიმართ შეტანილი განცხადება ან საჩივარი ვერ მოიძებნა. ოქმების გადასამოწმებლად სამინისტრო კონკრეტულ განყოფილებას, თარიღს ან საჩივრის ნომერს ითხოვს. ირას ფეისბუქ-კომენტარით, მას პოლიციაში საჩივარი აქვს შეტანილი; ამ პასუხში, რომელიც ორგანიზაციის მიმართ შეტანილ საჩივრებს ეხება, ის არ ჩანს.
პანსიონატის საქმიანობაზე პირადი პასუხისმგებლობა მის ხელმძღვანელს, ელისო ფხაკაძეს ეკისრება. რესპონდენტების ბრალდებები სასამართლოს ჯერ არ დაუდასტურებია: სასამართლო გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრში ორგანიზაციის ან მისი ხელმძღვანელობის მიმართ აქტიური თუ დასრულებული დავა არ იძებნება. ეს არ გამორიცხავს საგამოძიებო უწყებებში საქმის წარმოებას - საქმის სასამართლომდე მიყვანასა და საჯარო ბაზებში ასახვას დრო სჭირდება, საგამოძიებო ინფორმაცია კი დახურულია.
ცალ-ცალკე თითოეული პასუხი ინფორმაციის ფრაგმენტია. ერთად სხვა სურათი იკვეთება: რეესტრი ადასტურებს, რომ ორგანიზაცია არსებობს; ჯანდაცვის სამინისტრო - რომ ის სახელმწიფო პროგრამაში არ არის; სახალხო დამცველი - რომ იქ არასდროს ყოფილა; პოლიცია - რომ საჩივარი არ იძებნება; შემოსავლების სამსახური მხოლოდ საგადასახადო დავალიანებას ხედავს. არცერთ უწყებას არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა პირობებში ცხოვრობს დაახლოებით 15 ადამიანი დიღომის კერძო სახლში.
ვის ევალება შემოწმება
პასუხი მოკლეა: არავის.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი ამომწურავად ჩამოთვლის საქმიანობებს, რომლებსაც ლიცენზია ან ნებართვა სჭირდება. ხანდაზმულთა კერძო პანსიონატები, სახლები და თავშესაფრები ამ სიაში არ არის. ასეთი დაწესებულების გახსნას არც ლიცენზია სჭირდება, არც ნებართვა, არც ინსპექტირების დაშვება, არც ანგარიშის ჩაბარება. ოჯახს, რომელიც პანსიონატს ირჩევს, არჩევანის გასაკეთებლად მხოლოდ სხვების რჩევა, სოციალური ქსელის კომენტარები და ინტუცია რჩება.
ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები საქართველოში არსებობს. ისინი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებით არის დამტკიცებული და საცხოვრებელ გარემოს, კვებას, უსაფრთხოებას, პერსონალის კვალიფიკაციასა და მობინადრეთა უფლებებს განსაზღვრავს. მაგრამ ბრძანების მე-2 პუნქტით სტანდარტები სავალდებულოა მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული მიმწოდებლებისთვის. კერძო პანსიონატისთვის, რომელიც პროგრამაში არ არის, ეს სტანდარტი, პრაქტიკაში, არ არსებობს.
ხანდაზმულთა მოვლის სტანდარტების დადგენა და მათი დაცვის ზედამხედველობა ჯანდაცვის სამინისტროს ევალება. მის სისტემაში ამ ფუნქციას სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ასრულებს: სწორედ ის აკონტროლებს და ინსპექტირებას უწევს სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ სოციალური მომსახურების მიმწოდებლებს, მათ შორის ხანდაზმულთა პანსიონატებს. სააგენტოს არ აქვს სამართლებრივი მანდატი, შევიდეს და შეამოწმოს ობიექტი, რომელიც არც სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა და არც ლიცენზირებას ექვემდებარება.
სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმია. „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 19¹ მუხლით ის ამოწმებს „დაკავების ადგილებს“ - პენიტენციურ დაწესებულებებს, ფსიქიატრიულ სტაციონარებს და იმ სახელმწიფო თუ მუნიციპალურ დაწესებულებებს, სადაც ადამიანები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან ან თავისუფლება შეზღუდული აქვთ. კერძო პანსიონატი, სადაც ადამიანი საკუთარი ფულითა და ნებით თავსდება, ამ ჩამონათვალში პირდაპირ არ ხვდება. სახალხო დამცველი ამას კანონის ხარვეზად მიიჩნევს და ზედამხედველობისა და მონიტორინგის მექანიზმების კანონმდებლობით გაფართოების აუცილებლობაზე ხშირად მიუთითებს.
საქმე ერთ პანსიონატს არ ეხება
„საქართველოში მოხუცთა კერძო თავშესაფრები ფუნქციონირებს, რომლებიც ყველანაირი რეგულაციის მიღმა დგანან. ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს წარმომადგენლებს იქ არც უშვებენ“, - ეს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსს“ 2023 წლის 27 დეკემბერს უთხრა. მისივე თქმით, ზოგი მათგანი რაიონებში, ჩვეულებრივ კერძო სახლებში მუშაობს, გადაკეთებული ოთახებით და მათი შემოწმება ვერ ხერხდება, რადგან ისინი პასუხისმგებლობის მიღმა რჩებიან. საქართველოში სულ 19 სახელმწიფო და სათემო ხანდაზმულთა თავშესაფარია; კერძო პანსიონატების რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაში არ ჩანს.
სახალხო დამცველი ხანდაზმულთა დაწესებულებების მონიტორინგის სპეციალურ ანგარიშებს წლებია აქვეყნებს: 2022, 2023 და 2025 წლებში. ანგარიშები სახელმწიფო, სათემო და კერძო დაფინანსებით მოქმედ დაწესებულებებს აფასებს, დასკვნა კი ერთია: ხანდაზმულთა მოვლა გამოწვევად რჩება.
2025 წლის ანგარიშის მე-5 გვერდზე წერია: კერძო დაფინანსებით მოქმედი ხანდაზმულთა დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემურად არ აღირიცხება და არ კონტროლდება; სახელმწიფოს არ აქვს სრული ინფორმაცია, რამდენი ასეთი დაწესებულებაა, რამდენ ადამიანს ემსახურება და რა პირობებში. კერძო დაწესებულებების ადმინისტრაციების ნაწილმა ზრუნვის ეროვნული მინიმალური სტანდარტების არსებობის შესახებაც არ იცის.
სახალხო დამცველის შეფასებით, ხანდაზმულთა ზრუნვის სფეროში მთავარი პრობლემა მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის. იმავე ანგარიშით (გვ. 7), საქართველოში ზრუნვის „სამედიცინო მოდელი“ დომინირებს: ხანდაზმული „პაციენტია“, რომელსაც წამალი, საჭმელი, ჰიგიენა და ფიზიკური გადარჩენა სჭირდება, ყველა გადაწყვეტილებას კი მის ნაცვლად პერსონალი და ხელძღვანელი იღებს. „სოციალურ მოდელში“ ადამიანს არჩევანის, ურთიერთობის, აზრის გამოთქმის, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება რჩება. ეს განსხვავება ყველაზე მკვეთრად მაშინ ჩანს, როცა ადამიანი მწოლიარეა ან მუდმივ დახმარებას საჭიროებს.
მონიტორინგმა ისეთი შემთხვევებიც გამოავლინა, როცა მწოლიარე მობინადრეების ჰიგიენა სხეულის ზედაპირული გაწმენდით შემოიფარგლებოდა (გვ. 8). ანგარიშში ეს საერთაშორისო რეკომენდაციებთან და ღირსეული მოვლის პრინციპებთან შეუსაბამოდ არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ არასათანადო ჰიგიენა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ აისახება, ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ღირსების განცდაზეც. ანგარიშები და მათი განმარტება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მომაწოდა.
ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლიკა წიკლაური პირველ არხთან ინტერვიუში (2:50 წუთზე) ამბობდა, რომ პანსიონატების მონიტორინგმა როგორც ინდივიდუალური, ისე სისტემური პრობლემები გამოავლინა.
მას შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა. ამ დროში „მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ დარეგისტრირდა, სულ მცირე სამჯერ შეიცვალა მისამართი და ფეისბუქზე 2 700 მიმდევარი შეიძინა. კერძო პანსიონატები კვლავ რეგულირების მიღმა არიან.
რა არ არსებობს
ამ გამოძიებამ ოთხი ხარვეზი გამოკვეთა. სანამ ისინი არსებობს, ოჯახს არ აქვს საშუალება, დარწმუნდეს, რომ ფულს უსაფრთხო ადგილას იხდის.
ლიცენზია. ხანდაზმულის ფასიანი მოვლა - ააიპ-ის, შპს-ის თუ კერძო პირის მიერ - არავითარ ნებართვას არ საჭიროებს. სამართლებრივი ფორმა არაფერს ცვლის.
ინსპექტირება. არცერთ უწყებას არ აქვს კანონიერი უფლება, გაუფრთხილებლად შევიდეს კერძო პანსიონატში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მიღმაა.
ხელშეკრულება. ოჯახსა და პანსიონატს შორის წერილობითი ხელშეკრულება - სტანდარტული, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ფორმით - არავის მოეთხოვება. ხელშეკრულების გარეშე ფულის აღება არარეგულირებულ სივრცეში პრაქტიკულად სანქციის გარეშე რჩება.
ინფორმაცია. ოჯახს, რომელიც ხანდაზმულის პანსიონატში გადაყვანას გეგმავს, არსად აქვს გასაგები პასუხი, რა უნდა იკითხოს, რა დოკუმენტი მოითხოვოს და სად უჩივლოს, თუ პრობლემა შეექმნა.
სოფიას, მაკას, ირას, სვეტას, ნიასა და თიკას ერთი რამ აერთიანებთ: ყველა მათგანი ამ პანსიონატს ენდო. ახლა ნაწილი სასამართლოსთვის ემზადება, ნაწილი უკვე ადვოკატებთანაა.
„მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ დიღომში ისევ მუშაობს. ფეისბუქზე მას ახლა „მშვიდი სიბერე“ ჰქვია. იქ დაახლოებით 15 ადამიანი ცხოვრობს. სახელწიფო უწყებებიდან (პასუხი 1; პასუხი 2) საჯაროდ გამოთხოვილი ინფორმაციიის მიხედვით, მისი შემოწმება არცერთ სახელმწიფო უწყებას არ ჩაუტარებია, და კანონით არც ევალება.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025
შემდეგი სადგური?!
25 December 2025
ციფრული უსაფრთხოება - გაფრთხილებული მომხმარებელი, დაცული ცხოვრება
9 February 2026
რა ფასი აქვს ქალის შრომას?
19 February 2026
სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება
19 February 2026
რატომ იცვლება ქორწინებისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში?
24 February 2026
ვარკეთილის ქუჩის ხელოვნება
24 February 2026
„იტალიური ეზო“ - სახელწოდება და დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაქრეს
12 March 2026
კოვიდგაკვეთილი კლინიკებს
18 March 2026
საქართველოში რუსული იმპორტი გაორმაგდა
19 May 2026
მონოპოლიზირებული კონსტიტუცია
18 June 2026
ფესვები
4 September 2026
თეატრი - მომაკვდავი კულტურა თუ თავისუფლების სიმბოლო?
4 September 2026
„ჩემთვის დები იშხნელები უფო როკენროლია ვიდრე…“ - ქართული როკ მუსიკა
7 September 2026
დიპლომი კედელზე: კურსდამთავრებულთა არაპროფილური სამსახურები
8 September 2026
როგორ დაამარცხა სამეგრელოს პატარა სოფელმა მოსწავლეთა შიმშილი?
9 September 2026
ემიგრაცია: დროებითი არჩევანი თუ მუდმივი რეალობა
15 September 2026