DATA149.1.19

Logo

დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში

ქეთევან ვარდიძე

 

თბილისის ზღვა წლებია დედაქალაქელების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი სივრცეა. ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იყრის თავს, რათა დრო სასიამოვნოდ გაატაროს, დატკბეს ბუნებით, წყლით, განიტვირთოს. თუმცა, წყნარი ზედაპირის მიღმა ხშირად იმალება სისტემური უყურადღებობის შედეგად გამოწვეული ტრაგედიები, სადაც ერთი და იგივე მტკივნეული სცენარი მეორდება. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში თბილისის ზღვის  უკონტროლო მონაკვეთებზე ათობით ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. დახრჩობის უმეტესობა გამოწვეულია იმ ფუნდამენტური პრობლემით, რომ დასასვენებელი ადგილები არ არის სათანადოდ აღჭურვილი უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვა აქტიურად გამოიყენება დასასვენებლად და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება, უსაფრთხოების სტანდარტები კვლავაც არ შეესაბამება მოქალაქეთა მზარდ რაოდენობას. ეს  ამძაფრებს და ქმნის სიკვდილის ხაფანგებს, სადაც ელემენტარული ზომების უგულებელყოფა ფატალურ შედეგებს იწვევს.

 

2014 -2024 წლებში თბილისის ზღვაზე ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს ციფრი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია, ვინაიდან ოფიციალური სტატისტიკა ხშირად არასრულია, ფრაგმენტულად ინახება სხვადასხვა უწყებაში და არ მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ოფიციალურ საბანაო ზონებს მიღმა ხდება. გარდაცვალებების უმეტესობა პირდაპირ უკავშირდება დაუცველ ზონებს, ადგილებს, სადაც არ არსებობს მაშველების მორიგეობა, წყლის ფსკერი მოულოდნელად ღრმავდება, ძლიერი დინებებია, ინფრასტრუქტურა მოძველებულია ან გაუმართავია, მაგალითად, კიბეები, მოაჯირები... ხოლო გაფრთხილებები ნიშნები ან ძალიან პატარაა და  წვრილად წერია, ან დროთა განმავლობაში წაშლილია, ან საერთოდ არ არსებობს.

 2024 წლის 27 მარტს ვესტუმრე თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ იმ მონაკვეთს, სადაც წარსულში არაერთი ტრაგედია მომხდარა. ადგილზე არ არსებობდა არც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი, არ იყვნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა იყო დაზიანებული, ხოლო საინფორმაციო დაფებზე, წარწერები არ იკითხებოდა. დამსვენებელთა ნაწილმა  უბრალოდ არ იცოდა, რომ ადგილი, სადაც ისინი ისვენებდნენ, უსაფრთხო არ იყო. ეს დაუცველობა განსაკუთრებით თვალშისაცემი .. მკვლელი ჩანჩქერის ტერიტორიაზეა. ეს არის ჩვეულებრივი  მინდორი წყლის პირას. არ არსებობს არანაირი ფიზიკური ბარიერი, როგორიცაა ღობე ან კედელი, არ არის გამაფრთხილებელი ნიშნები. ეს მონაკვეთი შემოსაზღვრულიც არ არის, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, თავისუფლად მივიდეს და ჩავიდეს წყალში, ზუსტად იქ, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა.

 

2022 წლის 14 აგვისტოს თბილისის ზღვამ კიდევ ერთი სიცოცხლე შეიწირა. 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, უცხო ქვეყნის მოქალაქე წყალში გაუჩინარდაიქ მყოფი მეთევზეები ამბობდნენ, რომ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, თავიდან ვერც კი გაიაზრეს, რა ხდებოდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე გაისმა სიჩუმეში შემაშფოთებელი  ყვირილი და წყალიც უცებ დამძიმდა... მაშველებმა მამაკაცი უგონოდ ამოიყვანეს, ცდილობდნენ, ებრძოლათ მის გადასარჩენად, მაგრამ დაგვიანებული რეაგირება მას ვეღარ უშველა.

დაღუპულის სახელი საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ არც ეს არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, დაუცველი ინფრასტრუქტურა და დროულად მიუწვდომელი დახმარება  ფატალურ შემთხვევებს ზრდის.

 

თბილისის ზღვაზე არსებული საშიში მდგომარეობის შესახებ საჯარო მსჯელობისა და რეალური ცვლილებების მოთხოვნის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. მისი 15 წლის ვაჟის ცოტნე ცქიტიშვილისჩანჩქერისმიდამოებში დახრჩობის შემდეგ, ალეკო ცქიტიშვილმა წამოიწყო მასშტაბური კამპანია სახელწოდებითუსაფრთხო ცურვა“, „იცურე მშვიდად“. ეს კამპანია არა მხოლოდ პირადი ტკივილის გამოძახილი, არამედ სისტემური პრობლემის მოგვარების მცდელობაა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს.

 როგორც ალეკო ცქიტიშვილი გვიამბობს, მისი ბრძოლა ხუთი წელია გრძელდება და მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, არამედ სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მომავალი ტრაგედიების პრევენციას. მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ იქ, სადაც ცურვა აკრძალულია და საფრთხეს წარმოადგენს, აღიმართოს 20-30 მეტრი სიმაღლის ბეტონის მავთხულხლართებიანი კედელი. ეს რადიკალური ზომა, მისი თქმით, აუცილებელია იმისათვის, რომ გამოირიცხოს საშიშ ზონებში ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების, მოხვედრა, რომლებიც ხშირად საფრთხეს ადეკვატურად ვერ აფასებენ. „ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა იმ ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშანი, ან ეს კედელი რომ ყოფილიყო.“

ალეკო ცქიტიშვილმა სარჩელით მიმართა როგორც თბილისის მერიას, ასევე GWP- -საქართველოს წყალმომარაგების კომპანიას. იგი მიიჩნევს, რომ ორივე უწყება უშუალოდ არის პასუხისმგებელი არსებულ  მდგომარეობაზე, რადგან მათ ეკისრებათ ტერიტორიის მოვლა, პატრონობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისი მოთხოვნები მოიცავდა საშიშ მონაკვეთებზე მყარი ბარიერების, სათვალთვალო კამერების და ადეკვატური გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებას, რაც რისკებს მინიმუმამდე დაიყვანდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პირველ ინსტანციაში, დააკმაყოფილა ალეკო ცქიტიშვილის მოთხოვნა და თბილისის მერიას დაავალა უსაფრთხოების ზომების მიღება. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება უსაფრთხო ცურვის კამპანიისთვის, რამაც იურიდიული ძალა მიანიჭა მოთხოვნებს და სახელმწიფო უწყებას კონკრეტული ვალდებულებები დააკისრა. თუმცა, როგორც ყოველთვის ხდება-ხოლმე მსგავსი ტიპის დავებში, როდესაც სახელმწიფო უწყებებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ, თბილისის მერიამ, თავის მხრივ, გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. ეს გასაჩივრება ხაზს უსვამს ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და დანაშაულის ერთმანეთზე გადაბარების მცდელობას, რაც კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას.

 მერიის პოზიცია, მათი ადვოკატების განცხადებების თანახმად, ხშირად ეფუძნებოდა იმ არგუმენტს, რომ ზღვის გარკვეული მონაკვეთები არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის პირდაპირ იურისდიქციას და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სხვა უწყებას, მაგალითად, GWP-,  წყლის რეზერვუარის მართვაზე პასუხისმგებელს ეკისრება. არსებითად, მერია პირდაპირ აცხადებდა -ეგ ჩვენი საქმე არ არის!  ამ გზით ისინი ცდილობდნენ საკუთარი პასუხისმგებლობის შემცირებას და გადაბარებას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს პირველადი ინსტანციის გადაწყვეტილებას და საფრთხეში აგდებდა მოქალაქეების სიცოცხლეს. მერიის განცხადებით, მალე შემუშავდება და საკრებულოს მიერ დამტკიცდება ერთიანი სისტემა მთელი პერიმეტრის უსაფრთხოების სტანდარტებისთვის, თუმცა ამგვარი დაპირებები, კონკრეტული ვადების გარეშე, ხშირად მხოლოდ პრობლემის გადავადებას ნიშნავს და ვერ იძლევა მომავალი ტრაგედიების პრევენციის გარანტიას.

 GWP-სთან დაკავშირებით ცალკე დავა მიმდინარეობს. ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის ზღვაზე GWP- კუთვნილი მონაკვეთები, რომლებიც წყლის რეზერვუართან ახლოს მდებარეობს, ასევე სათანადოდ არ არის დაცული. ეს არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის  მოქალაქეებს რომლებიც შესაძლოა შემთხვევით აღმოჩნდნენ ამ ტერიტორიაზე, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასმელი წყლის სისუფთავის დაცვის საკითხსაც. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ხაზს უსვამს მრავალმხრივ პასუხისმგებლობას და კოორდინაციის კრიტიკულ ნაკლებობას სხვადასხვა უწყებას შორის, რაც აფერხებს ერთიანი და ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნას.

 მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალეკო ცქიტიშვილის მოთხოვნა 100 000 ლარის ოდენობის მორალური კომპენსაციის შესახებ, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ღობებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟებაა. „ყველაზე მეტად მინდა, რომ ეს ტრაგედიები აღარ განმეორდეს“, -  აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა - „ჩემი შვილის სიცოცხლე უკან არ დაბრუნდება, მაგრამ შემიძლია ვიბრძოლო იმისთვის, რომ სხვები გადარჩნენ. სასამართლო დავა არის ერთადერთი გზა, რათა სახელმწიფომ იგრძნოს პასუხისმგებლობა და დაიწყოს რეალური ქმედებები, სანამ კიდევ ვინმე არ დაიღუპება“.

 ალეკო ცქიტიშვილი მერიას მორიგებას სთავაზობს - კონკრეტულად, კომისიის შექმნას, რომელიც ბეტონის კედლისა და მავთულხლართების გარდა, დამატებით უსაფრთხოების ზომებს განსაზღვრავს. ცქიტიშვილის ინფორმაციით, თუ თბილისის ზღვის უსაფრთხოებაზე არ იზრუნებენ, საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. მანამდე კისიკვდილის ზონებშიდახრჩობის შემთხვევები გრძელდება,  სეზონზე საშუალოდ ორი ბავშვი იღუპება. ეს განცხადება ხაზს უსვამს პრობლემის სიმწვავესა და იმ ფაქტს, რომ ყოველი დღე ახალ რისკებს შეიცავს.

 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. მაშველი გიორგი ლაშხი, რომელიც რამდენიმე სეზონია იქ მუშაობს, აღნიშნავს, რომ ძირითადი პრობლემა რესურსების სიმცირეა, რაც  სამაშველო ოპერაციების ეფექტიანობაზე პირდაპირ აისახება.

ჩვენ გვსურს, მეტი შევძლოთ, გვინდა თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ ხანდახან ერთი მაშველი საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტერიტორია დიდია და ტექნიკა გამართულად არ მუშაობს. გვჭირდება მეტი კადრი, უფრო თანამედროვე აღჭურვილობა და უკეთესი კოორდინაცია. გარდა ამისა, ხალხი არ არის ინფორმირებული, რომ ზოგი მონაკვეთი საშიშია. არც კი უკვირთ, როცა ვეუბნებით, რომ არ შეიძლება იქ შესვლა, რადგან მათთვის ეს უბრალოდ წყალია, სადაც უნდა იბანაონ,“-  აღნიშნა მან. ეს კომენტარი ცხადყოფს როგორც სისტემურ ხარვეზებს, ისე საზოგადოების მხრიდან ინფორმირებულობის დეფიციტს.

 დამსვენებელ ნინო შამანაურს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ვკითხეთ: როგორ გრძნობს თავს, როდესაც ბავშვებთან ერთად  ასეთ გარემოში იმყოფება.

ძალიან ხშირად ვნერვიულობ. ცენტრალურ პლაჟზე ცოტათი უკეთესია სიტუაცია და იქ დამყავს ბავშვები, თუმცა არ არის ყოველთვის მაშველი და მუდმივი კონტროლი. გვერდით, ცოტა მოშორებით რომ გადახვალ, იქ საერთოდ არაფერია,  არც მაშველი, არც ნიშანი. გამაფრთხილებელი ნიშნებიც თუ არის, იმდენად პატარა ზომისაა, რომ   არავინ აქცევს ყურადღებას. ვცდილობ, სულ თვალთახედვის არეში მყავდნენ ბავშვები, ხელი არ გავუშვა, მაგრამ უკვე იმ ასაკში არიან, ვეღარ ვაკონტროლებ. მუდმივად ვფიქრობ, რა მოხდება, თუკი წამითაც კი მოვადუნებ ყურადღებას. ეს არ არის ნორმალური დასვენება, ეს მუდმივი სტრესია“, - გვიპასუხა ნინომ.

 ოფიციალური პასუხი სტატისტიკის შესახებ მერიიდან და საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან არ მიმიღია, ამიტომ ვცადე ისეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც თითქმის ყოველდღე თბილისის ზღვაზე არიან.  მეთევზეები საუკეთესო მოწმეები არიან იმისა, თუ რა ხდება ამ ტერიტორიებზე. მათ თვალწინ მოძრაობენ დამსვენებლები, აქვთ საშიშ ზონებში შესვლის მცდელობები და ზოგჯერ, სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევების თვითმხილველებიც ხდებიან. ბატონი გია, რომელიც  წლებია ზღვის პირას თევზაობს, გვიყვება:ხშირად ვხედავ, როგორ ცდილობენ ბავშვები და მოზარდები შესვლას იმ ადგილებში, სადაც აშკარად საშიშია. არავინ აჩერებთ, არც ნიშანია ხოლმე, რომბანაობა აკრძალულია“, როდესაც ვაფრთხილებ, ყურადღებას არ მაქცევენ. ადრე უფრო ხშირად დადიოდა პატრული ან მაშველი, რომ დაეფრთხო ხალხი, ახლა იშვიათად თუ გამოჩნდებიან, თითქოს ყველას დაავიწყდა ეს საშიში ადგილები“.

 ბატონი ზურა , რომელიც ხშირად თბილისის ზღვაზე ვარკეთილის მხარეს თევზაობს, სადაც არაერთი დახრჩობის შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს:  ეს ადგილი ძალიან მშვიდად და ლამაზად გამოიყურება, განსაკუთრებით შორიდან. ხალხი მოდის, ბავშვები ბანაობენ, მაგრამ არავინ იცის, რომ აქ დინებაა და ფსკერი მოულოდნელად ღრმავდება. არასდროს მინახავს აქ მაშველი. მხოლოდ მაშინ მოდიან, როცა უკვე რამე ცუდი მოხდება. ხშირად ვფიქრობ, ნეტავ ერთი გამაფრთხილებელი აბრა მაინც დადგან, ან ვინმემ გააფრთხილოს ხალხი. ეს ხომ სასმელი წყლის რეზერვუარია, აქ ცურვა ხომ საერთოდ აკრძალულია, მაგრამ ვინ აკონტროლებს. სრული უკონტროლობაა“.

ასეთი მონათხრობები ნათლად აჩვენებს, რომ პრობლემა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაკლებობაში, არამედ კონტროლის არარსებობასა და საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალ ხარისხშია. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ხედავენ ამ ტერიტორიას, აფიქსირებენ უსაფრთხოების ზომების ნაკლებობასა და ხელისუფლების პასიურობას. მათი დაკვირვებები ადასტურებს, რომ პრობლემა კომპლექსურია და მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც სცილდება უბრალო სეზონურ რეაგირებას.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში წყალში დახრჩობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, რომ შემთხვევების 70% სწორედ დაურეგულირებელ ზონებში ხდება, ოფიციალურად არ ფიქსირდება, ეს მაჩვენებელი ხშირად გამოიყენება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ როგორც პრობლემის სიმწვავის ხაზგასმის საშუალება. ეს მაჩვენებელი ასახავს ექსპერტთა და სამოქალაქო აქტივისტთა შეფასებებს, რომლებიც ეფუძნება წლების განმავლობაში მომხდარი ინციდენტების ანალიზს.

 

 2023 წელს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ პრობლემის ძირითადი მიზეზი სწორედ დაურეგულირებელი და დაუცველი ზონებია. მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივით დაიწყეს  ონლაინ პეტიციებზე ხელმოწერების მოგროვება და ითხოვდნენ მაშველების რაოდენობის გაზრდას, გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის საინფორმაციო კამპანიების დაწყებას. თუმცა, როგორც ადგილზე ვიზიტისას და რესპონდენტებთან საუბარში დადგინდა, მოთხოვნების უმეტესობა დღემდე შეუსრულებელია, ან შესრულებულია მხოლოდ ნაწილობრივ და ფორმალურად.

 თბილისის ზღვის გარშემო მხოლოდ კონკრეტულ სეზონურ და ლოკალიზებულ მონაკვეთებში ფუნქციონირებს მაშველთა ჯგუფი, რომელიც ვერ ფარავს მთელ პერიმეტრს. სხვა არაოფიციალურ საბანაო ზონებში კი კვლავ არ არსებობს ინფრასტრუქტურა, მაშველები, გამაფრთხილებელი ნიშნები და არც ზედამხედველობის სხვა მექანიზმი მოქმედებს. მოქალაქეები ხშირად თვითნებურად ირჩევენ საცურაო ადგილებს, რის გამოც იზრდება რისკები და პასუხისმგებლობა სრულად ინდივიდს ეკისრება. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს:მათი პოზიცია ის არის, რომ მოსახლეობამ თავად უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, მაგრამ როდესაც გარემო არ არის უსაფრთხოდ მოწყობილი და ინფორმაცია არ არის სრულად მიწოდებული, მხოლოდ მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრება უსამართლობაა. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ყველასთვის“.

 თბილისის ზღვა დღემდე რჩება სივრცედ, სადაც ადამიანებს ვერ სთავაზობენ იმას, რაც პირველ რიგში ეკუთვნით, ესაა ფუნდამენტური და აბსოლუტური -  სიცოცხლის უფლების დაცვა. მაშველების მცირე რაოდენობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, უკონტროლო აკრძალული ზონები და ინფორმაციის ნაკლებობა ქმნის გარემოს, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს ადამიანებს. მოქალაქეები ითხოვენ, არა მხოლოდ რეაგირებას თითოეულ ტრაგედიაზე, არამედ პრევენციული ზომების მიღებას. თუ არ მოხდება რეალური ცვლილება, თბილისელებისთვის წყალი, რომელიც უნდა იყოს სიმშვიდის და დასვენების წყარო, მომავალში აუცილებლად დარჩება გაუთვალისწინებელი ტკივილის ადგილად.