DATA149.1.19

სწავლა დისტანციურად

სალომე მჭედლიძე

5 April 2020

რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად, გაზეთში Boston Gazette, განცხადება გაჩნდა, მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ ფოსტით გაუგზავნიდა. ლონდონის უნივერსიტეტი (University of London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად ოფიციალური დისტანციური სწავლება 1858 წელს.   დისტანციური სწავლების  პირველი უნივერსიტეტი გაიხსნა 1969 წელს, დიდ ბრიტანეთში - "დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტი".

დისტანციურმა სწავლებამ   პოპულარობა მოიპოვა  და სხვა უნივერსიტეტებიც გაიხსნა:

ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი (აშშ, 1984);

ჰაგენის ღია უნივერსიტეტი (გერმანია); ესპანეთის დისტანციური სწავლების ეროვნული უნივერსიტეტი; INTEC  კოლეჯი კეიპთაუნი (სამხრეთ აფრიკა);

ავსტრალიის ტერიტორიული ინფორმაციის ქსელი; ბიზნესის ღია სკოლა, ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტი.

მას შემდეგ,  მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა,  ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა.

დისტანციური სწავლების მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) სკოლებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის  Microsoft -ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზა, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება, რომელშიც დღეს  600 000-მდე მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელია ჩართული. ბოლო მონაცემებით, პროგრამა Teams - უკვე იყენებს 213919 მომხმარებელი.

შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები,  განვითარდა  ვიდეო და ტექსტური ინსტრუქციები, რაც განთავსებულია პორტალებზე.

ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - Feedc Edu  სთავაზობს, რომელიც  Feedc -ის გუნდმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული დისტანციური სწავლების  საჭიროების გამო, უმოკლეს დროში შექმნა. ამის შესახებ,კი დეტალურად თავად feedc-ის შემქმნელი ნიკო კვარაცხელია  გვიყვება. (იხილეთ ხმოვანი ჩანაწერი)

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საინტერესოა რას ფიქრობენ ისინი, ვისაც სწავლების ახალ ფორმასთან მორგება მოუწია.